x
მეტი
  • 18.11.2017
  • სტატია:71058
  • ვიდეო:324114
  • სურათი:426056
წარმოშობა, როგორც კომპრომატი

ჩვენს კულტურაში დამკვიდრებულ უამრავ სტერეოტიპს შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემია წარმოშობისადმი, როგორც კომპრომატისადმი დამოკიდებულება. ე.წ. “კომპრომატირება “ შეიძლება ორი ძირითადი ნიშნით განვასხვავოთ: შიდა და გარეკომპრომატირება


შიდაკომპრომატირებისთვის დამახასიათებელი ტიპური ფრაზებია: “სოფლელი ხიხო“, “სოფლიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ“ და ასე შემდეგ, რაც ემსახურება სოფლის და, ზოგადად, დედაქალაქს მიღმა არსებული ტერიტორიების ჩამორჩენილობის შესახებ მითის განმტკიცებას. ასეთი მიდგომა, თავისთავად ცხადია, ქმნის მეორე მითს დედაქალაქის შესახებ, რაც, თავისთავად ცხადია, პრივილეგირებულობას გულისხმობს. ადამიანები ხშირად ვეღარც კი გრძნობენ და არც ერიდებიან ამ ტერმინის ამგვარად გამოყენებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს საკითხი დისკრიმინაციის ხარისხში არავის აუყვანია და არასდროს დაუყენებია ჩვენი საზოგადოების პრობლემების კლასიფიკაციაში წინა პლანზე, რადგან მუდმივად მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში ჩაძირულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსებისთვის თითქმის არავის არასდროს ეცალა. შესაბამისად, დისკრინებულმა ადამიანებმა იმის ნაცვლად, რომ ამ ტენდენციის და წარმოშობის საფუძველზე ჩაგვრის წინააღმდეგ ებრძოლათ, დაიწყეს “ ელიტურ-პრივილეგირებულ“ კლასებში ასიმილირება და წარმოშობის დამალვა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ კლასში მოსახვედრად აუცილებელი იყო დაბადებით და არა “ნატურალიზაციით“ დედაქალაქელელობა.


ასეთი ტიპის თბილისელები უამრავ თანამედროვე ინტელექტუალ რეგიონელს დღემდე ვერ პატიობენ პატიოსანი შრომით და განათლებით მიღწეულ წარმატებას, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ეს მხოლოდ მათი პრივილეგია. მათგან ხშირად მოისმენთ, რომ, მაგალითად, რიგითი გია თუ მარიამი ხოხბისბოლოიანთა საკუთრება ქალაქში “ცალი კალოშით ჩამოსულა“, რაც მსმენელი საზოგადოების დიდ წყრომას ხშირად არც კი იმსახურებს, თითქოს ყურიც კი შევაჩვიეთ.

image


ჩვენში გავრცელებული დისკრიმინაციის ფორმებს შორის ასევე ხაზგასასმელია სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ წარმოშობაზე რეფერირება. დღესაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილისადმი ბევრი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე მოიხსენიებს მას “სააკიანად“ ან ებრაელად. არა მხოლოდ მოქალაქე, ზოგიერთი მედია საშუალებაც. მაგალითად, გაზეთი “ასავალ-დასავალი“ არც ამ და არც სხვა ფორმების ამსახველი ტერმინების გამოყენებას არ ერიდება. არანაკლებ პოპულარულია “ჭორვილელი, საჩხერელი“ ბიძინა ივანიშვილი.

ოპოზიციური განწყობა სავსებით ნორმალური და ლეგიტიმური მოვლენაა, მაგრამ თუნდაც ოპონენტის, არასასურველი ადამიანების მსგავსი განსაზღვრა, უკვე არანორმალურია.


რაც შეეხება გარეკომპრომატირებას, ეს, ძირითადად, საქართველოში დროებით ან სამუდამოდ მცხოვრები უცხოელების მიმართ ხორციელდება. ჩვენს საზოგადოებაში მაინც და მაინც დიდ უხერხულობას არ ქმნის დამაკნინებელ კონტექსტში ვინმეს უწოდო ზანგი, თურქი, არაბი ან ჩინელი. ჩვენში დიდ აღშფოთებას ღია პროპაგანდაც კი არ იწვევს, რისი უდავო, უპირობო დასტურიცაა ეგრეთ წოდებული “ქართული მარში“.

image


მარში, რომლის მიზეზადაც არალეგალურად მცხოვრები მიგრანტების ქვეყნიდან გაშვების მოთხოვნა დასახელდა, რეალურად იყო ქსენოფობიური და უკიდურესად რასისტული. ლიდერები, რომლებმაც რამდენიმე ასეული მოქალაქე შეკრიბეს, უხვად გამოიყენეს რასისტული ტერმინები და არც ქსენოფობიური მოწოდებების გაჟღერებას არ მორიდებიან.

ასევე აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ისინი ეწეოდნენ და ეწევიან აქტიურ ანტიაფრიკულ, ანტითურქულ და ანტიარაბულ პროპაგანდას. განსაკუთრებით ხშირად ჟღერდა “ უცხოტომელი“ ნებისმიერ ბრუნვაში, კიდევ ერთი გლობალური “კომპრომატი“, რაც, იდეაში, არაქართველს ნიშნავს ანუ უკვე ნაკლია.


კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს ადამიანთა ქორწინების ნიშნით ეტიკეტირებას ეხება, მაგრამ ისევ წარმოშობის ნიშანთან მივყავართ. მაგალითად, ვიცი, რომ კარგად გეცნობათ: თურქის ცოლი, “ზანგის“ ცოლი თუ გნებათ ქმარი.

ეს ისტერიკა, რომელიც კულტურული ჩაკეტილობის პირმშოა და სხვა არაფერი, ზოგჯერ ძალიან შორს მიდის, იქმდე, რომ შერეულ ქორწინებაში მყოფ ადამიანებს პირდაპირ სამშობლოს ღალატში სდებენ ბრალს!


მაგალითი კიდევ ბევრი შეიძლება მოიძებნოს, თუმცა ფაქტი ერთია:წარმოშობის, როგორც კომპრომატის გამოყენება ჩვენს საზოგადოებში მეტისმეტად აქტუალურია და არსებული მოცემულობის გათვალისწინებით ძალიან რთულიც დასაძლევად.

0
38
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0