x
image
მოზამბიკელი
"როცა 10 ადამიანს გადაწყვეტილი აქვს თავი მოგაჭრას, მეთერთმეტემ რომ დაგიცვას, მასაც თან მოგაყოლებენ"-ბრბოდ გადაქცეული საზოგადოების ფსიქიკური აშლილობა

არ ვაპირებდი რამის თქმას, მაგრამ ზოგჯერ დგება წუთი, როცა სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას… სიტყვებს ფასი მაშინ აქვს, როცა სწორ დროს, სწორი ბაგიდან წარმოითქმება.
გაცოფებულ ბრბოში მოხვედრილმა, რომ დაიყვირო “მეზიზღებით!” აუცილებლად ჩაიქოლები, მაგრამ თუკი მათ სიშმაგეს შეუერთდები, უვნებელი გამოხვალ.

image
ბრბოს ფსიქოლოგია საოცარია, მასში კარგი არაფერია, მაგრამ თუკი მის არსს ჩავწვდებით, აღმოვაჩენთ, რომ მისი წარმოქმნა ნებისმიერ რამეს შეუძლია.
როცა 10 ადამიანს გადაწყვეტილი აქვს თავი მოგაჭრას, მეთერთმეტემ რომ დაგიცვას, მასაც თან მოგაყოლებენ, ამიტომ თუ ეს უკანსკნელი “ჭკვიანი” აღმოჩნდა, შენი თავის მოჭრაში მონაწილეობას მიიღებს.
ყოველდღიურად საზოგადოება სწრაფი "პროგრესით" ემსგავსება ბრბოს, რომელიც მზადაა ყველა და ყველაფერი გაანადგუროს, მათ შორის საკუთარი ახლობლებიც.
ამაში ერთადერთი სანუგეშო ისაა, რომ ეს პროცესი ჯერ არ სცდება ინტერნეტ-სივრცეს, ბრბო ჯერჯერიბთ სოციალურ ქსელში ყალიბდება, (თუ ჩამოყალიბდა ).
ვერ ვიტყვი, რომ ამ ბრბოს რაიმე კონკრეტულის მიმართ აქვს აგრესია, იმიტომ, რომ სიძულვილს გამოხატავს ნებისმიერი თემის მიმართ, რაც მის თვალსა და ყურს არასასიამოვნოდ ხვდება.
იგივე ბრბოს არც ის მოეწონება, “ბრბოს” რომ ვუწოდებ… დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ბევრი ადამიანი თავის თავს გააიგივებს ამ ბრბოსთან-ცხადია, უნებლიეთ.
პროტესტის გრძნობა გაუჩნდება, შესაძლოა აგრესიაც… თუმცა კლავიატურაზე თითების კაკუნის გარდა ამას ვერაფრით გამოხატავს.
ძალიან ბევრ ადამიანს გავულანძღივარ სოციალურ ქსელის კომენტარებში, თანაც სრულიად უმიზეზოდ. მაგალითად, როდესაც რაიმე საკითხის მიმართ ჩემი მოკრძალებული აზრი დამიფიქსირებია, რომელიც მათ “მყეფარე” პირებსა და “სპილოს ყურებს” არ მოსწონებიათ.
ჩემს ადგილას რა თქმა უნდა ბევრი ყოფილა, თუმცა ზოგი მათგანი ახლა ბრბოს შეუერთდა.
რაც არ უნდა პოზიტიური თემა გაავრცელო, 100 ადამიანში 20 მაინც ისეთი აღმოჩნდება, რომელიც გააკრიტიკებს, გალანძღავს, აბუჩად აიგდებს… მერე ამ 20-ს კიდე 20 ასევე აგრესიით უპასუხებს და ასე აეწყობა აგრესიის ჯაჭვი, რომელიც შემდგომში ბრბოდ იქცევა.
საინტერესო ისაა, რატომ ვკარგავთ დროს ერთმანეთის ლანძღვაში, თანაც სად, ვირტუალურ სამყაროში?! ამ დროს კი რეალურად ქვეყანა თავზე გვენგრევა!
რეალობაში პროტესტს და აგრესიას გამოვხატავთ ისეთ საკითხზე, რაც წესით სრულებით არ უნდა გვანაღვლდებდეს, მითუმეტეს იმ პრობლემების ფონზე, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია.
ვაპროტესტებთ ყველაფერს, მაგრამ არა მთავარს!
არ ვაპროტესტებთ მცოცავ უკუპაციას! არ ვაპროტესტებთ უმუშევრობას! არ ვაპროტესტებთ ფასების ზრდას! არ ვაპროტესტებთ ერთპარტიულ მმართველობას! არ ვაპროტესტებთ მთავრობაზე მორგებული კონსტიტუციის მიღებას! არ ვაპროტესტებთ უსამართლობას! არ ვაპროტესტებთ, იმას რასაც “სისხლიანი 9 წლის დროს” ვაპროტესტებდით. ახლა ყველაფერზე ვდუმვართ, მხოლოდ სოციალურ ქსელში ვილანძღებით, აგრესიასა და ნეგატივს ვაფრქვევთ, შემდეგ ჩვენივე აგრესიით მოწამლულნი ქუჩაში დაბღვერილნი და დაბოღმილები დავდივართ, ერთმანეთს გამარჯობას აღარ ვეუბნებით, აღარ ვიღიმით, აღარ გვახარებს სხვისი კარგად ყოფნა… თუმცა რომ დავუკვირდეთ, ჩვენს გარშემო კარგად მყოფს ერთს ან ორს ნახავ...ორი ადამიანის კარგად ყოფნამაც შეიძლება გაგვაღიზიანოს:
“ქვეყანა ასეთ დღეშია და ამათ რა ელხინებათ”-ო.
ამ ყველაფრიდან დასკვნის გამოტანა ძალიან ადვილია-საზოგადოებას ფსიქიკური და ფსიქოლოგიური კრისიზი აქვს, რომელიც დღითიდღე რთულდება.
ამ კრიზისიდან გამოსვლა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი, რადგან როგორც ამბობენ “მარადიული არაფერია”.




ხატია მუმლაძე


0
82
11-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0