x
ნიკო ნიკოლაძე - გამორჩეული ქართველი და პირველი ქართველი ევროპელი.

image

“მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა” - ეს სიტყვები ეკუთვნის დიდ ქართველს, საზოგადო მოღვაწეს, მწერალს, იურისტსა და პუბლიცისტს ნიკო ნიკოლაძეს. ნიკო გახლდათ პიროვნება, რომელიც ყოველივეს აკეთებდა თავისი მამულისა და ხალხისათვის. ის ნამდვილად იყო გამორჩეული ქართველი და მართლაც რომ ყოველივე გამორჩეულის მფლობელი. ეს სტატია სწორედაც ეძღვნება ზემოხსენებულს და ქვემოთ უკეთესად დარწმუნდებით ნიკოს გამორჩეულობაში.

ნიკო ნიკოლაძე 1843 წლის 27 სექტემბერს დაიბადა, ქალაქ ქუთაისში. მან განათლება ევროპაში მიიღო. მუდამ ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ესწავლა, რათა უფრო სასიკეთოდ გამოსდგომოდა თავის ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ ნიკო იყო პირველი ქართველი, რომელმაც ევროპაში მიიღო უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი და დისერტაცია ფრანგულ ენაზე დაიცვა, თანაც პირველმა თემაზე - „განიარაღება და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები“.ნიკო ნიკოლაძე თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მჭიდროდაა დაკავშირებული საფრანგეთთან, საფრანგეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასთან. ნიკო პარიზში ჩავიდა პარიზის კომუნის დღეებში და მოწმე გახდა კომუნარების თავგანწირული ბრძოლისა. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში აგზავნის ამომწურავ, დეტალურ წერილებს პარიზში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ნიკო ნიკოლაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, გაზეთების გამომცემლის, ნიჭიერი პუბლიცისტის, მეცნიერის, პოლიტიკოსის, განმანათლებლისა და სახელმწიფო მოხელის ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრება გაჯერებეული იყო მისი დროის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობითა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობით.ნიკო იცნობდა ვიქტორ ჰიუგოს, ემილ ზოლას, ბაკუნინს, მეჩნიკოვს და აგრეთვე ის იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც პირადად იცნობდა კარლ მარქსს.

ნიკოს ცხოვრება გამოირჩეოდა მის მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთების მრავალფეროვნებით. 1871 წლიდან ნიკო სათავეში უდგება „კრებულს“, ის ასევე წერდა შემდეგ გამოცემებში - „დროშა“, „მნათობი“, „ცისკარი“, „ობზორი“, „დროება“, „კოლოკოლი“ და მრავალ რუსულ თუ ევროპულ გამოცემასთან თანამშრომლობდა. საოცრად საინტერესოა ნიკოს მიერ 1875 წელს პარიზში გამოცემული „დეკადანსის პრესა“, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული გახდა. ნიკო ნაშრომში ეხება იმ პერიოდის ფრანგული საზოგადოებისა და პრესის სახეებსა და ურთიერთმიმართებას. საუცხოოდაა წარმოჩენილი პრესაში არსებული პრობლემების, იმდროინდელი რეალობის ცოდნა, სურათი, რომელიც დღევანდელ რეალობასაც საკმაოდ ეხმიანება.

ნიკო მრავალმხრივ გამორჩეული იყო. ნიკო ნიკოლაძეს ჩვენ ვიცნობთ როგორც ტყიბულის, ჭიათურის სამთომრეწველობის, ასევე, ფოთის პორტის ფუძემდებელს. მან ჭაობიანი ქალაქი თანამედროვე ევროპულ ქალაქად აქცია. ნიკო იყო პირველი ადამიანი, რომლის ხემძღვანელობით მთელ რუსეთის იმპერიაში პირველი განათდა ქალაქი ფოთი. მან ფოთი აქცია თვითკმარ ქალაქადაც, რომელიც ფულს იმპერიას იქეთ უხდიდა.

ფოთის, როგორც საპორტო ქალაქისა და მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრის, შექმნა მართლაცდიდწილად არის დაკავშირებული ნიკო ნიკოლაძის სახელთან. ჯერ კიდევ შორეულ 1871 წელს ფოთის მომავალი თავკაცი წერდა, სანამ ფოთში პორტი არ გაიმართება, ისეთი, რომ ზღვის გემებს ყოველთვის შეეძლოს რიონში შემოსვლა და თავისუფლად დაცლა-დატვირთვა, მანამდი ფოთის მომავალი ყინულზეა დაწერილიო“.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, ნიკო ნიკოლაძე იყო პროგრესის უპირველესი გამტარი ევროპიდან საქართველოში.

ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ახალი, ინოვაციური ჩამოჰქონდა საქართველოში. იყო პიონერი ძალიან ბევრ საქმეში. ის იყო იმდროინდელი მსოფლიოს თანამედროვე ადამიანი. ვფიქრობ, რომ საქართველოში ნიკო ნიკოლაძის მსგავსი როლი თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს აქვთ შესრულებული...(ლაშა ბაქრაძე).

ნიკოგამორჩეულია იმითაც, რომის, ფაქტობრივად, ერთადერთია თერგდალეულთა თაობიდან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოესწროდა, ამასთან, ლომის წილი შეიტანა თურქეთის მთავრობასთან მიმდინარე დაძაბული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. (რადიო თავისუფლება).

შევეხოთ ნიკონიკოლაძის დედულეთსაც, სოფელ დიდ ჯიხაიშს, სადაც ის დასახლდა 1886 წელს. ნიკო სელექცნიონერიც გახლდათ და ამიტომ ჩამოჰყავდა მას ევროპიდან მრავალი სახეობის ფრინველები, ცხოველები, მცენარეები, აჯვარებდა და გამოჰყავდა ახალი ჯიშები. მას პირველს ჰქონდა ევროპიდან ჩამოტანილი სარეცხი მანქანა, რძის სეპარატორი, მაცივარი, ინკუბატორი, რომელიც პირველი იყო მთელ ამიერკავკასიაში და 100 წიწილს ჩეკავდა; სახლი კი ევროპული ავეჯით ჰქონდა მოწყობილი. ნიკო გამოირჩეოდა იმითაც, რომ მან მოახერხა და თავის სოფელში გახსნა სკოლა, ქსენონი, სახალხო ბანკი, ფოსტადა კიდევ ბევრი რამ, რაც ერთი შეხედვით ნამდვილად წარმოუდგენელია, როდესაც ერთმა ადამიანმა ამდენი შეძლო. სწორედაც ნათლად უსვამს ხაზს ესა და ქვემოთ მოყვანილი სხვა ფაქტებიც ნიკოს გამორჩეულობას.

ნიკოს, გამორჩეული ქართველის, მრავალ გამორჩეულ საქმეთაგან ქვემოთ კიდევ წარმოგიდგენთ რამდენიმეს:

ნიკომ გაიყვანა ფოთი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც პირველი იყო ამიერკავკასიაში. ნიკო ნიკოლაძე ამისთვის ოქროს ჟეტონით დაჯილდოვდა კიდეც. ნიკო ასევე აქტიურად მონაწილეობდა წიფის გვირაბის დაპროექტებაში და განხორციელებაში. მან 1885-1893 წლებში თბილისის მუნიციპალურ მშენებლობაში მთავარი როლი შეასრულა - ააგო ავჭალის წყალსადენი, ხელი შეუწყო „კონკის“ ორგანიზაციას, აბანოების რეკონსტრუქციას, გოგირდის აბანოებსა და არამიანცზე ბალნეოლოგიური კურორტების გახსნა, მთაწმინდაზე საბაგირო გზის გაყვანა და სხვა.

საოცრად საინტერესოა ნიკოს გეგმები და იდეები, რომელთა განხროციელება მან ვერ შეძლო, არ დასცალდა. ნიკოს ჰქონდა სანაოსნო მიმოსვლის აღდგენის გეგმა მდინარე რიონზე, რაც ტურისტული და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანი იქნებოდა და სასოფლო-სამეურნეო-სავაჭრო სფეროების განვითარების მხრივაც. ნიკოს აგრეთვე სურდა თავის დედულეთში, მდინარე გუბისწყალზე აეგო მინი ელექტროსადგურიც და ზოგადად, ნიკო საქართველოს პოტენციალის უბადლო შემფასებელი, მცოდნე გახლდათ.

და ბოლოს, ნიკო 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუმბერაზი ქართველი კი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა იმ პანთეონში, რომლის შექმნის იდეაც სწორედ მას ეკუთვნის.

ნიკო ნიკოლაძე იყო ყოველივე პროგრესულის და მაღალტექნოლოგიურის პირველი პოპულარიზატორი და დამნერგავი საქართველოში, ახალი იდეების გენერატორი და განმახორციელებელი, ქვეყნისათვის მიმართულეის მიმცემი დიდი მამულიშვილი. ასეთი დიდკაცები ყველა ერს როდი ჰყავს. საჭიროაასეთი ადამიანების დაფასება და მათთვის კუთვნილი, სათანადო ადგილის დროულად მიჩენა.

ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივი და დროსგასწრებული ღვაწლის ზედაპირული ჩამონათვალიც კი ადასტურებს იმას, თუ როგორ დიდ მოაზროვნესთან გვაქვს საქმე. მან ნამდვილად დიდად გაუსწრო წინ თავის ეპოქას. ყველა საქმეს, რასაც ნიკომ ხელი მოჰკიდა, საოცარი, წარუშლელი კვალი დაამჩნია. ის იყო პატივსაცემი პიროვნება, როგორც საქართველოში, აგრეთვე მთელ ევროპასა და რუსეთის იმპერიაში.

„მხოლოდ ის, ვისაც თავისი საზოგადოება მიჰყავს წინ სიკეთისა და პროგრესის გზით, იპოვის ადგილს თავის თანამემამულეთა გულსა და ხსოვნაში“ - წერდა დიდი ნიკო ნიკოლაძე.

დანართის სახით კი ბოლოს წარმოდგენლია ნიკოს მოსაზრებები, შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე.

დანართი

„ვისაც ზედმიწევნით არ შეუსწავლია ისტორიის ფილოსოფია, მას ყოველთვის გონია, რომ რასაც მე დღეს ვშვრები, იმას საკუთარი ჭკუით ვშვრები, ჩემი გონებით ვმოქმედებ და სხვებს ვამოქმედებო. დიდი შეცდომაა ეს, დიდი სიბრიყვეა. კერძო პირი ცხოვრებაში უბრალო პაიკია, რომელსაც ისტორიული ძალა და ჩარხი ატრიალებს ან ათამაშებს“.

„სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია, რომ ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება“.

„დასაწყისშივეა საჭირო მითითება სწორედ პირველ ნაბიჯთა შეცდომებსა და მოუხერხებლობაზე, რადგან თუ საფუძველშივე ხელი არ ახლე, ათი წლის შემდეგ ვეღარანაირი გაუმჯობესებული მანქანით ვერ ამოგლეჯ“.

„თვითსაქმიანობა, საკუთარი შრომა და ჯანი“.

„როცა სახელმწიფო თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში არღვევს საერთაშორისო სამართლიანობისა და ჰუმანურობის საწყისებს, მაშინ სხვა სახელმწიფოებს უფლება აქვთ ჩაერიონ და აღკვეთონ იგი“.


„გონიერი ადამიანები თავისულებასა და ავტონომიას აღწევენ ჯერ საშინაო საქმეების ყაირათიანი გაძღოლით, წარმოების აღორძინებით, საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგებით და ბოლოს პოლიტიკური პრობლემების მოგვარებით“.

0
484
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურაბ სანაძე
ზურაბ სანაძე
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0