x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ყვავისა და ყორანის სახე მითოსსა და ლიტერატურაში

image


როგორც უკვე ვიცით, კოსმოგონიური მითოსი მოგვითხრობს, თუ როგორ წარმოიშვა ზებუნებრივ არსებათა მოღვაწეობის შედეგად რეალობა და ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის, რაც მასშია ანუ მთელი
სამყარო ან რაიმე ფრაგმენტი კოსმოსისა, ნივთიერი საგანი იქნება ეს, მოვლენა, თუ არსება. სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი წარმოშობის ისტორია. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ ავსტრალიურ მითოსზე, რომელიც გადმოგვცემს თუ რამ გამოიწვია ყვავის სიშავე.



ერთ-ერთი ცნობილი მითი მოგვითხრობს, თუ როგორ მოუტანა ყვავმა ცეცხლი კაცობრიობას. ამ ისტორიის თანახმად, რომელიც ვურუნდუჯის ხალხს ეკუთვნის, პირველ საგანთა შექმნის დროს, “სიზმარეულ ხანაში“ ცეცხლს საიდუმლოდ იცავდა კარათგურკის შვიდი ეჭვიანი ქალწული, რომლებიც იარას მდინარესთან ცხოვრობდნენ. ქალწულებს ნაკვერჩხლები საცეცხლურებში გადაჰქონდათ და გემრიელ შეჭამადს ამზადებდნენ. ერთხელ შემთხვევით ყვავმაც გასინჯა ის და ძალიან მოეწონა, მიხვდა რომ გაცილებით უკეთესი იყო ცეცხლზე მომზადებული საკვები უმ მცენარეებთან შედარებით და გადაწყვიტა თვითონაც მოემზადებინა, მაგრამ კარათგურკის ქალწულებს არ სურდათ ცეცხლის მისთვის გაზიარება. ამიტომ, ყვავმა ხერხი იხმარა მათ გასაცურებლად და ცეცხლის მოსაპოვებლად. მან გველები დაიჭირა და ჭიაყელების ორმოში დამალა, ქალწულებს კი უთხრა, რომ იმაზე გემრიელი საკვებიჰქონდა ჭიაყელების სახით, ვიდრე მათი “იამები” ( ცეცხლზე მომზადებული სადილი) იყო.


ქალწულები მოტყუვდნენ, მივიდნენ ორმოსთანდა თხრა დაუწყეს, რათა მათაც ეგემათ ყვავის ნაქები მატლები, მაგრამ მათ ნაცვლად გაბრაზებულმა გველებმა შეუტიეს და დაგესლეს ისინი. ქალწულები ნაკვერჩხლებით იგერიებდნენ გველებს და ბრძოლის დროს რამდენიმე ნაკვერჩხალი დაუვარდათ, ყვავმა, რომელიც სწორედ ამ მომენტს ელოდა სწრაფად აკრიფა ისინი და ფრთებ ქვეშ დამალა. ქალწულებმა მალევე შეამჩნიეს ქურდობა და ყვავს დაედევნენ, მაგრამ ის ადვილად დაუსხლტა მათ და ერთი მაღალი ხის კენწეროზე დაფრინდა. კაცმა, რომელმაც ყოველივე დაინახა სთხოვა ყვავს მისთვისაც მიეცა ცოტაოდენი ნაკვერჩხალი, რისი დახმარებითაც შეძლებდა ოპოსუმის მომზადებას. მალე დიდი ჯგუფი შეიკრიბა ყვავის ხის გარშემო ყვირილითა და მოთხოვნით რათა მათთვისაც გაეზიარებინა ცეცხლის საიდუმლო. ხმაურმა შეაშინა ყვავი და რამდენიმე ნაკვერჩხალი დაუვარდა, ნაკვერჩხლის მცირე ნაწილი ერთმა ჩიტმა აიღო და ზურგს უკან დამალა, რის გამოც მას ბოლოცეცხლა შეერქვა, სხვებმაც აკრიფეს ნაკვერჩხლის ნატეხები, მაგრამ მალე ტყეში საშინელი ხანძარი გაჩნდა, ყველაფერი კვამლმა დაფარა. ყვავი გაიმჭვარტლა და სამუდამოდ შავი დარჩა, კარათგურკის ქალწულები ცაში ავიდნენ ვარსკვლავებად, ადამიანები კი ცეცხლის საიდუმლოს ეზიარნენ.




ყვავის სახე არც სკანდინავიური მითოსისთვისაა უცხო, როგორც ცნობილია ოდინს, ღმერთების სკანდინავიური პანთეონის მამამთავარს, ქვეყნიერების მომწესრიგებელსა და აზების ოქროსბეჭდიან მბრძანებელს ძალუმ მხრებზე ორი ფიქრიანი, ფრთოსანი, ღამესავით შავი ყორანი, ჰუგინი და მუნინი (ფიქრი და მოგონება) ესხდნენ. ციური შიკრიკები ალიონზე შლიდნენ ფრთებს და ფართო ქვეყნიერებაზე მიფრინავდნენ, საღამოს კი უკან ბრუნდებოდნენ და სმენად ქცეულ მამაღმერთს ყურში უჩურჩულებდნენ თუ რა გაიგეს, რა ნახეს და რა ხდება ქვეყნად. ოდინის ფერხთით წევს ორი ელვისმკვესავი მგელი, რომლებიც ყორნებთან ერთად განუშორებლივ დაჰყვებიან სივრცეში ქარის სისწრაფით მქროლავ ოდინს.



რაც შეეხება ბერძნულ მითოლოგიას, აქ ყვავი უზენაესი ქალღმერთის, ზევსის დისა და კანონიერი ცოლის ჰერას ერთ-ერთი ატრიბუტია. ფარშევანგი, გუგული და ყვავი გაზაფხულის მაცნენი არიან, ეს არის ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო.



სანამ უშუალოდ იმის განხილვაზე გადავალთ თუ რა ადგილი უჭირავს ყვავს ქართულ მითოლოგიაში, ჯერ გავარკვიოთ,
თუ რამ გამოიწვია ორმაგი სახელის ყვავისა და ყორანის არსებობა, რომელთაგან უმეტესად ყორანს უფრო ენიჭება უპირატესობა, ყვავი კი უფრო განყენებულად დგას. როგორც აღნიშნავენ ორმაგი სახელწოდება მოდის ლათ:corvus “ყორანი“-დან და ძვ.ბერძ corone “ყვავი“-დან . თუმცა ქართულმა ხალხურმა ცნობიერებამ ეს ორი სახელი შინაარსობრივი და კონოტაციური ასპექტითაც გამიჯნა ერთმანეთისაგან.



როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყვავი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში უზენაესი ქალღმერთის, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი
ჰერას ატრიბუტთაგანია, სკანდინავიურ და ავსტრალიურ მითებში
კი– სიბრძნის სიმბოლოა. თავისი ბუნებით, ყვავი ჭკვ­იანი
ფრინველია, გააჩნია ინტელექტი, რაც ძალიან ბევრ ცხოველსა და ფრინველს არა აქვს. შეუძლია ადამიანის ქცევისა და ხმის გამოჯავრება.
იმავდროულად, ყვავები ერთმანეთსაც უზიარებენ ცოდნას – საიდან
შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეთ, რას უნდა მოერიდონ და
ა.შ. არიან მონოგამები, საოცრად ერთგულნი. ერთ-ერთის სიკვდილის შემდეგ მეორე თავს იკლავს. ყვავი “სოფლის სანიტარია” ნარჩენებისგან ასუფთავებს გარემოს. ადამიანებთან სიახლოვემ ჩანს, ერთგულებაც ასწავლა – მათ მოსალოდნელ უბედურებას ატყობინებს. მისი გონიერების დასტური ისიც არის, რომ წარღვნის შემდეგ ნოემ პირველი ყვავი აფრინა ხმელეთის მოსაძებნად… ყვავი უზიდავს საკვებს ელია წინასწარმეტყველს და განდეგილ მამებს…
მისი მთავარი “დანაშაული” სავარაუდოდ სიშავე, არაკეთილხმოვანი ჩხავილ და ლეშისადმი მიდრეკილება უნდა იყოს, მაგრამ განა დაუმარხავი გვამები ადამიანთა ხელწერა არ არის, განა საგანგებოდ არ
ტოვებდნენ ქალაქის მთავარ მოედნებზე აღმართულ ბოძებსა და ჯვრებზე სიკვდილმისჯილთა გვამებს, განა საგანგებოდ მტრის დამცირებისა და დაშინების გამო არ გადმოკიდებდნენ ხოლმე ციხის კედლებზე ქალაქის დამცველთა უსიცოცხლო სხეულებს? მაგრამ საკუთარი ქცევის გამართლებისა და დაფარვის მიზნით ადამიანთა ცნობიერებამ მხოლოდ ყვავის ე.წ დანაშაულის ხსოვნა შემოინახა.


უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მითოლოგიის საწყისებთან ყვავი გრძნეულ და ბრძენ ფრინველად გაიაზრება, რომელიც მზადაა თავიც კი გაწიროს ადამიანთა გადასარჩენად. თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ ორი ფართოდ გავრცელებული ლეგენდა, რომელიც სულ
სხვა კუთხით წარმოგვიდგენს ყვავის სახეს.



მიუხედავად იმ ავბედითი რეპუტაციისა, რომელიც ყორანს აქვს ადამიანთა ყოფაში, ერთი მოხეური თქმულება, მას უკავშირებს, ხევის უპირველესი სიწმინდის, სამების ტაძრის აშენებას, ადგილის აღმოჩენას. რაც სამმა ქართველმა მეფემ ვერ გადაწყვიტა, წყვეტს შავი ყორანი, თავისი ბუნებრივი მოქმედების მეშვეობით, რადგან ის ატარებს ღვთიურ ნებას. ბრძენი მცხეთელი ბერიკაციც კი უძლურია ძებნაში, მაგრამ მას შესწევს, რჩევის უნარი, მან იცის ყორანის ზნე და ის რომ შესაძლოა მის უკან ღვთიური ძალა მოქმედებდეს,
ამიტომ ასეთ რჩევას აძლევს მეფეებს: დაკლან ფურბერწი და მისი მენჯის ნაწილი სოფლის ბოლოს დატოვონ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ უნდა ააშენონ და მართლაც, სამების მთავარი ტაძარი იქ აშენდა სადაც ამ გრძნეულმა ფრინველმა საბოლოოდ გამოხრა ძვალი. მოცემულ სიუჟეტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის პასაჟი, რომ აქ სწორედ ყვავის ზნე, ლეშისაკენ მიდრეკილება დაეხმარება ადამიანებს მნიშვნელოვანი პრობლემის
გადაჭრაში.



რაც შეეხება მეორე ყველაზე გავრცელებულ თქმულებას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობის მითოსურ სამყაროში გადავყავართ. თუ კი ზემოთ განხილულ მითში ყვავი ევლინება ადამიანს ეკლესიის შენების ადგილის მიმასწავლებლად, ამ შემთხვევაში ყვავი გარდაუვალი სიკვდილისაგან იხსნის მათ. თვალსაჩინოებისათვის მოკლედ განვიხილოთ ეს მითი: ოდესღაც მთელი სოფელი, ­დიდი და პატარა მინდვრადგამო­შლილა,
გლეხებს სამკალი ჰქონიათ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ მოსავლის
აღებაში. შრომაში გართულებს ვერ შეუმჩნევიათ, როგორ ჩამძვრალა ცეცხლზე შემოდგმულ შეჭამადში უხსენებელი და შიგ ჩახარშულა.
მოიწამლებოდნენ და სიკვდილი არც ერთს არ ასცდებოდა, რომ
არა ერთი უცნაური შემთხვევა. ყვავმა, რომელიც ჰაერში დაფრინავდა ეს ყველაფერი დაინახა, უეცრად შხუილით დაეშვა ძირს და პირდაპირ
ცხელ ქვაბში ჩავარდა. ამის მხილველ გლეხებს უთქვამთ– ყვავის ნახარშს ხომ არ შევჭამთო და წამოუპირქვავებიათ ქვაბი – ფრინველთან ერთად კი გველიც წამოვარდნილა. ხალხს ყვავის მოქმედება სასწაულად მიუჩნევია და მის სახელზე ეკლესიები აუგიათ.
ყველა ლეგენდას უთუოდ აქვს რეალური საფუძველი. და ალბათ, გონიერმა ყვავმა მართლაც შესწირა სიცოცხლე ადამიანებს­ და
მათაც დაუფასეს – არაერთ კუთხეში აიგო ყვავის საყდრები: გურჯაანში, უფლისციხეში, ბოლნისსა და ადიგენში, თუმცა ყველაზე გამორჩეულია სოფელ საგურამოს ახლოს, წიწამურის ტყის განაპირას, ერთი გალავნიანი საყდარი, რომლის ეზოში, საჩინო ადგილზე ყვავის ქანდაკება დგას – ფრთაგაშლილი ფრინველი თითქოს იცავს და დარაჯობს იქაურობას .



როგორც ვხედავთ ქართული მითოლოგია ცალსახად არ მიიჩნევს ყვავს ვერაგ და ავბედით ფრინველად. ეს მხარე არც ქართულ ხალხურ
პოეზიაში იკვეთება, სადაც ყვავი არა საკუთრივ უბედურების მომტანად, არამედ ავი ბედისწერის სიმბოლოდ, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მაცნის სახედ გვევლინება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი ლექსი:



“ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებაო,
თინიბექაურთ ციხესა
კუთხე მარჯვენა სკდებაო.
ზედა ზის შავი ყორანი,
ლიბოში გველი ძვრებაო,
შიგა წევს თინიბექაი,
გულსუწადინოდ კვდებაო“.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ყვავები ერთადერთნი აღმოჩნდებიან ხოლმე მომაკვდავის გვერდით და მათი უკანასკნელი სიტყვის მსმენელნი ხხდებიან, რაც ყორანს დამატებით ფუნქციას ანიჭებს, ის ხდება ამბის მიმტანი ჭირისუფალთან. მართალია ამბავი ცუდია, მაგრამ ყვავის ქმედება ვფიქრობ, ცალსახად დადებითი და უბოროტოა, ის მომაკვდავის უკანასკნელი სურვილის
აღმსრულებელია. მაგალითისთვის წარმოვადგენ ხალხურ ლექს:



“ გარდამავალო ყორანო“


გარდამავალო ყორანო,
გადამიტანე ჩქამიო.
უთხარი დედასა ჩემსა,
წაიხვენ ჩემნით თმანიო,
დაჰკიდოს დარბაზის კარზე,
აბრიალებდეს ქარიო,
შემვლელ-გამამვლელ მგზავრებსა,
ყველას ეჭიროს თვალიო.
ღმერთმა გაცხონოს ქალაო,
ვისიც არიან თმანიო,
ყველამ ესა თქვას, წავიდეს,
სადაც არს მიმავალიო.



აუცილებლად უნდა განვიხილო ხალხური პოეზიის კიდევ ერთი ნიმუში, რომელიც ცალსახად ყვავის ავი, დაუნდობელი და შეუბრალებელი ზნის ამსახველად მიიჩნევა, თუმცა ჩემი აზრით, არც ერთი ლექსი არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ ერთი კუთხით და მით უმეტეს ეს ხალხურ პოეზიას შეეხება, რომელშიც აუცილებლად არის დამარხული ხალხური სიბრძნე და შეგონება და ვფიქრობ, რომ ამ ლექსში ყვავი, სწორედ სიბრძნის განმცხადებელია, რომელიც გვაჩვენებს თუ რა მოუვა ჯიუტ ყმებს, რომლებიც მიზეზ გარეშე, გზად შემხვედრს ებრძვიან და საბოლოოდ ეს ბრძოლა გარდაუვალი დასასრულით, ორივეს დაღუპვით სრულდება. აქ გამოსაკვეთია ორი პასაჟი, დასაწყისი და დასასრული. დასაწყისი, თითქოს ურთიერთ საწინააღმდეგოა. პირველი ტაეპი გვამცნობს, რომ ფხოველი ვაჟკაცი საომრად მიდის, ხაზგასასმელია შავწყალს, რომელიც უკვე მიგვითითებს ყმის გარდაუვალ აღსასრულზე. მეორე ტაეპი ერთი შეხედვით უპირისპირდება პირველს და ამბობს, რომ ყმა შინ მიდის, მაგრამ შესაძლოა ეს შინ სულაც არ არის ამ ქვეყნიური და ეს იმ ზეციურ სამყაროზე მიგვითითებს, სადაც ბრძოლაში ღირსეულად დაღუპული ვაჟკაცები განისვენებენ. რაც შეეხება დასასრულს, ჩემი აზრით იგი ლექსის ძირითად სათქმელს გამოხატავს.


“ერთი ვაჟკაცი ფხოველი შავწყალს საომრად დადგაო,
ადგა და შინ წამოვიდა, გზად შავანელი შახვდაო.
ჩაჭრეს, ჩაკაფეს ერთურთი, მაშველი აღარ შარჩაო.
ცითა მოვიდა ყორანი, მაგათ ნაომარს დახყვაო,
ჯერა დაითვრა სისხლითა, მერე ლეშ ჭამა, გაძღაო
ადგა და ისევ წავიდა, მაგათ ვაგლახი დასცაო:
ორნივ ყოფილან უჭკონი, ერთმ მაინც რად არ დათმაო”.



ხალხური შემოქმედებისაგან განსხვავებით მხატვრული ლიტერატურა ყვავს უმეტესად, ცალსახად უარყოფით პერსონაჟად
წარმოგვიდგენს და მის სახეში გადმოაქვს მტრის, ბოროტის და ყოველივე ნეგატიურის ხატი. ამის მაგალითად შეიძლება
ამირანის მითი წარმოვადგინოთ, რომლის მიხედვითაც, ღმერთის მიერ დასჯილ-მიჯაჭვვულ ამირანს მკერდს არწივი უკორტნის და არა ყვავი ან ყორანი, თუმცა ალბათ იმის გამო, რომ მხატვრულ ლიტერატურაში არწივი სიმამაცის სიმბოლოა, აკაკი წერეთელმა თავის ლექსში “ ამირანი“ არწივი ყვავ-ყორანით ჩაანაცვლა. ლექსის ფინალში
პოეტი ამირანისა და ყვავის სიმბოლურ მნიშვნელობასაც გამნარტავს და ამირანს სამშობლოს, ხოლო ყვავ-ყორანს მტრის ხატად სახავს.


„კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული“.




ყვავ-ყორანის სახე არც რუსთაველისთვისაა უცხო, რომელთაც
იგი “ვეფხისტყაოსანში“ იხსენიებს.



„ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!“


უნდა აღინიშნოს, რომ მე-19, მე-20 საუკუნის ლიტერატურაში ყვავის, როგორც მხატვრული სახის გააქტიურება გამოიწვია, ედგარ ალან პოს “ყორანმა“. სადაც ლირიკულ გმირს ღამის სიბნელეში შავი ყორანი ევლინება.



“დარაბები გამოვაღე ფრთის ფართხუნი დავინახე
შიგ ყორანი შემობრძანდა მედიდურად იჭერს თავს
ანარეკლი წარსულ ჟამის დავივიწყეთ ჩვენ რომ ლამის
როგორც მბრძანებელი ღამის შეაფრინდა სახლის კარს.“


ნაწარმოებში ყორანი ღმერთის სახელით საუბრობს, თუმცა ლირიკულ გმირს არ სჯერა მისი და ბოროტის გამოგზავნილად მიიჩნევს მას.

"მოძღვარი ხარ ბოროტების ეშმაკს გამოგისხამს ფრთები

ხარ მაცდურის მოგზავნილი, მოუგდიხარ ღამით ქარს.“

სულის შემძვრელი და უიმედოა სასოწარკვეთილი გმირის უკანასკნელი სიტყვებიც.

“თვალებით კი ის გავს გრძნეულს ბოროტ დემონს ჩაძინებულს,
მან კარებთან დაკიდებულ ჭრაქის შუქიც დაფარა
სული ჩემი იმ ჩრდილიდან ოთახი რომ დაფარა
წამოიწევს? -“არარა“.

ყორანი არც ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიისთვისაა უცხო. იგი
პოეტისათვის ისეთივე უბედურებისა და ტკივილის მომტანია, როგორც ალან პოსთვის. მაგალითისთვის მოვიყვან შემდეგ ტაეპებს:


“მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!“


“შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის, და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!“


თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ შაოსანი ფრინველებისადმი ყველა როდია ნეგატიურად განწყობილი. გავიხსენოთ თუნდაც გალაკტიონი და ბუდიდან ამოვარდნილი მისი ყვავის ბახალა, რომელიც ქარმა ზაფხულის ტყეებს გადაახალა:




„ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა,
ქარმა ტყეებს რომ გადაახალა“.

ასევე გალაკტიონის თარგმნილია მარიეტა შაგინიანის ლექსის ერთი სტროფი, რომელიც ყორნისადმი თანაგრძნობითაა სავსე:


„ყორანს ცრემლით უმძიმს უპე -
როგორც შავი ყვავილი,
„დავიღუპე, დავიღუპე“, -
ისმის მისი ჩხავილი“.




ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ლიტერატურასა და მითოსში ყვავისა და ყორანის სახე ცალსახად უარყოფითად ან დადებითად არაა მიჩნეული. მათ სახეში სხვადასხვა ხალხი თავიანთი წარმოდგენების მიხევით სახავს ამა თუ იმ მნიშვნელობას, ლიტერატურა კი ყვავ-ყორანს იყენებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ტევად და გამომხატველ სახეს.







სტატიის ავტორი: მაია ჩოხელი

11.08.2017

1
901
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია ჩოხელი
მაია ჩოხელი
901
  
2017, 11 აგვისტო, 19:06
ჩემი საყვარელი ფრინველია ყვავი, მადლობა მაიკო ამ სტატიისთვის.
0 1 1