x
image
George Chubini
სტუდენტის წერილი წითელ ინტელიგენციას

image

მსგავს თემებზე სტუდენტები იშვიათად საუბრობენ. ალბათ აზრსაც არავინ ეკითხება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადეთ, კარგად ვაცნობიერებეთ, რა ხდებოდა ადრე და რა ხდება დღეს, როგორია მოვლენათა ჯაჭვი და როგორ იცვალეს ფერი ადამიანებმა. ეს წერილი ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ახალგაზრდულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა და როგორც აღნიშნული ჟურნალის ყოფილი რედაქტორი თავს უფლებას ვაძლევ იგი კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნო. თემა კვლავ აქტუალურია, ამიტომ უცვლელად გთავაზობთ.

“ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა თითის გაშვერა ახალი თაობისკენ, კერძოდ, მისი უწიგნურობისა და გაუნათლებლობისკენ. ვისი ბრალია ეს? ჩვენი თუ თქვენი – “ინტელიგენტების“ -ამის ახსნას შევეცდები.
დავიწყებ იმით, რომ მე, ისევე, როგორც ჩემი თანატოლები, დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე და ეს თქვენი დამსახურება ნამდვილად არაა! ჩემი და ჩემი თანატოლების ბავშვობა, პირველ რიგში, მილიონობით მშიერ ადამიანთან, დაობლებულ და დაქვრივებულ ოჯახებთან ასოცირდება; ომგამოვლილ, დაქცეულ და მრავალ ტკივილგადატანილ ხალხთან; ათასობით დევნილთან და დაკარგულ მიწა-წყალთან. თუმცა ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ.
თქვენ, თავისუფლების შიშით შეპყრობილმა “ინტელიგენტებმა“, მონებმა, დააქციეთ და მოიყვანეთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. თქვენ ჩაკალით ყველაფერი თავისუფალი საკუთარი უსუსურობის დასაფარად, ნაწილმა კი -საკუთარი კეთილდღეობისთვის. თქვენ დაამხეთ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, თქვენ ჩამოიყვანეთ ედუარდ შევარდნაძე, თქვენ დუმილით “უძლებდით“ მის რეჟიმს, შემდეგ ისევ თქვენ მოიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი, თქვენ იღებდით თანხებს ბიზნესმენებისგან და შემდეგ თქვენვე მოიყვანეთ ხელისუფლებაში. თქვენს ხელსა და თქვენს სინდისზეა საქართველოს ისტორიის შავი ლაქები. თქვენ მოკალით ზვიად გამსახურდია თქვენი მონური, თავისუფლებისადმი პანიკური შიშით. ისე დაგეცათ თავზე დამოუკიდებლობა, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწარით. თითოეული თქვენი ამოსუნთქვით კლავთ ილიას და გვასწავლით, თითქოს მხოლოდ ბერბიჭაშვილმა მოკლა. დღესაც ნოტაციებით გამოდიხართ და წყვეტთ, რა არის სიმართლე და რა არა, როცა მთელი თქვენი აქტიური ცხოვრება სიმართლესთან ბრძოლაში გაატარეთ. თქვენ ქმნით დინებას, მიჰყვებით მას უფსკრულამდე და ცდილობთ გაიყოლოთ ჩვენი აზროვნებაც; მას კი, ვინც მის წინააღმდეგ გაცურავს, ნერვიც არ გიტოკდებათ, ისე დაახლით ტყვიას ზურგში.
თქვენს სინდისზეა საქართველოს დღევანდელი და გუშინდელი დაცემა და ვიდრე შუბლისძარღვგაწყვეტილები მომავლისკენ გაიშვერთ ხელს, ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა გუშინ და გუშინწინ.
მოსემ 40 წელი ატარა ებრაელი ერი 2 წლის სავალ გზაზე დათვითონაც კი არ შესულა აღთქმულ მიწაზე. თქვენ რა გახდით ასეთი უნამუსო და გამყიდველნი, კვლავ რომ ჩნდებით და რჩებით საზოგადოების თვალსაწიერში ჩვეულ ასპარეზზე. შეგახსენებთ: “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“

0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0