x
მეტი
  • 20.11.2017
  • სტატია:71105
  • ვიდეო:324167
  • სურათი:426160
იმერელი ბაბუა - სახალისო ამბავი

ეს მოთხრობა თხუთმეტიოდე წლის წინაა დაწერილი, მაშინ ბაბუა ცოცხალი იყო და თითქმის ყველა ეს რეპლიკა, საკუთარი ყურით მაქვს გაგონილი მისგან. უბრალოდ შევკრიბე და ამბად გავაერთიანე...

ახლა კი ყველა იმერელს ვუძღვნი...

image



ბაბუა


პარასკევი ბაბუას სოფელში ბაზრობის დღეა. უამრავი ხალხი იყრის თავს. ბაზრიდან დატვირთული წამოსვლა პრესტიჟისა და ოჯახის სიძლიერის ნიშანია. ამაზე უკეთეს შეხვედრის ადგილს ვერც ინატრებს კაცი. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ბაზარში წყდება: ბაზარში ირკვევა ჭორ-მართალი, ბაზარში იგებენ ახალ ამბებს, ბაზარში აწყობენ გეგმებს, ბაზარში იძენენ ახალ ნაცნობებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, საქორწილო გარიგებებიც ბაზარში წყდება. მოკლედ, ბაზარს სოფლის ცხოვრებაში დიდი და მრავალმხრივი როლი აკისრია...


ბაბუა პარასკევობით ყოველთვის მიდის ბაზარში. გადახედავს, ნაცნობებს გაესაუბრება. მერე რა მოხდა თუ ფული არ გაქვს და ვერაფერს იყიდი, მთავარია, ენა გიჭრიდეს და ლაპარაკის იმერული ლაზათი გქონდეს.

- რავა ყიდი მაგ მამალს, რავა? - შევაჭრება ბაზარში აუცილებელი პირობაა. ვინც არ შეევაჭრება, იმას გამყიდველიც ეჭვის თვალით უყურებს. შევაჭრებაში ბაბუას კაცი ვერ შეედრება.

- თხუთმეტი რა ამბავია, შე ქალო, ინდოური ხო არ გიჭირავს, დოუკელი პატარა.

- არ შემიძლია, ბატონო, ჩემი გაზრდილი მამალია, შეხედე რამხელაა, რა მოვლილია.

- შენი გაზრდილი თვარა თეთროულს ურეცხავდი ახლა მაგას, დოუკელი პატარა და წევიყვან, საჯიშედ მინდა, დასაკლავად კი არა.

- თოთხმეტში გაგატან, მეტი არ იქნება, ბატონო.

- ათში მომეცი და მიმყავს ახლავე, ა.

- არა ბატონო, რავა გეკადრება, ათი ჩემდათავად მაქ მიცემული.

- რაიო? აპა ჩემი გაზრდილიაო? ვის ატყუებ შენ! შენხელა ოთხი შვილი გავზარდე მე, შე მამაძაღლო! - სინამდვილეში ბაბუას ერთი ვაჟი ჰყავს, მაგრამ იმერელი რისი იმერელია ცოტა თუ არ გაწელა და არ შეალამაზა.


ბაბუამ, რა თქმა უნდა, არ იყიდა მატყუარა გამყიდველისგან მამალი და ახლა სხვასთან გადაინაცვლა სავაჭროდ.

- რავა გალოულა შენი მამალი, ბოშო, საჭმელს არ აჭმევდი საწყალს?

- ესაა ბიძია გალოული? შენ ახლა ყიდვა თუ არ გინდა ქე თქვი, თვარა ამაზე გალოულიაო ამის თქმა ცოდვაა ნამდვილად.

- რავა ყიდი მერე ემაგ გალოულ მამალს?

- თექვსმეტი, ბიძია.

- რა იყო, შე ქალო, გოჭი იყიდა ეგერ კაცმა თექვსმეტად.

- გოჭს ვინ მოგცემს ბატონო, თექვსმეტად?!

- იყიდა-მეთქი რო გეუბნები, ნუ მიბრუნებ ენას, შენხელა მე შვილიშვილები მყავს, აპა! მომეცი ახლა ათად და წევიყვან ახლავე.

- ათად რავა მოგცემ, ბატონო, რავა მეუბნები ახლა მაგას.

- ათად შენ თვითონ გაქ ნაყიდი, ხო?

- არა ბატონო, ჩემი მამალია, ჩემი ეზოსი.

- ყივილი თუ იცის, ყივილი კაი?

- ე მაგის ყივილისთვის მენანება, ბატონო ათად მოცემა, მთელი მეზობლობა ამის ყივილზე იღვიძებს დილოობით.

- ტენორი უნდა ქონდეს, ტენორი კაი, მელოდიურად უნდა მღეროდეს, ჩახრინწული ხმა კი არ უნდა ქონდეს.

- ტენორი აქვს ბატონო, აქვს.

- ბანიც ხო არა აქვს, გოგო, შემთხვევით, ა?

- მაგიც ქე აქვს ბატონო, ყველაფერი აქვს.

- ტენორი და ბანი ერთად რავა ექნება, გოგო, მატყუებ ახლა რაცხას, - ძველი მუსიკოსი იყო ბაბუა.

- დააყივლე ერთი, დააყივლე, გევიგო ხმა.

- ახლა რაფრა დავაყივლო, ბიძია, დასაქოქი კი არაა, დილოობით ყივა ხოლმე მარტო.

- მომეცი ახლა ათად და მიმყავს. მეტს მაინც არ მოგცემს არავინ, დამიჯერე რო გეუბნები.

- თორმეტში წეიყვანე, ბატონო.

- აჰ, არ გამოდის შენთან ლაპარაკი, წევედი, სხვასთან ვიყიდი.

- მეიცა ბიძია, მეიცა, წეიყვანე აბა ათში, ჰა, გაძლევ.

- მაძლევ ათში?

- გაძლევ, გაძლევ, ჯანდაბას ჩემი თავი.

- კაია, მარა ყივილი არ შემიმოწმებია. ვერ წევიყვან მასე, არ გამოვა...


ბაზრიდან მომავალ ბაბუას დიდი ნაჭრის ჩანთა უჭირავს და ამაყად თავაწეული მოაბიჯებს.

- რა ქენი კაცო, იყიდე შენი მოსაწონი მამალი? - ეკითხება გზაზე შემხვედრი ნაცნობი.

- ვიყიდე, ბეჟანა, აპა რავა, იმნაირი მამალია, მერე იმნაირი ლამაზი, აპა!

- რაცხა პატარა კი ჩანს მაგ სუმკაში.

- პატარაა კაცო ჯერ, დასაკლავად კი არ მინდა, უნდა გოუშვა, გავზარდო, აპა, უნდა შეიჩვიო, თვარა ხანდახან დაკორტნა იცის ხოლმე.

- შეიჩვიო რა, ლეკვი ხო არაა, შე კაცო, მამალია.

- მერე მამალსაც ქე უნდა შეჩოვა, რავა. ჩემი გაზრდილი რო იქნება უფრო კაი არაა?! თან ყივილი იცის თურმე იმნაირი, საათს მომართავს კაცი.

- რავა იყიდე ის მითხარი ახლა.

- ოცი მივეცი.

- ეუჰ, რა ამბავია, კაცო, ძაან ძვირი მოგსვლია რაცხა.

- ამნაირი მამლისთვის ოცი არაფერია, ოქროსავითაა, ოქროსავით.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოს. წევედი ახლა მეც, ინდოური უნდა ავარჩიო ერთი კაი, სტუმრები მომდის სამშაბათს.


ეზოში ჩანთით შესულ ბაბუას ცოტა არ იყოს ეჭვის თვალით გახედავს ცოცხით ხელში მდგარი ცოლი.

- რა მეიტანე, კაცო, ფული არ გქონდა და გაჩუქა ვინმემ რამე თუ?

- კაი ქალო ახლა, ნუ დეიწყებ შენებურს! რაცხაა ჩემი სამყოფი ქე მქონდა, რაცხა მინდოდა ის ქე ვიყიდე, აპა, ძლივს ავარჩიე, შემევიარე მთელი ბაზარი და ამისთანა ერთს ქონდა მარტო. ა, ჩეიხედე, რა არჩეულია.


ბებიამ ჩანთა გაშალა და გაკვირვებულმა ჩაიხედა. იქიდან მართლა ლამაზად იყურებოდნენ ნარჩევ-ნარჩევი, წითელ-წითელი, მრგვალ-მრგვალი, ოქროსავით... ბოლოკები.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ: რატომ? წაიკითხეთ და მიხვდებით!

image


2. განცხადება პაემნის რუბრიკაში

image


3. როგორ დაწერდნენ ცნობილი მწერლები "წითელქუდას" - იდეა, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა! შეუერთდით თქვენც!

image


4. აი, როგორი იქნებოდა გამოცდებს ცნობილი მწერლები რომ იბარებდნენ...

image


5. რატომ დაერქვა აგენტ 007-ს ჯეიმს ბონდი - ეს ბევრმა არ იცის!

image


6. ცნობილ ფილმებში არსებული ფარული მინიშნებები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევდით

image


7. რა არის მარხვა? - ნაწყვეტი ნობელიანტი მწერლის, ლე კლეზიოს მოთხრობიდან

image

0
240
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0