x
image
George Chubini
უპატრონოდ დანგრეული სასახლე სოფელ ხცისში და მარანი, რომლის გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება

ხაშურის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი წარსულით და მისი კულტურული მემკვიდრეობით, მაგრამ ამ მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა.
ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდით სოფელ ხცისში და ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო ციციშვილების ნასახლარის და ჯერ კიდევ შემორჩენილი მარნის დაფიქსირება. სასახლეს კვლავ შეხვდებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სიაში, მაგრამ იგი მთლიანად დანგრეულია. მარანი, რომლის დათვალიერების იმედიც გვქონდა და რომელიც ისევ შემორჩენილი გვეგულება, ბალახებსა და ეკლიან ბუჩქებშია მოქცეული.
მეორე მიზანი იყო თომა ციციშვილის საფლავის დაფიქსირება, რომელიც მისსავე აგებულ წმიდა გიორგის ეკლესიის შიგნით გვეგულებოდა, თუმცა ქვა ტაძარში აღარაა.


1887 წლის 30 იანვრის ნომერში გაზეთი “ივერია” იუწყება, რომ გორის მაზრის თავად-აზნაურებმა გადაწყვიტეს შეკრიბონ მიდამოებში განთქმული ქართლელი მომღერლები და ცნობილ ჩეხ მომღერალს იოსებ რატილის მოასმენინონ. მის მიერ მოწონებულ სიმღერას პატივცემული რატილი პროფესიონალურად დაამუშავებდა და ნოტებად გადაიტანდა. ცნობის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ მომღერალთა შორის მიიწვევენ თომა ციციშვილს, რომელიც იმ დროს განთქმული მომღერალი იყო და რომელიც შესანიშნავად ასრულებდა საგვარეულო სიმღერას, სახელწოდებით “შეკრა წითელი”.
სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია თომა ციციშვილის ეს ნაქები სიმღერა თუ დღეისათვის სადმე შემორჩა და ბატონმა იოსებმაც თუ შეძლო მისი მოსმენა და ჩანიშვნა.
ციციშვილების სასახლე 1874 წელს იქნა აშენებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში, რომელიც ციციშვილების საბატონოს წარმოადგენდა. ციციშვილების სოფლიდან წასვლის შემდეგ, 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს გასაბჭოების პერიოდში სახლი, რომელიც ორივე სართულზე ოც ოთახს ითვლიდა, გადავიდა სასოფლო საბჭოს განკარგულებაში. იქ დიდხანს მოთავსებული იყო სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის კანტორა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი, ბიბლიოთეკა თუ სასოფლო კლუბი. 1930 წელს შენობის ნაწილი დაიწვა. აღდგენის შემდეგ 1974 წლამდე შენობაში სკოლა იყო განთავსებული.
სამწუხაროდ იგივე ვითარება მეორდება ვეზირიშვილების სასახლეზე, ისიც ზუსტად ასე ქრება და პასუხს არავინ გვცემს საერთოდ გვინდა და გვჭირდება თუ არა კულტურული მემკვიდრეობა.


გიორგი ჩუბინიძე

image
imageimageimage






0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0