x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, ადვილად უმკლავდებიან ტვინის ტრამვასაც კი“

image

წიგნების კითხვას რომ მრავალი დადებითი მხარე აქვს, აღარავინ დავობს. ზოგადად, კითხვა დამატებითი ცოდნის მიღებისა და წარმოსახვის გავარჯიშების საუკეთესო გზაა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ის ამცირებს სტრესის დონეს, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციისა და ფოკუსირების უნარს. უშუალოდ წიგნის კითხვის პროცესი კი დროის სასიამოვნოდ გატარების საუკეთესო საშუალებაა. წიგნი მკითხველს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ სხვადსახვა ეპოქასა და სამყაროში იმოგზაუროს.

როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქართველები დიდ დროს უთმობენ წიგნებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით დატვირთულები კი ზაფხულის პერიოდში არიან.

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, პროფესიონალური ფოტოგრაფიის გარდა, საზოგადოებისთვის წიგნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითაც ცნობილია. პარალელურად კი, აქტიურად ცდილობს კითხვა და წიგნი უფრო პოპულარული გახადოს საზოგადოების ფართო ფენებში. როგორც გოგა ამბობს, კითხვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოების ჩამოყალიბებაში, ადამიანთა განვითარებაში და არც მეტი, არც ნაკლები, მას მნიშვნელოვანი სამედიცინო ეფექტიც კი გააჩნია.

„რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები? იმიტომ რომ შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ოჯახები, რათა გავიაზროთ, რომ მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია იყოს წარმატებული. სამედიცინო თვალსაზრისითაც აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, უფრო ადვილად უმკლავდებიან ტვინის ტრამავას, ვიდრე ისინი, ვინც არ კითხულობს, “ - ამბობს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

როგორც ის აღნიშნავს, წიგნის კითხვისთვის საუკეთესო დრო სწორედ ზაფხულია. რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანთა უმრავლესობას საშუალება ეძლევა, მთელი წლის განმავლობაში არსებული რუტინისგან დროებით მაინც გათავისუფლდეს, დაისვენოს და მშვიდად იმოგზაუროს წიგნების მრავალფეროვან სამყაროში. თავად გოგა ჩანადირი ამ ზაფხულს 20-მდე წიგნის წაკითხვას გეგმავს.


მკითხველს კი ზაფხულის ცხელი დღეების საინტერესოდ გასატარებლად 3 წიგნი ურჩია. გოგა ჩანადირი გვირჩევს დასვენების დღეები დავუთმოთ დენიელ ქუინის ბესტსელერ წიგნს „ისმაელს“, სვეტლანა ალექსიევიჩის „ჩერნობილის ლოცვას“ და მარიო ვარგას ლიოსას ცნობილ რომანს „ვაცის ნადიმს“.

წიგნებით დატვირთული ზაფხული აქვს დაგეგმილი მწერალ გიორგი კეკელიძესაც.

„მგონია, რომ ზაფხული სწორედ წიგნების დროა და მოვუწოდებ ყველას, რომ ეს საკრალური აქტი - ზაფხულში ჩრდილში წიგნების კითხვა აუცილებლად გამოსცადოს. მერწმუნეთ, ეს არის ერთ-ერთი საინტერესო და ამავდროულად, ძალიან სასარგებლო გამოცდილება ცხოვრებაში, “- ამბობს გიორგი კეკელიძე და ზაფხულში წასაკითხად შერჩეულ 3 წიგნსაც გვიზიარებს.

გიორგის რჩევით, ზაფხულის თავისუფალ დროს ნამდვილად ღირებულად გავატარებთ, თუ ფრედერიკ ბაკმანის ქართულად ახლადგამოცემულ ბესტსელერს „კაცი სახელად უვეს“, ნობელის პრემიაზე წარდგენილ ტონი მორისონის „ყველაზე ცისფერ თვალსა“ და ქართველი მწერლის დათო გაბუნიას წიგნს „დაშლას” წავიკითხავთ.

0
134
7-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0