x
სალვადორ დალის ირაციონალიზმი

არსებობენ მხატვრები, რომლებიც დაბადებული არიან პოეტებად, ფილოსოფოსებად, მისტიკოსებად, მაგრამ რაღაც შემთხვევითობით თუ ბედისწერის გამო ხელში ფუნჯები აუღიათ. სალვადორ დალიც ერთი იმათგანია, რომელსაც თავისი არაცნობიერისკენ მიუპყრია მზერა.

სალვადორი დალი მკაცრი ფსიქოანალიტიკოსის თვალით შესცქერის თავის ღამუელ მხარეს: „მე ჩემს თავში ღრმად დარწმუნებული რაციონალისტი ვარ, მე ვიძირები ირაციონალურში არა მარტო მისი სიღრმის გულისათვის, არამედ მრავალთაგან განსხვავებით ვიბრძვი ირაციონალურის დასათრგუნად“- ასე შეეძლო შეეგონებინა მისთვის ზიგმუნდ ფროიდს. სალვადორ დალი მისი თაყვანისმცემელია, არავის ისე მოკრძალებითა და პატივისცემით არ მოიხსენიებს, როგორც ფროიდს. ნიცშემ ვერ გადალახა სიბნელე და იგი დანებდა ბნელ ძალას. სალვადორ დალიმ სიგიჟის ბუდე, ქვეცნობიერი გამოიყენა თავისი ხელოვნებისათვის და სუბლიმაციით თავი იხსნა ათასგვარი დამთრგუნველი კომპლექსისგან. ის გათავისუფლდა სიგიჟისგან და დაიხსნა თავი იმ ქაოსისგან, რასაც საერთოდ ცხოვრება ჰქვია.

image

სალვადორ დალი მარტო მხატვარი არ არის, მას ეცოტავება მხატვრობა, სული ეხუთება მხოლოდ ფერწერის სფეროში. ის მრავალმხრივი შემოქმედია და მუდამ საიდუმლოებას დაეძებს, მისი მზერა წვდება მიღმურ სამყაროს.

როცა მას ადიდებენ, აღტაცებული არიან მისი სურათებით, განსაკუთრებით მისი ფანტაზიის სიმდიდრით ამის მიზეზია არა მისი ფერწერის მშვენიერება, არამედ მისი სურათების უჩვეულო, უცნობი, ფანტასტიკური შინაარსი.

"კანიბალიზმი შემოდგომაზე"

რა დარჩება სალვადორ დალის ნახატზე თუ გამოვაცლით შინაარსს? არაფერი, სრულიად აღარაფერი, იმიტომ რომ აქ საინტერესო იყო მხოლოდ უჩვეულო შინაარსი.

გასაოცარია სალვადორ დალის პიროვნება. სალვადორ დალი მისი ერუდიციითა და ბუნებით რენესანსული ტიტანის ტიპია, მაგრამ უბადრუკ დროში დაიბადა.

ეს ის ეპოქაა, როცა ყოველდღიურობა გამსჭვალულია მეცნიერებისა და ტექნიკის სულით და ბუნებრივია ეს აისახება ხელოვნებაზე. ეს არის მეოცე საუკუნე: უტილიტარული დრო, იაფფასიანი ხელოვნების მოზღვავება, უსულო ხელოვნების ზეიმი. სალვადორ დალი მუქარით საჩვენებელ თითს მაღლა სწევს და ამბობს: „ჩვენი დროის ხელოვნება ეს არის ნამდვილი ჩავარდნა“. მკვდარი დრო. განა ამას არ მიგვანიშნებს გამდნარი საათები?

"რბილი საათები" ("მეხსიერების მდგრადობა")

რაც შეეხება ფერწერას, სალვადორ დალის ერთი მიზანი გააჩნია ზუსტად აღბეჭდოს ირაციონალურის კონკრეტული ხაზები. ამაში ის ნატრობს ფოტოგრაფიულ სიზუსტეს. „ფერწერა არის ხელით შექმნილი ფოტოგრაფია, ცხადად აღმბეჭდავი ირაციონალურისა, მისი იდუმალებისა, უცნაურობისა“-სალვადორ დალი.

სალვადორ დალისთვის მთავარია წუხელ რომ სიზმარი ნახა გადმოსცეს ტილოზე. იგი ტილოზე დიდხანს ვერ გასტანს, როგორც ფერწერა და სიზმარივით გაქრება, რადგან იგი ფერწერის წყურვილმა კი არ აღძრა, არამედ იშვა მოჩვენებების, ხილვების ძალით. ასეთი მოტივები ფსიქოანალიტიკოსებს გამოადგებოდათ: ფროიდს, იუნგს, ადლერს, მაგრამ ფერწერაში მისი ადგილი არ არის. არაცნობიერი სამყაროს გამომზიურება საჭიროა ადამიანის ფსიქიკის შესაცნობად, მაგრამ ფერწერის ესთეტიკისათვის ეს სფერო მიუღებელია. ფერწერა რებუსი არ არის. ეს არის ტილოზე წარმოშობილი ფერწერის სამყარო, თვალისათვის ზეიმი, როცა ადამიანი შესცქერის ფერწერულ ტილოს და არ კითხულობს, რას ნიშნავს ის რაც გამოხატულია, რა შინაარსი გააჩნია მას, გარდა იმისა რომ მშვენიერებას ასახავს.

"ჩემი საგნებით მე სიცოცხლე მოვუსწრაფე თავდაპირველ სიურრეალიზმს და საერთოდ თანამედროვე ფერწერას. მირომ თქვა: „მინდა ფერწერა მოვკლა“ და მოკლა ის ჩემი დახმარებით"-ამბობს სალვადორ დალი.

სტატიის ავტორი: სოფიო მოდებაძე


0
158
3-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0