x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ადამიანი, რომელმაც 1983 წელს მსოფლიო ბირთვული ომისგან იხსნა...

image

18 თებერვალს დრეზდენში მშვიდობის პრემია გადაეცა ყოფილ საბჭოთა ოფიცერს სტანისლავ პეტროვს იმ გაბედული გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მან 30 წლის წინ ერთპიროვნულად მიიღო და რითაც მან, როგორც დასავლური მედია წერს, მსოფლიოს თავიდან ააცილა პოტენციური ბირთვული ომის დაწყება.

თუკი საუკუნეების წინ ბატებმა რომი იხსნეს, 1983 წელს გარეული ბატები კინაღამ ბირთვული ომის დაწყების საბაბი გახდნენ. როგორც ირკვევა, 30 წლის წინ, 27 სექტემბერს, გარეული ბატების გუნდი აშშ-დან, კერძოდ, ალიასკადან აფრენილ ბირთვულ რაკეტებად აღიქვა საბჭოთა კავშირის ოპერატიული მართვის პუნქტში, „სერპუხოვო -15“-ში, განთავსებულმა კომპიუტერულმა პლანშეტმა. მართვის პუნქტზე იმხანად მორიგეობდა ვიცე-პოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი, რომელსაც საფრთხის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისათვის აუცილებლად უნდა ეცნობებინა ამერიკული სარაკეტო იერიშის შესახებ, რასაც, როგორც გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდის“ სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ბარანეცი ამბობს, აუცილებლად მოჰყვებოდა ბირთვული დარტყმა საბჭოთა კავშირის მხრიდან,
ვიქტორ ბარანეცი:


„ეს რომ მომხდარიყო, რუსეთი გაუმართლებელ დარტყმას მიაყენებდა აშშ-ს, ისეთი ძალის დარტყმას, რომ ვაშინგტონის მხრიდან ამას უსათუოდ მოჰყვებოდა საპასუხო ბირთვული დარტყმა, ვინაიდან აშშ-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ცხადია, ასეთი ბირთვული დარტყმების ორომტრიალში ჩათრეული აღმოჩნდებოდნენ ბირთვული იარაღის მქონე სხვა ქვეყნებიც და ჩვენ მივიღებდით ბირთვულ კოლაფსს. დედამიწა შეწყვეტდა არსებობას, ხოლო ჩვენ, პატივცემულო კოლეგა, დღეს უკვე ამაზე ლაპარაკს ვეღარ შევძლებდით“.

ბირთვული ომის საფრთხე კი 30 წლის წინ მსოფლიოს ვიცე-პოლკოვნიკ სტანისლავ პეტროვის გამჭრიახობამ ააცილა.

ოფიცერი ვითარების გაანალიზების შემდეგ მიხვდა, რომ სისტემამ შეცდომით იმუშავა და დაარწმუნა საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი სხვა კოლეგები, რომ საქმის კურსში არ ჩაეყენებინათ შესაბამისი ხელმძღვანელობა - ესენი იყვნენ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში „ცივი ომი“ თავის ზენიტს აღწევდა და სრული ერთი თვეც კი არ იყო გასული იმ დღიდან, როდესაც საბჭოთა კავშირმა სამხრეთკორეული სატრანსპორტო ბოინგი 747 ჩამოაგდო.
ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, ახალი ომის საბაბი არ გავმხდარიყავიო, იხსენებს სტანისლავ პეტროვი, რომელსაც იმ საგანგაშო მორიგეობიდან 30 წლის შემდე, 18 თებერვალს, შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილებისათვის დაწესებული დრეზდენის მშვიდობის პრემია მიენიჭა:

„რატომღაც თავში ერთი აზრი მიტრიალებდა: დალახვროს ღმერთმა, ასე ხომ შეიძლება მესამე მსოფლიო ომის გამჩაღებელი აღმოვჩნდე... რაც უნდათ ის მიყონ, მესამე მსოფლიო ომის ავტორი კი არ გავხდები-მეთქი“.


"ვიცე-პოლკოვნიკმა სტანისლავ პეტროვმა დრეზდენის მშვიდობის პრემია დამსახურებულად მიიღოო, ამბობს სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ბარანეცი. იმ პერიოდში, ბარანეცის თქმით, მხოლოდ აშშ-ის სარაკეტო მიზნების ეკრანზე ასახვის მცოდნე მაღალი დონის პროფესიონალს შეეძლო გამოეთვალა კომპიუტერის შეცდომა და დაერწმუნებინა კოლეგები, რომ განგაში უსაფუძვლო იყო.
ასეთი საგანგებო შემთხვევის გახმაურება ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს თვალში სულელად წარმოჩენილიყო..."
- ვიქტორ ბარანეცი


თუმცა არავინ იცის, საერთოდ ეცოდინებოდა თუ არა კაცობრიობის ისტორიას სტანისლავ პეტროვის გმირობის შესახებ, საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო და ფარდა არ ახდოდა საბჭოთა ანტისარაკეტო გაფრთხილების სისტემის გაუმართაობას. ეს ინციდენტი, პოლიტიკური მოსაზრებებით, იმხანად საბჭოთა კავშირში გასაიდუმლოებული იყოო, ამბობს ვიქტორ ბარანეცი:

„გახმაურება იმისა, რომ საბჭოთა რადარებმა დროის მოკლე მონაკვეთში ვერ შეძლეს ზუსტად ამოეცნოთ, იყო ეს სარაკეტო თავდასხმა, სტრატეგიული ბომბდამშენები მოფრინავდნენ თუ ბატების დიდი ჯგუფი, - ასეთი საგანგებო შემთხვევის გახმაურება ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირი მსოფლიოს თვალში სულელად წარმოჩენილიყო“.

1983 წლის ბირთვული ომის საშიშროების საფრთხეს საიდუმლოების გრიფი მხოლოდ 1993 წელს მოეხსნა, როდესაც საბჭოთა კავშირის ანტისარაკეტო და ანტიკოსმოსური ძალების ყოფილმა სარდალმა იმდოინდელი მოვლენები მოკლედ გაიხსენა. თუმცა გარეული ბატების შესახებ არაფერი ყოფილა ნათქვამი. ოფიციალურად, ყველაფერი „მაღალი ღრუბლებიდან არეკლილი მზის შუქით თანამგზავრის სენსორების დასხივებას“ დაბრალდა.

0
274
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0