x
9/11 თექვსმეტი წლის შემდეგ. ფაქტები

image

2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.


2753 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641
ტერაქტის დროს დაღუპული 2753 ადამიანიდან 16 წლის შემდეგ იდენტიფიცირებულიამხოლოდ 1641, აქედან 77% იყო კაცი, 23% - ქალი. დაღუპულების საშუალო ასაკი 38, 5 წელია. ტერაქტის დროს დაიღუპა 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვი და 80 წელზე მეტის - სამი პენსიონერი. 11 სექტემბრის ყველაზე პატარა მსხვერპლი 2 წლის კრისტინ ჰენსონია, რომელიც მშობლებთან ერთად დისნეილენდში მიფრინავდა. 2001 წლის 11 სექტემბერს 3 051-მა ამერიკელმა ბავშვმა დაკარგა მშობლებიდან ერთი ან ორივე.
ტერაქტს ემსხვერპლა 87 სახელმწიფოს მოქალაქე. მათგან ყველაზე ბევრი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე (67 ადამიანი) აღმოჩნდა. ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 20 ადამიანი ამოიყვანეს.
ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტმა დაკარგა 343 თანამშრომელი; ქალაქის პოლიციამ - 122 ადამიანი: 23 ოფიცერი უშუალოდ თავდასხმის დროს დაიღუპა, კიდევ 99 - მიღებული ტრავმებისგან.
სამძებრო სამაშველო სამუშაოებში 300-მდე მაშველი ძაღლი მონაწილეობდა. მათგან ბოლო, ოქროსფერი რეტრივერი ბრეტანი 2016 წლის ივნისში მოკვდა. ის სპეციალური პატივით, სალუტით და აშშ-ის დროშაში გახვეული დაკრძალეს.


ნანგრევების გატანას 261 დღე, ხანძრის კერების ჩაქრობას - 99 დღე დასჭირდა
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენების ნგრევას 2, 2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა.

“ტყუპებთან” ერთად დაინგრა 47-სართულიანი შენობა (Building 7), რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნაწილი იყო. მას, რატომღაც, იშვიათად ახსენებენ.

ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ნაგვის გატანა 261 დღეს გაგრძელდა. ნანგრევების ტერიტორიაზე ხანძრის კერების ჩაქრობას 99 დღე დასჭირდა.

სანაგვეზე გატანილი ლითონის კონსტრუქციები, საბოლოო ჯამში, ჩინეთში და ინდოეთში გაიყიდა. ჩინურმა ფირმა Baosteel-მა 50 ათასი ტონა ლითონი იყიდა (ერთი ტონა - 120 დოლარად).

დღეს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილზე 09/11 ტერაქტში დაღუპულთა მემორიალი და მუზეუმია.


33 ათას ნიუიორკელს სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს
2001 წლის 11 სექტემბერის შემდეგ, ნიუ-იორკის 33 ათას მცხოვრებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც, ჩვეულებრივ “ცხელ წერტილში” მოხვედრილ ადამიანებს ემართებათ.

კიდევ ერთი სტატისტიკის მიხედვით, 11 სექტემბრის ტერაქტის პირველი კვირაში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით მანჰეტენზე ალკოჰოლის მოხმარება 25%-ით გაიზარდა; ასევე გაიზარდა თამბაქოს მოხმარება 10%-ით, მარიხუანის - 3.2%-ით, ეკლესიებში სიარულის მსურველთა რაოდენობა კი 20%-ით.


ხელისუფლებამ კომპენსაციის სახით 7 მილიარდი დოლარი გადაიხადა
აშშ-ის ხელისუფლებამ 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახების 97%-ს დახმარების სახით 7 მილიარდი დოლარი გადაუხადა.


იღბლიანები და უიღბლოები
- 2001 წლის 11 სექტემბერს "ტყუპებში" უნდა გამართულიყო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის მმართველი რგოლის თათბირი. მაგრამ შეკრება, ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთ-ერთი მონაწილის ავადმყოფობის გამო გადაიდო.

- მას შემდეგ, რაც პირველი თვითმფრინავი ჩრდილოეთის ცათამბჯენს დაეჯახა, სამხრეთის ცათამბჯენში ადამიანები შენობის დატოვებას შეეცადნენ, მაგრამ მათ ადგილებზე დარჩენა ურჩიეს. ისინი, რომლებმაც რჩევას არ დაუჯერეს და გასასვლელისკენ გაემართნენ, დაცვის თანამშრომლებმა მაინც უკან გააბრუნეს. მათგან დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა.

- ოფიცერი ჯონ პერი თავის განყოფილებაში პოლიციიდან წასვლის შესახებ განცხადებას წერდა, როდესაც თავდასხმის თაობაზე გაიგო და "ტყუპებისკენ" დაშავებულთა დასახმარებლად გაემართა. ის ადგილზე იყო, როდესაც ერთ-ერთი ცათამბჯენი ჩამოინგრა, ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. ჯონ პერი ერთადერთი დაღუპული ოფიცერია, რომელიც იმ დღეს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

- ტერაქტს საინვესტიციო ბანკის Cantor Fitzgerald Settles-ის თანამშრომელთა 75% ემსხვერპლა. კომპანიას ოფისი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში ჰქონდა. ბანკმა "ამერიკის ავიახაზებს" სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მან თავის ავიალაინერებში ტერორისტების მოხვედრა დაუშვა. სასამართლომ ბანკის სასარგებლოდ ავიაკომპანიას 135 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

- 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მოქმედი მუსლიმთა გაერთიანების (The Ahmadiyya Muslim Community) წევრებმა ტერაქტის შედეგად დაშავებულებისთვის 5285 ლიტრი სისხლი გაიღეს, რამაც 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

- ვიკიპედიაში საკუთარი გვერდი აქვთ სალთის და როზელის - ლაბრადორის ჯიშის ძაღლებს, რომლებმაც უსინათლო პატრონი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 78-ე სართულიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და მეგობართან სახლში მიიყვანეს.

0
64
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0