x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ენა და მეტყველება

imageრა არის ენა? - “ენა ადამიანისა, მისი სიტყვიერება, მთელი ხელთუქმნელი ისტორიაა ერისა ცალკე და კაცობრიობისა საზოგადოდ“ - ამბობს ილია ჭავჭავაძე. თუმცა, უფრო კონკრეტულად, რა დანიშნულებისა და მნიშვნელობის მატარებელია იგი ჩვენთვის? რა ფუნქციებს ასრულებს? ეს ენათმეცნიერების ცენტრალური საკითხებია.


ენა ურთულესი მოვლენაა. იმისთვის, რომ სრულფასოვნად შევისწავლოთ ენა, მკვეთრად უნდა შემოვსაზღვროთ ენათმეცნიერების ობიექტი. იგი განსაკუთრებული, უმნიშვნელოვანესი ფენომენია, რომელიც, პირველ რიგში, პიროვნების, შემდეგ კი საზოგადოების, ერისა და კაცობრიობის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. ე.ი. ენა საზოგადოებრივი მოვლენაა, როგორც ურთიერთობის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება. მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ენის ძირითადი ფუნქცია ექსპრესიული ფუნქციაა (ლათ. Expressio). ე.ი ადამიანები ბგერითი ენის საშუალებით გამოვხატავთ საკუთარ აზრებს. ასევე, ენის უმნიშვნელოვანესი დანიშნულება საკომუნიკაციო ფუნქციაა (ლათ. Communicatio). ენის საშუალებით ჩვენ ყოველდღიურად ვცვლით ინფორმაციას საზოგადოებასთან, ვამყარებთ კომუნიკაციას. საკომუნიკაციო ფუნქციის მნიშვნელობის ნათლად დასანახად საკ­მარისია გავიხსენოთ ბიბლიური თქმულება ბაბილონის გოდოლის შესახებ. ბიბლია მოგვითხრობს, რომ ხალხმა გადაწყვიტა გოდოლის აშენება, რათა ღმერ­თამდე მიეღ­წია. ღმერთმა კი ამ განზრახვის გასანადგურებლად მშენებლებს ენა აურია. ძველმა ხალხმა ერთმანეთს ვეღარ გაუგო და შენების საქმე ჩაიშალა. ამ თქმულებაში ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობის დასამყარებლად ენა აუცილებელია.


მესამე მნიშვნელოვანი ფუნქცია ენის საარტიკულაციო ფუნქციაა (ლათ. Articulatio). ენის ამ ფუნქციის განხილვისას საჭიროა გავეცნოთ ვილჰემ ფონ ჰუმბოლდტისა და ფერდინანდ დე სოსიურის მოძღვრებებს, ვინაიდან ეს არის ის ფუნქცია, რომელიც არსებითად განასხვავებს ერთმანეთისგან ბგერით და არაბგერით ენებს.


ენაზე საუბრისას აუცილებელია ვახსენოთ მეტყველებაც. ენათმეცნიერებაში (ლინ–გვისტიკაში) განასხვავებენ ენასა (ფრანგ. Langue) და მეტყველებას (ფრანგ.Parole). ამ განსხვავებს შემოტანა დაკავშირებულია ცნობილი ფრანგი ენათმეცნიერის ფერდი­ნანდ
დე სოსიურის სახელთან. ენისა და მეტყველების გამიჯვნას დიქოტომია ეწოდება (ბერძ. Dichotomia).


მეტყველება ენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენაა. იგი ენის რეალიზაციაა. შეიძლება ითქვას, რომ მეტყველების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა განყენებული აზროვნება, რომლის წყალობითაც არსებობს ფილოსოფია, მეცნიერება და მეცნიერებასთან
დაკავშირებული დღევანდელი ტექნიკა: “ვისაც მხოლოდ ენის შემწეობით შეუძლია აზროვნება, მას არასდროს გამოუცდია - რას ნიშნავს განყენებული და ნამდვილი აზროვნება“.


ზოგიერთი ადამიანი ენასა და მეტყველებას ერთმანეთთან აიგივებს, ზოგისთვის კი ენასა და მეტყველებას შორის კავშირი არ არსებობს. რა თქმა უნდა, არც ერთი პოზიციია სწორი და არც მეორე. იმისთვის, რომ სწორად გავერკვეთ ენისა და მეტყველების ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, საჭიროა განვიხილოთ ორივე მათგანი.


გარკვეულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს მეტყველების უნარი აქვთ, რომლის გამოვლენას, ფუნქციონირებას ენა უზრუნველყოფს. მეტყველება კი ენის რეალიზაციაა. ქართველი ენათმეცნიერის გ. ნებიერიძის წიგნში ვკითხულობთ: “ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს, ხოლო მეტყველება - ინდივიდუალურს“. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ენა ბატონობს ინდივიდზე, ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ იგი. ანუ, ენა იმპერატიულია (ლათ. Imperativus). მეტყველებაში კი პირიქით ხდება – იგი ინდივიდის ფუნქციაა, ინდივიდის მიერ იქმნება. ესაა ზეპირი ტექსტი, რომლის შექმნაც ჩვენზე, მოსაუბრეებზეა დამოკიდებული. უფრო ნათელი რომ გახადონ განსხვავება ენასა და მეტყველებას შორის, ენას ჭადრაკის თამაშთან ადარებენ: “ჭადრაკი, როგორც ცნობილია,
შედგება გარკვეული ფიგურებისა და წესებისგან (თუ როგორ სვლას ასრულებს ესა თუ ის ფიგურა). ვუწოდოთ ფიგურებისა და წესების ერთობლიობას ჭადრაკის გრამატიკა. ჭადრაკის გრამატიკა
სოციალურია, მოჭადრაკეს (ინდივიდს) არა აქვს მასში რაიმე ცვლილების შეტანის უფლება. ამიტომ ჭადრაკის გრამატიკის მიმართება მოჭადრაკესთან იმპერატიულია. მაგრამ მოჭადრაკეს
აქვს უფლება შექმნას პარტია, ე.ი ისე წარმართოს თამაში, ისეთი კომბინაციები შექმნას დაფაზე, რომ გამარჯვებას მიაღწიოს. როგორც ვხედავთ, ჭადრაკის გრამატიკა, მართალია, სოციალურია (ზეინდივიდუალური), მაგრამ დაფაზე გათამაშებული ყოველი პარტია ინდივიდუალურია. იგი (პარტია) მთლიანად დამოკიდებულია ინდივიდის საჭადრაკო ნიჭსა, გამოცდილებაზე და
ა.შ.“


გარდა ამისა, ენა სასრული სისტემაა. როგორი დიდიც არ უნდა იყოს ენაში სიტყვათა რაოდენობა, მათი ჩამოთვლა შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ფონემებზე, გრამატიკულ, ლექსიკურ მორფემებზე. მეტყველება, პირიქით, უსასრულობაა. ერთი და იმავე ენაზე შეიძლება შეიქმნას ტექსტების უსასრულო რაოდენობა. ენის არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ მეტყველება გასაგები და საკომუნიკაციოდ გამოსადეგი იყოს. ასევე, მეტყველება ენის ჩამოყალიბების, ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა: “ცნებას
ვერ დავაკავშირებთ აკუსტიკურ ხატთან(მაგალითად, სიტყვასთან), თუ ეს კავშირი წინასწარ არ გამოვლინდა სამეტყველო აქტში. ამდენად, ენა მეტყველების საფუძველიც არის და მისი პროდუქტიც.“


ენის, როგორც სისტემის დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი არ გვეძლევა უშუალო დაკვირვებაში. იგი გვეძლევა სიტყვების, აზრების, ფიქრების, წინადადებების ანუ ტექსტების სახით. ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზაციასაც ახდენს მეტყველება. როგორი დიდიც არ უნდა იყოს სიტყვათა რაოდენობა ენაში, მათი ჩამოთვლა მაინც შეუძლებელი იქნება: “ვეფხისტყაოსანი“ საკმაოდ დიდი ტექსტია, მაგრამ ამის მიხედვით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მე-12 საუკუნის ქართულში არსებობ–და ისეთი სიტყვები, როგორიცაა:
მღვდელი, მონაზონი, ეპისკოპოსი და სხვა. ეს სიტყვები “ვეფხისტყაოსანში“ ნახსენები არაა. ენის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ტექსტების მეტად დიდი კორპუსი“.


სხვადასხვა ნარკვევებიდან თუ წიგნებიდან გამომდინარე, რომლებიც ენათმეცნიერებას ეხება, ვხედავთ, რომ ენისა და მეტყველების არც ერთმანეთთან გაიგივება და არც აბსოლუტური გამიჯვნა შეიძლება. მრავალი წელია მიდის დავა იმის შესახებ, რომ აუცილებელია გაიმიჯნოს ენისა და მეტყველების საკვლევი სფეროები. ამ საკითხზე ენათმეცნიერები განსხვავებულად ფიქრობენ და ვერ თანხმდებიან. ქართველი ენათმეცნიერი გიორგი ახვლედიანი წერს: “ენა და მეტყველება სხვადასხვა ცნებებია და ერთმანეთს არ უდრიან, მაგრამ ეს
იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სხვადასხვა ობიექტებია, რომლებიც სხვადასხვა მეცნიერულ თვალსაზრისს მოითხოვენ. ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ენისა და მეტყველების შესახებ სხვადასხვა მეცნიერება უნდა არსებობდეს. მეცნიერებას ენის შესახებ უწოდებენ ენის ლინგვისტიკას, ხოლო მეცნიერებას მეტყველების შესახებ-მეტყველების ლინგვისტიკას. მაგრამ ასეთი დაყოფა არ არის სწორი“. გიორგი ახვლედიანის აზრით, მეტყველების ლინგვისტიკას არ აქვს თავისი
ობიექტი და, შეიძლება ითქვას, არც არსებობს. მეცნიერება შეიძლება არსებობდეს ენის შესახებ და აქედან გამომდინარე, არსებობს მხოლოდ ენის ლინგვისტიკა. თუმცა, რამდენადაც ენა არ გვეძლევა უშუალო დაკვირვებაში, მისი უშუალო კვლევაც არ შეიძლება. ენის
კვლევა შესაძლე–ბელია მეტყველებაზე დაყრდნობით. ენათმეცნიერება იკვლევს არა მეტყველებას, არამედ ენას, მაგრამ იმის გამო, რომ ენაზე
უშუალო დაკვირვება შეუძლებელია, მეტყველება ეხმარებათ მეცნიერებეს, რათა დაადგინონ მოცემული ენის სისტემა.


ამრიგად, ენასა და მეტყველებას შორის განსხვავება შეიძლება წარმოვადგინოთ სამი ძირითადი პარამეტრის მიხედვით: 1. ენა სოციალურია, მეტყველება - ინდივიდუ–ალური; 2. ენა სასრული სისტემაა, ხოლო მეტყველება - უსასრულო; 3. მეტყველება ყოველთვის უშუალო დაკვირვების ობიექტია, მაშინ, როცა ენა უშუალო დაკვირვებაში არ გვეძლევა. ისეთ მოვლენებს, რომლებიც უშუალო დაკვირვებაში არ გვეძლევა შავ ყუთს უწოდებენ.მასში განასხვავებენ შესავალს, თავად შავ ყუთს და გამოსავალს. შავ ყუთში მიმდინარე პროცესების შესახებ შეიძება ვიმსჯელოთ გამოსავალში
მიღებული შედეგის მიხედვით: “კომუნიკაციის პროცესი განიხილება, როგორც კიბერნეტიკული მანქანა, რომელიც შესავალზე ღებულობს ფსიქიკურ და ფიზიკურ ინფორმაციას წარმოდგენებისა და დაუნაწევრებელი ბგერების სახით, შავ ყუთში ეს ინფორმაცია გარდაიქმნება ლინგვისტურ ინფორმაციად, ე.ი ცნებებად და ფონემებად. გამოსავალზე კი გვეძლევა მეტყველება სიტყვების,
ფრაზების, წინადადებების სახით.“


მიუხედავად ამდენი განსხვავებისა, ენასა და მეტყველებას
შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, ისინი ერთმანეთს განაპირობებენ. პროცესს, რომელიც გულისხმობს ენის, როგორც სისტემის სამეტყველო აქტებში, მეტყველებაში რეალიზაციას, ენობრივი ატივობა ეწოდება.








გამოყენებული ლიტერატურა:


1. თ. გამყრელიძე, ზ. კიკაძე, ი. შადური, ნ. შენგელაია -
“თეორიული ენათმეცნიერებ-ის კურსი“, თბილისი, 2003.


2. “ენათმეცნიერების შესავლის საკითხები“, გ. ახვლედიანის
რედაქციით, თბილისი, 1972.

3. გ. ნებიერიძე -, “ენათმეცნიერების შესავალი“, თბილისი,
2003.

4. არნ. ჩიქობავა - “ენათმეცნიერების შესავალი“, თბილისი,
2008.

1
1936
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა მიხანაშვილი
ნანა მიხანაშვილი
1936
  
2017, 16 ნოემბერი, 23:56
ძალიან კარგი და საინტერესო სტატიაა❤
0 1 1