x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ქალაქი თუ სოფელი ? საცხოვრებლის გავლენა ადამიანზე (მიგელ დე უნამუნოს მიხედვით)
image

არასოდეს შევუწუხებივარ კლაუსტროფობიას, არც გაქცევის სურვილი მქონია (თუ არ ჩავთლით იმას, რომ ჩემი ფიზიკური და მეტაფიზიკური მდებარეობა თითქმის არასოდეს ემთხვევა ერთმანეთს). ერთხელ ქართულ ფილმს შევავლე თვალი, რომელშიც საქართველო წარმოჩენილი იყო უსახურ სამეზობლოდ, ყველა თავისი პრობლემებით რომ იტანჯება, ბატონობს ხმაური და მეცნიერ კაცს საქართველოს ისტორიაზე ნაშრომი ვერა და ვერ დაუსრულებია (ამ ფილმის სახელის გახსენებაზე ბევრი ვიწვალე, მაგრამ უშედეგოდ). არასოდეს მეგონა ამ ფილმის რიტორიკას ოდესმე ოდნავ მაინც თუ გავიზიარებდი, მაგრამ ერთხელაც ლექციის დროს უნივერსიტეტის მახლობლად მიმავალი ავტობუსისა და ზედ გადმომდგარი მხიარული ადამიანების ხმაურმა დამაფიქრა (ისე არ ვიცი რა ზმნით შეიძლება აღინიშნოს ქალაქის შუაგულში მიმავალი მომღერლებითა და მოცეკავეებით დატვირთული ავტობუსი, რომელიც რაღაც სატელევიზიო გადაცემას უწევს რეკლამას). ამ და სხვა შემთხვევებმა სერიოზულად დამაფიქრა იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს გარემო ადამიანზე ზოგადად, ანდა არის თუ არა აღნიშნული მიმართება მნიშნველოვანი...


მოცემულობა ასეთია - ერთ მხარესაა ადამიანი, ხოლო მეორე მხარეს მისი და სხვა ადამიანების ხელით შექმნილი საცხოვრებელი გარემო. ერთიც და მეორეც იზრდება და ვითარდება (ჩერჩილის თქმით: „ჯერ თავად ვაყალიბებთ ჩვენს შენობებს, ხოლო შემდეგ ისინი გვაყალიბებენ ჩვენ“). სოციოლოგიაში, ანთროპოლოგიასა და სხვა საზოგადოებათმცოდნეობით მეცნიერებებში უამრავ ნაშრომსა და თეორიას შეხვდებით ადამიანისა და მისი გარემომცველი სამყაროს ურთიერთკავშირის გასაანალიზებლად (თუნდაც იტალიელი სოციოლოგის გილერმო ფერეროს ესეს), მიუხედავად ამისა ამ სტატიაში გადავწყვიტე, რომ მხოლოდ საკუთარ შთაგონებაზე დაყრდნობით მეხელმძღვანელა. ამის შემდეგ მოულოდნელად გამახსენდა, რომ დაახლოებით საუკუნის წინ ცხოვრობდა ერთი ესპანელი, რომელიც წერდა მხოლოდ შთაგონებით, თუმცაღა მეცნიერული სიზუსტითა და სიღრმით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მისი ესეების კრებულში წავაწყდი სათაურს „დიდი და პატარა ქალაქები“. ვფიქრობ, რომ მიგელ დე უნამუნოს იდეების მოხმობით უფრო საინტერესო რამეს ვიტყვი, ვიდრე იმას, რომ ხმაური ცუდია ჩვენი ფსიქიკისთვის, სატრანსპორტო გამონაბოლქვი კი - ფილტვებისთვის.



უნამუნო გვთავაზობს მთავარი პერსონაჟის ფრაზას ინგლისელი მწერლის ჯორჯ მერედიტის რომანიდან „ეგოისტი“. აქ ქალაქი მოისხენიება, „as burial-place of the individual man“. ისეთი დიდი ქალაქი, როგორიც ლონდონია, ერთგვარად ათანაბრებს ადამიანებს - დაბალს აამაღლებს და მაღალს დაამცრობს. მერედა რა არის ამაში ცუდი? უფრო სიღრმისეულად შევხედოთ საკითხს - ადამიანების გათანაბრება შეიძლება კლასობრივად (საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი სულისკვეთება), კლასობრივად და შესაბამისად ეკონომიკურად (მარქსიზმ-ლენინიზმი), ძირითადი უფლებების ქონით (კლასიკური ლიბერალიზმი), კულტურული თვალსაზრისით (რელატივიზმი) და ა.შ. ჩვენს მსჯელობაში ადამიანების გათანაბრების საზომად გამოდგება საყოველთაო წვდომა ნებისმიერი სახის რესურსზე (რომელთა გამოყენებაც, ძველად მხოლოდ არისტოკრატიას ხელეწიფებოდა), სხვა სიტყვებით - ყველასათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნა. უშლის თუ არა ეს ხელს ინდივიდუალიზმს?


image

თავად უნამუნოს დემოკრატიზაციის ნებისმიერი ფორმისადმი გაუცნობიერებელი შიში ჰქონდა. დიდ ქალაქებში კულტურა გაცილებით ფართო საზოგადოებას მოიცავს, მაგრამ ერთგვარად გაუბრალოებულია. მისივე აზრით, საზოგადოებაში მოქმედი „ჯოგური ინსტიქტი“ აიძულებს ხალხს თეატრში წასვლას, სახლში ჯდომისა და წიგნის კითხვის ნაცვლად. უნამუნოს ვეტყოდი, რომ ჩვენს დროში თეატრმა ადგილი სატელევიზიო შოუებსა და საზოგადოებისთვის თავშესაქცევ სხვა სანახაობებს დაუთმო. რაც შეეხება ინდივიდუალიზმს - შეუძლებელია ამ საყოველთაო ალიაქოთის შემყურემ რაიმე სახით თვითგამოხატვა ისურვო (თუ, რა თქმა უნდა, სხვებზე ხმამაღლა ყვირილი არ გსურს), ანდა საკუთარ განსაკუთრებულობაში არ შეიტანო ეჭვი, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ გარკვეული სივრცეების გამოთავისუფლება სულაც არ ნიშნავს მათ სწრაფ ათვისებას. კინოთეატრსა და ბიბლიოთეკაში შესვლა ყველას შეუძლია, თუმცა ამ უკანასკნელში ხალხის რაოდენობა ვერანაირმა გადატრიალებებმა და იდეოლოგიების ცვლილებამ ვერ გაზარდა.


ერთი სიტყვით, მოულოდნელად დაწყებული ბრძოლა კერძო სივრცის დაკავებისთვის ასე თუ ისე ინდივიდუალიზმის გამარჯვებით სრულდება. როცა ადგილს გააჩნია კონკრეტული დანიშნულება, ის, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხოლოდ განსაზღვრული ნაწილის მიიზიდავს, მაგრამ მდგომარეობა გაცილებით რთულადაა, როცა საქმე საჯარო სივრცეებს ეხება.


ურბანისტების მიერ თანამედროვე ქალაქებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას ხშირად მოიხსენიება „ველური კაპიტალიზმით“, „ქონების პრივატიზაციითა“ და სახელმწიფოს მხრიდან საჯარო სივრცეების მოწყობაში უხეში და გაუაზრებელი ჩაურევლობით გამოწვეული პრობლემები. ყოველივე ამას თან ერთვის ქვეყნებში მიმდინარე შიდა მიგრაციული პროცესები, რაზეც უნამუნოს თანამედროვე და თანამოაზრე ესპანელი ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა ი გასეტიც წერდა „მასების ამბოხის“ შესავალში. იმ ადგილების ხალხით ავსებაში, რომლებიც ადრე ცარიელი იყო, ესპანელი ფილოსოფოსი ეპოქალური ცვლილებების გარეგან, ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებას ხედავდა. როგორც ჩანს, ეს თემა საქართველოს გარდა სხვაგანაც ყოფილა აქტუალური.


image
ხალხით გადაჭედილი ქალაქის უმთავრეს პრობლემად უნამუნოსთვის მაინც ქუჩები რჩება. ქუჩები, რომლებზედაც გაივლი და ვერ იოცნებებ. ესპანელი მწერალი ამის ფონზე ტრანსპორტის ხმაურს არარად მიიჩნევდა. მისთვის მთავარი მაინც ეს საყოველთაო რია-რია იყო, რომელშიც წარმოსახვის არ მქონე ადამიანები დაუფიქრებლად ეშვებოდნენ, მაგრამ კაცს, რომელსაც ღრმა შინაგანი სამყარო გააჩნია და ფრთხილობს, რომ არ წაერთვას ის, მაშინათვე გაუჩნდება ერთფეროვან მოცემულობასთან შერევის პანიკური შიში. მადრიდულ კლუბებში გამეფებული ქედმაღლობის ატმოსფერო უნამუნოს აცდუნებდა და დროს აკარგვინებდა. მაღალი წრის საზოგადოებრივი ყრილობები კი სწორედ ინდივიდუალიზმის გაქრობის თვალსაჩინო მაგალითია - ერთნაირი მანერები, ქცევის კოდი და მაქსიმალური ცდა იმისა, რომ სხვის თვალში რაიმეთი გამორჩეულ პიროვნებად არ გამოჩნდეთ. პარალელების გავლება ეპოქალურ და ეთნიკურ თავისებურებებთან, თქვენთვის მომინდვია.



რადგან წარმოსახვაზე შევჩერდით ჩემს მცირე დაკვირვებასაც გაგიზიარებთ - იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებსაც შემიძლია ღრმად მოაზროვნე და კარგი წარმოსახვის უნარის მქონე ვუწოდო, იდეალურ საცხოვრებლად გაშლილ ჰორიზონტებს, ზოგჯერ უდაბნოებსაც კი მიიჩნევს. მათ წარმოსახვას ესაჭიროება ისეთი სივრცეების თვალიერება, რომლებზეც სხვა ადამიანებს ჯერ არაფერი შუქმნიათ. თან რამდენი ჰოლივუდური ფილმი მახსენდება პატარა დასახლებებაში ცხოვრების წესის დადებით მხარეებს რომ ასახავს.


image

ახლა კი პატარა ქალაქსაც გადავხედოთ (მეტი სიზუსტისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უნამუნო პატარა ქალაქში დაბასა და სოფელსაც გულისხმობს). ეს ადგილი ტერიტორიულთან ერთად სოციალური თვალსაზრისითაც შეზღუდულია, მაგრამ „მე მიყვარს პროვინციული ცხოვრება; მისი მოჩვენებითი სიმშვიდისა და სიმყუდროვის მიღმა ხშირად ტრაგედია რომ იმალება“ - აღნიშნავს უნამუნო. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საკუთარი თავის შესაცნობად მუდმივად მარტო ყოფნა სულაც არ არის გამოსავალი. უკვე ვნახეთ, რომ აჩქარებული ქალაქური ცხოვრების რიტმში საკუთარ თავზე დაკვირვებისა და თვითრეფლექსიის საშუალება არ გვაქვს, შეგვიძლია თუ არა ეს სოფელზეც ვთქვათ? სოფელი ხშირად ხმაურიან გარე სამყაროსგან გამოყოფილ ადგილად გვევლინება, რომელში მცხოვრებლებსაც განსაკუთრებული, ინდივიდუალური ხასიათი აქვთ შენარჩუნებული. ერთ-ერთი გამონათქვამის მიხედვით - „კულტურა იბადება სოფელში, გადადის ქალაქში და შემდეგ ისევ სოფელს უბრუნდება“. უნამუნო უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ არ ახსენდება არც ერთი გენიალური ფრანგი, ვისი მშობლებიც პარიზელები იყვნენ. ძნელია ამ შეხედულებას კრიტიკის გარეშე აუარო გვერდი, მაგრამ ამ შემთხვევაში მსჯელობის სადავეები რომ არ გაგვექცეს, ვთქვათ - მაინც, რა ხდის სოფელს ამ მხრივ განსაკუთრებულს?


თავად უნამუნო ამის მიზეზად სწორედ ჩაკეტილ სოციუმს ასახელებდა, რომლის წევრებს შორისაც განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს და, რაც მთავარია, გეძლევა საშუალება ეკამათო მოყვასს, თამამად გამოთქვა შენი აზრი და კრიტიკაც მიიღო. ნოდარ დუმბაძის რამდენ მოთხრობაში ჩანს უშუალო, ხან თითქოსდა გადამეტებული, მაგრამ ძირითადად გულწრფელი და სიყვარულით განმსჭვალული დიალოგები, რომელთა წაკითხვის შემდეგაც ძალაუნებურად გიჩნდება მოწიწება ყოველივე ნამდვილისა და შეულამაზებლის მიმართ.


სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ადამიანი საკუთარი თავის შეცნობას დედამიწის უმცირეს ნაწილში მუდმივად ცხოვრებით ვერ მოახერხებს. რადგან ამ სტატიაში არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ ანალიზს გთავაზობთ, ისევ ლიტერატურული პარალელებით შემოვიფარგლები. რატომ მიდის „სამოსელ პირველში“ დომენიკო „ლამაზ ქალაქის“ მოსანახულებლად? - იმავე მიზეზით, რის გამოც ჯოვანი პირელმა გააშვებინა ჯოვანინო მასტრო ჯეროლამოსა და დედილო ჯუზეპინას „ათასჩირაღდნებიან ქალაქში“ - ეს გახლავთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ჰორიზონტებს მიღმა გახედვა, ბოროტისა და კეთილის გარჩევის სწავლა, ერთი სიტყვით - მოგზაურობა ცხოვრების გემოს გასაგებად. წამქეზებელიც სხვადასხვაა - იდუმალი ლტოლვილი და რწყილი პუჩეროზა, წაქეზების მიზეზი კი ერთი - აღმოუჩენელ ფაქტებზე ფიქრის დაწყება.


image

ორივე ნაწარმოები მთავარი პერსონაჟის შინ დაბრუნებით სრულდება, მაგრამ მათ სამომავლო საქმიანობაზე მწერლები არაფერს ამბობენ. ეს, ალბათ, არცაა საჭირო - მცირე სოციუმის ჩაკეტილი სივრცე გაიხსნა და ახალი ენერგიით შეივსო, თანაც ადამიანებს ყოველთვის გვსურდა შეგვეგრძნო, თუ როგორ მოძრაობს სამყარო...


image


ერთი სიტყვით, ქალაქი ერთი დიდი გალიაა, რომლის გისოსების შექმნაში თავადაც მიგვიძღვის წვლილი. ამ სივრცეში ამაყ ადამიანს თვითკმაყოფილ, თავდაჯერებულ რეგვენად გადაქცევა ემუქრება. სოფლიდან ქალაქში ჩასული ადამიანი კი იტანჯება, რადგან იქაური კლიშეებისა და ქცევის კოდექსებიც შესახებ წარმოდგენა არ აქვს (დაახლოებით ისევე, როგორც პეტრე მოთხრობიდან „სარჩობელაზედ“). სხვა მხრივ კი უნამუნო დარწმუნებულია, რომ რომეო და ჯულიეტას ტრაგედია მილიონიან ქალაქში ვერ დატრიალდებოდა - აქ ხომ სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირებებს კულისებში პირზე კოცნით აგვარებენ.



უნამუნოს მთელი მსჯელობა მიმართულია ერთი მიზნისკენ - მივაღწიოთ პიროვნების მაქსიმალურ განვითარებას უცხო გარემოს მინიმალური მოცულობის პირობებში. მას, ვისაც საკუთარი პროფესია საზოგადოებრივი შიშის მოშორებისა და თავისუფლებისაკენ უბიძგებს (მაგალითად მწერლებს, მხატვრებს...) უნამუნოს აზრით, სოფელი ყველანაირ პირობას უქმნის, ხოლო მათ, ვისაც საკუთარი ინდივიდუალობა ვერ უგრძნია და ურთიერთობის გულისთვის კიდეც გასწირავს მას, შეუძლია ჩაყვინთოს დიდი ქალაქის ნირვანაში. ხალხის მორევში ჩათრევა შეიძლება სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, თუმცა მეორე ნაპირზე გასვლაც აუცილებელია. ხომ გაგიგონიათ როგორ ამბობენ ესა და ეს კაცი დიდმა ქალაქმა ჩაყლაპაო. ქალაქმა, რომლის წინაშეც ცალკეული ადამიანების ნებისყოფა არაფერს წარმოადგენს.



საუბრის დასასრულს, ანუ მაშინ, როცა ავტორს სათქმელის შეჯამება და ხშირად საკუთარი აზრის დაფიქსირებაც უწევს, გადავწყვიტე ჩემი რესპონდენტის პასუხი დამეწერა : „ქალაქში მილეთის ხალხია, გიხარია ნაცნობს თუ დაინახავ ამდენ უცხო ადამიანში... ნაცნობი ადამიანის მტრული მზერა ჯობია, უცხო ადამიანების უგულო გამოხედვას“.


მარკუს ავრელიუსი


გაქცევის სურვილი არასოდეს მქონია, მაგრამ ამ საყოველთაო ხმაურითა და ყოველდღიური ფუსფუსით დაღლილ ადამიანს შეუძლებელია სადმე მცირე დასახლებაში ცხოვრება, ან თუნდაც ჰერი დევიდ ტოროს ცხოვრების სტილი არ იზიდავდეს. ამ საჭირო დროს ხელთ ჩამივარდა მეტად საჭირო სიტყვები, რომელთა მოხმობითაც მსურს დავასრულო სტატია: „კაცი განმარტოებას ეძებენ და სოფლის მყუდროებისკენ, ზღვათა ნაპირებისა და მთებისაკენ ეშურებიან. შენც ამას ნატრობ და მიელტვი ყველაზე მეტად. მაგრამ ეს მხოლოდ უმეცრების და უმწეობის ნიშანია, სხვა არაფრის, რადან შენ შეგიძლია ყოველ წამს განმარტოვდე შენსავე თავში. ხოლო ყველაზე მყუდრო და უშფოთველი სადგური, სადაც კაცს შეუძლია განმარტოვდეს სულია მისი“ - მარკუს ავრელიუსი.

0
390
7-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვახტანგაშვილი
გიორგი ვახტანგაშვილი
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0