x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მიჯაჭვულობა ბავშვებში და მოზრდილებში

მიჯაჭვულობა
ტერმინი მიჯაჭვულობა მოდის ე.წ. მიჯაჭვულობის ფსიქოლოგიიდან, რომელიც გასული საუკუნის შუა პერიოდში შეიმუშავეს ჯ. ბოულბიმ და მ. ეინსვორტმა.
ჩვილები ემოციურად იმ ადამიანებს „ეჯაჭვებიან“, ვინც მათთან ხშირად ურთიერთობს და მათდამი მეტ სითბოს იჩენს. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, არიან დედა და მამა, თუმცა ამ როლში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი, ვისთანაც ჩვილს რეგულარული აქვს კონტაქტი.
ბავშვებს უყალიბდებათ მომვლელთან ძლიერი ემოციური კავშირი, რაც იმას ნიშნავს რომ სხვა ადამიანი (მომვლელი) მისთვის მნიშვნელოვანია, როგორც უნიკალური და შეუცვლელი პიროვნება. მიჯაჭვულობა ემოციური კავშირის ქვესახეობაა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა.
როცა თქვენ ვინმესთან ხართ მიჯაჭვული, მის გვერდით თავს დაცულად და კონფორტულად გრძნობთ.
მოზრდილის მიმართ მიჯაჭვულობის გრძნობის გარეშე ბავშვი სრულფასოვნად ვერ ვითარდება.
ბავშვის მიჯაჭვულობის ოთხი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არსებობს (Collins & Feeney, 2004). პირველი არის სიახლოვის შენარჩუნება. ბავშვი თავისი მიჯაჭვულობის ობიექტთან ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად ახლოს ყოფნას ცდილობს. მეორე არის განშორების/განცალკევების ტკივილი. ბავშვი განიცდის შიშსა და სტრესს მიჯაჭვულობის ობიექტისაგან არასასურველი ან ხანგრძლივი განშორების გამო. მესამე - მიჯაჭვულობის ობიექტი უსაფრთხო თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. სტრესის დროს, როდესაც ბავშვი უცნობ ვითარებაში აღმოჩნდება და შეშინებულია, მიჯაჭვულობის ობიექტი ნუგეშისა და უსაფრთხოების წყაროს წარმოადგენს. მეოთხე - მიჯაჭვულობის ობიექტი საიმედო საფუძველს უქმნის ბავშვს, დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა შესაძლებლობას აძლევს მას, რომ უკეთ შეიმეცნონ სოციალური და ფიზიკური გარემო.

ყველა ბავშვს უჩნდება მიჯაჭვულობა პირველი მომვლელის მიმართ. თუმცა, ჩვილ ბავშვსა და მშობელს შორის ამ „სიახლოვის” ხასიათი შეიძლება იცვლებოდეს. მერი ეინსუორტმა და მისმა თანამშრომლებმა (Ainsworth, 1978) გამოყვეს მიჯაჭვულობის სამი ძირითადი სტილი, რომელიც ჩვილსა და მშობლებს შორის არსებობს:

1. უსაფრთხო/მყარი მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი ყოველთვის ადვილად ხელმისაწვდომია და ბავშვის საჭიროებების მიმართ ყურადღებას გამოხატავს. ასეთი ბავშვი, როგორც წესი, თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს.

2. თავის არიდების მიჯაჭვულობა ჩნდება, როდესაც მშობელი ბავშვისადმი, ჩვეულებრივ, უყურადღებო და გულგრილია ან თავიდან იშორებს მას. ბავშვმა შეიძლება თავიდან „გააპროტესტოს“ ამგვარი უყურადღებობა, მაგრამ საბოლოოდ „წყდება“ თავის მეურვეს. ასეთი ბავშვები საკუთარ თავში თრგუნავენ სურვილებსა და უსუსურობის გრძნობებს და, საკმაოდ ადრე, უყალიბდებათ განცდა იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.

3. ამბივალენტური მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როდესაც მომვლელი გამოხატავს შფოთვას და არათანმიმდევრულად რეაგირებს ბავშვის საჭიროებებზე. იგი შეიძლება ზოგჯერ ადვილად ხელმისაწვდომი და ყურადღებიანი იყოს, ზოგჯერ კი - მიუწვდომელი ან მომაბეზრებლად „ყურადღებიანი“. ასეთი ბავშვი შეიძლება საფრთხეების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე გახდეს და ხშირად განიცდიდეს შფოთს ან ბრაზს.

ჩვენ შეიძლება განვიხილოთ ბავშვის მიჯაჭვულობის სტილი, როგორც პასუხი კითხვაზე: „შემიძლია თუ არა, საჭიროების შემთხვევაში, მშობლების იმედი ვიქონიო?“. უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ბავშვისთვის, პასუხი ამ შეკითხვაზე იქნება „დიახ“; თავის არიდების მიჯაჭვულობის სტილის ბავშვისთვის ეს პასუხი იქნება „არა“, ხოლო ამბივალენტური ბავშვისათვის - „შესაძლოა“.

მიჯაჭვულობა გვხვდება არამარტო ბავშვებთან არამედ მოზრდილებთანაც.
მოზრდილს შეიძლება მიჯაჭვულობა ჰქონდეს პარტნიორთან ან მეგობართან.
როგორც კვლევებმა აჩვენეს, მიჯაჭვულობის ტიპი გავლენას ახდენს ურთიერთობაზე სხვა ადამიანებთან, თვითშეფასებაზე, პარტნიორის შერჩევაზე, სასიყვარულო ურთიერთობების სტაბილობაზე, დეპრესიის განვითარებაზე, ცხოვრებისეული კრიზისების დაძლევაზე, სამუშაოზე.

სანდო მიჯაჭვულობის ტიპის მქონე ადამიანები განიცდიან ბედნიერებას, ენდობიან სხვა ადამიანებს, თავის საქმიანობაში თავს გრძნობენ თავდაჯერებულად, ნაკლებად ეშინიათ შეცდომის დაშვების, არ უშვებენ, რომ პირადმა ურთიერთობებმა ხელი შეუშალოს მათ მუშაობაში.

განრიდებული მიჯაჭვულობის ტიპის ადამიანებს აქვთ ახლო ურთიერთობების შიში, ემოციური აღმაფრენა და ვარდნა, ახასიათებთ ეჭვიანობა. ისინი სამუშაოს იყენებენ იმისთვის, რომ გაექცნენ სოციალურ ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება კარგი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდეთ, ხშირად უკმაყოფილონი არიან სამუშაოთი.

ამბივალენტური მიჯაჭვულობის ტიპის ადამიანებს ახასიათებთ ემოციური უკიდურესობები, აკვიატებული სიყვარული, ეჭვიანობა. ისინი დამოკიდებულნი არიან შექებაზე, ეშინიათ იგნორირების, უშვებენ სიტუაციებს, როდესაც პირადი ურთიერთობები და სამუშაო ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის.

არასანდო მიჯაჭვულობის (განრიდებული და ამბივალენტური) ტიპის მქონე ადამიანები, უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში, ხანგრძლივ თერაპიულ დახმარებას საჭიროებენ.

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ნიჟარაძე
მარიამ ნიჟარაძე
103