x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ჯგუფური გადაწყვეტილების მიღება

ჯგუფური გადაწყვეტილების მიღება
ფსიქოლოგები და მკვლევრები ცდილობენ იმ ფაქტორების დადგენას, რომლებიც გავლენას ახდენენ ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ტიპის გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, როდესაც ჯგუფში განიხილება, თუ რა აზრის არიან ჯგუფის წევრები ამა თუ იმ საკითხზე _ რა ფერის ყდა შეურჩიონ ახალ წიგნს, ლურჯი თუ მწვანე? ამ შემთხვევაში ობიექტურად სწორი აზრი არ არსებობს. სიტუაციებში, როდესაც ნაცნობ საკითხს განიხილავენ, ალტერნატივების რაოდენობა შეზღუდულია და არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხი, უპირატესობა უმრავლესობას ენიჭება. ამ ტიპის გადაწყვეტილებებში, ჯგუფი საბოლოოდ იმ პოზიციას იკავებს, რომელსაც ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს, მაშინაც კი როდესაც უმრავლესობა მხოლოდ ოდნავ მეტია ჯგუფის დანარჩენ ნაწილზე. როდესაც ჯგუფური დისკუსიის საგანი არა საკუთარი აზრი, არამედ ფაქტების განხილვაა, სადაც ერთი პასუხი სწორია, მეორე კი _ არასწორი, ჯგუფი ირჩევს ე.წ. ჭეშმარიტი პასუხის წესს. ინფრომაციისა და არგუმენტების განხილვის შემდეგ, ჯგუფის წევრები გარკვეული პოზიციის ჭეშმარიტებაში, სისწორეში რწმუნდებიან, მაშინაც კი, თუ თავიდან ის მხოლოდ უმცირესობის აზრს წარმოადგენს. ამ სფეროში ჩატარებული კვლევების მიხედვით, თუ თავიდანვე ცნობილია ჯგუფის წევრების მოსაზრებები და ის, თუ რა ტიპის საკითხი იქნება განსახილველი, მკვლევრებს ხშირად შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ ჯგუფის გადაწყვეტილება. ჯგუფის ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების წესები. მკაცრი წესების შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად, ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ჩვეულებრივ უფრო ხანგრძლივი დისკუსიაა საჭირო, ვიდრე ნაკლებად მკაცრი წესების შემთხვევაში. ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე მისვლა უფრო რთულია, ხშირად კომპრომისებზე წასვლას გულისხმობს, ხანდახან კი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საერთოდ ვერ ხერხდება. თუმცა, როდესაც ჯგუფი ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღებას ახერხებს, ჯგუფის წევრები მიღწეული შედეგით უფრო კმაყოფილები არიან, ვიდრე მაშინ, როდესაც უმცირესობა არ ეთანხმება ჯგუფურ გადაწყვეტილებას.

სამწუხაროდ, ჯგუფი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებამდე ვერ მიდის. სოციალურ ფსიქოლოგიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ჯგუფი ვერ იცავს თავს გარკვეული სოციალური ზეწოლისაგან, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს გადაწყვეტილების მიღებაზე. სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჯგუფური გადაწყვეტილების მიღებაზე არის: ინფორმაციის არასწორად გამოყენება, ჯგუფის პოლარიზაცია და ჯგუფური აზროვნება.

გარკვეული თემის განხილვისას ჯგუფის წევრებს საკითხის შესახებ ხშირად განსხვავებული ინფორმაცია და სხვადასხვა პოზიცია აქვთ. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჯგუფი უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებს, ვიდრე ინდივიდი, იმაში მდგომარეობს, რომ ჯგუფს შეუძლია გააერთიანოს კოლექტიური ინფორმაცია და უფრო გააზრებულ ჯგუფურ გადაწყვეტილებამდე მივიდეს.
ზოგჯერ თითქოსდა აზრიანი და რაციონალური ჯგუფი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელსაც მომავალში მწარედ ნანობს. ირვინ ჯენისი
მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა შეიძლება ე.წ. ჯგუფური აზროვნების შედეგი იყოს. ჯგუფური აზროვნება დამახასიათებელია ზედმატად ოპტიმუსტურად განწყობილი ჯგუფებისათვის და ჯგუფებისათვის, რომლებიც თავს დაცულად გრძნობენ. ჯგუფი ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჯგუფის წევრებს არ აძლევს ეჭვის გამოთქმის საშუალებას. ჯგუფის წევრები ისხლეტენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მათ გადაწყვეტილებას არყევს. ამრიგად, ჯგუფს ჰგონია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ერთსულოვანია, მაშინ, როდესაც ბევრი გამოუთქმელი განსხვავებული აზრი არსებობს. იმის გამო, რომ გადაწყვეტულებაში არ არის ასახული როგორც ჯგუფის შიგნით, ისე გარეთ არსებული განსხვავებული აზრები, ჯგუფის მიერ მირებული გადაწყვეტილებები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს.
ჯანისი (1982) ჯგუფური აზროვნების რამდენიმე შესაძლო მიზეზს ან წინაპირობას ასახელებს. მისი აზრით, ჯგუფური აზროვნება ყველაზე ხშირად თავის იჩენს დიდი შეჭიდულობის მქონე ჯგუფებში, რომლებიც არ იღებენ განსხვავებულ აზრებს და ძალიან ძლიერი, აქტიური ლიდერი ჰყავთ. ეს ლიდერები ჯგუფს პრობლემის გარკვეულ გადაწყვეტას სთავაზობენ და მტკიცედ იცავენ ამ პოზიციას. ჯგუფის წევრები განსხვავებულ შეხედულებებს არ გამოთქვამენ და ალტერნატიულ ვარიანტებს არ სთავაზობენ. შესაძლოა მათ ეშინიათ უარყოფის და არ უნდათ, რომ საკუთარი ეჭვების გამოთქმით შეასუსტონ ჯგუფის შემართება. ჯანისი გვთავაზობს ჯგუფური აზროვნების შემცირებისა და ჯგუფური გადაწყვეტილების ეფექტურობის გაზრდის გზებს:
1. ჯგუფის ლიდერმა უნდა წაახალისოს თითოეული წევრი, შემოთავაზებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ღიად გამოთქვან საპირისპირო აზრი და ეჭვი. იმისათვის, რომ ეს გზა ეფექტური აღმოჩნდეს, ლიდერი მზად უნდა იყოს, მიიღოს საკუთარი პოზიციის კრიტიკა.
2. ლიდერი თავიდანვე არ უნდა ჩაერთოს დისკუსიაში, საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები მხოლოდ ჯგუფის წევრების შემდეგ უნდა გამოთქვას.
3. ჯგუფი უნდა დაიყოს ქვე-ჯგუფებად, რათა რამდენიმე ჯგუფმა დამოუკიდებლად განიხილოს პრობლემა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოკვეთონ განსხვავებები.
4. ზოგჯერ ჯგუფურ დისკუსიაში სასურველია გარეშე ექსპერტების ჩართვა და მათგან ჯგუფის წევრების მოსაზრებების კრიტიკის მოსმენა.
5. თითოეულ შეხვედრაზე მინიმუმ ერთ ადამიანს უნდა ევალებოდეს “შარიანი მოკამათის” როლის შესრულება, ჯგუფური დისკუსიის წახალისების მიზნით.
ეს მეთოდები ემსახურება იმას, რომ ჯგუფმა რაც შეიძლება მეტი შესაძლო ვარიანტი განიხილოს, თავი აარიდოს კონსენსუსის ილუზიას და ყურადღება მიაქციოს ყველა რელევანტურ ინფორმაციას.



0
272
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ნიჟარაძე
მარიამ ნიჟარაძე
272