x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საოცარი სიყვარულის ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში დაიწყო და გუდაუთელი აფხაზი გოგონა ქართველების რძალი გახადა

image



ზუგდიდელი დათო, ესპანური საფეხბურთო ჩემპიონატის ერთერთი გრანდის "გიჟი" ფანი, რომ იყო თითქმის ყველამ იცოდა ქალაქში, სწორედ იმ გუნდის ფანობამ გააცნო დათოს აფხაზი რუსლანი სოციალურ ქსელში.
მალევე გამონახეს ახალგაზრდებმა საერთო ენა და სოციალური ქსელის მეშვეობით კარგ მეგობრებად იქცნენ. დღე არ გავიდოდა ერთმანეთი არ მოეკითხათ და საათობით არ ესაუბრათ, ხან ფეხბურთზე და ხან სხვა თემებზე.
ერთხელაც რუსლანმა დათო სოხუმში დაპატიჟა, ბევრი უჩიჩინეს დათოს ოჯახის წევრებმა, შესაძლოა კანონთან და აფხაზებთანაც პრობლემები გაგიჩნდეს ამის გამოო, მაგრამ დათო ენდო ჯერ კიდევ უნახავი მეგობრის სიტყვას და ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, სადაც მას რუსლანი დახვდა მანქანით, ყოველგვარი საკითხი დათოს გადასვლასთან დაკავშირებით უკვე მოეგვარებინა და მისალმების და ურთიერთმოკითხვის მერე რუსლანის მანქანით სოხუმისაკენ გაემართნენ.
რუსლანის ოჯახმა საოცარი სითბოთი მიიღო დათო, კარგადაც უმასპინძლეს, მეორე დღეს კი რუსლანმა დათო მთელი სოხუმი მოატარა, სამი დღე დარჩა დათო აფხაზეთში და რუსლანის წყალობით თითქმის მთელი აფხაზეთი მოიარა.
ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას, დათოს თვალში მოხვდა ულამაზესი გოგონა, მაგრამ პრობლემები, რომ არ შექმნოდა გოგონასთან არ მისულა მისი ვინაობის გასაგებად.
თუმცა რუსლანს არ გამოპარვია, დათო თვალებით რომ "ჭამდა" მათთვის უცნობ გოგონას. რესტორნის დანახარჯი გადაიხადა და დათოს უთხრა: შენ მანქანაში ჩაჯექი, მეც მალე მოვალო.
მართლაც, მალე გამოვიდა რუსლანიც და მანქანაში ჩაჯდომისთანავე დათოს გადასცა ბლოკნოტის ფურცელი, სადაც მადინა **** ეწერა და მისამართად გუდაუთა იყო მითითებული.
დათომ მეგობარი გადაკოცნა გულისხმიერებისათვის და იმავე საღამოს დატოვა აფხაზეთი ენგურის ხიდის გავლით, მეგობრები თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. რუსლანი დაპირდა დათოს, რომ მალე ინახულებდა ზუგდიდში.
დათოს აფხაზეთში სტუმრობიდან რამდენიმე დღეში დათომ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ნახა რუსლანის შეტყობინება, სადაც რუსლანი დახმარებას სთხოვდა. როგორც ჩანდა რუსლანის პატარას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ამ პრობლემას აფხაზეთში ვერ აგვარებდნენ ადგილობრივი ექიმები.
დათომ და მისმა ოჯახმა ყველა შეაწუხეს ვისი ჩარევაც კი იყო საჭირო რუსლანის ბავშვის ზუგდიდში გადმოსაყვანად. მართლაც, აფხაზეთიდან გადმოსულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ რუსლანი, მისი მეუღლე და მათი პატარა გადმოიყვანა, ენგურის ხიდზე აფხაზ სტუმრებს ქართული სასწრაფო დახმარების მანქანა დახვდა, რომელმაც პატარა და მისი ოჯახი ქალაქის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმებმა კონსილიუმის მერე გადაწყვიტეს ბავშვი ქუთაისის ბავშვთა კლინიკაში გაეგზავნათ სამკურნალოდ, მართლაც, ქუთაისიდან ჩამოსულმა რეანომობილმა ბავშვი ქუთაისში გადაიყვანა, ბავშვის მშობლები კი დათომ საკუთარი მანქანით ჩაიყვანა ქუთაისში და სანამ ბავშვი ქართველი ექიმების წყალობით არ გამოჯანმრთელდა გვერდიდან არ მოშორებია რუსლანს და მის მეუღლეს.
ბავშვის მკურნალობის საფასურის დაფარვა დათოს უნდოდა, მაგრამ მას კლინიკაში განუცხადეს, რომ მკურნალობის თანხა სრულად იყო დაფარული სახელმწიფოს შესაბამისი უწყების მიერ.
ქუთაისიდან ზუგდიდში დათოს სახლში ჩასვლისას, რუსლანმა დათოს სთხოვა: დათო ბავშვი მოუნათლავია და რახან აქ ვართ იქნებ მოგვინათლოო!
დათოსაც და მის ოჯახსაც გაუხარდა რუსლანის თხოვნა და მალე ქალაქის ერთ-ერთ ეკლესიაში პატარა აფხაზი ბიჭუნა მარდმადიდებლად მოინათლა.
ორი დღე დარჩნენ სტუმრები დათოსთან და მესამე დილით აფხაზეთისაკენ გაემართნენ ენგურის ხიდის გავლით.
მათი წასვლის მერე გაახსენდა დათოს აფხაზეთში რესტორანში ნანახი ულამაზესი გოგონა და რუსლანის მიერ მისთვის გადაცემული ბლოკნოტის ჩანაწერი.
მალევე მიაგნო შენახულ ფურცელს და კომპიუტერს მიუჯდა გოგონას მოსაძებნად, მოძებნით მალევე მოძებნა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გოგონას პირადი გვერდი დახურული აღმოჩნდა, დათოს მიერ გაგზავნილი მეგობრობის თხოვნა უპასუხოდ დარჩა.
დათომ რუსლანს მისწერა მის "გასაჭირზე", მალე რუსლანმა დაიმეგობრა სოციალურ ქსელში გუდაუთელი მადინა და სთხოვა დათო დაემატებინა მეგობრებში.
გოგონამ აფხაზს უარი არ უთხრა და ასე დაემატა მადინას აფხაზ მეგობრებს ქართველი დათო.
დათომ თავისი კორექტულობით, ზრდილობით, აზრიანი კომენტარებით მადინას სტატუსებზე და სურათებზე, მალე მიიქცია მადინას ყურადღება. არ გასულა 2 თვე და უბრალო მიმოწერა გოგოს და ბიჭს შორის სასიყვარულო შინაარსის შეტყობინებებმა ჩაანაცვლა.
დათო დაპირდა მადინას: ჩამოვალ და აუცილებლად გავეცნობი შენს მშობლებსო, რაც გოგოს დაუჯერებლად მოეჩვენა, თუმცა დათოს ეს არ აგრძნობინა.
დათომ რუსლანს აუხსნა საქმის ვითარება და სთხოვა ენგურის ხიდთან დახვედროდა, რადგან აფხაზეთში აპირებდა გადასვლას. რუსლანიც დანიშნულ დღეს, დანიშნულ საათზე დახვდა დათოს და საკუთარი მანქანით ჩაიყვანა სოხუმში.
დათომ ნათლულს უამრავი საჩუქარი ჩაუტანა, რუსლანის ოჯახმა და ნათესაობამაც გულში ჩაიკრეს შეძენილი ნათესავი (აფხაზეთში სისხლით ნათესავზე ნაკლებად არ აფასებენ მირონით დაკავშირებულ ადამიანებს).
იმ ღამეს არა და მეორე დღეს დათომ ოჯახს განუცხადა: მადინას ოჯახში მისვლა მინდა გოგონას ხელის სათხოვნელად და იქნებ დამეხმაროთო!
რუსლანის მშობლებმა თანხმობა განუცხადეს, შენ უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და ჩვენ გაგყვებით მადინასთან ოჯახშიო.
მართლაც რუსლანის მანქანით, რუსლანი მისი მშობლები და დათო გუდაუთაში გაემგზავრნენ.
გუდაუთაში მალევე იპოვეს მადინას ოჯახი და სტუმრად მიადგნენ ჭიშკარზე.
მადინას მამა სახლში აღმოჩნდა და უცნობი სტუმრები სახლში შეიპატიჟა.
მისალმებისა და ორიოდე სიტყვის გაცვლის მერე რუსლანის მამამ მოკლედ და კონკრეტულად აუხსნა საქმის ვითარება მასპინძელს. მასპინძელს ეუცხოვა ასეთი მიმართვა და რუსლანის მამას განუცხადა: შენგან გამკვირვებია, ქართველისათვის აფხაზი კაცი გოგოს მითხოვებას როგორ მთხოვო!
არც რუსლანის მამას დაუხევია უკან და მასპინძელს უთხრა: ამ ახალგაზრდამ დაამტკიცა მისი ვაჟკაცობა ზუგდიდიდან აქ ჩამოსვლით, მე ამ ახალგაზრდამ აფხაზ კაცს აფხაზი შვილიშვილი სიკვდილს გადამირჩინა, შვილიშვილი მომინათლა და საჭირო რომ გახდეს, ხრამში რომ ვარდებოდეს, მეც გადავყვებიო.
ამ სიტყვებმა ცოტათი მოალბო მადინას მამის გული და მეზობელს გადასძახა, მადინა ჩემს დასთანაა დედამისთან ერთად გადასული და გადაეცი სტუმრები გვყავს და მოვიდნენო.
მართლაც, მადინა და დედამისი მალევე მოიყვანა მანქანით მეზობელმა, დათოს დანახვაზე მადინას სახეზე თითქოს "ალმური წაეკიდა", მაგრამ მალევე მოეგო გონს და დათოსთან ერთად სტუმრებსაც მორიდებულად მიესალმა.
მადინას მამამ მაგიდასთან დასხდომა სთხოვა ყველას და მადინას ჰკითხა იცნობდა თუ არა დათოს!
მადინამ თავი დაუქნია, ვიცნობო! შვილო ეს ახალგაზრდა ზუგდიდიდან შენი ხელის სათხოვნელად ჩამოვიდა, თან ეს პატიოსანი აფხაზები მოიყვანა და ახლა მთავარი სიტყვა შენ გეკუთვნის მიყვები ამ ახალგაზრდას თუ არაო!?
მადინა გაყუჩდა, მაგრამ როცა მეორედ ჰკითხა მამამ თავი არ აუწევია ისე უპასუხა, თანახმა ვარ, რომ გავყვე მიყვარს და ვუყვარვარო.
დათოს რუსლანის მამამ თვალით ანიშნა, დათო წამოდგა და მადინას ხელზე ბეჭედი გაუკეთა ხოლო ყელზე საკმაოდ მსხვილი ოქროს ჯაჭვი დაკიდა დანიშვნის ნიშნად.
მადინას დედას ცრემლები წასკდა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. მალე ოჯახში სუფრა გაიშალა და დანიშნულები დალოცეს, მათთან ერთად კი ტრადიციული სადღეგრძელოებიც საკმაოდ წარმოითქვა.
სასიმამრო დროგამოშვებით ყურადღებით აკვირდებოდა დათოს და ძალიან მოეწონა, როცა დაინახა მის გოგოს არჩევანი განათლებულ, ზრდილ და ვაჟკაც ახალგაზრდაზე, რომ გაეკეთებინა.
დასრულდა ლხინი და დათო და რუსლანის ოჯახი სოხუმისაკენ გაემართა. დათო იმ ღამეს მათთან დარჩა მეორე დილით კი რუსლანმა ენგურის ხიდამდე მიაცილა.
სახლში მისულმა დათომ მშობლებთან დაწვრილებით ისაუბრა აფხაზი გოგონას დანიშვნაზე, მშობლები ისე ენდობოდნენ დათოს საყვედური არ დასცდენიათ.
იმავე წელს შემოდგომაზე, ენგურის ხიდს მოადგა რუსლანის მანქანა, სადაც მადინა და რუსლანის მეუღლე ისხდნენ, ენგურის ხიდზე კი მათ დათო ელოდა დასთან და მეგობრებთან ერთად.
ენგურის ხიდზე ფეხით მომავალი აფხაზი საპატარძლოს დანახვაზე ქართველმა გამვლელებმა ტაში დასცხეს და საერთო ტაშის ფონზე ჩასვა დათომ მადინა მანქანაში და სტუმრებთან და მეგობრებთან ერთად დათოს სახლისაკენ გაემართნენ.
დათოს მშობლებმა გულში ჩაიკრეს აფხაზი სარძლო, რამდენიმე დღეში კი ქორწილის დღეც დაინიშნა. ქორწილს აფხაზეთიდან გადმოსული რამდენიმე ათეული სტუმარიც ესწრებოდა, სუფრა მეგრულ ენაზე წარიმართა, რადგან აფხაზი სტუმრების უმეტესობას კარგად ესმოდა მეგრული.
ამ ისტორიაზე გაკვრით დაიწერა ქართულ პრესაში, ოღონდ იქ აქცენტი იყო აფხაზი პატარა ბიჭუნას გადარჩენაზე ქართველი ექიმების მიერ.
დათოს და მადინას 2 ბიჭი ჰყავთ და ხშირად სტუმრობენ აფხაზეთში მადინას მშობლებს, არც რუსლანი და მისი ოჯახია იშვიათი სტუმარი დათოს ოჯახში.
ასე იყო ეს ამბავი, სოციალურ ქსელში დაწყებული სიყვარული ოჯახის შექმნით დამთავრდა.
პ.ს
მე კი ასე ვიტყოდი: სიყვარულმა გადალახა საოკუპაციო ზოლის მავთულხლართები, დაამარცხა მტრობა და აფხაზი გოგონა გახადა ქართველების რძალი და ქართველების დედა.

0
513
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0