x
image
ნათია ჯიქურაშვილი
რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

image

როგორ დაიჭიროთ ბავშვი: ხშირად მშობელს ახალშობილის ხელში აყვანა ბევრ უხერხულობას უქმნის. არ არის რეკომენდირებული ბავშვის ცალი ხელით აყვანა. ხელში აყვანისას მიზანშეწონილი არ არის ხელებზე ან ხელ-ფეხზე მოქაჩვა. ბავშვის სახსრები და იოგები ასეთ დატვირთვას ვერ გადაიტანს. აყვანისას ზურგზე მწოლიარე ბავშვს დედამ ორივე ხელი უნდა მოხვიოს, ცერა თითები წინ, და ნარჩენები ზურგზე შემოაჭდოს. მუცელზე წოლის შემთხვევაში დედამ პატარა ასევე უნდა აიყვანოს, ოღონდ ცერა თითები, პირიქით, ზურგისკენ მოაქციოს, საჩვენებელი და შუა თითებით კი ნიკაპი დაუჭიროს. სანამ ბავშვი თავის დაჭერას არ ისწავლის, ვერტიკალურად საყრდენის გარეშე მისი დაჭერა არ შეიძლება. პატარა სახით დედისკენ უნდა იყოს მობრუნებული და მის მკერდზე მიკრული. როცა ბავშვი ცოტათი წამოიზრდება და დამძიმდება, საუკეთესო სავარძელი მისთვის დედის თეძო იქნება. ეს ბავშვსაც არგებს და მშობლის ხერხემალსაც ნაკლები ჯაფა დაადგება.


რა ჩააცვათ: პატარას რაც შეიძლება თავისუფლად უნდა ეცვას. დაბადებიდანვე შეიძლება ბავშვის საცოცავი შარვლით და მსუბუქი კომბინეზონით შემოსვა. პატარისთვის ძალზე მოუხერხებელია შემოჭერილი ტანსაცმელი, რომელიც მოძრაობას ზღუდავს. უპირატესობა ენიჭება ისეთ ტანსაცმელს, რომელსაც ბოლოები გაკერილი არ აქვს. მშობლები ხშირად ბოლოებგაკერილ ტანსაცმელს ირჩევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამგვარი ტანისამოსი ბავშვის სახეს ნაკაწრებისგან იცავს. სინამდვილეში კი სასურველი არ არის ჩვილის თითები შებოჭილი იყოს. ის ხომ მათი საშუალებით დედას ნივთებს ეხება, გარე სამყაროს შეიცნობს.


ახალშობილის კანის მოვლა: ახალშობილის კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. პატარას წყალი ჰაერივით ესაჭიროება, ამიტომაც აუცილებელია მისი რეგულარული ბანაობა. კარგია ახალშობილის ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს, კვების წინ დაბანა. პირველ დღეებში, სანამ პატარას ჭიპი შეუხორცდება სასურველია კალიუმის პერმანგანატის ღია ვარდისფერ ხსნარში დაბანა. ხსნარის მოსამზადებლად კალიუმის პერმანგანატის კრისტალები სუფთა წყლიან ქილაში უნდა გაიხსნას, ისე, რომ სითხე მუქი ყავისფერი გახდეს და მიღებული ხსნარის მცირე ნაწილი აბაზანაში ჩაისხას. წყლის ტემპერატურა სპეციალური თერმომეტრით უნდა გაიზომოს. იგი არ უნდა აღემატებოდეს 36-37 გრადუსს.
პატარა ბავშვს ასეთი თანმიმდევრობით აბანავებენ, ჯერ საპნავენ კისერს, ხელებს, სხეულს. შემდეგ იღლიებს, ფეხებს, საზარდულის ნაკეცებს, ბოლოს თავს, ყურის უკანა ნაკეცებს. ბოლოს კი სახე ანადუღარი თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოს.
აჯობებს თუ ბავშვს ორი ადამიანი დაბანს.


სამკურნალო აბაზანები: ჩვილის კანი კიდევ უფრო ფაფუკი და რბილი ხდება მცენარეული აბაზანების შემდეგ. ზაფხულობით პროფილაქტიკისათვის კარგია ორკბილას აბაზანა. 2 ს/კ ხმელი მცენარე სამკეც დოლბანდში უნდა ჩაყაროთ და 10 წთ უნდა მოათავსოთ აბაზანაში. წყალი ყვითლად შეფერადდება. გაღიზიანებასა და ქავილს აამებს სახამებლისა და საჭმელი სოდის აბაზანები. პირველის მოსამზადებლად ჯერ 3 ს/კ კარტოფილის სახამებელი გახსენით ცივ წყალში, შემდეგ ჩაასხით ცხელწყლიან ვედროში. სოდიანი აბაზანისთვის საჭიროა 1 ს/კ სოდა 1 ვედრო წყალზე.
თუ პატარას კუნთების ტონუსი დაუქვეითდა, რაქიტი აქვს ან ხშირად ცივდება, კარგია ზღვის მარილის აბაზანა. 1 ს/კ ზღვის მარილი 1 ლიტრა წყალზე. ეს პროცედურა პატარას დღის პირველ ნახევარში უნდა ჩაუტარდეს, რის შემდეგ მხნედ და მხიარულად იგრძნობს თავს.

0
73
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0