x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ცრუ მეცნიერება
ჰომეოპათიაჰომეოპათიის დამფუძნებლად ითვლება ქრისტიან ფრიდრიხ სამუელ ჰანემანი.

1779 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ გული აიცრუა ოფიციალურ მეცნიერებაზე (რაც სავსებით გასაგები იყო იმდროინდელი მედიცინის უუნარობისა და არაეფექტურობის ფონზე) რომელსაც არ ჰქონდა სარწმუნო მტკიცებულებები და შედგებოდა სხვადასხვა მცდარი მოსაზრებებისაგან. ამ ნიადაგზე ვერაფერი მოიფიქრა გარდა საკუთარი სამედიცინო მეცნიერების შექმნისა, დაიწყო სამკურნალო პრეპარატებით ჯანმრთელ ადამიანებზე ცდების ჩატარება და დაასკვნა, რომ თუ ჯანმრთელი ადამიანი ცხენის დოზებით მიიღებს მედიკამენტებს, თუ არ დაავადდება, მინიმუმ რაღაც ატკივდება.
ქინინის მაგალითზე – გადაწყვიტა თავის თავზე გამოეცადა ქინაქინას ტოქსიური მოქმედება კუჭზე, ამ მიზნით იგი ყოველდღიურად ქინაქინას სამკურნალო დოზას იღებდა, რამდენიმე დღის შემდეგ მან მოულოდნელი შედეგი მიიღო – სრულიად ჯანმრთელ ჰანემანს განუვითარდა მალარიის კლინიკური ნიშნები, ეს ნიშნები მაშინვე გაქრა, როგორც კი ქინას მიღება შეწყვიტა. სწორედ მაშინ „პროფესორმა“ თავისი ჰალუცინაციებიდან გამოიტანა აზრი, რომ წამალი ავადმყოფში მკურნალობს იმას, რასაც თავად იწვევს ჯანმრთელ ადამიანში.
„მსგავსი ინკურნება მსგავსით“(„SIMILIA SIMILIBUS CURANTUR“). დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზებით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. მან შექმნა მთელი სწავლება წამლების „ჰომეოპათიური“ მოქმედების შესახებ და რაციონალური მედიცინა უწოდა.
ჰანემანმა დაიწყო აქტიური სამედიცინო პრაქტიკა, საიდუმლოებით მოცულმა და ორიგინალურმა, ახალმა მკურნალობის მეთოდმა მალე მიიპყრო ფართო მასების ყურადღება, განსაკუთრებით იმ ფონზე რომ ახალი მეთოდი არ აზიანებდა პაციენტებს, მაშინდელი მედიცინის ოფიციალურად აღიარებული მეთოდებისაგან განსხვავებით (ვერცხლისწყლის ინჰალაცია/შეზილვა, სისხლის გამოშვება და სხვა). 1820 წელს სამეფო ბრძანებით ჰანემანს აეკრძალა წამლების დამზადება, რის შემდეგაც გერმანიაში დიდხანს აღარ გაჩერებულა და მოღვაწეობა საფრანგეთში გააგრძელა.
ჰომეოპათთან მიღებაზე პაციენტმა დაწვრილებით უნდა მოყვეს მის შესახებ ყველაფერი, დაწყებული დაბადებიდან, გადატანილი დაავადებებიდან წვრილმან დეტალებამდე როგორიცაა ლურსმანზე ფეხის დაბიჯება და ამინდის ცვლილებები. წამლების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. მკურნალობა ინიშნება 1, 5 – 2 თვე, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ საჭიროა განმეორებითი ვიზიტი, რათა შეფასდეს მდგომარეობის ცვლილების დინამიკა და თუ საჭიროა გაგრძელდეს მკურნალობა. განსაკუთრებით ეფექტური ოჯახური თერაპიაა, სასწაულმოქმედ ბურთულებს შეუძლიათ არა მარტო ორგანიზმის განკურნება, ისინი ასევე აბალანსებენ ადამიანის ენერგეტიკას და ამყარებენ ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონიას. ჰომეოპათიურ მკურნალობას კარგად ექვემდებარებიან ბავშვები „რთული“ ხასიათით, შესაძლებელია ქცევის პრობლემების კორექტირება და აკადემიური მოსწრების გაზრდა.
დღევანდელ დღეს ჰომეოპათიამ სრულიად შეწყვიტა მედიცინასთან კავშირი და უკვე ღიად ვაჭრობს სასწაულმოქმედი ბურთულებით, ღვთიური ფხვნილებით და რეცეპტებით რომლებიც არც მეტი არც ნაკლები, შიდსს, ყველა ტიპის ჰეპატიტს და ნებისმიერ ონკოლოგიურ დაავადებას კურნავს. მთელი ცივილიზებული სამყარო და სამედიცინო მკვლევარები ძველებურად ამტკიცებენ, რომ ჰომეოპათიის პოტენციური სარგებელი არანაირად არ აღემატება პლაცებო ეფექტს, მოაზროვნე ექიმები უარს ამბობენ აღიარონ ჰომეოპათები ექიმებად, კოლეგებად, რის გამოც პერიოდულად ჩნდება სტატიები ბოროტი ფარმაცევტული კომპანიების შეთქმულების ან ონკოლოგიური დაავადებების უეცარი განკურნების შესახებ. ექიმების უმეტესი ნაწილი უკვე მიეჩვია ენდოს მეცნიერებას და მტკიცებით მედიცინას, მაგრამ ჰომეოპათიური წამლების დანიშვნის მავნე პრაქტიკა ჯერ კიდევ არსებობს.
ავსტრალიურ ჟურნალში Sceptic (vol 22, No 3, Spring 2002) დაიბეჭდა სამი პატარა ბოთლის სურათი, რომლებიც ფოსტით იყიდებოდა როგორც ჰომეოპათიური ვაქცინები მენინგოკოკური მენინგიტის, ბ ჰეპატიტის და გრიპისათვის. მსგავსი მაგალითები ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრია, ავიღოთ ანაფერონი – საწუწნი ჰომეოპათიური ტაბლეტები, რომელიც ახდენს იმუნომასტიმულირებელ და ანტივირუსულ მოქმედებას,
ჩვენებები :
1) მწვავე რესპირატორულ–ვირუსული დაავადებები, მათ შორის გრიპი, პროფილაქტიკა და მკურნალობა
2) ინფექციების კომპლექსური თერაპია, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს ვირუსებით (ინფექციური მონონუკლეოზი, ქუნთრუშა, ლაბიალური ჰერპესი, გენიტალური ჰერპესი)
3) სხვა მწვავე და ქრონიკული ვირუსული ინფექციების კომპლექსური თერაპია და პროფილაქტიკა, რომელიც გამოწვეულია ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსით, ენტეროვირუსით, როტავირუსით, კორონავირუსით.
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ანუ ყველაფერთან ერთად, მკურნალობს ყველაფერს და ახდენს პროფილაქტიკას ყველაფრისაგან. უკუჩვენებები არ აქვს, ორსულობა/ლაქტაციის პერიოდში უბრალოდ შესწავლილი არ არის და მოგვიწოდებენ პრეპარატის რისკი/სარგებლის გათვალისწინებას, მკურნალობის სქემა განსაკუთრებით საინტერესოა მწვავე ვირუსული სიმპტომების გამოვლენიდან 1 ტაბლეტი ყოველ 30 წუთში, შემდეგ ცოტა გართულებული სქემა, მაგრამ უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი, იმ მარტივი ლოგიკით რომ ვიყიდოთ რაც შეიძლება მეტი. პრეპარატი შეგვიძლია ვსვათ როგორც გამოჯანმრთელებამდე ისე მის შემდეგ „პროფილაქტიკისათვის“ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერ ასაკში, სხვა სამკურნალო საშუალებებთან თავსებადია, ჭარბი დოზა არ არსებობს, არა მარტო უკუჩვენებები, გვერდითი მოვლენებიც კი არ გამოვლენილა. რათქმაუნდა ასეთი წამალი ძალიან ხელსაყრელია ექიმისათვის, რომელსაც პაციენტი თხოვს რაიმე დაუნიშნოს, განსკუთრებით თუ პაციენტი ბავშვია.
რაც შეეხება გაზავების მეთოდს, ჰომეოპათიური წამლის დამზადების მეთოდს პოტენცირება ჰქვია, წყალში თანდათან ვარდება კონცენტრაცია ისე, რომ შეიძლება არც დარჩეს საწყისი ნივთიერება, მაგრამ წყალი იმუხტება, იცვლის თავის სტრუქტურას. რამაც იგივე ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს რაც წამალმა, ამას ეძახიან წყლის მეხსიერების ფენომენს“.
ამასთან უამრავ დაავადებას ახასიათებს გამწვავების და შემსუბუქების თავისთავად მიმდინარე თანმიმდევრობითი ფაზები, საკმაოდ ბევრ დაავადებას - თვითგანკურნებაც კი, ყოველგვარი სამედიცინო ან არასამედიცინო ჩარევის გარეშე. პაციენტი რომელიც არც ამ მოვლენის შესახებ არის ინფორმირებული, დაავადების ნებისმიერ შემსუბუქებას ან განკურნებას, მის მიერ მიღებულ საშუალებას მიაწერს - ამის შემდეგ მას მტკიცედ სჯერა მოცემული საშუალების ეფექტურობის და ცდილობს სხვებიც დაარწმუნოს ამაში. ამით სარფიანად სარგებლობენ ადამიანები, რომლებიც მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ესა თუ ის მათ მიერ გამოგონილი საშუალება დადებით ზეგავლენას ახდენს ამა თუ იმ დაავადებაზე, როგორც კი მოხდება ნებისმიერი გზით ავადმყოფის დარწმუნება მოცემული საშუალების ეფექტურობაში, მაშინვე ამუშავდება ზემოაღნიშნული პლაცებოს ეფექტი.
ზუსტად იმის განსაზღვრა, ნამდვილად ეფექტურია თუ არა რაიმე საშუალება, ძალიან ძნელია. ასეთი კვლევის ჩატარებას, იმისათვის, რომ იგი სარწმუნო იყოს, დიდი რაოდენობით თანხები და დრო სჭირდება, რადგან იგი მკაცრად განსაზღვრულ პირობებში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უამრავ პაციენტზე ტარდება – რაც მეტია პაციენტი, სტატისტიკურად მით უფრო სარწმუნოა მიღებული შედეგი. ამასთან, წამალი ისეთ გვერდით ეფექტებს არ უნდა იწვევდეს რომ მისმა გამოყენებამ, მისი ეფექტურობის შემთხვევაშიც კი, აზრი დაკარგოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციული და ალტერნატიულო მედიცინის საშუალებების ერთმანეთისგან გამყოფი ზღვარი, დღეს სამწუხაროდ, არც ისე მკვეთრია. ზოგადად, როგორც კი სარწმუნოდ დამტკიცდება ალტერნატიული საშუალების ეფექტურობა, მას ავტომატურად ეხსნება „ალტერნატიულის“ სამარცხვინო იარლიყი.
ტრადიციული მედიცინის მრავალი, განსაკუთრებით, ახლად გამოგონილი პრეპარატი, რიგი მიზეზების გამო, ფაქტიურად, „ალტერნატიული მედიკამენტის“ სტატუსს ატარებს, ანუ მათი ეფექტურობა დამტკიცებული არ არის, თუმცა ტრადიციულ მედიცინაში მათ მაინც იყენებენ.
პლაცებოს ეფექტს მოლოდინით განკურნებას უწოდებენ, თუ ადამიანს სჯერა, რომ მოცემული საშუალება დაავადებას უშველის, მისი მიღება თავის ტვინში ისეთი ნივთიერების გამოყოფას გამოიწვევს, რომლებიც ადამიანს ტკივილს შეუმსუბუქებენ (ერთ ერთი მაგალითი). სწორედ ასე აიხსნება ჰომეოპათიური მედიკამენტების წარმატებები, რაც სინამდვილეში ჩვენი ფიზიოლოგიის ნაწილია. ტკივილის გაქრობა შეიძლება ცუდიც იყოს, იმ პერიოდში როდესაც პაციენტი თავს კარგად გრძნობს, შეიძლება დაავადება მალულად ვითარდებოდეს. მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინის მიხედვით კვლევის შედეგებმა უნდა დაადასტუროს, რომ კონკრეტული სამკურნალო საშუალება ნამდვილად ფლობს კურნების თვითმყოფად უნარს და მისი ეფექტიანობა ჩვენი მოლოდინით არ არის განპირობებული.
გასათვალისწინებელია, რომ ხშირად გვხვდება პრეპარატები, რომლებსაც ეწოდებათ ჰომეოპათიური, მაგრამ რეალურად არ არიან, მწარმოებლები პრეპარატებს ჰომეოპათიურს წამლების რეგისტრაციის გამარტივებული ფორმის გამო უწოდებენ. ასეთი პრეპარატები და მათი ეფექტურობა განხილულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად.
ჰომეოპათიის პრინციპები და მისი შესაძლო მოქმედების მექანიზმების თეორიული ახსნა, ეწინააღმდეგება ყველა საყოველთაოდ ცნობილ ქიმიურ, ფიზიკურ და ბიოლოგიურ კანონებს, ხოლო სარწმუნო მტკიცებულებები მისი ეეფექტურობის შესახებ არ არსებობს.

დიაგნოტიკისა და მკურნალობის ჰომეპათიური მეთოდები უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც ცრუმეცნიერება/ფსევდომეცნიერება.


ჰომეოპათია, როგორც ალტერნატიული მედიცინის ერთ –ერთი სახე უკვე 200 წელია არსებობს. ამ ხნის მანძილზე არაერთი მცდელობა იყო ჰომეოპათიის სამეცნიერო წრეებში/ ბაზებში შეყვანისა, საბოლოო ჯამში ყველა მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა:


1) მრავალრიცხოვანმა კლინიკურმა კვლევებმა, ჩატარებულმა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს, ვერ შეძლო ექსპერიმენტალურად დაემტკიცებინა/ეჩვენებინა ჰომეოპათიური საშუალებებისა და მკურნალობის მეთოდების ეფექტურობა.
2) შემოთავაზებული მრავალრიცხოვანი თეორიული ახსნები ჰომეოპათიის მოქმედების შესაძლო მექანიზმების შესახებ ეწინააღმდეგებიან დამკვიდრებულ სამეცნიერო წარმოდგენებს მატერიის სტრუქტურის, ცოცხალი ორგანიზმების აგებულების და სამკურნალო საშუალებების ფუნქციონირებების შესახებ.
3) აპრიორად პოსტულირებული „ჰომეოპათიის პრინციპები“ თავისი ბუნებით წარმოადგენენ დოგმატურ მტკიცებულებებს, რომელიც ვერ გაცდა ფიზიოლოგიისა და მედიცინის პროტომეცნიერულ (წინარე მეცნიერულ) ეტაპს.


ჰომეოპათია არ არის უვნებელი: ავადმყოფები ხარჯავენ თავიანთ ქონებას არაეფექტურ პრეპარატებში და უარს ამბობენ/გვერდს უვლიან იმ სამკურნალო საშუალებებს რომელთა ეფექტურობაც დამტკიცებულია, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ, მათ შორის პაციენტის სიკვდილამდეც.



დღესდღეობით სამეცნიერო საზოგადოებაში ჰომეოპათია მიჩნეულია, როგორც ცრუმეცნიერება.


ნებისმიერმა ექიმმა უნდა მოახდინოს პაციენტის ინფორმირება ჰომეოპათიის არაეფექტურობის შესახებ, თავი აარიდოს ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რომლებიც ახდენენ ჰომეოპათიის პროპაგანდირებას და „წამლების “გავრცელებას, უარი თქვას ჰომეოპათიური პრეპარატების პლაცებო ეფექტის მიღწევის მიზნით დანიშვნის მავნე და არაეთიკური პრაქტიკისაგან.
რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ თავი შეიკავონ შეკვეთილი სტატიების წერისაგან ჰომეოპათიის შესახებ. ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ისევე როგორც რუსულში, ძალიან მცირეა ნორმალური ინფორმაცია/სტატია, რომელიც შეკვეთილი არ არის, ის მხოლოდ რამოდენიმე არაპოპულარულ ბლოგსა და ფორუმზე გვხვდება.

ხშირად გვესმის ფრაზა მე, ჩემს ნათესავს, ჩემს ნაცნობს ჰომეოპათია დაეხმარა/განკურნა – ბევრი დაავადება დროთა განმავლობაში თავისით ინკურნება, მკურნალობის გარეშე. ზოგიერთი დაავადების დროს შეგრძნებები სხვადასხვაგვარია, პაციენტი პერიოდულად კარგად გრძნობს თავს, პერიოდულად ცუდად. როგორც წესი პაციენტი დახმარებისათვის დაავადების გამწვავების პერიოდში მიმართავს, რასაც არცთუ იშვიათად მოსდევს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის პერიოდი. ეს პროცესები ადვილად შესაძლებელია დაკავშირებულ იქნას რომელიმე მკურნალობის მეთოდის ან პრეპარატის ეფექტთან, სპონტანური რემისიები რთულად განსაკურნებელ დაავადებების დროსაც შესაძლოა დადგეს (ონკოლოგიური დაავადებები, ნევროლოგიური (გაფანტული სკლეროზი). ხშირია შემთხვევა როდესაც „ონკოლოგიური დაავადებებისაგან განკურნება“ შეცდომით დასმული დიაგნოზითაა განპირობებული. თუ პაციენტი წამლის მიღებამდე თავს ცუდად გრძნობდა, ვიდრე მიღების შემდეგ, თვლის, რომ წამლის მიღებასა და თვითშეგრძნების გაუმჯობესებას შორის არსებობს მიზეზ–შედეგობრივი კავშირი, ამ და მსგავსი მიზეზების გამო პაციენტები ფიქრობენ, რომ მათ დაეხმარა ექსტრასენსი, სახალხო მკურნალი, მაგიური რიტუალები ან დამუხტული წყალი.
ჰომეოპათია უვნებელია, რადგან წყლით მკურნალობს – მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ჯანმრთელია, თუ დაავადებულ პაციენტთან გვაქვს საქმე, მხოლოდ ჰომეოპათიური „მკურნალობა „ ხშირად ფატალურად სრულდება, არ იღებს რა ადეკვატურ მკურნალობას ჰომეოპათიისადმი რწმენის გამო.


ის რომ ჰომეოპათიური პრეპარატების წარმოება, შენახვა, შემადგენლობისა და თვისებების სტაბილურობა, უსაფრთხოება ისე მკაცრად არ კონტროლდება, როგორც სამკურნალო პრეპარატები, კიდევ ერთი პოტენციური საფრთხეა ჰომეოპათიისაგან.

1
302
7-ს მოსწონს
ავტორი:დავით ბარაბაძე
დავით ბარაბაძე
302
  
2017, 27 სექტემბერი, 11:15
სასოწარკვეთილი ადამიანი ყველაფერს ებღაუჭება და ,,ურემი რომ გადაბრუნდება,, მხოლოდ მაშინ იწყებს სინანულს(
0 1 1