x
ფერები და მათი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. (ფერების ფსიქოლოგია)

იცოდით, რომ გარემო ძლიერ გავლენას ახდენს თქვენს ემოციებსა და აზროვნებაზე? როდესმე თუ შეგიმჩნევიათ, რომ კონკრეტულად რომელიმე ადგილი გიზიდავთ? ან რომ ზოგიერთ გარემოცვაში თავს უფრო მშვიდად და რელაქსირებულად გრძნობთ? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილებში არსებული ფერები შესაბამის ფუნქციას ასრულებენ.

ფსიქოლოგიურად, გარკვეული ფერი ადამიანის გარკვეულ ემოციას შეესაბამება. გარდა ამისა, ფერი, შესაძლოა გავლენას ახდენდეს პიროვნების მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გარკვეული ფერის ყურებისას, ზოგიერთი ადამიანის გულისცემის სიხშირე იზრდება. სწორედ ფერების ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კულტურაში გარკვეულ ფერებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ, მე შევეცდები ჩამოვაყალიბო რამდენიმე მათგანის ზოგადი მახასიათებლები.

1. წითელი - ზოგადად, წითელი ფერი სიძლიერესთან, სითბოსთან, ენერგიასთან, ბრძოლასთან, მამაკაცობასა და აგზნებასთან ასოცირდება. თუმცა, ამასთანავე ის განასახიერებს აგრესიულობას, დაძაბულობას, გამოწვევას. წითელი ძლიერი ფერია. პირველი ფერი, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როდესაც დროებითი თავბრუსხვევა ან სიბრმავე გასდის - წითელია. ამავდროულად, მას ყოველთვის იმაზე ახლოს აღვიქვამთ, ვიდრე რეალურად არის და ასევე ის მარტივად იქცევს ჩვენს ყურადღებას. სწორედ ამიტომ არის წითელი შუქნიშნის ერთ-ერთი ფერი. გარდა ამისა, ის დაკავშირებულია მამაკაცურ პრინციპებთან და ააქტიურებს "ბრძოლისა ან გაქცევის" ინსტიქტს. აზიურ კულტურებში კი, წითელი გართობის, მხიარულების, დღესასწაულის ფერია.

2. ლურჯი - ლურჯი ფერი სტაბილურობასთან, ინტელექტთან, ნდობასა და სიმშვიდესთან ასოცირდება. თუმცა, ასევე ის განასახიერებს დეპრესიას, სიცივეს, ემოციების ნაკლებობას, მარტოობას. მიჩნეულია, რომ პოლიციელებს ლურჯი ფერის ტანისამოსი სწორედ იმიტომ აცვიათ, რომ ის ნდობასა და დაცულობასთან არის დაკავშირებული. თუ თქვენ მშვიდ და სარელაქსაციო გარემოს ეძებთ, ამ გარემოცვაში ლურჯი ფერი აუცილებლად უნდა ერიოს. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება კულტურული განსხვავებები: ირანში ლურჯი გლოვასთან ასოცირდება, ამერიკაში ნდობასა და ლიბერალიზმთან, ხოლო ინგლისში, კანადასა და ევროპაში კონსერვატიზმთან. სხვა კულტურებში კი განსხვავებულ დატვირთვას იძებს, განსაკუთრებით კი რელიგიურ ჭრილში.

3. ყვითელი - ყვითელი ემოციური ფერია. ერთი მხრივ, ის ექსტრავერსიასთან, მეგობრობასთან, კრეატიულობასთნ, ემოციურ სიძლიერესა და დადებით ემოციებთან ასოცირდება. მეორე მხრივ კი, სიმხდალესთან, ტყუილსა და სიხარბესთან. ფსიქოლოგიურად, ყვითელი თავდაჯერებულობას მოიაზრებს. მიჩნეულია, რომ ადამიანი, რომელიც ყვითელ ფერს ანიჭებს უპირატესობას, კომუნიკაბელურია და ამასთანავე, ცხოვრებისეულ გამოწვევებსაც მზადყოფნაში ხვდება. ასევე, კვლევებით დადასტურებულია, რომ ყვითელ ფერს გავლენა აქვს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროზე, სადაც ღრმა აზროვნებისა და შემეცნების პროცესები მიმდინარეობს.

4. მწვანე - მწვანე სიცოცხლის ფერია. სიმბოლურად ის უკავშირდება ჰარმონიას, ბალანსს, სიმშვიდეს. თუ გსურთ ცხოვრება თავიდან დაიწყოთ ან თქვენი გარემო შეცვალოთ, მწვანე ფერი ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ფსიქოლოგიურ თერაპიებში, მწვანე ფერი გამოიყენება გონებისა და სულის დასამშვიდებლად. ის ადუნებს სხეულს და გეხმარებათ თქვენი ემოციური ბალანსის პოვნაში/დაბრუნებაში. თუმცა, ზოგიერთ კულტურაში მწვანე ფერს უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ჩინეთში ის ეჭვიანობასთან, სირცხვილთან ასოცირდება. ჩრდილოეთ ამერიკაში კი, ავადმყოფობასთან, ნარკოტიკულ ნივთიერებებთან, კორუფციასთან. ხოლო დასავლურ კულტურებში მწვანე ომის ფერია.

5. ნარინჯისფერი - ვინაიდან ნარინჯისფერი წითელი და ყვითელი ფერების ნარევია, ის ენერგიულობით გამოირჩევა. ამ ფერს სითბოს, ენთუზიაზმისა და მღელვარების ფერსაც უწოდებენ. თქვენ როგორ გაგრძნობინებთ თავს სტაფილოსფერი? კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ამ ფერის მიმართ უფრო მეტად დადებითად არიან განწყობილნი და მას სიხარულის, ბედნიერებისა და სინათლის ფერს უწოდებენ.

6. შავი - შავ ფერს მრავალი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ფერი სიბძნესთან, მისტიკურობასთან, სიძლიერესთან, ელეგანტურობასთან, პროფესიონალიზმთან ასოცირდება, მას უფრო მეტად ნეგატიური მნიშნელობა აქვს. შავი ფერი სიკვდილთან, სიბოროტესთან, გლოვასთან არის დაკავშირებული. უმრავლეს დასავლურ კულტურებში მას იყენებენ დაკრძალვის ცერემონიალზე. გარდა ამისა, შავი ფერი კრიმინალთანაც არის ასოცირებული. სწორედ ამიტომ კრიმინალურ სამყაროს სხვაგვარად "შავ სამყაროსაც" უწოდებენ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ოთახები, განსაკუთრებით კი საძინებელი ოთახი, არ იყოს შავ ფერში. გარდა იმისა, რომ შავი ფერი ოთახს ვიზუალურად აპატარავებს, არც გუნება-განწყობილებაზე მოქმედებს დადებითად.

7. თეთრი - თეთრი გამოხატავს სისუფთავეს, სინაზეს, ახალგაზრდობას. ადამიანებში ის ასევე ასოცირდება ზამთართან, სიცივესთან, სიფრთხილესთან. გარდა ამისა, აღმოსავლურ კულტურებში თეთრი ფერი სიკვდილთან და გლოვასთანაა დაკავშირებული, ხოლო დასავლურ კულტურებში სიცოცხლესთან, ქორწინებასა და ბედნიერებასთან. ამ ყველაფერთან ერთად, თეთრი ფერი სიწმინდესთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი რელიგიაში.

8. ვარდისფერი - ვარდისფერი წითელი და თეთრი ფერის ნაზავს წარმოადგენს. თუმცა განსხვავებით წითელი ფერისა, რომელიც ადამიანს აფორიაქებს და აღაგზნებს, ვარდისფერი, პირიქით, ამშვიდებს, ადუნებს. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახალშობილ გოგონებს ვარდისფერ ტანისამოსს აცვამენ. ვარდისფერი ფსიქოლოგიურად ძლიერი ფერია. გარდა ამისა, ფერების ფსიქოლოგიაში ვარდისფერი იმედის ფერია და კვლევებით დამტკიცებულიცაა, რომ ის ბადებს შეგრძნებას: "ყველაფერი კარგად იქნება".

0
953
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
953
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0