x
image
მანჩო 777
რუმინელი დიქტატორის სისხლიანი აღსასრული - როგორ დასაჯეს სიკვდილით ჩაუშესკუ და მისი მეუღლე
1989 წლის დეკემბერი რუმინეთის ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მეოთხედი საუკუნე ამ ქვეყანას დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ მართავდა და გენოციდს უწყობდა საკუთარ ხალხს. მისი რეჟიმის დამხობა საკმაოდ სისხლიანი გამოდგა.


image


ჩაუშესკუ გლეხის ოჯახში დაიბადა. მიუხედავად სიღარიბისა, მამამ შეძლო შვილისათის დაწყებითი განათლების მიღებინება. მოგვიანებით ჩაუშესკუ ასე იხსენებდა თავის ბავშვობას: "რადგან გლეხის შვილი ვიყავი, პატარაობიდანვე ვიწვნიე მემამულის მათრახი, ხოლო 11 წლიდან კი კაპიტალისტური ექსპლუატაციაც".


image



რუმინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ჩაუშესკუ 1965 წელს გახდა. რუმინელები სხვადასხვაგვარად აფასებენ მის 25-წლიან მოღვაწეობას. ერთი რამ კი უტყუარია- ამ პერიოდში ქვეყანაში გამეფებული იყო პიროვნების კულტი. 1974 წელს ჩაუშესკუმ საკუთარი თავი სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადა. ის გატაცებული იყო ჩუჩხეს იდეით, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს გაეცნო, კიმ ირ სენის იდეების წიგნი რუმინულად თარგმნა და ავრცელებდა. ჩაუშესკუს რეჟიმი ნეპოტიზმით გამოირჩეოდა, მისი მეუღლე რუმინეთის ცკ-ს წევრი იყო, ხოლო 1980 წლიდან პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე (ჩაუშესკუ თავად იყო პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც). 80-იანი წლების შუა პერიოდში რუმინეთში გავრცელდა ჭორი, რომ ჩაუშესკუ პრეზიდენტობისთვის საკუთარ შვილს, ნიკო ჩაუშესკუს ამზადებდა და თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემას აპირებდა.

ჩაუშესკუს პრეზიდენტობის პერიოდში რუმინეთის მეცნიერებათა აკადემია მუშაობდა თეორიაზე, რომლის თანახმადაც უნდა დამტკიცებულიყო, რომ რუმინელები ძველი რომაელების პირდაპირი შთამომავლები იყვნენ, ხოლო რუმინული ენა ყველაზე ახლოს იყო ლათინურთან.


image


1980 წლისთვის რუმინეთის საგარეო ვალი 22 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ვალის გასტუმრების მიზნით, ჩაუშესკუმ უპრეცედენტო ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა, რომლის დასრულების შემდეგ, ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად იქცა. რუმინეთმა სრულად გაისტუმრა ვალი, თუმცა ეს ფაქტი ხალხს ძვირად დაუჯდა. 80-იან წლებში დაიწყო პროდუქტების დეფიციტი. ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, საღამოს საათებში აკრძალული იყო ერთზე მეტი ნათურის ანთება, ისიც 15 ვატის სიძლიერის უნდა ყოფილიყო; ზამთარში იკრძალებოდა მაცივრის ჩართვა, გრაფიკი იყო დაწესებული ცხელ წყალზე, ტელევიზია მხოლოდ დღეში ორ საათს მაუწყებლობდა. აკრძალული იყო აბორტების გაკეთება, რათა გაზრდილიყო შობადობა და შესაბამისად, იქნებოდა მეტი მუშახელი. ყველა, 45 წლამდე ქალს ევალებოდა სამ თვეში ერთხელ გაევლო შემოწმება გინეკოლოგთან, რომ შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში ყოფილიყვნენ, თუ რამდენი ფეხმძიმე იყო რუმინეთში. აკრძალული იყო პრეზერვატივის და ქალთა კონტრაცეპტივების გაყიდვა.


image
ნიკოლაე ჩაუშესკუ არად დაგიდევდათ ხალხის გაჭირვებას და საკუთარი კეთილდღეობისათვის ქვეყნის ბიუჯეტიდან უამრავ თანხას ხარჯავდა. ის ფუფუნების მოყვარული გახლდათ. ჩაუშესკუს ოჯახისთვის რუმინეთის სხვადასხვა რაიონულ ცენტრში ააშენეს რამდენიმე ათეული სასახლე, სადაც მარმარილოს უნიტაზები და ძვირფასი ლითონისგან ნაკეთი უნიკალური ჭურჭელი იყო. ჩაუშესკუ ბევრ საჩუქარს იღებდა სოციალისტური ქვეყნების ლიდერებისგან – ეს იყო გოიას გრავიურები და ძველრომაული ქანდაკებები, აფრიკული სპილოს ძვლისგან დამზადებული სტატუეტები და უნიკალური წიგნები. მაო ძე დუნს ჩაუშესკუსთვის უჩუქებია იაკის ქანდაკება, რომელიც ახლახან, საქველმოქმედო აუქციონზე 12 ათას ევროდ გაიყიდა. ყველა ეს საჩუქარი ჩაუშესკუს პირად მუზეუმში ინახებოდა. საჩუქრებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა გრანდიოზულ ავტობუსს „Ellman Diesel 750 Bus”. ავტობუსში იყო ოთახი პერსონალისთვის, საძინებელი და მისაღები ოთახები, ორი გარდერობი, ორი სამზარეულო, ბუფეტი, პრეზიდენტის კაბინეტი, სააბაზანო და საპირფარეშო. ავტობუსში დამონტაჟებული იყო საერთაშორისო სატელეფონო სადგური და დაცული გახლდათ იმდროისთვის საუკეთესო უსაფრთხოების ნორმებით. ამ ავტობუსით ჩაუშესკუ რუმინეთში გადაადგილდებოდა.


image
არსებობს ვერსია, რომ გადატრიალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ჩაუშესკუ რუმინეთის ბირთვული პროგრამის ამოქმედებაზე მუშაობდა და მისი უკანასკნელი საგარეო ვიზიტი ირანში სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, საიდუმლო სამხედრო ობიექტზე ბუქარესტთან ახლოს საუკეთესო რუმინელი მეცნიერების არმია მუშაობდა. მიმდინარეობდა მუშაობა ბირთვული იარაღის შექმნაზე. მართლაც, არაერთხელ უხსენებია თავად ჩაუშესკუს, რომ რუმინეთი სულ მალე ბირთვული „დერჟავა” გახდებოდა. რუმინეთის ბირთვული პროგრამა ჩაუშესკუს სიკვდილთან ერთად დასრულდა.


image


ნიკოლაე და ელენა ჩაუშესკუებს პანიკურად ეშინოდათ სიკვდილის. ცნობილი ფაქტია, რომ მოწამვლის შიშით, ჩაუშესკუ ყოველდღიურად იცვამდა ახალ თეთრეულს, კოსტიუმებს და ფეხსაცმელს. მათ ეშინოდათ, რომ გარეცხვისას ან ქიმწმენდაში ტანსაცმელს მოწამლავდნენ. საკვების მიღებამდე ჩაუშესკუს ულუფა მოწმდებოდა, ხომ არ იყო მასში საწამლავი, იზომებოდა რადიოაქტიური და ბაქტერიული შემცველობა. ამ ყველაფერს ჩაუშესკუს პირადი ქიმიკოსი, მაიორი იონ პოპა ახორციელებდა, რომელსაც პორტატული ქიმიური ლაბორატორია ჰქონდა. 1978 წელს დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს ჩაუშესკუმ უარი განაცხადა სადილზე, სანამ მისმა თანაშემწემ პირადად არ გასინჯა კერძი. ამ ფაქტის გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა პროტესტი გამოთქვა და ჩაუშესკუს ეს გამოხდომა შეურაცხყოფად შეაფასა. ცნობისთვის, ლონდონში ვიზიტის დროს ნიკოლაე ჩაუშესკუ საკუთარი ზეწრით იყო ჩასული. მას ეშინოდა, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურები ზეწარზე საწამლავს დააბნევდნენ. ასევე, ჩაუშესკუს არ უყვარდა ხელის ჩამორთმევა და თუკი ეს მაინც მოუწევდა, მის თანაშემწეს მუდამ თან ჰქონდა სპირტიანი ბოთლი, რათა დიქტატორს მალე განებანა ხელი ბაქტერიებისგან.


image

გავრცელებული ვერსიის თანახმად, ნიკოლაე ჩაუშესკუს უსაფრთხოებაზე 40 ათასი აგენტი ზრუნავდა მთელი რუმინეთის მასშტაბით. შექმნილი იყო უშიშროების სამსახური „სეკურიტატე”, რომელიც მის ყველა ნაბიჯს უფრთხილდებოდა. ყოველი მეოთხე რუმინელი, ფაქტობრივად, ჩაუშესკუს აგენტი იყო. ნიკოლაე ჩაუშესკუ გატაცებული იყო რომაელი იმპერატორების ცხოვრების შესწავლით და განსაკუთრებით უყვარდა კალიგულა, რომელმაც საკუთარ ცხენს სენატორის წოდება მიანიჭა. ნიკოლაე ჩაუშესკუ არ ჩამორჩა თავის კერპს და ლაბრადორის ჯიშის საკუთარ ძაღლს, მეტსახელად კორბუს, რუმინეთის არმიის პოლკოვნიკის წოდება უბოძა. ამას გარდა, კორბუს ჰყავდა საკუთარი ლიმუზინი, რომლითაც ის ესკორტის თანხლებით გადაადგილდებოდა ბუქარესტის ქუჩებში. კორბუს ჰქონდა საკუთარი აპარტამენტები, საძინებლით, აბაზანით, ტელევიზორითა და ტელეფონი. რუმინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში კი დიპლომატიური ფოსტით ყოველდღიურად აგზავნიდა ლონდონში, სანსბერის სუპერმარკეტში ნაყიდ სპეციალურ ბისკვიტებს, რითაც კორბუ იკვებებოდა.

1971 წელს ცნობილმა რუმინელმა კინორეჟისორმა სერჯიუ ნიკოლაესკუმ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით გადაიღო ფილმი „მიხაი მამაცი”, რომელიც მე-16 საუკუნის ვალაჰიის მეთაურის, მიხაის ცხოვრებაზე მოგვითხრობდა. თავდაპირველად, ფილმი ამერიკულ კინოკომპანია „Columbia Pictures”-ის თანამშრომლობით უნდა გადაღებულიყო და მასში ჰოლივუდელ ვარსკვლავებს, კერკ დუგლასს, რიჩარდ ბარტონს, ელიზაბეთ ტეილორის, ჩარლტონ ჰესტონსა და ორსონ უელსს უნდა ეთამაშათ. მაგრამ, ნიკოლაე ჩაუშესკუმ უარი განაცხადა ამერიკელ ვარსკვლავებზე, ფილმის ბიუჯეტი შეამცირა და ბატალური სცენების გადასაღებად 5 ათასი რუმინელი ჯარისკაცი გამოუყო რეჟისორს. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი მილიონის ნაცვლად, ფილმის ბიუჯეტი 500 ათასი დოლარი იყო და მასში მხოლოდ რუმინელი მსახიობები მონაწილეობდნენ, „მიხაი მამაცი” რუმინული კინოს შედევრადაა მიჩნეული.


image


დავუბრუნდეთ ისევ 1989 წელს. ხალხი, რომლის მოთმინების ფიალა დიდი ხანია აივსო, ქუჩებში გამოვიდა ჩაუშესკუს გადადგომის მოთხოვნით. ისინი ქვეყნის მმართველს ტირანს და დიქტატორს უკვე ღიად უწოდებდნენ. მღელვარე ხალხის შეჩერება არმიამ და პოლიციამაც კი ვერ შეძლო, რადგან მათ რიგებში არსებული ადამიანების უმეტესობა აჯანყებულების მხარეზე გადავიდა. მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი თავის კაბინეტში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსსით, მან თავი მოიკლა, თუმცა ხალხი მის სიკვდილში ჩაუშესკუს ადაანაშაულებდა, რადგან მინისტრმა უარი განაცხადა პირდაპირი ცეცხლი გაეხსნა მომიტინგეებისათვის.

24 დეკემბერს ჩაუშესკუ და მისი ცოლი ვერტმფრენით გაიქცნენ, თუმცა ქალაქ ტირგოვიტში ისინი დააკავეს.


image


მათ იქვე მოუწყვეს სასამართლო, რომელზეც ორივეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ბრალდებულები გაასამართლეს ხალხის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების, ეკონომიკის განადგურებისა და გენოციდის მოწყობის მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელებს 10 დღე მისცეს აპელაციის შესატანად (ფორმალურად), ისინი მეორე დღეს-25 დეკემბერს (შობას) დახვრიტეს.


image


განაჩენი ჯარისკაცების ყაზარმის უკან, საპირფარეშოს კედელთან იქნა აღსრულებული. ეს ადგილი ძველებურადაა შემონახული და ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია.


image


მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის რევოლუციიდან ათეული წლები გავიდა, ქვეყანაში დღესაც ხალხის აზრი ორადაა გაყოფილი-ერთი ნაწილი თვლის, რომ დიქტატორი და ტირანი მოიცილეს თავიდან, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ძლიერი ხელისუფალი დაკარგეს.


ჩვენ კი მხოლოდ ერთი შეგვიძლია ვთქვათ: ჩაუშესკუ- საკმაოდ არაერთგვაროვანი, იდუმალებით აღსავსე ისტორიული პიროვნება იყო, ისევე როგორც მისი მსგავსი სხვა ლიდერები.

დასასრულ, გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ცოტაოდენი ხნის წინ გავრცელდა ქსელში და ჩაუშესკუს სიკვდილით დასჯას ასახავს.


5
11007
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
11007
  
2022, 7 ივნისი, 9:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 26 მაისი, 15:15
დაჩია მანქანის მეტი ყველაფერია. :)
2021, 26 მაისი, 15:14
რუმინეთმა ჯერ კიდევ ვერ მოითქვა სული, ქურდბაცაცების ქვეყანაა.
იპარავს კაცი, ქალი და ბავშვებიც კი. ორჯერ ვარ გავლით ნამყოფი და არანაირი სურვილი არა მაქვს მესამედ მოვხვდე მანდ.
ესაა გამოქვაბულის ერა ევროპაში!!!
2020, 16 თებერვალი, 1:58
1990 წელს ვიყავი რუმინეთში და ძალიან არ მომეწონა.ქუჩებში ხარშებმული ურმები დადიოდნენ,ყველგან ქურდობა და ჯიბეების დაჭრა იყო.შუქი 110 ვოლტზე ბჟუტავდა,საშინელი მანქანები-დაჩიები დადიოდა ქუჩებში იხვებივით,რომელთა აკუმულატორები 6 ვოლტზე მუშაობდა.ტელევიზიაში სულ 2 არხი მუშაობდა დღეში 4 საათით.
2017, 25 სექტემბერი, 12:41
ნუ, დიქდატორებს საერთოდ ეგრე ემართებათ. მაგრამ პირიქითაც ხდება. კარგი სტატიაა.
0 1 5