x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მოსწავლეების ინდოქტრინიზაციის ტენდენციები და მოსალოდნელი შედეგები
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლში, რომელიც ნეიტრალურობას და არადისკრიმინაციულობას ავალდებულებს სკოლას, წერია შემდეგი:


მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა
1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.
2. დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ.


პირველი პუნქტი გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში მოსწავლეების გაურევლობას, მეორე პუნქტი კი მოსწავლეს იცავს ყოველგვარი რელიგიური ინდოქტრინიზაციისგან.


რამდენად სრულდება ეს მუხლი საქართველოს საჯარო სკოლებში და რამდენად დაცულია მოსწავლე როგორც რელიგიური, ისე პოლიტიკური ინდოქტრინიზაციისგან?



image


მიუხედავად იმისა, რომ კანონი 2005 წელს მივიღეთ, მას შემდეგ იგი არაერთხელ დაირღვა და დღემდე ვერ შეძლო სკოლისა და პოლიტიკის, სკოლისა და რელიგიის ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯვნა.


ალბათ გვახსოვს, როგორ იშლებოდა სასწავლო პროცესი, კრებდნენ ბავშვებს და მიყავდათ ამა თუ იმ პოლოტიკოსთან შესახვედრად, რომელიც ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს აღნიშნული კანონი ყველაზე უხეშად რამდენიმე დღის წინ დაირღვა, როცა სკოლაში მმართველი გუნდის დროშები გამოჩნდა და, როგორც თავად ამბობებენ, პირველკლასელებს ჩაუვარდათ ხელში. პირველი კლასის მასწავლებელი კი ინფანტილურად აცხადებს, რომ არ იცოდა, რას აკეთებდა და არ ელოდა ასეთ უარყოფით რეაქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელმა არ იცის განათლების შესახებ კანონის შინაარსი და შესაძლოა, ის ერთადერთი სულაც არ იყოს.


image

„არვიცი ბავშვებმა სად იშოვეს და საიდან მოიტანეს. უბრალოდ, დაუფიქრებელი შემთხვევა მოხდა, რაც მასწავლებლებმა ვერ გაითვალისწინეს. რა მოხდა და როგორ მოხდა - ამას სკოლაში გაარკვევენ. სკოლას ჰყავს დირექტორი. სკოლაში არის დისციპლინური კომიტეტი, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად გადაეცემა. კომიტეტი იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე“, - განუცხადა მედიას დამრიგებელმა.


ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც, თავისთავად ისმის, მშობლებებს ეხებათ. რატომ არ რეაგირებს მშობელი, რომელიც ხედავს, რომ მისი პირველკლასელი შვილი პირველი სასკოლო დღიდანვე იწამლება პოლიტიკით, შეიმჩნევა ინდოქტრინიზაციის აშკარა მცდელობა? დიდი ალბათობით, მშობელებიც, განსაკუთრებით რეგიონებში, ძირითადად ვერ ერკვევიან განათლების საკითხებში, მითუმეტეს-კანონში და, ზოგადად იმაში, რომ იდეოლოგიზირებული განათლება საშიშია. ეს შეიძლება საბჭოთა მეხსიერებას დავაბრალოთ, პიონერულ წარსულს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენში და მის მრავალფეროვან გამოვლინენებს ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენს სოციუმში.


რაც შეეხება რელიგიურ ინდოქტრინიზაციას: მოგვეხსენება, ჩვენ მეტად თეისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. სახელმწიფოში, რომლშიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში რელიგიის როლის გაძლიერებას ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს.


მიუხედავად ხსენებული კანონისა, წელს რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება მოძღვრებამა აკურთხეს, რაც დირექტორის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. მაგალითად, რუსთავის ერთ-ერთის საჯარო სკოლა, სადაც მოძღვარმა კლასი აკურთხა და პირველკლასელებს სკოლის დაწყება მიულოცა.

ასეთი ფაქტებიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ დირექტორებმა და მასწავლებლებმა ან არ იციან ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ან განგებ არღვევენ მას.


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აქტიურად იწევს წინა პლანზე: უნდა აღდგეს თუ არა რელიგიის სწავლება სკოლაში? მაგალითად, თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტრი ლევან ბუკია აქვეყნებს ბლოგპოსტს, სადაც ვკითხულობთ შემდეგს:


საჭიროა რელიგიის გაკვეთილები მოსწავლეთათვის, რადგანაც აქ მოსწავლეები იძენენ ცოდნას ისეთ ღირებულებებზე, ეთიკურსაწყისებზე, ზნეობრივ ნორმებზე, რომლებიც არ ისწავლება სხვა გაკვეთილებზე და რომლებიც ცხადია, მნშივნელოვანია, მოზარდის მართებულად ჩამოყალიბებისათვის“.


ძნელი სათქმელია, რას ნიშნავს ავტორისთვის ეთიკური საწყისები ან ზნეობრივი ნორმები, მაგრამ, ფაქტია, იგრძნობა საბჭოურ-დიდაქტიკური პათოსი, რომელმაც მოტამორფოზა განიცადა პოსტსაბჭოთა საქართველოში და უფრო რელიგიური ნიშით დაემკვიდრა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში. ნებისმიერ შემთხვევაში ის ემსახურება ტიპური, საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი, “მორალური“ ერის აღზრდას, ეთიკას, რომელსაც ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვა უდევს იდეაში საფუძვლად და უქვემდებარებს მას საზოგადოებრივ განსჯას: თუ ინდივიდი რელიგიზირებული საზოგადოებისთვის მიღებულ ნორმებსა და ჩარჩოებში არ მოისურვებს დარჩენას, ის გახდება საჯარო განკითხვის ობიექტი, რომელიც არცხვენს რჯულს. ბუნებრივია, ასეთი საზოგადოებისთვის მიუღებელი და გაუგებარია თავისუფალი ნების, არჩევნის თვაისუფლების იდეა. დღესავით ნათელია, რომ ეს, ერთი მხრივ, საბჭოური და მეორე მხრივ, რელიგიური იდეალია, რომლის მორალიც რეპრესიულია და ზნეობრივი ერის, კოლექტივისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება, სადაც ინდივიდები ერთმანეთის ქცევას მკაცრად აკონტროლებენ.


ბლოგერი ძალიან ხშირად აპელირებს ეთიკაზე : “სკოლა ვალდებულია მისცეს ბავშვს რელიგიური აღზრდა, რადგანაც ის საჭიროა მისი პიროვნული ზრდისკენ, მისი მომწიფებისათვის, მისი ეთიკური და საზოგადოებრივი განვითარებისათვის“.


ერთი მხრივ, გაუგებარია, რატომაა საჭირო პიროვნული ზრდისთვის რელიგიის სწავლება და, მეორე მხრივ, ცხადია, რომ იგი პიროვნულ ზრდაში ნამდვილად ვერ ითამაშებს დადებით როლს.


რაც შეეხება ნათქვამს: “ეთიკური განვითარება“ - მეტისმეტად ბუნდოვანია ამ ცენების არსი. ეთიკა, რაც სხვის უფლებებში შეუჭრელობას, სხვისადმი პატივისცემას გულისხმობს ადამიანებს აღზრდის შედეგად უნდა ეძლეოდეთ და ამისთვის რელიგიურ-თეოლოგიური განათლება სულაც არაა საჭირო, თუმცა, ცხადია, ეთიკის სოციოლოგიურ-ფილოსოფიური და რელიგიური გაგება დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან.


გარდა ამისა, ნუ გვავიწყდება, რომ საქართველო არაა მონოკონფესიური და მონოეთნიკური ქვეყანა.ამიტომაც ერთი რელიგიის თავსმოხვევა, თუნდაც დომინანტურის, თავისთავად ლახავს უმცირესობების უფლებებს.


ბუკიას მსგავსად არაერთი ადამიანი ფიქრობს, მაგრამ დავფიქრდეთ: მოუტანა თუ არა რელიგიის სკოლაში სწავლების გამოცდილებამ შედეგები ჩვენს საზოგადოებას და რაში გამოვლინდა დადებითად? რელიგიამ ვერ შეძლო ვერც საზოგადოების გაკეთილშობილება, ვერც თუნდაც ღმრთისმოშიში, არაძალადობრივი საზოგადოების ჩამოყალიბება, პირიქით-რელიგიურ ნიადაგზე ადამიანები საკმაოდ ხშირად შედიან ერთმანეთთან ვერბალურ კონფლიქტში და მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება განსაკუთრებით მკვეთრად სოციალურ ქსელებში ვლინდება.


მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესის ნეიტრალურობას პოლიტიკისა და რელიგიისგან კანონი უზრუნველყოფს, იგი იცავს მოსწავლეს ნებისმიერი ფორმის ინდოქტრინიზაციისგან, ჩვენთან, როგორც ნაკლებად სეკულარულ და მეტად პოლიტიზირებულ სახელმწიფოში, - ისინი ძალიან ხშირად იჭრებიან საბაზისო განათლებაში.


6
85
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
85
  
2017, 25 სექტემბერი, 12:51
კი რა თქმა უნდა. ეს სჭორდებათ ზუსტად დეგენერაციული საზოგადოების შესაქმნელად
2017, 25 სექტემბერი, 12:50
ინდოქტრინაცია სრული დებილიზმია. გაუნათლებლობის ფაქტორია ეს. სოც. დეგენერაცია.
2017, 25 სექტემბერი, 12:50
შენც სწორი ხარ ბევრ რამეში.
2017, 25 სექტემბერი, 12:49
სწორს ამბობ 100%!
2017, 21 სექტემბერი, 12:30
ჩემი აზრით, ჯობს სამოქალაქო განთლების კურსი დაუბრუნონ ბავშვებს, რაც ამ და სხვა საკIთხებში გააცნობიერებს ბავშვებს. მხოლოდ რელიგიის კი არა , ინდივიდის პატივისცემაც უდიდესი პრობლემაა. ამ განათლების სისტემის ბრალია, ჩვენ რომ კოლექტივისტურ საზოგადოებად ვრჩებით
2017, 21 სექტემბერი, 12:24
ჩემი აზრით, აუცილებელია რელიგიის და არა ქრისტიანული რელიგიის გაკვეთილები. გვინდა თუ არ გვინდა, თანამედროვე სამყაროში რელიგიას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს და ეს უნდა იცოდეს ბავშვმა, უნდა იცოდეს, რომ მართლმადიდებლობის გარდა სხვა რელიგიებიც არსებობს, უნდა იცოდეს, რა განსხვავებაა აღმსარებლობებს შორის. უნდა ისწავლებოდეს სხვადასვა რელიგიების ისტორია, მიუკერძოებლად რა თქმა უნდა. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ბავშვებში სხვა რელიგიების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებას, ეს კი აუცილებელია, რადგან თუ დავაკვირდებით, თანამედროვე სამყაროში კონფლიქტების უმეტესობა სწორედ რელიგიურ ნიადაგზე ხდება.
0 1 6