x
მეტი
  • 24.09.2017
  • სტატია:69542
  • ვიდეო:322104
  • სურათი:423120
დამნაშავეთა ფსიქოლოგიური თავისებურებები

image
ბოლო საუკუნეების განმავლობაში ვხედავთ ძალადობის მატების ტენდენციას და განსაკუთრებით ძალადობითი დანაშაულის იმ ფორმას, რომელიც ემუქრება სიცოცხლეს – მკვლელობას. ამ მოვლენამ მთელი მსოფლიოს წინაშე დააყენა ამოცანა, შეისწავლოს მკვლელობის მატების მიზეზები, განიხილოს მასთან დაკავშირებული პრობლემები როგორც ბიოლოგიური და სოციოლური, ისე ფსიქოლოგიური კუთხით. არსებობს ორი ტიპის ქცევითი აქტი, რომელიც შესაძლოა გახდეს მკვლელობის საფუძველი, ესენია: ექსპრესიული ქცევა და ინსტრუმენტული ქცევა.
ექსპრესიულია ქცევა, რომელიც გამოხატავს ადამიანის შინაგან მოტივაციურ და ემოციურ მდგომარეობას. ის, უპირველესად, ხორციელდება, სწორედ, გამოხატვისთვის და არა კონკრეტული შედეგის დადგომისთვის. ინსტრუმენტული ქცევა პირიქით, ადამიანის ემოციას კი არ გამოხატავს, არამედ გააზრებულ გეგმას. იგი მიმართულია არა გამოხატვის, არამედ კონკრეტული შედეგის დადგომისაკენ. ექსპრესიულ თავდასხმას აქვს ორი სახე. პირველ შემთხვევაში დამნაშავეებს მართავენ ემოციები (ემოციურ ფონზე კლავენ ადამიანს), მკვლელი მიდის დანაშაულის ადგილას იარაღით, კლავს მსხვერპს და ტოვებს გვამს ადგილზე. მეორე შემთხვევაში, თავდამსხმელი არის ფსიქიკურად არაჯანსაღი პიროვნება, ესხმის თავს ოჯახის წევრს(ებს), ნაკლებად იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს.
რაც შეეხება ინსტრუმენტულ თავდასხმას, დამნაშავე მკვლელობას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს რომ მიაწიოს საკუთარ მიზანს. ინსტრუმენტალური აქტიც იყოფა ორ ფორმად პირველ ფორმას აქვს სექსუალური კონტექსტი. თავს ესხმის მსხვერპლს და სექუალური აქტის შემდეგ კონფიდენციალურობის შენარჩუნების მიზნით კლავს მას. მეორე ტიპი - თავდაპირველი მიზანი არ არის მოკვლა. მოკვლის აუცილებლობას განაპირობებს გარემო პირობები. მაგალითად ქურდობის დროს მძარცველებს შეუსწრო პატრონმა და ა.შ. ეს დამნაშავე არ ერჩის ადამიანს, თუმცა თუ მიზნის მიღწევაში უშლის ხელს, იშორებს თავიდან. ქურდები გვანან ექსპრესიული მკვლელების პირველ ტიპს, მაგრამ განსხვავდებიან აგრესიულობის ხარისხით. ისინი ნაკლებად იმპულსურები არიან, ნაკლები შფოთვა ახასიათებთ, არიან კომუნიკაბელურები.

მკვლელების ტიპები

გამოკვლევები გვიჩვენებს რომ ყველაზე რთულია, დავადგინოთ მკვლელის ტიპი, იმიტომ რომ მათი განზრახვები საკმაოდ მრავალფეროვანია, ეს შეიძლება იყოს ხულიგნობა, შურისძიება, შიში, რისხვა, ეჭვიანობა და ა.შ. თუმცაღა, არსებობს მეცნიერების მიერ დადგენილი მკვლელების გარკვეული ტიპოლოგია. ზოგადად, მკვლელები პირველ რიგში კონცენტრირდებიან საკუთარ განცდებზე, ახასიათებთ შფოთვა და ქცევა განპირობებულია მხოლოდ საკუთარი ინტერესებით. ისინი არ აფასებენ სხვების სიცოცხლეს, არ გააჩნიათ ემპათიის უნარი, სოციალურად არასტაბილურები არიან, არიან სუბიექტურები რაიმე მოვლენის აღქმისას და შეფასებისას. შინაგანად არაორგანიზებულები არიან და მაღალი შფოთვის დონე ბადებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა უნდობლობა, ეჭვიანობა, დაძაბულობა და გაღიზიანებადობა. იქედან გამომდინარე, რომ მკვლელობა ძირითადად ინსტრუმენტალურ ქცევას წარმოადგენს ხოლმე, მკვლელთა სუფთა კლასიფიკაცია საკმაოდ პრობლემურია კრიმინოლოგიაში. მკვლელთა კლასიფიკაციას ძირითადად მიმართავენ სერიულ მკვლელებთან მიმართებით, მაგრამ არსებული კლასიფიკაცია ინტერესის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული მკვლელობის მონაწილე პირის ფსიქოლოგიური მახასიათებლების დასადგენად.

მკვლელების კლასიფიკაცია მოტივის მიხედვით აქვს შემდეგი სახე:

1.ჰედონისტები-ისინი კლავენ სიამოვნების მისაღებად და მსხვერპლს უბრალოდ ამ სიამოვნებისათვის საჭირო ობიექტად ხედავენ. ფსიქიატრები სამი ტიპის ჰედონისტებს განასხვავებენ:

1.სექსუალურები-კლავენ რათა მიიღოს სექსუალური სიამოვნება, ამ დროს მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილიც, რაც დამოკიდებულია მკვლელის ფანტაზიაზე. ასევე სიამოვნებას შეიძლება იღებდეს მსხვერპლის წამებთ, ცემით, გაუპატიურებით, მოხრჩობით და ა.შ. (მაგ. ჯეფრი დამერი და ჯონ ჰეისი.) 2.დესტროიერები-დანაშაულის ჩადენის მთავარი მოტივი არის სხვისთვის ტკივილის და შეურაცხყოფის მიყენება სექსუალური აქტების ელემენტების გარეშე, მათ სურთ უბრალოდ მსხვერპლის განადგურება. ხშირად ასეთი მკვლელობის სახე ხულიგნობასა ან ძარცვის მცდელობაში ეშლებათ, ამიტომაც ეს „ფარული“ მოტივის მქონე მკვლელობის კარგი მაგალითია. 3.მერკანტილურები-მათთვის პირველ ადგილზეა პირადი და მატერიალური მოგება, ძირითადად ქალები გვევლინებიან ამ როლში, რომლებიც ცდილობენ მსხვერპლი შხამით ნელ-ნელა მოწამლონ.

2.ძალაუფლების მოყვარულები-ამ ტიპის მკვლელებისთვის მნიშვნელოვანია იგრძნონ მსხვერპლზე კონტროლი. ისინი მსხვერპლზე დომინირებით იღებენ სექსუალურ სიამოვნებას, თუმცა ჰედონისტებისგან განსხვავებით, მათ ამოძრავებთ არა ლტოლვა, არამედ მსხვერპლის დაუფლების სურვილი. ხშირად, ეს მკვლელები ბავშვობაში იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი, რის გამოც აქვთ შემორჩენილი უმწეობის გრძნობა.
3.ვიზიონერები-ვიზიონერები იტანჯებიან ჰალუცინაციებისაგან, ჩაესმით ხმები და თვლიან, რომ მოქმედებენ ეშმაკის ან ღმერთის სახელით, მაგალითად დევიდ ბერკოვიცი რომელიც იღებდა დემონისაგან დავალებებს მეზობლის ძაღლის მეშვეობით;
4.მისიონერები-კლავენ კონკრეტული მიზეზით, თვლიან რომ მოქმედებენ სამყაროს გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის სასარგებლოდ. მათ მსხვერპლს ძირითადად წარმოადგენენ მეძავი ქალები, ჰომოსექსუალები, სხვა რელიგიის წარმომადგენლები და ა.შ. ხშირად ასეთი ადამიანები არ არიან ფსიქიკურად დაავადებულნი, ისინი უმეტესად თვლიან, რომ მოქმედებენ საზოგადოების საკეთილდღეოდ.

სერიული მკვლელები
სერიული მკვლელების ფენომენი ყოველთვის იყო ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, კრიმინალისტების და სხვა მრავალის ინტერესის საგანი, რადგან, თავისთავად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ისინი იქცევიან როგორც ჩვეული, ნორმალური ადამიანები, თუმცა თავისუფლად შეუძლიათ სასტიკი ხერხებითა და თუნდაც მოტივის გარეშე ჩაიდინონ მკვლელობა. სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია აშშ-ში, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. კრიმინოლოგიაში ტერმინი „სერიული მკვლელი“ შემოიტანა FBI -ს ცნობილმა პროფაილერმა რობერტ რესლერმა, რომელსაც თანამედროვე შერლოკ ჰოლმსაც კი უწოდებდნენ. მისი განმარტებით, „სერიული მკვლელი „- არის დამნაშავე, რომელმაც ჩაიდინა სამზე მეტი მკვლელობა 30 დღის განმავლობაში . ახასიათებს ემოციური ჩახშობის პერიოდები, მკვლელობის მოტივაცია ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას უკავშრდება.
რობერტ რესლერი ცდილობდა, გამოევლინა სერიული მკვლელების ფორმირების, განვითარებისა და ქმედებების საერთო კანონზომიერებები. მან დაადგინა, რომ თითოეულ მკვლელს აქვს თავისი ინდივიდუალური „ხელმოწერა“, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა იარაღს, დანაშაულის ადგილს, მსხვერპლს, მკვლელობის დროს და ა.შ


0
123
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0