x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ჩრდილების მემატიანე - უცბობი მწერლის უცნობი ისტორია

image




მოგესალმებით, ამ სტატიით მინდა გაგაცნოთ საზოგადოებისთვის
უცნობი, ქართველი მწერალი ინდო ინასარი და მისი ნაწარმოები “ჩრდილი ერთი სინამდვილისა“, რომელშიც თითქმის დოკუმენტური სიზუსტითაა აღწერილი XX საუკუნის 20-30-იანი წლების საქართველო, უმძიმესი პერიოდი ქართველი ხალხისათვის. უსამართლობის ბატონობის, ძალადობისა და ცილისწამების დაკანონების წლები, როდესაც კომუნიზმი იწყებს ფესვების გადგმას და თავის ბრჭყალებში აქცევს საზოგადოების აბსოლიტურ უმრავლესობას, ნაწილს ძალადობითა და დაშინებით, ნაწილს კი თვალის ამხვევი ავადმყოფური იდეოლოგიით. წიგნში მხილებულია ის საშინელი უსამართლობა და სისასტიკე, რომელიც საბჭოთა კავშირის საქართველოში სუფევდა.




რამდენიმე დღის წინ ამ მწერლის სახელს პირველად მოვკარი ყური, ინდო ინასარი, ამ უცნაურმა და ჩემთვის მისტიურმა სახელმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ღრმად შეიჭრა ჩემს გონებაში და მეც გადავწყვიტე მის გზას ავდევნებოდი, ასე აღმოვაჩინე მისი ნაწარმოები “ჩრდილი ერთი სინამდვილისა“. მინდა აღვნიშნო თუ რამდენად ღრმა და საოცარია მთავარ გმირთა სახელების ესთეტიკა, რამაც ჩემი ყურადრება კითხვის თანავე მიიპყრო, თუმცა ეს ოდნავ მოგვიანებით. ჯერ მინდა, რამდენიმე ბიოგრაფიული ცნობა მოგაწოდოთ თავად მწერალზე, რომელსაც ბედმა სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეკლიანი გზა არგუნა და რამაც დიდი გავლენა იქონია
მის შემოქმედებაზე.



ინდო ინასარი, იგვივე ნიკოლოზ ინასარიძე 1895 წელს დაიბადა ასპინძის რაიონში. მსახურობდა საქართველოს არმიაში, რის გამოც ბოლშევიკებმა იგი ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასვეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჯერ მწერალთა კავშირის წევრი გახდა, მოგვიანებით კი მდივანი. ივანე ჯავახიშვილმა იგი სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე ჩარიცხა. ამ პერიოდში ინასარიძემ მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზაცია “ადამიანოსანი“ და გამოსცა იმავე სახელწოდების გაზეთი. მალევე იბეჭდება მისი პოემა “ქარი“, რომელმაც ქართველი მწერლების, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძის მოწონება დაიმსახურა. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. ამის მიზეზი უნივერსიტეტის გაცემული დახასიათება იყო, რომლის მიხედვით ის ქვეყნისათვის საშიშ პიროვნებად, “ადამიანოსანი“ კი წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზაციად იქნა მიჩნეული. იგი მეუღლესთან - ნინოსთან ერთად 1929 წელს არალეგალურად გადავიდა ჯერ კონსტანტინეპოლში, ხოლო შემდგომ საფრანგეთში. ნიკო ინასარიძე აქაც აგრძელებს თავისი გაზეთის გამოშვებას, თუმცა, უსახსრობის გამო მალევე წყვეტს. 1936 წელს პარიზში ქართულად აქვეყნებს ჩემს მიერ ზემოთ დასახელებულ წიგნს. 1947 წელს ინასარი სამშობლოს სიყვარულით კვლავ საქართველოში ბრუნდებდა ოჯახთან ერთად. სამწუხაროდ, მას გულისხმიერებით არ შეხვედრია იმდროინდელი ხელისუფლება. 1951 წელს ოჯახით ის ყაზახეთის უდაბნოში გადაასახლეს . 1952 წელს სამშობლოში დააბრუნეს და ერთი თვის შემდეგ მის ოჯახს აცნობეს, რომ მწერალმა თავი მოიკლა. სინამდვილეში კი როგორც ირკვევა იგი ციხეში წამების დროს მოკლეს ჩეკისტებმა. მისი საფლავი უცნობია. ინდო ინასარიძეს საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა დარჩა. 1954 წელს მწერალი რეაბილიტირებულ იქნა.



რაც შეეხება ნაწარმოებს, როგორც უკვე აღვნიშნე, თვალშისაცემია პერსონაჟთა სახელების ესთეტიკა. მწერალი ცდილობს სიმბოლური და ამავე დროს ქართული სულიდან ამოღებული სახელები
მოუძებნოს ნაწარმოების გმირებს: ტბატანა, მუღა, ბია, ფიდო, გუბადი, ოტარიდი, ეს უკანასკნელი სახელი მერკურს მიემართებოდა, რომელიც ჭკუისა და მოხერხებულობის პლანეტაა და ამავე დროს ითვლება მწერლლობის მფარველად. სხვა პერსონაჟები კი რომლებიც ეპიზოდურად შემოდიან ან საბჭოეთის იდეოლოგიურ წყობილებას გამომხატავენ, რომელთაც მწერალი უსახელოდ ხატავს, რადგან ისინი მანქანები უფრო არიან, ვიდრე ადამიანები,
ან მწერალი აცოცხლებს იმ უცნობი ადამიანების ტკივილებს, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ სისხლიან იდეოლოგიას. ნაწარმოების სიუჟეტური ხაზი ძირითადად სამი პერსონაჟის გარშემო ვითარდება, რომელთა ბედი საოცარი შემთხვევითობით გადაეჯაჭვება ერთმანეთს. გუბადი კომუნისტური
პარტიის იდეოლოგიის მიმდევარია, თუმცა გარკვეული პერიოდი იგი მალავს ამას. ოტარიდი და ტბატანა კი უბრალო სტუდენტები არიან, რომელთაც უყვართ სამშობლო და თანაზიარნი ხდებიან საქართველოს ტანჯული ბედისა. ეს სამი ახალგაზრდა მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სხვადასხვა ნაპირზე დგანან და სხვადასხვა თვალით უყურებენ შექმნილ სინამდვილეს, მთელი თავისი სიმძაფრით საკუთარ თავზე გამოსცდიან კომუნისტური, ცრუ იდეებისა და იდეოლოგიის სიმახინჯეს.ოტარიდი მამაცი სულის მატარებელი პირობნებაა, მაღალი ზნეობრივი იდეალებით, ყველაზე უმძიმეს სიტუაციაშიც კი არ ივიწყებს მის გარშემო მყოფ ადამიანებს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობს მათ დახმარებას.



ეს არის ადამიანი, რომელიც თითოეული ფეხის ნაბიჯზე სიკეთეს თესავს. მის ანტაგონისტად მწერალს წარმოდგენილი ყავს გუბადის სახე. ეს არის მატყუარა, ფლიდი, ლაჩარი პიროვნება, რომელიც ცდილობს ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებას, რის გამოც არაფერს ერიდება. სხავ ადამიანების ბედით თამაში მისთვის არაფერია, რადგანაც კომუნისტური იდეოლოგიის თანახმად ადამიანი მხოლოდ მცენარეებითა და ცხოველებით კი არ საზრდოობს, არამედ ადამიანითაც, როგორც ცხოველის ერთ-ერთი სახეობით და ის ისე უნდა გამოიყენო, როგორც ამას სარგებლიანობა მოითხოვს. ამ იდეოლოგიით აღტკინებული გუბადი თვალის დაუხამხამებლად ამოხოცავს აჯანყებულ თანასოფლელებს. არ დაინდობს არც ქალებს, არც ბავშვებს, არც მოხუცებსა და არც ავადმყოფებს, თუმცა ეს არ აღმოჩნდება მისთვის საკმარისი და თავის მშობლებს საკუთარი ხელით გამოასალმებს სიცოცხლეს, როგორც მაგალითი იმისა, რომ კომუნისტს არ ყავს არც დედა, არც მამა და არც ოჯახი. გუბადს უყვარს ტბატანა, თუმცა უპასუხოდ. სწორედ ეს სიყვარულია ნაწარმოების გმირთა უბედურების სათავე, რადგან ისიც კომუნისტური მტვერითაა დაფარული, გუბადი ფიქრობს რომ, როდესაც ადამიანი ადამიანს საჭიროებით ჩასჭიდებს ხელს, სწორედ ეს იქნება საუკეთესო სახე სიყვარულისა და შეუღლებისა. ამიტომ იგი ყველანაირი სულმდაბლური ხერხით ცდილობს მის ხელში ჩაგდებას. ჯერ ყველა ახლობელს ჩამოაშორებს,
გადაუსახლებს ძმას-ფიდოს, სიყვარულს- ოტარიდს, დაუტყვევებს დედას- ბიას და მეგობრებს, თუმცა, სასურველ მიზანს მაინც ვრ მიაღწევს. მიუხედავად ამ ყველაფრისა რომანტიკოსი მწერალი ვერ იმეტებს მას დასაღუპად და უფსკრულის კიდესთან მდგარს სწორედ სიყვარულის მეშვეობით აუხელს თვალს, რომელსაც სისხლის მდინარემ მტვერი ჩამოაცალა და უკიდურესად კომუნისტური იდეებით მოცულს ღვთის რწმენა ჩაუნერგა, გუბადი მიხვდება, რომ ყველაფერი რისთვისაც იბრძოდა, რისიც სჯეროდა და რასაც დაუფიქრებლად შეწირა მშობლები სიცრუე და ამაო იყო. რომ ადამიანს თუ კი შეუძლია ბედნიერება მხოლოდ ოჯახითა და საყვარელი ადამიანებით და არა ძალაუფლებით, რომელსაც ყოველთვის მარტოსულობა მოაქვს.


ტბატანას პერსონაჟი საოცრად ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს საოცრად მამაცი და უდრეკია. მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა ყველა და ყველაფერი რაც გააჩნდა, მიუხედავად იმისა რომ ქუჩაში მარტოდ-მარტო დარჩა არ მოიდრიკა თავი უსამართლობის წინაშე და არ დაემონა მას. არ შემიძლია არ მოგიყვეთ ერთი ეპიზოდი, რომელიც თითოეულ თქვენგას აღაფრთოვანებს და გულში სითბოს ჩაუღვრის ამ ტანჯული გოგონას მიმართ. ღამე მეგობრის სახლში მიმავალ ტბატანას მთვრალი მუშები შეურაცხყოფენ, მართალია მას მოსახლეობა მიეშველება და ამ საზარელი ბრბოსაგან გადაარჩენს, მაგრამ ტანისამოს შემოხეულ ტბატანას ძალადობაზე მეტად ის სტკივა, რომ მას მხოლოდ ეს ერთადერთი კაბა გააჩნდა და ახლა, როცა ესეც აღარ ებადა ვეღარ შეძლებდა უნივერსიტეტში წასვლას, რომელიც ამდენი ტკივილის შემდეგ ერთად-ერთი ნუგეში იყო მისთვის, ერთად-ერთი მიზანი რომლისთვისაც ცოცხლობდა, დარდობდა, რომ “საყვარელ პროფესორის ტკბილ ბაგით ნაამბობ სამშობლოს ცრემლიან წარსულს ვეღარ გავიგონებო“. და გადაწყვეტილი ჰქონდა თუ სამოსს ვერ დააკერებდა თუნდაც შიშველი წასულიყო იქ. მწერალს ძირითადი პერსონაჟების გზაზე შემოყვანილი ჰყავს უცნობი ადამიანები ოჯახური ტრაგედიებით, რომლითაც უფრო მძაფრად და ნათლად გვიხატავს იმდროინდელ რეალობას. მართალია ამ ადამიანებს საკუთარი მტკივნეული ცხოვრება აქვთ, მაგრამ ისინი იმდენად გვანან ერთმანეთს, იმდენად იდენტურნი არიან, თითქოს და ყველამ მოილაპარაკა, რომ ერთი მწერლის ტრაგედია გაათამაშონ საკუთარ ოჯახებშიო, მაგრამ სამწუხაროდ ეს პიესა კი არა რეალობა იყო, არც ეს ადამიანები იყვნენ მსახიობები და არც ცხოვრება იყო თეატრი. ყველა ტკივილი, თითოეული ცრემლი და ამოკვნესა უმძიმესი რეალობის განსხეულებული სახე იყო. კომუნისტურმა იდეოლოგიამ ყველაფერი წმინდა მოსპო და ამოშანთა ადამიანის სულში, რადგან ამ სისტემას მოაზროვნე ადამიანი კი არა დაპროგრამებული მანქანა ჭირდებოდა რომელიც ზუსტად შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, და თავისუფალი იქნებოდა პირადი გრძნობებისგან. ამიტომ ეს პერიოდი სავსეა უმძიმესი ოჯახური ტრაგედიებით, როდესაც შვილები სასიკვდილოდ იმეტებენ მშობლებს, და ძმებს და ოჯახის სხვა წევრებს.


საბოლოდ ნიკოლოზ ინასარიძე მოაზროვნე ადამიანთა გადარჩენილ ჯგუფს ბუნებაში აფარებს. იგი ადამიანს გამოქვაბულში აბრუნებს, რადგან აუცილებელია ადამიანებმა დაიბრუნონ რწმენა იდეალები, თვითმყოფადობა და ფერფლიდან აღსდგნენ, როგორც ფენიქსი. სწორედ აქ, ავტორი კვლავ ახვედრებს ერთმანეთს ტბატანასა და ოტარიდს და აქ მოჰყავს მას კომუნიზმის კლანჭებს გამოგლეჯილი გუბადიც.



ნიკოლოზ ინასარიძე რომანტიკული სულის მქონე ტრაგიკული მწერალი და პიროვნებაა. მან ახალგაზრდობაშივე გამოცადა საკუთარ თავზე ამ სისტების სისასტიკე და საბოლოოდ შეეწირა კიდეც მას. ამ წიგნის წინასიტყვაობაში მწერალი ფრანგ ხალხს საკუთარ ვინაობას აცნობს და წერს, რომ იგი ეროვნებით ქართველია, რომლის სამშობლოც კომუნიზმის საცდელ ნიადაგად გადაიქცა, და მხოლოდ იმ მიზნით დატოვა სამშობლო, რომ ამ საშინელი იდეებით დაავადებულთა ბატონობით დარბეულ და აწიოკებულ ადამიანთა მწარე ტკივილები აელაპარაკებინა, ამიტომ მან ამ რომანისთვის გამონაგონი კი არა უშუალო კომუნისტური რეალობა აიღო და შემოქმედებითი სინათლის ქვეშ დადო, რათა აესახა ბოლშევიზმის შიშველი სინამდვილე.




სტატიის ავტორი : მაია ჩოხელი

11.08.2017



1
73
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია ჩოხელი
მაია ჩოხელი
73
  
2017, 11 აგვისტო, 20:00
საინტერესოა! ...და ვინ იცის, რამდენი ნიჭიერი ადამიანი შეიწირა წითელმა ტერორმა!
0 1 1