x
მუსიკა გალაკტიონის პოეზიაში

პოეზიისთვის მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურის მინიჭების პირველი მცდელობა ფრანგ პოეტს შარლ ბოდლერს ეკუთვნის. მის მიმდევრებად მალარმე, ვერლენი, რემბო ითვლებიან.

როდესაც პოეზიის მუსიკალურობაზე ვსაუბრობთ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს გალაკტიონი.

image

გალაკტიონმა ახლებური ხედვა, ახალი რიტმები და რითმები, ახალი ორიგინალური მეტყველება შემოიტანა ქართულ პოეზიაში და კიდევ უფრო გაამდიდრა იგი. ეს არ არის შემთხვევითი, ეს პოეტის ბუნებიდან, მაღალნიჭიერებიდან, მისი უზადო მუსიკალური მონაცემებიდან მოდის, და რწმენიდანაც, რომ პოეზია მუსიკალური აზრია, ხოლო ჭეშმარიტი პოეტია ის, ვინც მუსიკალური სახეებით აზროვნებს.

გალაკტიონის აზრით: „ყოველ საგანს გააჩნია თავისი მუსიკა. ნამდვილი პოეტი სწორედ ამ მუსიკას ეძებს და თუ აღმოაჩინა, მაშინ ლექსი ყოველთვის მშვენიერი გამოვა. ვისაც ეს თვისება არ გააჩნია, იგი არ არის შემოქმედი. ამის გამოა, რომ დღეს სხვადასხვა ავტორთა ლექსები ხშირად ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს“.

გალაკტიონის პოეზია უაღრესად მელოდიურია, მისი მელოდიები-მეტად მრავალფეროვანი, პოლიფონიურია, როგორც ქართული სიმღერები: „კოსმოსური ორკესტრის“ ასორმოცდაოთხ სტრიქონში თვრამეტჯერ იცვლება რიტმი, თორმეტნაირი მეტრი ენაცვლება ერთიმეორეს და ისე ენაცვლება ერთმანეთს პოეტური და მუსიკალური საწყისები, რომ ზოგჯერ გაგიჭირდებათ ზღვარის გავლება“- წერს ვახტანგ ჯავახაძე წიგნში „უცნობი“, რომელიც გალაკტიონ ტაბიძეს ეძღვნება.

გალაკტიონი მუსიკას პოეზიის უმაღლეს გამოვლინებად თვლიდა. მისი თქმით, მუსიკა უპირველეს როლს ასრულებს ლექსში. „განსაკუთრებით ლექსის წერის დროს ვარ სიმღერის ხასიათზე, ლექსს ჯერ გონებაში გავმართავ მუსიკალურად, ჩემთვის დავამღერებ კიდეც და შემდეგ გადამაქვს ქაღალდზე; თუ ქაღალდზე გადატანის შემდეგ არ მომეწონა ლექსის მუსიკა, მაშინ მას კვლავ ვუბრუნდები“- ამბობს გალაკტიონი.

იგი ოცნებობდა პოეზიაზე, რომელიც მიუახლოვდებოდა მუსიკას და ხშირად იმეორებდა გერმანელი რომანტიკოსის ლუდვიგ ტიკის სიტყვებს: „სიყვარული ჰაეროვანი ბგერებით გამოითქმის, მას არ შეჰფერის მსჯელობა“.

ჭეშმარიტი პოეტის სული თავისთავად ყალიბდება მუსიკალურ წყობაში. მაგალითად, გერმანელი რომანტიკოსი ჟან პოლ რიხტერი წერს: „როდესაც შეპყრობილი ვარ მღელვარებით და მსურს მისი გადმოცემა მე ვეძებ არა სიტყვებს, არამედ ბგერებს გარეშე სამყაროდან, თავისუფალი ბუნებიდან. ჩემს სულში შემოდიან ჰარმონიები და მელოდიები... ისინი თავიანთი მუსიკალობით აღარ მშორდებიან“.

ხელოვნების ეს ორი სახეობა ძალიან ახლოა ერთმანეთთან: ორივეს რითმი, ზომა, ნიშნების სისტემა, ემოცია, განწყობილება, იდეა ახასიათებს. ორივე, მუსიკაც და პოეზიაც, ემოციურ სფეროში ზემოქმედების საშუალებით მშვენიერებისაკენ სწრაფვას აღვიძებს.

სტატიის ავტორი: სოფიო მოდებაძე


4
266
3-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
266
  
2017, 17 ნოემბერი, 14:04
"გასცდა ჩვენს ფანჯარას ის მზის შუქიც. ვინ იცის დაბრუნდება თუ არა?" სხვა იყო და სხვაგან იყო. ეცადა, მაგრამ ძირს ვერ ჩამოვიდა, მიწაზე ვერ დაადგა ფეხი. ვერ დაგვემსგავსა". /ვახტანგ ჯავახაძე "უცნობი"/
2017, 17 ნოემბერი, 13:50
ერთადერთი თავშესაფარი, გამოსავალი, ამოსუნთქვის უკანასკნელი საშუალება გალაკტიონისთვის იყო ლექსი და მხოლოდ ლექსი.
2017, 9 ოქტომბერი, 12:31
დიდი მადლობა, ანა, მეც წარმატებებს გისურვებთ
2017, 9 ოქტომბერი, 12:28
ძალიან კარგია წარმატებები სოფიო ^^
0 1 4