x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
დრომომანია
image დრომომანია ფსიქიკური აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება ძლიერი მიდრეკილება, დატოვოს სახლი. ეს სრულიად განსხვავდება უბრალო მოგზაურის სურვილისგან, მოინახულოს ახალი მხარეები. ესაა ადამიანის ავადმყოფური იმპულსური მოთხოვნილება, მიატოვოს შეჩვეული სამყარო და წავიდეს იქ, “სადაც ფეხები მიიყვანს".

თავდაპირველად სახლიდან წასვლის დაუოკებელი სწრაფვა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა ტრავმამ ან სტრესმა, თუმცა უკვე კარგად განვითარებული პათოლოგიის შემთხვევაში წასვლის მიზეზი შეიძლება სრულიად უმნიშვნელო იყოს.

როგორ ამოვიცნოთ ეს პათოლოგია? დრომომანია შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც ჰაერზე გასეირნების, ან სათევზაოდ წასვლის უწყინარი სურვილი. თუმცა მის ამოსაცნობად არსებობს რამდენიმე სიმპტომი:

იმპულსიურობა-ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დაისვენოს, სრულიად მოულოდნელად. მან შეიძლება ადვილად დაივიწყოს ახლო მომავლის გეგმები, შეწყვიტოს დაწყებული საქმე, უბრალოდ ჩაიცვას და წავიდეს.


დეტალებისადმი გულგრილობა-მოგზაურობისადმი აბსოლუტური მოუმზადებელი ადამიანი შიმშილობს, იყინება, გზა ებნევა... ამგვარი სინდრომის მქონე ადამიანები წინასწარ არ გეგმავენ გამგზავრებას, შესაბამისად თან არ მიაქვთ თბილი ტანსაცმელი, საკვები, რუკა და სხვა აუცილებელი ნივთები.

უპასუხისმგებლობა-ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა მოგზაურობა, სრულიად არ წუხს მიტოვებულ სამუშაოზე, დაუსრულებელ პროექტზე, საკუთარ ოჯახზე. ის არავის აფრთხილებს გამგზავრების შესახებ, რადგან ამ გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი თავისგან მოულოდნელად.

“დრომომანია" ბერძნული სიტყვაა და გაქცევის მანიას ნიშნავს. ადამიანი განიცდის მწვავე აუცილებლობას, რომ მიატოვოს ის სივრცე, რომელიც გარკვეული მიზეზებით, იწვევს ემოციურ ზეწოლას. ის აღწერს საკუთარ მდგომარეობას, როგორც ძლიერ შფოთვას, რომელიც ნელ-ნელა ქრება გამგზავრების პროცესში. როდესაც ეს განცდა გადაივლის, ადამიანი ბრუნდება სახლში და აცნობიერებს თავისი იმპულსური საქციელის არანორმალურობას.

ამ სინდრომის უფრო რთული ფორმა, რომელსაც აღწერს ფრანგული ტერმინი “ვაგაბონდაჟი", ითარგმნება, როგორც ხეტიალი.

ამ დროს ადამიანი უბრალოდ მიდის პირდაპირ, სანამ ყოფნის ძალა და ჯანმრთელობა. მისთვის მნიშვნელოვანია არა დანიშნულების ადგილი, არამედ გაქცევის პროცესი.

დრომომანიას აქვს საკუთარი განვითარების ეტაპები:

1. პირველი შეტევა, რომლის დროსაც ადამიანი მირბის სახლიდან, ჩვეულებრივ ითვლება, როგორც პასუხი ძლიერ სტრესზე, ოჯახში კონფლიქტზე ან პირადი ინტერესების შევიწროებაზე. ამ დროს ადამიანი მალე მოდის გონს და ბრუნდება სახლში.

2. მეორე ეტაპზე, ვაგაბონდაჟი ხდება ჩვეულებრივი პასუხი სახლში ან სამუშაოზე არსებულ პრობლემებზე. იგი დროში იწელება და იწვევს ღრმა დეპრესიას.

3. მესამე ეტაპზე დრომომანია იღებს კლინიკურ ხასიათს, რომლის დროსაც ადამიანისთვის ძალიან რთულია, წინააღმდეგობა გაუწიოს თავის პათოლოგიურ მისწრაფებას. ის პრაქტიკულად, ვერ აკონტროლებს თავის ქმედებას.

ამგვარად, მკურნალობის დაწყება აუცილებელია ჯერ კიდევ აშლილობის განვითარების საწყის ეტაპზე, კვალიფიცირებული ფსიქოლოგის დახმარებით.

პროფილაქტიკის მიზნით, სპეციალისტები გვირჩევენ, დროდადრო ახლობლებთან განვიხილოთ ის, რაც შინაგანად გვაწუხებს, და ერთად ვეძიოთ კომპრომისი.

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0