x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
ამონარიდი ნიცშეს "ანტიქრისტედან".

image



ქრისტიანობას თანაგრძნობის, გულჩვილობის რელიგიას უწოდებენ. თანაგრძნობა და გულჩვილობა საპირისპიროა ტონუსის ამწევი ეფექტისა, რომელიც სიცოცხლის განცდის ენერგიას ჰმატებს. ის დეპრესიულ ზემოქმედებას ახდენს, ძალა სუსტდება, როდესაც ვინმეს თანაუგრძნობ. თანაგრძნობით ძალის შესუსტება კი მატულობს და მრავლდება, რაც სიცოცხლისთვის ტანჯვის მომტანია, ტანჯვა კი გადამდები ხდება გულჩვილობით. გარკვეულ გარემოებაში, სიცოცხლეზე და სასიცოცხლო ენერგიაზე თანაგრძნობით მიყენებული ზარალი ისეთი სიდიდისაა, რომ აფსურდულად აღემატება მისი გამომწვევი მიზეზის სიდიდეს (ნაზარეველის სიკვდილის შემთხვევა). ეს პირველი თვალსაზრისია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანიც არსებობს.


თუ თანაგრძნობას რეაქციების ღირებულებით გავზომავთ, რომლის გამომწვევიც ის ჩვეულებრივ არის ხოლმე, მაშინ კიდევ უფრო ნათელი ხდება მისი სახიფათო ბუნება სიცოცხლისათვის.


ის განვითარების კანონს ეწინააღმდეგება, რომელიც, თავის მხრივ, სელექციას გულისხმობს, ფარად უდგას დასაღუპავად განწირულს, ასევეა მფარველი ბეჩავთა, დაჩაგრულთა და ცხოვრებისგან განწირულთა. ცხოვრებას კი შავბნელს ხდის და საეჭვო ასპექტად წარმოაჩენს. ისიც გაბედეს, რომ გულჩვილობა-თანაგრძნობას სათნოება უწოდეს (ყოველგვარი კეთილშობილი მორალი სისუსტედ ითვლება), უფრო ღრმად შეტოპეს და თანაგრძნობისგან სათნოება შექმნეს, თითქოს საფუძველი და დასაბამი ყველა არსებულ სათნოებათა, ცხადია, მხოლოდ ნიჰილისტური ფილოსოფიის თვალსაზრისით, თავის ფარს სიცოცხლის უარყოფა რომ დააწერა - და ეს გასათვალისწინებელი ფაქტია.


მართალი იყო ამ მხრივ შოპენჰაუერი: თანაგრძნობა სიცოცხლის უარმყოფელია, ანუ სიცოცხლეს უფრო მეტად ხდის უარყოფის ღირსს. თანაგრძნობა ნიჰილიზმის პრაქტიკაა. ვიმეორებ: ეს დამთრგუნველი და გადამდები ინსტიქტი ანადგურებს ინსტიქტებს, რომლებიც მომდინარეობს სიცოცხლის ამაღლებიდან და შენარჩუნებიდან. ბედკრულთა დაცვით და უბედურების მომრავლებით, ის დეკადანსის საიმედო იარაღი ხდება - თანაგრძნობა იტყუებს "არარასკენ"!... თუმც "არარას" არ ახსენებენ, არამედ მას ისეთი სიტყვებით ჩაანაცვლებენ ხოლმე, როგორებიცაა: "საიქიო", "ღმერთი", "ჭეშმარიტი ცხოვრება" ან "ნირვანა", "ცხონება" და "ნეტარება"... ეს მიამიტი რიტორიკა.


რელიგიურ ზნეობრივი იდიოსინკრაზიის სფეროდან, არც ისე უწყინარი მოგეჩვენებათ, როცა აღმოაჩენთ, რა ტენდენციაა შეფუთული მაღალფარდოვანი სიტყვების მოსასხამში: ეს ხომ სიცოცხლისადმი მტრულად განწყობის ტენდენციაა. შოპენჰაუერი სიცოცხლის მოძულე იყო, ამიტომ თანაგრძნობა მისთვის სათნოებად იქცა. არისტოტელე, როგორც ცნობილია, თანაგრძნობას მიიჩნევდა ავადმყოფურ და სახიფათო მდგომარეობად, რომელსაც დროდადრო სასაქმებლის მიღება არ აწყენდა: ტრაგედია მისთვის სასაქმებლის ტოლფასია.


სასიცოცხლო ინსტინქტიდან გამომდინარე, უნდა მოინახოს საშუალება ასეთი რაოდენობის გულჩვილობის დაგროვების აღსაკვეთად. ამ გროვის ერთ-ერთ მაგალითს შოპენჰაუერი წარმოადგენს (და, სამწუხაროდ, მთელი ჩვენი ლიტერატურული და არისტოკრატიული დეკადანსი, დაწყებული პეტერბურგიდან პარიზამდე, ტოლსტოიდან ვაგნერამდე). ნემსის ერთი ჩხვლეტაა საჭირო, რათა ეს გროვა დაიშალოს... არაფერია ისეთი არაჯანსაღი ჩვენს არაჯანსაღ თანამედროვეობაში, როგორც ქრისტიანული თანაგრძნობა. ამ დაავადების ექიმობა ულმობლობას ნიშნავს, დანის ამოქმედებას - ასეთი რამ საჩვენოა, ჩვენი კაცობრიობის სახეობაა, ამიტომ ვართ ჩვენ, ფილოსოფოსები - ჰიპერბორიელები!


ფრიდრიხ ნიცშე.

ამონარიდი "ანტიქრისტე"–დან.

0
90
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0