x
"ათასი მოელვარე მზე"

ანა ოქროპირიძე 21/07/2017


image



ხალიდ ჰოსეინმა, როგორც მწერალმა ჩემში მოიპოვა ნდობა მას შემდეგ, რაც წავიკითხე "ფრანით მორბენალი". წიგნმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ვიფიქრე, რომ ჰოსეინი ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია თანამედროვეთა შორის. სწორედ ამიტომ წავიკითხე მეორე წიგნი "ათასი მოელვარე მზე". ამ წიგნში ავტორი წერს იმ მწვავე პრობლემებზე, რომლებიც აწუხებს ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. ამ წიგნის წაკითხვით გაიგებთ თუ რას ნიშნავს ჰარამი, რა მომავალი ელის მას. მოქმედება ვითარდება ავღანეთში ომის დროს. ჯერ საბჭოთა კავშირთან ომის, შემდეგ კი სამოქალაქო ომის ფონზე. მთავარი თემები კი არის: უკანონო შვილები, ქალთა განათლება, ოჯახში ძალადობა, სუიციდი, სიყვარული, ომი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა და სხვა.


ჰარამი მარიამი ჯერ კიდევ 15 წლის იყო, როდესაც ოჯახიდან ეს სირცხვილი მოიშორეს და 40 წლის რაშიდს მიათხოვეს. ნელ-ნელა ეჩვეოდა ახალ ცხოვრებას, ქმარს, მაგრამ მას ბედნიერება არ ეწერა. ქმარი სცემდა სულ უბრალო მიზეზის, ხშირად კი სრულიად უმიზეზოდაც. 20 წელი ითმინა ეს მდგომარეობა, შვილი არ შეეძინა, რაც უფრო აცოფებდა რაშიდს. სამოქალაქო ომის დროს გადარჩენილი მეზობლის გოგონა შეიფარა რაშიდმა და 14 წლის ლაილაც მალევე მოიყვანა ცოლად. ლაილას თარიყი უყვარდა, რომელიც პაკისტანში გაიხიზნა მშობლებთან ერთად. რაშიდი თავიდან ცდილობდა ლაილასთვის თავი მოეწონებინა, ზრდილობიანი ყოფილიყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და ლაილაც მარიამის მწარე ბედის მოზიარე გახდა.ლაილას ორი შვილი შეეძინა.
10 წელიწადში კი თარიყი ლაილას სანახავად დაბრუნდა. რაშიდი თარიყისა და ლაილას შეხვედრამ ძალიან გააბრაზა და ცოლს სცემა, ახრჩობდა და კლავდა. ეს ფაქტი მომთმენი მარიამისთვის ბოლო წვეთიღა აღმოჩნდა. ქმარს უფლებას აღარ მისცემდა მეგობარი წაერთმია და რაშიდს თავში ნიჩაბი მოუქნია. ის გარდაიცვალა. მარიამმა თავი გასწირა ლაილასთვის და თარიყისთვის, მათი ბედნიერებისთვის, ოჯახის სიმშვიდისთვის. მარიამი სიკვდილით დასაჯეს. მისი ხსოვნა მუდამ ჰქონდა ლაილას და თავის შვილებს. ლაილამ გაუძლო ძნელბედობას, ომს, შიმშილს, რაშიდს და ბოლოს ძლივს მოიპოვა ბედნიერება, სევდანარევი ბედნიერება. თარიყთან ერთად ქაბულში დასახლდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. წიგნი იმედიანად მთავრდება. ლაილა ორსულადაა, ვაჟის სახელს არჩევენ არა იმიტომ, რომ ვაჟი შეეძინებათ, არამედ იმიტომ, რომ ქალიშვილს აუცილებლად მარიამს დაარქმევენ.


ძლიერია სიყვარულის ძალა, ლაილას და თარიყს ერთმანეთი დიდი
ხნის შემდეგაც არ დავიწყებიათ. ძლიერია მეგობრობა. ამ გრძნობამ მორჩილ, დამთმობ, მშვიდ,
მომთმენ მარიამს იარაღი ააღებინა ხელში და მოძალადე მოაკვლევინა. მარიამი ღირსეული
ადამიანია. მაინც იმას განიცდიდა, რომ შვილს მამა მოუკლა. არ გაქცეულა, არ დამალულა,
არ სურდა ლაილასა და თარიყის საფრთხეში ჩაგდება და დანაშაული თავად აღიარა, გულწრფელად
მოყვა ყველაფერს, მაგრამ შარიათის კანონების თანახმად ის მაინც სიკვდილით დასაჯეს.
ლაილა და თარიყი რაშიდისგან და თალიბანებისგან განსხვავებით პროგრესულად მოაზროვნეებია.
იციან ცხოვრებას რომ არ უნდა ჩამორჩნენ. არც კინოა ცოდვა და არც ქალთა განათლება და
მუშაობა. წიგნის დასასრულს მკითხველს უჩნდება იმედი, რომ ამდენი ომის და უბედურების
შემდეგ იწყება ახალი ცხოვრება, მაგრამ რატომღაც ეს იმედი სევდიანია, ალბათ, მარიამის
გამო.


რთულია იყო ჰარამი, უკანონო შვილი, რადგან ამის გამო ყოველთვის
დაგცინებენ. ცხოვრების ბოლომდე მშობლების დანაშაულს, რატომღაც შვილი ზღავს. რთულია
იყო მოძალადე ქმრის ცოლი, ქმრის, რომელიც დაუნდობლად გცემს. რთულია იცხოვრო ჭურვების
ქვეშ იმის შიშით, რომ ერთი ბომბი შეიძლება შენს სახლსაც დაეცეს და ოჯახი გაანადგუროს.
ის ადამიანები გმირები არიან, ვინც ამდენი გამოიარეს და მაინც სამშობლოს აღმშენებლობისთვის
იბრძვიან. სამშობლოს, რომელმაც უბედურების მეტი არაფერი მოუტანა მათ. ამ ადამიანებმა
მოახერხეს იმდენი, რომ იმედი არ დაკარგეს და ახლა სიყვარულით შეუდგნენ სამშობლოსთვის
კეთილდღეობის მომტანი საქმეების აღსრულებას.


მე ძალიან მოკლედ გადმოვეცი წიგნის შინაარსი. მრავალი მთავარი
და წვრილმანი დეტალი უთქმელი დამრჩა. განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია
მარიამისა და ჯალალის ურთიერთობა. მამამ შვილი მაინც არ დაივიწყა და მუდამ ახსოვდა.
ამ ხსოვნას და სიყვარულს როგორ გამოხატავდა ნახავთ მაშინ, როცა გაეცნობით წიგნს. მე
არ მინდა შევეხო ამ მეტად ფაქიზ და მძიმე თემას, მამისა და შვილის ურთიერთობას, ვფიქრობ,
ეს უნდა იგრძნო, განიცადო კითხვისას. ჩემი აზრით, სათანადოდ ვერ გადმოვცემ იმ დიდ გრძნობებს,
რომლებზეც წიგნშია საუბარი, ამიტომ დაინტერესების შემთხვევაში, თქვენზე მომინდია ამ
ემოციების განცდა და ამ ურთიერთობების შეფასება.








0
202
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ოქროპირიძე
ანა ოქროპირიძე
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0