x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჩვენ და ილია
image

ჩვენ რომ გვკითხონ, ვიცით თუ არა ილია, გვიყვარს თუ არა იგი, შეურაცხყოფად მივიღებთ: ჩვენში სიტყვით ყველა ილიელია, საქმით-“რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“

ჩვენ ის ჯერ მოვკალით, მერე გავაღმერთეთ, ჩვენ საერთოდ ყოველთვის გვერჩივნა გვამებთან ლაციცი, ცოცხლის დამხობა, არგახარება და პირქვედამარხვა.

ჩვენ წმინდანად შევრაცხეთ ეს კაცი, მაგრამ არ მივყვებით ჩვენი წმინდანის გზას.

ის ჩვენი ექიმი იყო, მაგრამ ვიჯაგრებოდით მის მიერ დასმულ ყოველ უზუსტეს დიაგნოზზე, ვერ ავიტანეთ განკურნების მტკივნეული პროცესი და ჩვენი მკურნალი ექიმი ჩვენივე ხელით მუხანათურად მოვკალით.

ვერ ავიტანეთ მისი ბასრი, კახური იუმორი, განსაკუთრებით ვერ ავიტანეთ მის წიგნებში უმცდარად არეკლილი საკუთარი სილუეტები, ლეთარგიული ძილის მოყვარულ საზოგადოებას განსაკუთრებით აღიზიანებდა გამოღვიძების პროცესი. ილია კი მას გამოწვევას ესროდა, მოდუნების საშუალებას არ აძლევდა და “ბედნიერმა ერმა“ თავიდან ისე, სასხლეტზე ხელის ერთი გაკვრით მოიშორა თავიდან, როგორც აბეზარი მწერი. იცოდა, როგორ არ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, გამოჩნდებოდა ბერბიჭაშვილი, რომლის უკან ათასობით გაქსუებული თავადი იდგებოდა. თავადები, რომელთაც პირდაპირ ცხვირპირში დაუნდობლად სჩრიდა თავის ამორალურობას:

“მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?“

ბედნიერ ერს სულაც არ სურდა იმის გაგება, ისევე, როგორც დღეს, რომ ბედიერი კი არა, -უბედურია. ამიტომაც ლანძღავდნენ დაუნდობლად, უშეღავათოდ. ავყია და ამპარტავან ახალგაზრდას უწოდებდნენ, როცა მამებს შეცდომებზე მიუთითებდა, მოძველებულ ლიტერატურულ-ენობრივ სტილსა და ნორმებზე.

ახალგაზრდა თაობა, რომელმაც აქტიური ანტირუსული პროპაგანდა და ეროვნული მოძრაობა გააჩაღა, ვეღარც მამებისა და რუსების ახლომეგობრულ ურთიერთობას იტანდა.


როცა ილიამ და მისმა თერგდალეულთა გუნდმა რელიგიური ავტორიტეტების კრიტიკა დაიწყო, კერძოდ, გამოვიდნენ ანტონ კათალიკოსის წინააღმდეგ, მამებმა უმალვე ბოლოჟამი დაანონსეს და შვილები ლამის ანტიქრისტეებად შერაცხეს. ჩამოყალიბდა კონსერვატორ მაამთა და პროგრესულ-ლიბერალურ შვილთა ანტაგონისტური ბანაკები.

ილია და მისი თანამოაზრეები თანდათან ავლენდნენ ლიბერალიზმისადმი ინტერესს, რაც საერთოდ გაუგებარი და მიუღებელი იყო კონსერვატორ-რეტროგრადული მამებისთვის.


ილია რომ თავიდან დაიბადოს, ისევ მოვკლავთ, რამდენჯერაც დაიბადება, იმდენჯერ მოვკლავთ, რადგან ვერ ვაპატიებთ სიმართლეს, პროგრესულობას, თავისუფლებას, პირდაპირობას, სამშობლოს გააზრებულ სიყვარულს, განსაკუთრებით, გონიერებას ვერ ვაპატიებთ. გამოვაცხადებთ ლიბერასტად, სამშობლოს, რელიგიის, კულტურისა და ტრადიციების მტრად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიციები დიდიხანია სანაგვეზეა მოსასროლი.



image

0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0