x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ეს ლეგენდარული სიყვარულის ისტორიაა - ბელა და კახი



image
image
კარიერისკენ გზა განსხვავებული იყო, ბელსათვის გაცილებით მარტივი, კახისთვის- რთული. მას წლები დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ღირსი იყო სცენაზე დგომის. მეოთხე კურსზე იყო, ინსტიტუტის ფოიეში თვალი რომ მოჰკრა ბელა მირიანაშვილს და თვალთ დაუბნელდა და გაუცისკროვნდა. როგორი იყო ბელა? “ ეს იყო სიცოცხლის, ხალისის განსახიერება, ჯანსაღი ნაწრთობი სხეული, თანდაყოლილი, მომხიბლავი პლასტიკურობით. შუქით და სიკეთით სავსე თვალები, მოძრაობის სიმსუბუქე და აღნაგობის პროპორციულობა მას ამსგავსებდა შექსპირის დაუდგრომელ ქალწულებს...''. ასე იხსენებს წლების შემდეგ ბელას ნოდარ გურაბენიძე.
კახის ტრფობა უიმედო იყო. ბელა ვერ ამჩნევდა მას. კახი ვერ ახერხებდა გამოტყდომას. ერთ მშვენიერ დღეს, მეგობრებთან ვახშამზე მისულმა გამოაცხადა: გაიცანით, ეს ქალი ჩემი ცოლია.
შეუღლებაც რევერანსებისა და ზედმეტი სიტყვების გარეშე იყო. უბრალოდ ჰკითხა: “ბეჭედი გიყიდო?''. “არა, არ არის საჭირო'', - იყო პასუხი. იცოდა ბელამ, რომ კახის ფული არ ჰქონდა. მათ სიყვარულს ვერც უფულობა აკავებდა და ვერც ის ფაქტი, რომ ბელას ნანუკა უკვე ჰყავდა. კახი იყო ღირსეული ქმარი მთელი თანაცხოვრების მანძილზე. ბელა ამაყობდა მისით.
“მე უცხო არ ვარ, მე კახი კავსაძის ცოლი ვარ''- ამაყად განაცხადებს ბელა მირიანაშვილი, როცა ქმარს ჩააკითხავს და “ლენფილმის'' პავილიონში შევა, სადაც იღებენ “უდაბნოს თეთრი მზის'' ეროტიკულ სცენას- შიშველ კახის შიშველი “ცოლი'' აწვა და პირს ყურძნის მარცვლებით უტკბარუნებდა. კახისთვის ისედაც წამება იყო ამ სცენის გადაღება და ბელას გამოჩენამ ხომ საერთოდ... “გააგრძელეთ, გააგრძელეთ, მე ხელს არ შეგიშლით'', - ამბობს ბელა.
კახი დიდ სიყვარულს დიდი სიყვარულით და გააფთრებით პასუხობდა. ჩუქნიდა ყვავილებს, მაგრამ უბრალოდ თაიგულს კი არა მთელ ბუჩქ იასამანს, ჩუქნიდა ვერცხლის სამკაულებს, რაც ძალიან უყვარდა ბელას, მაგრამ ერთ ან ორ სამკაულს კი არა, მთელ ჩემოდან ვერცხლეულს.
ვერავინ წარმოიდგენდა რას უმზადებდა ამ ბედნიერ წყვილს ბედისწერა.
მშობიარობის შემდეგ სენმა იჩინა თავი: ბელას ნერვულ დაბოლოებათა ანთება შეეყარა. იგი ჩამოშორდა ეკრანსა და სცენას. ცოლ-ქმარი ებრძოდა ავადმყოფობას. ნოდარ დუმბაძის ძალისხმევით მიიღეს მიმართვა საზღვარგარეთის კლინიკისთვის. დაავადების მხოლოდ დაბლოკვა მოხერხდა. ბელა სარეცელს ეჯაჭვებოდა...
23 წელიწადი ებრძოდა სენს. კახი მუდამ წამლების ძებნაში იყო. თავგადაკლული უვლიდა შვილებს, ავადმყოფ მეუღლეს, ბელას ხელით დაატარებდა, ისწავლდა და თავად უკეთებდა 10-15 ნემსს. ჭურჭელს ხშირად კახი რეცხავდა და ბელა საშინლად ნერვიულობდა ამ ფაქტის გამო. კახი ამშვიდებდა...
კახი კავსაძე: “ მე ჩემს გრძნობებს ბელასადმი იმით ვწონიდი, რომ მისთვის ყველაფრის გაღება შემეძლო. მიფიქრია, 2 თირკმელი მაქვს, 2 ფეხი, 2 ხელი, 2 თვალი, ოღონდ მორჩეს და ყველაფერს მივცემ-მეთქი. გული ხომ ერთი აქვს ადამიანს?! იმასაც მივცემდი, მაგრამ ის ისეთი იყო, დამერწმუნეთ, არ მიიღებდა. ბელა თავად იყო ღირსეული. რომ ამბობდნენ, კახი კარგი ქმარი იყოვო, სინამდვილეში ის იყო კარგი, არაჩვეულებრივი... 26 წელიწადი ვიყავით ერთად, ავად იყო, ვეღარ დადიოდა და მაინც ვეჭვიანობდი. მე ვინც მომწონს, სხვასაც თუ მოსწონს, ეს მანერვიულებს სწორედ... საოცრად ტაქტიანი იყო, უღირს საქციელს რომ ჩავიდენდი, არავითარ შემთხვევაში არ მეტყოდა ცხელ გულზე. როცა საბოლოოდ დავმშვიდდებოდი, მაშინ იცოდა თქმა.
ტანჯვით სავსე 23 წელიწადს კახი მაინც ბედნიერ ხანად თვლის... მაგრამ აღსასრული ახლოვდებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ბელა კახის ეტყვის, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება, რომ კახის თავისი გზა უნდა ნახოს, რომ მარტო არ დარჩეს. კახი იუმორით აისხლეტს გულისმომკვლელ სიტყვებს: “მე დაკავებული კაცი ვარ, შენ გამომიძებნე ვინმე''.
1992 წელი. აგვისტოს მიწურული. კახი მოსკოვშია გადაღებაზე. 25 აგვისტოს ბელა ცხოვრებაში პირველად კახის დამარცვლით ეტყვის: “ჩა-მო-დი''. კახი დაუყოვნებლივ ჩამოფრინდება. 28 აგვისტო გათენდება. ბელა კახის სთხოვს წამოაჯინოს. მისი ბოლო სიტყვები იქნება: “მე ახლა ვგრძნობ სუბსტანციას, დამანებე თავი, ნუ მაწუხებ, ხელს ნუ მიშლი ნეტარებაში''...
და მიიცვლება მშვიდად...
კახი იტყვის, რომ ის დონ კიხოტზე ბედნიერი იყო. დონ კიხოტმა დულსიენა შეთხზა, გამოიგონა. მას კი რეალურად 26 წელიწადი გვერდით ჰყავდა თავისი ოცნება- ბელა მირიანაშვილი.


image

0
210
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0