x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ახალი „პორტალი“ ტოლკინის სამყაროში
image

სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი, დისტოპია - ეს ის ლიტერატურული ჟანრებია, რომელიც მკითხველს სხვა, ირეალურ სამყაროში მოგზაურობას, ახალ შესაძლებლობებსა და აზროვნების მეტ თავისუფლებას პირდება.


ამგვარი ტელეპორტაციისთვის საქართველოში უკვე ახალი „პორტალი“ გაიხსნა.


„პორტალი“ პალიტრა L-ის ახალი პროექტია, რომელიც ასეთ განსხვავებულ სამყაროებს წიგნების ერთ სერიაში გააერთიანებს.



სერიის პირველი წიგნი, არც მეტი არც ნაკლები, ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საყვარელი ავტორის - ჯონ რონალდ რუენ ტოლკინის რომანი „ჰურინის შვილებია“.


„ჰურინის შვილები“, ისევე როგორც ჯონ რონალდ რუენ ტოლკინის ლეგენდარიუმის ყველა წიგნი, საოცარი ძალის ნაწარმოებია. მას ლამის მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ორმა ადამიანმა.მამის შემდგომ მის მიერ დატოვებული რუკების, ტექსტისა და სიუჟეტების რეკონსტრუქციას მისივაჟი, კრისტოფერ ტოლკინი ცდილობდა. ამიტომ რომანი 2007 წელს გამოიცა.


წიგნის წაკითხვისას, თქვენს წინაშე გაცოცხლდება ლეგენდა ელფებზე, ადამიანებსა და დრაკონზე, ამბავი მეფე ჰურინსა და მის ვაჟზე, დაწყევლილ ტურინ ტურამბარზე, რომელსაც ბედმა არგუნა, დაეღუპა ყველა, ვისაც შეიყვარებდა. „ჰურისნის შვილები“ დიდი თავგანწირვისა და დიდი მწუხარების ამბავზე გიამბობთ.


image


„ჰურინის შვილები“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. წიგნი მაგარ ყდაში, ორიგინალი ფერადი ილუსტრაციებითა და ყველა სტანდარტის დაცვით დაიბეჭდება. მისი ქართულ ენაზე თარგმანი გიორგი გომართელს ეკუთვნის.


გიორგი გომართელი:
ჰურინი იყო ადამიანი, რომელიც ელფების და ადამიანების გაერთიანებულ ლაშქართან ერთად დაცემულ ღმერთს _ მორგოთს ებრძოდა. მორგოთი თავის თავს ბედისწერის მბრძანებელს უწოდებდა. იგი "ანგბანდის“ ციხეში იყო გამაგრებული და იქიდან ხელმძღვანელობდა ჰურინისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ დაგეშილ ორკების ლაშქარს.


მორგოთს სურდა მთელი სამყარო დაემონებინა და ბნელში გაეხვია. ერთ-ერთ ბრძოლაში, იგი ჰურინს დაატყვეებს და მის სულიერად გატეხვას განიზრახავს. ჰურინის ოჯახსა და მისთვის ძვირფას ადამიანებს წყევლას უვლენს. ჰურინის შვილია ტურინი. სწორედ ტურინის ცხოვრებაზეა ძირითადად აგებული ნაწარმოები. იმაზე, თუ რა დაბრკოლებებს უქმნის მას და მის დას მორგოთი. ტურინი დარწმუნებულია, რომ ბედისწერის ღმერთის მიერ მოვლენილ ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდება და გადაწონის. შეძლებს თუ არა, ამას წიგნის ფინალიდან გაიგებთ.


შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი საფუძველი ტოლკინმა დაუდო ფენტეზის ჟანრს. მისი ნაწარმოების კითხვისას თითქოს ნაცნობ, მაგრამ რადიკალურად განსხვავებულ სამყაროში ვხვდებით.


- მე რამდენადაც ვიცი, წიგნის თარგმნის იდეა თქვენ თვითონ გაგიჩნდათ.
- ტოლკინის ყველა წიგნი, რომელიც კი ქართულად გამოიცა, წაკითხვისთანავე შემიყვარდა და მისი ავტორი ჩემ საყვარელ მწერლად იქცა. როცა “ჰურინის შვილები“ მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ არ იყო ქართულ ენაზე ნათარგმნი. გადავწვიტე ინგლისურად წამეკითხა და საკუთარი სიამოვნების მიზნით მისი თარგმნაც დავიწყე. დროდადრო ჩემს ნათარგმნს ცნობილ მთარგმნელს, ნიკა სამუშიას ვაჩვენებდი.


მომიწონა, რჩევები მომცა და საბოლოოდ, მისი რეკომენდაციით ნათარგმნი პალიტრა L-ში გავგზავნე. სწორედ იმ პერიოდში გამომცემლობის რედაქტორები ფენტეზის ჟანრის ახალი პროექტის, „პორტალის“ დაწყებას გეგმავდნენ. ჩემდა სასიხარულოდ მოხდა ისე, რომ ეს პროექტი ამ წიგნით იწყება.


არც ვიფიქრებდი, თუ ჩემი ნათარგმნით დავაინტერესებდი ასეთ ცნობილ გამომცემლობას. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ, ერთი სული მაქვს მკითხველის რეაქციას გავეცნო.

- „ჰურინის შვილები“ რითია თქვენთვის გამორჩეული?
- „ჰურინის შვილები“ განსაკუთრებულია იმით, რომ ავტორი მასში ისე გადმოგვცემს გამოგონილ ამბავს რეალური გგონია. კითხულობ და ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს მართლაც არსებობენ ელფები, ორკები, ის სამყარო და პერსონაჟები, მთელი თავიანთი ტრაგიკულობითა და სიმამაცით. ეცნობი ტურინის ამბავს და მასთან ერთად იხლართები მისი ბედისწერის ლაბირინთებში. ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოა, გითრევს, თვალს ვერ სწყვეტ წიგნს, სანამ ბოლომდე არ წაიკითხავ.


- დიდხანს მუშაობდით თარგმანზე?
- დაახლოებით 6 თვე მოვუნდი, _ არ ვჩქარობდი, მე ხომ ჩემი სიამოვნებისთვის ვთარგმნიდი. ახლა პალიტრა L-ის კიდევ ერთი წიგნის თარგმანზე ვმუშაობ. პარალელურად, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ვიხდი. პროფესიით - კონფლიქტოლოგი ვარ, მაგრამ მთარგმნელის საქმიანობამ ძალიან გამიტაცა. სული და გული ჩავაქსოვე ამ თარგმანში.

1
371
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
371
  
2017, 15 ივლისი, 2:47
ფასი რა არის ამ წიგნის?
0 1 1