x
დონალდ სიუპერის კარიერული განვითარების თეორია

კარიერასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მრავალი თეორიაა შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე მიღებული და აღიარებული თეორიაა დონალდ სიუპერის კარიერული და ცხოვრებისეული განვითარების თეორია.
მანამდე მრავალი თეორიტიკოსი კარიერულ გადაწყვეტილებაში უმთავრესად ადამიანის პიროვნულ ნიშნებს მიიჩნევდნენ. სიუპერმა შემოგვთავაზა რომ კარიერული წარმატება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კარგად იცნობს ის საკუთარ თავს, რამდენად შეუძლია მას თავისი `"მე-კონცეფციის" იდენტიფიცირება და პროფესიის არჩევის პროცესში მისი აქტიურად გამოყენება.
სიუპერის მიხედვით, პროფესიული კონცეფცია" პიროვნული თვისებების, ინტერესების, გამოცდილების, უნარებისა და ღირებულებების ურთიერთქმედებისა და ამ მახასიათბლების სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოყენების შედეგს წარმოადგენს.
სიუპერი ხშირად ამბობდა, რომ მისი შეხედულება არის „სეგმენტებად დაყოფილი“ თეორია, რომელიც რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული ჰიპოთეზისგან შედგება, რომელთაგანაც მას ინტეგრირებული თეორიის მიღების იმედი ჰქონდა.
მისი ჰიპოთეზებია:

1.ადამიანები განსხვავდებიან შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლების, მოთხოვნილებების, ღირებულებების, ინტერესების, თვისებებისა და მე-კონცეფციის მიხედვით_ამაში სიუპერი გულისხმობს რომ თითოეულ ინდივიდს აქვს საკუთარი, ინდივიდუალური თვისებები და მახასიათებლები. ამასთანავე, სხვადასხვა სფეროში თითოეული პიროვნება შედარებით სუსტი და შეუსაბამო ან ძლიერია.
2.ადამიანს, ამ მახასიათებლების გამო, აქვს მრავალი პროფესიით მუშაობის კვალიფიკაცია_შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლების და სხვა თვისებების რაოდენობა იმდენად ფართოა, რომ ყველა ადამიანს აქვს მრავალ პროფესიაში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.
3.თითოეული პროფესია მოითხოვს გარკვეული პიროვნული თვისებებისა და შესაძლებლობებს პატერნს, თუმცა, თითოეულ ინდივიდს აქვს შესაძლებლობა განიხილოს მრავალი პროფესია, აგრეთვე თითოეულ სამუშაოს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ინდივიდებისგან მიიღოს საქმიანობის შესრულების სასურველი შედეგი_კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო თითოეული შესაძლებლობისა და თვისებისთვის შესაძლოა ვიპოვოთ მოდალური რაოდენობა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება სამუშაოს ბუნებას.
4.პროფესიული სურვილები და კომპეტენციები, სიტუაციები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ და მათი მე-კონცეფიცები დროთა განმავლობაში გამოცდილების დაგროვებასთან ერთად იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ მე-კონცეფცია, როგორც სოციალური დასწავლის შედეგი, გვიანი ახალგაზრდობიდან გვიან მომწიფებულობამდე საკმაოდ სტაბილურია, რაც არჩევანის გარკვეულ განგრძობადობასა და შესაბამისობას გვაძლევს_რადგან ინდივიდებს შეუძლიათ გავარჯიშდნენ გარკვეულ უნარებსა და კომპეტენციებში, მათი უფრო მაღალ დონეზე განვითარება შესაძლებელია.
5.ცვლილების ეს პროცესი შეიძლება ცხოვრებისეული სტადიების (“maxicycle”) სახით შეჯამდეს. ეს სტადიებია: ზრდა, ძიება, დაფუძნება, შენარჩუნება და აქტივობის შემცირება. ისინი ქვეეტაპებად შემდეგნაირად იყოფა: (ა) აღმოჩენის სტადიის ფანტაზიის, ყოყმანის და რეალისტური ფაზები და (ბ) დაფუძნების სტადიის მოსინჯვისა და სტაბილურობის ფაზები. ერთი სტადიიდან მეორეზე გადასვლის დროს ან ყოველთვის, როცა ინდივიდი დესტაბილიზებულია სამსახურებრივი შემცირების, პიროვნული მოთხოვნილებების ცვლილების, ავადმყოფობის, დაზიანების, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ან პირადი ხასიათის მოვლენების გამო, იწყება მინიციკლი. ასეთი არასტაბილური ან მრავალი მცდელობის მომცველი კარიერა მოითხოვს სტადიების - ზრდა, აღმოჩენა, დაფუძნება - თავიდან გავლას.
6.კარიერული პატერნის ბუნებას - მიღწეული პროფესიული დონე და საცდელი და სტაბილური სამუშაოების თანმიმდევრობა, სიხშირე და ხანგრძლივობა - განსაზღვრავს ინდივიდის მშობლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მენტალური შესაძლებლობები, განათლება, უნარები, პიროვნული მახასიათებლები (მოთხოვნილებები, ღირებულებები, ინტერესები, თვისებები და მე-კონცეფცია), კარიერული სიმწიფე და შესაძლებლობები, რომლებიც მას ეძლევა.
7.გარემოსა და ორგანიზმის (აღნიშნულ კონტექსტში) მოთხოვნებთან წარმატებით გამკლავება ცხოვრებისა და კარიერის ნებისმიერ სტადიაზე დამოკიდებულია ინდივიდის მზაობაზე გაუმკლავდეს ამ მოთხოვნებს (ეს არის მისი კარიერული მომწიფებულობა)_ კარიერულ მომწიფებას სიუპერი განსაზღვრავს როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლების ჯგუფს, რომელიც აჩვენებს ინდივიდის მზაობას და შესაძლებლობას პირისპირ შეხვდეს და გაუმკლავდეს განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
8.კარიერული სიმწიფე ჰიპოთეტური კონსტრუქტია. მისი ოპერაციონალური განსაზღვრების ფორმულირება ალბათ ისეთივე რთულია, როგორც ინტელექტის, მაგრამ მისი ისტორია გაცილებით მოკლეა და მიღწევებიც ნაკლებად გარკვეული.
9.ცხოვრებისეული სტადიების გავლას შეიძლება დახმარება გავუწიოთ შესაძლებლობებისა და ინტერესების მომწიფების ხელშეწყობით, ტესტირებით (არსებული სურათის დასანახად) და მე-კონცეფციის განვითარებით_ ინდივიდებს კმაყოფილების მომატანი პროფესიული არჩევანისკენ სვლის პროცესში შეგვიძლია შემდეგნაირად გავუძღვეთ: (ა) დავეხმაროთ შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარებაში და (ბ) დავეხმაროთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგებაში.
10.კარიერის განვითარების პროცესი პროფესიული მე-კონცეფიის განვითარებასა და რეალიზებას წარმოადგენს. ეს არის სინთეზირებისა და კომპრომისზე წასვლის პროცესი, რომელშიც მე-კონცეფცია თანდაყოლილი შესაძლებლობების, ფიზიკური გარეგნობის, სხვადასხვა როლზე დაკვირვებისა და თამაშის შესაძლებლობის, შეფასების (თუ რამდენად მოწონებულია როლის თამაშის შედეგები უფროსებისა და ამხანაგებისგან) ინტერაქციის პროდუქტს წარმოადგენს (ინტერაქციული დასწავლა).
11.სინთეზისა და კომპრომისის პროცესი ინდივიდსა და სოციალურ ფაქტორებს შორის, მე-კონცეფციასა და რეალობას შორის, ერთ-ერთი როლის თამაში და მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით სწავლაა. არ აქვს მნიშვნელობა, ინდივიდი თავის როლს ფანტაზიებში თამაშობს, საკონსულტაციო ინტერვიუზე თუ რეალური ცხოვრების ისეთი აქტივობების დროს, როგორიცაა გაკვეთილი, კლუბი, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო, ან პირველი სამუშაო.
12.შრომითი კმაყოფილება და ცხოვრებით კმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ინდივიდი საკუთარი შესაძლებლობების, მოთხოვნილებების, ღირებულებების, ინტერესების, პიროვნული თვისებების და მე-კონცეფციის ადეკვატური გამოხატვის საშუალების მოძებნას. ეს კი დამოკიდებულია იმ ტიპის სამსახურში, შრომით სიტუაციასა თუ ცხოვრების გზაზე დაფუძნებაზე, რომლებშიც ინდივიდს შეუძლია იმ როლის თამაში, რომლებსაც ზრდისა და აღმოჩენის სტადიების გავლის შედეგად ხელსაყრელად და შესაფერისად მიიჩნევს.
13.კმაყოფილების ხარისხი, რომელსაც ადამიანები სამუშაოზე აღწევენ, პროპორციულია იმისა, თუ რა ხარისხით შეძლეს მათ მე-კონცეფციის რეალიზება.
14.სამუშაო და სამსახური ქალებისა და მამაკაცების უმეტესობას პიროვნული ორგანიზების ფოკუსს აძლევს, თუმცაღა ზოგიერთისთვის ეს ფოკუსი პერიფერიული, შემთხვევითი და არარსებულიც კია. შესაძლოა ადამიანი ცენტრალურ მნიშვნელობას სხვა რამეს ანიჭებდეს, მაგალითად, დასვენებასა და სახლის საქმეებს. (ისეთი სოციალური ტრადიციები, როგორებიცაა გენდრეული როლების სტერეოტიპები და მოდელირება, რასობრივი და ეთნიკური გავლენები, შესაძლებლობების სტრუქტურა და ინდივიდუალური განსხვავებები, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ რომელ როლს (მომუშავე, სტუდენტი, დამსვენებელი და დიასახლისი) აირჩევს ინდივიდი).

მეხუთე ჰიპოთეზაში სიუპერი აღნიშნავს რომ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში გადის ხუთ სტადიას. მას მითითებული აქვს თითოეული სტადიის შესაბამისი ასაკი. თუმცა სიუპერი, ასევე, აღნიშნავს რომ ადამიანს არაერთხელ შეიძლება მოუწიოს ამ სტადიების გავლა. ამიტომ, სიუპერი გვთავაზობს იმ ამოცანების ჩამონათვალს, რომლის გავლაც ადამიანს უწევს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სტადიის შესაბამისად.

მოზარდობა (14-25 წელი):

რეალისტური მე-კონცეფციის ჩამოყალიბება;
უფრო მეტის სწავლა შესაძლებლობებისშესახებ;
არჩეულ ველზე მუშაობის დაწყება;
მიმდინარე პროფესიული არჩევანის კონტროლი;
ჰობისთვის ნაკლები დროის დათმობა.

ადრეული მოზრდილობა (25-45 წელი):
სხვებთან კავშირის დამყარების სწავლა;
სასურველი შესაძლებლობისპოვნა;
შესაფერისი პოზიციის საქმისთვის ხელის მოკიდება;
თანამდებობის დაცვა;
გართობაში მონაწილეობის შემცირება.

შუა ხანი (45-65 წელი):

საკუთარი ნაკლოვანებების მიღება;
ახალი დავალებების იდენტიფიცირება;
ახალი ცოდნის განვითარება;
წინააღმდეგობისგაწევა კონკურენციისთვის;
ფოკუსირება იმაზე რაც მნიშვნელოვანია.

გვიანი მოზრდილობა (65+):

არაპროფესიული როლების განვითარება;
ადგილის პოვნა პენსიაზე გასვლისთვის;
იმის კეთება, რაც ყოველთვის გინდოდა;
იმის დაცვა რაც სიამოვნებას ანიჭებს;
სამუშაო საათების შემცირება.

გარდა იმისა რომ სიუპერმა აღნიშნა თუ როგორ იცვლებიან ადამიანები ცხოვრების მანძილზე, მან, ასევე, შემოგვთავაზა განსხვავებული სფეროები, "ცხოვრებისეული სივრცეები", რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს იმის განსაზღვრაში თუ ვინ არიან ისინი. აღწერაში ხაზგასმულია სხვადასხვა როლი, რომელთაც ინდივიდი ცხოვრების მანძილზე თამაშობს და ის გავლენა, რომელსაც როლები ცხოვრების სტილსა და კარიერაზე ახდენს. ადამიანთა უმეტესობისთვის ტიპური როლებია: ბავშვი, სტუდენტი, დამსვენებელი, მოქალაქე, მომუშავე, დიასახლისი ან მშობელი.

სიუპერს სჯეროდა რომ ეს სფეროები არ არიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, არამედ წარმოადგენენ ჩვენი ცხოვრების ცისარტყელის შემადგენელ, განუყრელ ნაწილებს.
"ცხოვრების ცისარტყელა"

0
210
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ნიჟარაძე
მარიამ ნიჟარაძე
210