x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ასოციაციები და მისი კანონები

image

მეხსიერების ამ ფორმის სულ უბრალო შემთხვევას შემდეგი მაგალითი წარმოადგენს:მე ნაცნობის ფოტოგრაფიულ სურათს ვხედავ და იმწამსვე ეს ნაცნობი მაგონდება. ანდა ნაცნობის ხმა მესმის და იმ წამსვე მისი სახე წარმომიდგება. როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში წარმოდგენა თვითონ კი არ ჩნდება სრულიად დამოუკიდებლად, არამედ მას აღქმა უსწრებს წინ (სურათის ნახვა, ხმის გაგონება), და წარმოდგენა, თითქოს, მხოლოდ ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იჩენს თავს.

როგორც ვხედავთ, ნაცნობის წარმოდგენა ერთ შემთხვევაში სურათის აღქმამ გამოიწვია, ხოლო მეორეში ხმისამ.მაგრამ წარმოდგენას არა მარტო აღქმა იწვევს: შესაძლებელია იგი წარმოდგენამაც გამოიწვიოს. მაგალითად, შესაძლოა, ნაცნობის სახე მისი ხმის გაგონებამ წარმომადგენინოს, მაგრამ არანაკლებ შესაძლებელია ამ წარმოდგენამ ნაცნობის ბინა მომაგონოს, ბინამ კიდევ ის სახლი, რომელშიც ეს ბინაა მოთავსებული, და სახლმა —მეორე ნაცნობი, რომელიც ამავე სახლში ცხოვრობს. ერთი სიტყვით, წარმოდენის გამოწვევა არა მარტო აღქმას, არამედ წარმოდგენასაც შეუძლია. მაგრამ განა აღქმა ან წარმოდგენა ყველაფერს ერთნაირად მომაგონებს? რასაკვირველია, არა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მხოლოდ იმ აღქმას, თუ წარმოდგენას შეუძლია მეორე წარმოდგენის გამოწვევა, რომელთანაც მას რაიმე კავშირი აქვს. აი ამ კავშირს განცდათა შორის, რომელიც იმაში იჩენს თავს, რომ ერთს მეორის გამოწვევა შეუძლია, ასოციაცია ეწოდება.
ასოციაციის ცნება დიდი ხანია შემოღებულია ფსიქოლოგიაში. მას ჯერ კიდევ პლატონი და განსაკუთრებით არისტოტელი იცნობდა(4 საუკ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე). მაგრამ სრულიად განსაკუთრებული როლი ამ ცნებამ ახალ ხანაში ითამაშა, განსაკუთრებით ინგლისის ფსიქოლოგიაში, და შემდეგ, ამ უკანასკნელის გავლენით, კონტინენტურ ქვეყნებშიც. თავისი უკიდურესი გამოყენება ასოციაციის ცნებამ ე. წ. ასოციაცინისტურ ფსიქოლოგიაში პოვა, რომლის დამაარსებლადაც ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი ჰიუმი და შემდეგ ჰერტლი, ჯემს მილი, ჯონ სტუარტი მილი და ა. ბენი უნდა ჩაითვალონ. იმისთვის, რომ ასოციაციის ცნებას შესაფერისი ადგილი მიეჩინოს ფსიქოლოგიაში, ასოციონისტური ფსიქოლოგიის ძირითადი შეხედულებების გაცნობაა საჭირო. ჰიუმი ამბობდა, რომ ადამიანის ფსიქიკა იდეებისგან (წარმოდგენებისგან) შედგება, რომელნიც აღქმების პირს წარმოადგენენ და ერთმანეთთან განსაზღვრული კანონების, ასოციაციის კანონების, მიხედვით არიან დაკავშირებულნი. ეს კანონები იმავე როლს ასრულებენ ფსიქიკურ სამყაროში, რასაც მსოფლიო მიზიდულობის კანონი ასრულებს მექანიკურ მოვლენათა სამკვიდროშიო (ჰერტლი). უკვე ძველითგანვე ცნობილი იყო ასოციაციის ოთხი ძირითადი კანონი:
1) ჩემი ნაცნობის ხმა მის სახეს მომაგონებს; “ანი “ “ბანის “ წარმოდგენას იწვევს, ელვის წარმოდგენა გრუხუნს მომაგონებს. საკმარისია გადავხვდოთ ამ მაგალითებს, რათა იმწამსვე შევნიშნოთ, რომ აქ აღნიშნული წყვილ-წყვილი წარმოდგენები ისეთია, რომ მათი საგანი არა ერთხელ აღმიქვამს ერთდროულად, ანდა უშუალოდ ერთიმეორის შემდეგ. ან-ს ბანი მოსდევს; ჩვეულებრივ, ელვას — გრუხუნი; ადამიანის ხმა რომ გესმის, ჩვეულებრივ, მის სახესაც ხედავ. ასეთ შემთხვევებში მათ შორის თითქოს კავშირი მყარდება, რომელიც იმაში იჩენს თავს, რომ ერთის რეპროდუქცია მეორესიწვევს (“მეზობლობის ასოციაცია დროში “).
2) როდესაც “სახლს “ ვამბობთ — “კარი “ გვაგონდება, “მთვარე “ “ვარსკვლავის “წარმოდგენას იწვევს, ნაცნობის ბინა იმ ქუჩას მოგვაგონებს, სადაც იგი ცხოვრობს. ასოციაციურ კავშირს აქაც მეზობლობა ქმნის, მაგრამ მეზობლობა სივრცეში; სახლი და კარი, მთვარე და ვარსკვლავი, ნაცნობის ბინა და ქუჩა — სივრცეში მახლობლად არიან მოთავსებულნი ( “მეზობლობის ასოციაცია სივრცეში “).
3) თუ წარმოდგენათა საგნებს შორის მსგავსება არსებობს, ისინი ასოციაციურად უკავშირდებიან ურთიერთს, ანდა უფრო სწორად: მსგავსი წარმოდგენები ურთიერთის რეპროდუქციას ახდენენ. მაგალითად: ალექსანდრე მაკედონელი ნაპოლეონს მომაგონებს: ორივე დიდი სარდალი იყო. შვილი მამას მომაგონებს, რადგან, ჩვეულებრივ, მათ შორის თვალსაჩინო მსგავსებაა ( “მსგავსების ასოციაცია “).
4) დასასრულს, ერთი წარმოდგენა მეორის რეპროდუქციას იმ შემთხვევაშიც იწვევს, როდესაც მათი საგნები ურთიერთის კონტრასტს წარმოადგენენ: დღე და ღამე, შავი და თეთრი, მაღალი და დაბალი, ცა და დედამიწა ( “კონტრასტის ასოციაცია “).
რომ ჩავუკვირდეთ ასოციაციის ამ ოთხივე შემთხვევას, მაშინვე შევამჩნევთ, რომ აქ ორ განსხვავებულ კატეგორიასთან გვაქვს საქმე. პირველ ორ შემთხვევაში ასოციაციური კავშირი წარმოდგენათა თანმიმდევრობის ნიადაგზე მყარდება. აქ წარმოდგენების რაგვარობას მათ შინაარსს სრულიად არავითარი მნიშვნელობა არ აქვთ: რაც ერთად ხდება — დროში თუ სივრცეში, რაც უნდა იყოს სულერთია, ბოლოსდაბოლოს, ასოციაციურად უკავშირდება ერთმანეთს. ასეთია პირველი ორი კანონის აზრი. სამაგიეროდ, მეორე ორისთვის წარმოდგენათა თანმიმდევრობას აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს: აქ გადამწყვეტ როლს მათი შინაარსი ასრულებს: მსგავსია ეს შინაარსი, თუ განსხვავებული, საკითხს მხოლოდ ეს გარემოება წყვეტს. შემდეგი მომენტი, რომლითაც ასოციაციის კანონების პირველი და მეორე წყვილი განსხვავდება ერთმანეთისაგან, ეს ისაა, რომ პირველი წყვილი იმ საკითხს ეხება, თუ რა უდევს საფუძვლად წარმოდგენათა შორის ასოციაციური კავშირის დამყარებას: წარმოდგენათა შორის თავისთავად არავითარი კავშირი არ არსებობს; ეს კავშირი მხოლოდ მას შემდეგ იბმება, რაც ისინი დროში ან სივრცეში მეზობლად ხვდებიან ერთმანეთს. მაშასადამე, კავშირს წარმოდგენათა შორის ამ შემთხვევაში მხოლოდ მათი წარსული, მათი “ისტორია “. ქმნის, ანდა სხვანაირად, ის, თუ რა წარმოდგენების ერთმანეთის მეზობლად განცდის შემთხვევა ჰქონია სუბიექტს თავისი გამოცდილების მიმდინარეობაში: კავშირს სუბიექტის გამოცდილება ქმნის. გამოცდილება რომ სხვაგვარი ყოფილიყო, ესე იგი, სხვა წარმოდგენები შეხვედროდნენ ურთიერთს, მაშინ ასოციაციური კავშირიც ამ სხვა წარმოდგენებს შორის დამყარდებოდა. სამაგიეროდ, მსგავსებისა და კონტრასტის ასოციაცია სრულიად არ ეხება იმას, თუ რა ქმნის ასოციაციურ კავშირს წარმოდგენათა შორის. აქ ის კი არ იგულისხმება, რომ არსებობენ წარმოდგენები, რომელნიც იმთავითეე როდი არიან ურთიერთთან დაკავშირებულნი, არამედ მხოლოდ შემდეგ უკავშირდებიან რაიმე მიზეზის გამო ერთმანეთს. არა! თუ წარმოდგენები ისეთია, რომ მათ შორის მსგავსება არსებობს, კავშირს დამყარება არ უნდა: ერთის რეპროდუქცია მეორეს გამოიწვევს. მაშასადამე, ასოციაციის ეს ორი უკანასკნელი კანონი უფრო რეპროდუქციის პროცესს ეხება, ვიდრე თვითონ ასოციაციის შექმნის პროცესს. ამ კავშირს სრულიად არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ ვის როგორ და რა წარმოდგენები განუცდია: აქ არც სუბიექტის გამოცდილება თამაშობს რაიმე როლს და არც თვითონ წარმოდგენების წარსული, მათი ბედი ან “ისტორია “. აქ მნიშვნელობა მხოლოდ შინაარსს აქვს. ამრიგად, ასოციაციათა ორი არსებითად განსხვავებული ჯგუფი არსებობს.მიუხედავად ამისა, ასოციაცინისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა აზრით, ასოციაციის ყველა ოთხი კანონი არსებითად მარტო ერთზე უნდა იქნეს დაყვანილი:ასოციაციის კანონი მარტო ერთი არსებობს, სახელდობრ, დროში მეზობლობის კანონიო, ამბობს ჯემს მილი.

0
184
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ერაძე
თამთა ერაძე
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0