x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ფროიდი VS იუნგი

image
მასწავლებლის წინაშე ყველაზე ცუდი ვალმოხდა მუდმივად მოსწავლედ დარჩენაა. თქვენ პატივს მცემთ, მაგრამ რა მოხდება თუ ერთ დღეს თქვენი პატივისცემა დაეცემა? გაფრთხილდით დაცემულმა ძეგლმა ქვეშ არ მოგიყოლოთ! - ფრიდრიხ ნიცშე

ფსიქოლოგიის სამყარო კარლ იუნგმა და ზიგმუნდ ფროიდმა შექმნეს. მათმა თეორიებმა, თუნდაც განსხვავებულებმა, უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენს შეხედულებებზე ადამიანის შესახებ და მათი პრაქტიკული აღმოჩენები ბაზისად უდევს თანამედროვე ფსიქოლოგიას დღემდე.

ფროიდი იუნგის მასწავლებლად იქცა, მაგრამ მალე მათი გზები გაიყო. ისინი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი და ვინ მოიგო?

უთანხმოება N1 - არაცნობიერი

ფროიდის პოზიცია: ფროიდს მიაჩნდა, რომ არაცნობიერი ჩახშული ფიქრების, ტრავმული მოგონებების, სექსუალური დრაივისა და აგრესიის ეპიცენტრი იყო. იგი მიიჩნევდა მას დაფარული სექსუალური სურვილების საწყობად, რომელიც იწვევდა ნერვოზსა და მენტალურ დაავადებებს. ადამიანის გონებას სამ სტრუქტურად ჰყოფდა: იდი, ეგო და სუპერეგო. იდი აყალიბებდა არაცნობიერ დრაივს და იგი არად დაგიდევდათ მორალს. ეგო კი ჩვენი ცნობიერი შეხედულებებია, მოგონებები და ფიქრები, რომლებიც რეალობის აღქმაში გვეხმარება. სუპერეგო ამ ორს შორის მედიატორის როლს ასრულებს და იდს აიძულებს სოციალურად მისაღებ ქცევებს.

იუნგის პოზიცია: იუნგიც 3 ნაწილად ჰყოფდა ადამიანის ფსიქიკას, თუმცა სხვანაირად: ეგო, პერსონალური არაცნობიერი და კოლექტიური არაცნობიერი. მისი თეორიის მიხედვით, ეგო ცნობიერია, პერსონალური არაცნობიერი მოგონებები (ჩახშულიც და დამახსოვრებულიც) და კოლექტიური არაცნობიერი- გამოცდილება და ცოდნა, რომლითაც ვიბადებით, როგორც სახეობა.

უთანხმოება N2 - სიზმრები

ფროიდის პოზიცია: ფროიდს მიაჩნდა, რომ ყველაზე მეტის გაგება ადამიანზე მისი სიზმრების წყალობითაა შესაძლებელი, რადგან როცა გვღვიძავს, ჩვენი ფარული სურვილები დახშულია რეალობით და მორალით. იდი ყველაზე მეტად სიზმრებში აქტიურდება. დამთრგუნველი ძალები სუსტდება და სიზმრებში ფრთებს შლის.

იუნგის პოზიცია: იუნგი ეთანხმებოდა მასწავლებელს იმაში, რომ სიზმრები ფანჯარა გახლდათ, საიდანაც არაცნობიერში შეხედვა შეიძლებოდა, თუმცა არ ფიქრობდა, რომ ამ სიზმრების ბუნება მაინცდამაინც სექსუალური იყო ან მაინცდამაინც დაშიფრული მნიშვნელობის. მას მიაჩნდა, რომ სიზმრებს ძალიან ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა იმის ასოციაციებიდან გამომდინარე, ვინც ეს სიზმარი ნახა.

უთანხმოება N3 - სექსი და სექსუალობა

ფროიდის პოზიცია:ეს თემა იყო კონფლიქტის ყველაზე დიდი მიზეზი. მათ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ადამიანების მოტივაციაზე. ფროიდისთვის სექსუალობა იყო ყველაფერი. ლიბიდო (სექსუალურ დრაივს მოიაზრებდა იგი) გახლდათ ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი ყველაზე დიდი ძალა. იგი ფიქრობდა, რომ ბავშვებს თავიდან ლტოლვა უჩნდებათ საკუთარი მშობლების მიმართ და მსგავსი სქესის მშობელს აღიქვამენ მეტოქედ.

იუნგის პოზიცია: იუნგს მიაჩნდა, რომ ფროიდი ზედმტად იყო ჩაციკლული სექსსა და ქცევაზე მის ზეგავლენაზე. იგი ფიქრობდა, რომ ქცევაზე ზეგავლენას ახდენდა სასიცოცხლო ენერგია და სექსუალობაც. მისი აზრით, დედა-შვილს შორის ურთიერთობა დაფუძნებული იყო იმ სიყვარულზე და დაცვაზე, რომელსაც დედა აძლევდა შვილს.

უთანხმოება N4 - რელიგია

ფროიდის პოზიცია: მიუხედავად იმისა, რომ ფროიდი ებრაული წარმოშობის იყო, ხვდებოდა, რომ რელიგია ადამიანთა უმეტესობისთვის რეალობისაგან თავის დაღწევის მცდელობა იყო მხოლოდ. მას მარქსივით მიაჩნდა, რომ ეს იყო მასობრივი ნარკოტიკი, რომლის პროპაგანდა არაფრით შეიძლებოდა. რელიგია ჰგავდა ნერვოზს, რომელსაც ახასიათებდა აკვიატებები, შეპყრობილობა, მორჩილება... რელიგიურ ადამიანებს ახასიათებდა ისტერიულობა. ცნობილი ფაქტია, რომ მან ამ ამოცანის ამოხსნას ცხოვრების უმეტესი ნაწილი შეალია. აგროვებდა ანტიკვარებს, რომელთა შორისაც უმეტესობა რელიგიური ხასიათის იყო, სახლში ლეონარდოს მადონა ეკიდა.

იუნგის პოზიცია: იუნგისთვის რელიგია იყო ფსიქოლოგიური ინტეგრაციის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ადამიანებს შორის კომუნიკაციის მეთოდს გვთავაზობდა. იგი ადამიანის ფსიქიკას განიხილავდა, როგორც რელიგიურ ბუნებას. ის არ იყო რომელიმე რელიგიის მიმდევარი. მას აინტერესებდა ყველა რელიგია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი აღმოსავლური რელიგიები და ფილოსოფია.

უთანხმოება N5 - პარაფსიქოლოგია

ფროიდის პოზიცია: ფროიდი სკეპტიკურად იყო განწყობილიყოველივე პარანორმალურის მიმართ.

იუნგის პოზიცია: იუნგი ძალიან იყო დაინტერესებულ იაპრაფსიქოლოგიით, განსაკუთრებით ტელეპატიით და სინქრონულობით. იგი ახალგაზრდობის წლებში სეანსებშიც კი იღებდა მონაწილეობას და იკვლევდა კიდეც ოკულტური ფენომენის ფსიქოლოგიასა და პათოლოგიას. ზემოთაც ვახსენეთ, რომ იგი უზარმაზარ აღმოსავლურ ცოდნას ფლობდა. ერთხელ, თერაპიის დროს პაციენტს ოქროს ხოჭო დაესიზმრა და მერე გადაწყვიტა, რომ არსებობს შინაგანსა და გარეგანს შორის კავშირი და რომ რეალურ მოვლენებს, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, სწორედ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა განსაზღვრავს, “როცა ქვეცნობიერი მართავს ცნობიერს, ის მართავს ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს წინაშე დგება, როგორც ბედისწერა'' - წერდა იუნგი. მან ამ თემის სერიოზული კვლევა გადაწყვიტა.

კარლ იუნგი და ზიგმუნდ ფროიდი- ეს იყო ეპოქალური შერკინება.
ვინ მოიგო? მოიგო თანამედროვე ფსიქოთერაპიამ, რადგან დღემდე საზრდოობს ორივეს თეორიებით.

0
134
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0