x
10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ფუტკრების შესახებ

ერთ-ერთი საკმაოდ დამაჯერებელი შეხედულების მიხედვით, მეფუტკრეობა მეცხოველეობის არცერთ დარგს მიეკუთვნება, რადგან თუ მესაქონლეობასა და მეფრინველეობაში ჩართულ ადამიანს ცხოველებისა და ფრინველების „მოშინაურება“, მათი შრომის პროცესში ჩაბმა და აქედან გარკვეული სარგებლის მიღება შეუძლია, მეფუტკრე მხოლოდ გარემოს უცვლის ფუტკარს და შინაურ პირობებში გარკვეული დახმარების შემდეგ, მეფუტკრეობის პროდუქტების ნაწილს „ითვისებს“, ნაწილს კი ფუტკარს უტოვებს არსებობისათვის. ფუტკრების სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი, ამ სტატიაში კი შევეცდები მეფუტკრეობის შესახებ არსებული რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფაქტი გაგიზიაროთ და ქართული მეფუტკრეობის ისტორიიდანაც მოგაწოდოთ რამდენიმე საინტერესო ცნობა.

1.ხანდახან ფუტკრები საცხოვრებლად ერთი შეხედვით უცნაურ ადგილებს ირჩევენ. ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში მდგარი გენერალ რობერტ ლის ქანდაკების რესტრავრაციის დროს, მოხელეს ქანდაკების შიგნიდან ყრუ გუგუნი მოესმა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ცხენის ნესტოებიდან და პირიდან ფუტკრები გამოფრინდნენ. ქანდაკებიდან 200 კილოგრამამდე თაფლი ამოიღეს.გენერალ ლის ქანდაკება რიჩმონდში.2. შინაური ფუტკრის სამშობლოდ აზია მიიჩნევა, რადგან აქ ევროპული და აზიური ფუტკრების ყველა წარმომადგენელი ბინადრობდა. ამერიკაში ფუტკარი XVIII საუკუნეში გადაიყვანეს ევროპიდან, ხოლო ახალ ზელანდიაში XIX საუკუნის 60-იან წლებში. ცნობილია ისიც, რომ ინდოეთში ფუტკრის სამი სახეობა (ინდოეთის დიდი, საშუალო და ჩია ფუტკარი) გვხვდება, რომლებიც შინაურ პირობებს ვერ ეგუებიან და საცხოვრებლად ხან გამოქვაბულებს, ხანაც კი ხის ფუღუროებს ირჩევენ. ინდური ჩია ფუტკარი ბუჩქებზე ჩამოკიდებულ ხელისგულისოდენა ფიჭას აშენებს.

ინდური ჩია ფუტკარი.3. პარაგვაის კორდილიერებში მცხოვრები გვაიაკებისათვის თავის რჩენის მთავარ საშუალებას ფუტკრის ბუდეებზე ნადირობა წარმოადგენს. აქაური ამერიკული ფუტკრების უცნაურობას წარმოადგენს ის, რომ მათ ნესტრები არ აქვთ. სამხრეთ ამერიკული უნესტრო ფუტკარი.
4. ფუტკრების ოჯახი, მისი თითოეული წვერისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი და ერთსულოვნად მოქმედების დაურღვეველი პრინციპი არაერთი სახლემწიფო მოღვაწის, განსაკუთრებით კი იმპერიალისტური და კონსერვატიული აზროვნების მქონე პოლიტიკოსებისათვის ქცეულა საუკეთესო სახელმწიფო წყობილების მეტაფორად. ნაპოლეონ ბონაპარტე ფუტკრების ოჯახს იდეალურ სახელმწიფოს მაგალითად მიიჩნევდა, რომელსაც მონარქი მართავს, ხოლო ინგლისში ფუტკრების ოჯახს იმპერიად მოიხსენიებდნენ, რომელსაც „დედა იმპერატორი“ მართავს. image5. იმ ეთნოსებმა, რომლებმაც უძველესი დროიდან გამორჩეული საწარმოო და სიცოცხლის უზრუნველყოფის კულტურა შექმნეს, საკუთარ ფოკლკორსა და რელიგიურ აზროვნებაში ფუტკარს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა მიანიჭეს. ძველ ინდოეთში ფუტკარი სიმბოლურად გამოხატავდა ღმერთ ვიშნუს, კრიშნასა და ინდრას. ძველი ბერძნები თაფლს ღმერთების საკვებად და ღვთაებრივ საჩუქრად მიიჩნევდნენ. რომის პაპი ღვთიმსახურებს აჯილდოვებდა ორდენით, რომელზეც გამოსახულია ფუტკარი და ამშვენებს წარწერა: „სათნოებისა და გარჯისთვის“. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ცხადი ხდება მეფუტკრეობასთან დაკავშირებული საგნებისა და მოვლენების საკრალიზაცია და გარკვეული ტაბუირების სისტემების გაჩენა (მაგალითად: ფუტკრის სკის წმინდა ადგილად მიჩნევა, რომლის წაბილწვაც დანაშაულია, ფუტკრების ბზუილის ღვთაებრივ ჰიმნთან გაიგივება, მეფუტკრის ღვთაებრივ ადამიანად აღიარება, სკებთან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების მიახლოების აკრძალვა და ა.შ).ბჰრამარი დევი - ფუტკრების ღმერთი.კრიშნა ფუტკრის გამოსახულებით.
6. ჩარლზ დარვინის მიხედვით, ფუტკარი ცხოველებს შორის ყველაზე ნაკლებად ცვალებადი თვისებების მქონე არსებაა, რომელიც დამოუკიდებლად იკვებება და ძირითადად ბუნებრივ ცხოვრების წესს მისდევს. სანამ ფუტკრების სიღრმისეულ შესწავლას გადაწყვეტდა ინგლისელ ბუნებისმეტყველს მიაჩნდა, რომ ფუტკრების ურთიერთობა მცენარეებთან ინგლისში გავრცელებული სამფერა იისა და წითელი სამყურას გაქრობის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ნექტრის ამოწოვასთან ერთად ფუტკარი მცენარის დამტვერვასაც უწყობს ხელს. ჩარლზ დარვინი 7. ქსენოფონტის „ანაბასისში“ მოცემული ცნობებით დასტურდება, რომ მეფუტკრეობა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში ყოფილა გავრცელებული. სამშობლოში დასაბრუნებელი გზის ძიებაში მაშინდელი კოლხეთის ტერიტორიაზე შემოსულ ბერძენებს აქაური „მათრობელა თაფლი“ გაუსინჯავთ, რასაც ჰალუცინაციები და გონების დაკარგვა გამოუწვევია. მსგავსი ტიპის თაფლის არსებობას ძვ.წ. I საუკუნეში პლინიუსიც ადასტურებდა. ცნობილია ისიც, რომ კოლხები რომაელებს ხარკს ცვილის სახით უხდიდნენ. ქსენოფონტი,  სოკრატეს მოწაფე. და მხედართმთავარი. 8. ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად ამ დარგის აქტიურად განვითარება საქართველოში მხოლოდ XIX საუკუნიდან დაიწყო. ამის მიზეზად შეძლება დასახელდეს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთსა და ბარში გავრცელებული მანკიერი პრაქტიკა, რომლის დროსაც თაფლის მისაღებად ფუტკრიან გობებს (მაშინდელ სკებს) წყლით ავსებდნენ, ფიჭებს ჭრიდნენ და ფუტკრების ოჯახებს სპობდნენ. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველმა ხალხმა მეფუტკრეობის დარგის ახალი მიღწევები სწრაფად გაითავისა. XIX საუკუნის ინოვაციური მიგნებებიდან შეიძლება აღინიშნოს: პროპოკოვიჩის მიერ ჩარჩოიანი სკების გამოგონება (1814), ხელოვნური ფიჭის დასამზადებელი ხელსაწყოს (მერინგი, 1857) და ციბრუტის (გრუშკო, 1865) შექმნა. ქართული ფუტკრის შესწავლის საქმეში კი უამრავმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერმა შეიტანა წვლილი, რის შედეგადაც მეფუტკრეობის საერთაშორისო კონგრესებზე, თავისი სასარგებლო თვისებების გამო, ქართულ ფუტკარი აღიარებულ იქნა, როგორც საუკეთესო (ყველა სხვა ფუტკარზე გრძელი ხორთუმის 7, 2 მმ, შრომისმოყვარეობის და თვინიერების გამო).ერფურტის,  ბუქარესტის და მოსკოვის მეფუტკრეობის საერთაშორისო კონგრესებზე მიღებული ოქროს მედლები.



9. ქართველ მეფუტკრეთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ზურაბ მაყაშვილი გახლდათ, რომელმაც XX საუკუნის მეორე ნახევარში გამოსცა ორი მონოგრაფია: „თაფლი“ და „აპოლონ წულაძე“ (ქართულ ენაზე ფუტკრის შესახებ გამოქვეყნებული პირველი წიგნისა და კაპიტალური ნაშრომის „ფუტკარი და მეფუტკრეობა“ ავტორი), დაწერა უამრავი ნაშრომი დინდგელის, ყვავილის მტვრისა და სხვ. შესახებ. ქართველ მედიკოსებს აქტიურად მოუწოდებდა მკურნალობისას მეფუტკრეობის პროდუქტების გამოყენებას. გარდა ამისა ზურაბ მაყაშვილმა გამოაქვეყნა რუსულ-ინგლისურ-ფრანგულ-გერმანული ლექსიკონი, რომელშიც შეტანილია მეფუტკრეობასთან დაკავშირებული 4000-მდე სიტყვა. მრავალმხრივ განსწავლულმა ქართველმა მეცნიერმა „ვეფხისტყაოსნის“ ესპერანტო ენაზე თარგმნაც მოასწრო.

10. XXI საუკუნეში მეფუტკრეობის მნიშვნელობა და შესაბამისად მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. მსოფლიოს მეგაპოლისებში აქტიურად მიმდინარეობს ურბანული მეფუტკრეობის დანერგვა, რაც გულისმხობს მეფუტკრეობის გამართვას მაღალსართულიანი შენობების სახურავებსა ან დატვირთული ქალაქების პარკებში. „ფრანგ მეფუტკრეთა ასოციაციის“ დასკვნით, მეფუტკეობით ქალაქებში არსებული უამრავი ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება გახდება შესაძლებელი. image

0
494
6-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვახტანგაშვილი
გიორგი ვახტანგაშვილი
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0