x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რა უნდა ვიცოდეთ კოღოების შესახებ

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, დაახლოებით, 107 მილიარდი ადამიანი დაიბადა და მათგან, დაახლოებით, 48 მილიარდი — მდედრი კოღოს (მამრები ყვავილის ნექტრით იკვებებიან) მიზეზით დაიღუპა.
კოღო 100-ზე მეტი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადების გადამტანია. მათ შორის ისეთი დაავადებების, როგორიც არის: მალარია, ყვითელი ციება, დენგეს ციება, ენცეფალიტი, ელეფანტიზმი (სპილოს დაავადება). დღესაც კი, ყოველ 12 წამში, ეს მწერი ერთ ჩვენგანს კლავს. რისკის ქვეშ, ძირითადად, ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც აზიის, აფრიკის, ცენტრ. და სამხ. ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში ცხოვრობენ.


image
საკვირველია, მაგრამ XIX საუკუნის ბოლომდე, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ კოღო ამდენად სახიფათო არის. მხოლოს 1877 წ. პატრიკ მენსონმა (ექიმი პარაზიტოლოგი), რომელიც ასევე «მოსკიტი» მენსონის სახელით არის ცნობილი, დაამტკიცა, რომ სპილოს დაავადებას კოღოს ნაკბენი იწვევს. ამ აღმოჩენიდან, 17 წლის შემდეგ, მენსონს აზრი გაუჩნდა იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო, მალარიის მიზეზიც კოღო ყოფილიყო. მან თავის მოსწავლეს რონალდ როსს (მაშინ ის ახალგაზრდა ექიმი იყო ინდოეთში) ამ ჰიპოთეზის შემოწმება სთხოვა.
როსი იყო პირველი, ვინც აჩვენა, თუ როგორ გადასცემს კოღო, საკუთარი ნერწყვით, Plasmodium პარაზიტს. ამ თეორიას ის ფრინველებზე ამოწმებდა.
ამჟამად, 2500 სახეობის კოღო არის ცნობილი, მათგან 400 Anopheles ოჯახის წარმომადგენელია და 40-ს მალარიის გადატანა შეუძლია.
მალარიით წელიწადში 725 000 ადამიანი იღუპება (შედარებისთვის, ისეთი მრისხანე ცხოველებიც კი, როგორებიც მაგ., ლომი (100), ნიანგი (1000) და ზვიგენია (10) წელიწადში, დაახლოებით, 1200-მდე ადამიანს კლავენ.
დღეს მილიარდობით დოლარი იხარჯება კოღოებთან და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებთან ბრძოლაზე. 2012 წლიდან მოყოლებული, სიკვდილიანობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა, ძირითადად, დროული და ზუსტი დიაგნოსტირების და ეფექტური მკურნალობის ხარჯზე. მაგრამ, შეიძლება თუ არა, კოღოების საერთოდ განადგურება?


image
როგორც ფლორიდის უნივერსიტეტის ენტომოლოგი ფილ ლუნინბოსი აცხადებს, კოღოების გაქრობა, «მეტისმეტად არასასურველ უკუეფექტს გამოიწვევს — კოღოები, რომლებიც ყვავილის ნექტრით იკვებებიან, უდიდეს როლს ასრულებენ მცენარეების დამტვერვის საქმეში. ისინი ასევე საკვებს წარმოადგენენ ფრინველებისთვის და ღამურებისთვის, ხოლო მათი ჭუპრებით თევზები და ბაყაყები იკვებებიან. ასე, რომ, კოღოების განადგურება, ცვლილებებს კვების ჯაჭვშიც გამოიწვევს, რამაც საბოლოო ჯამში, შეიძლება, ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს».


როგორც აღმოჩნდა, კოღოს მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ პლანეტის ეკოსისტემაში. და არა მხოლოდ პლანეტის, კოღო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც არის, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე.

imageარ გიფიქრიათ იმაზე, რომ კოღო კონკრეტულად თქვენ გეძებთ, რომ მანიაკალურად გადაგეკიდოთ და დაგკბინოთ? და ალბათ, იმაზეც გიფიქრიათ, თუ რა არის ამის მიზეზი? აქვე გიპასუხებთ, რომ ამაში დამნაშავე, ძირითადად (70%), თქვენი გენებია.
კოღოები თქვენ გირჩევენ მსხვერპლად, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. მეცნიერებმა ეს ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დაკვირვებას სხვადასხვა სახეობის კოღოებზე ატარებდნენ. ამიტომ, ფაქტორები რომლის გამოც თქვენით შეიძლება დაინტერესდეს კოღო, შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ კოღოს რომელი სახეობა არის თქვენს რეგიონში გავრცელებული. ზოგადი სურათი კი ასეთია:
I. ადამიანები რომლებსაც პირველი (0) ჯგუფის სისხლი აქვთ, უფრო მეტად მიმზიდველები არიან კოღოებისთვის, ვიდრე ადამიანები ნებისმიერი სხვა ჯგუფის სისხლით.
II. ფეხმძიმე ქალები 2-ჯერ უფრო მეტად იზიდავენ მალარიის კოღოებს, ვიდრე სხვა ადამიანები. ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ექიმებმა და მომავალმა დედებმა, რადგან დღეს მსოფლიოში ზეკას ვირუსი არის გავრცელებული, რომლის გამოც, ბავშვები თანდაყოლილი დეფექტებით იბადებიან.
III. ერთ-ერთი კვლევის დროს, დადგინდა რომ ადამიანები რომლებიც ლუდს სვამდნენ, უფრო მიმზიდველები აღმოჩნდნენ კოღოებისთვის, ვიდრე მათი ფხიზელი მეგობრები.
IV. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ატრაქტანტს – ეს არის ნივთიერება, რომელიც მწერებს იზიდავს, მაშინ როდესაც, სხვა ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც აფრთხობს მწერებს. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს ნივთიერებები როგორ მუშაობს. თუმცა, მეცნიერები ცდილობენ მის გამოყოფას და კოღოების საწინააღმდეგო ხაფანგების ან დასაფრთხობი სპრეის შექმნას.
V. კოღოებს, ის ადამიანები მოსწონთ, რომლებიც სუნთქვის დროს, დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფენ — ასეთები არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ზომის სამოსს ატარებენ და ფეხმძიმე ქალები.
VI. ვარჯიშის დროს, ადამიანის ორგანიზმში რძემჟავა წარმოიქმნება, რომელიც ოფლში მოხვედრის შემთხვევაში, ატრაქტანტი ხდება კოღოებისთვის.
გენეტიკის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ არის საშუალებები, რომელიც დაგიცავთ კოღოების შემოტევისგან, როგორც სახლში ისე ქუჩაში. თავდაცვა კი აუცილებელია, რადგან გარდა იმისა, რომ კოღოს ნაკბენი ქავილს და დისკომფორტს იწვევს, ჯანმრთელობისთვის სახიფათოც არის. კოღოს გადააქვს ისეთი დაავადებები, როგორიც არის ზიკას ვირუსი, მალარია, ყვითელი ციება, დას. ნილოსის ციება და სხვა.

image

კოღოებისგან თავის დაცვა


კოღოებს, ისევე როგორც ჩვენ, განვითარებული აქვთ ყნოსვის ორგანოები. ისინი ყველაზე მეტად ვერ იტანენ მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის, კედრის და ანანასის სუნს. ამ მცენარეებიდან ნებისმიერის ეთერზეთის, ერთი წვეთის, სხეულის ღია ადგილზე დაწვეთების შემთხვევაში, ან 5-10 წვეთის სუნამოში ან ოდიკოლონში ჩამატების და მისი მოხმარების შემდეგ, მთელი დღის მანძილზე დაცული იქნებით კოღოებისგან.
რაც შეეხება სახლში თავდაცვას, არც ეს არის რთულად მოსაგვარებელი პრობლემა:
გამხმარი გვირილა დაფქვით და მოაბნიეთ სახლში ან ქოთანში პომიდორი ჩარგეთ და ფანჯრის რაფაზე დადგით. კოღო არასოდეს გაეკარება ფანჯარას, სადაც პომიდვრის ფოთლების სუნი ტრიალებს.

იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი სახლი, აგარაკი ან საკარმიდამო ნაკვეთი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ კოღოები ვერ იტანენ მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის და ანისულის სუნს. ამ მცენარეების ეთერზეთის რამდენიმე წვეთის ნათურაზე დასხმის და მისი ანთების შემთხვევაში, ისინი მომენტალურად გაქრებიან პერიმეტრიდან.

0
305
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0