x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ქცევითი დარღვევები ბავშვებში
image
რა არის ქცევითი დარღვევები?


ქცევის პრობლემები, ბავშვობის ასაკის დარღვევებიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული დარღვევაა. ეს უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია დიაგნოსტირების და ადეკვატური მკურნალობის შერჩევის სიძნელეებით. მოცემული დარღვევები ყველაზე ნაკლებად ემორჩილება მკურნალობას. ქცევის პრობლემების მქონე ბავშვებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ადრეულ ასაკში გამოუვლინდათ სხვადასხვა სახის პრობლემური ქცევები, სამომავლოდ ცუდი პროგნოზი აქვთ: დიდია კრიმინალური, ასოციალური პიროვნული დარღვევების, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების ალბათობა. ქცევითი დარღვევების კლასიფიკაციისას ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში რამდენიმე პარამეტრს ითვალისწინებენ. კერძოდ:
- სიმძიმე: იოლი და იშვიათი შემთხვევებიდან - მძიმე და ხშირ გამოვლინებებამდე;
- ქრონიკულობა: მცირე პერიოდიდან - ხანგრძლივ პერიოდამდე;
- მუდმივობა: გამოვლენა სკოლაში, სახლში, საზოგადოებაში;
- ქცევასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენის ასაკი - ბავშვობის ასაკიდან - მოზარდობის ასაკამდე;
- სიცრუის ხარისხი: რამდენად ხშირად მიმართავს ბავშვი ტყუილს საკუთარი ქცევის გასამართლებლად;
- თანატოლების გავლენა ქცევის დარღვევებზე: სოციალიზებული ქცევის პრობლემებიდან დაწყებული
- არასოციალიზებული ქცევის პრობლემებით დამთავრებული;
- თანმხლები დაავადებების არსებობა: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ან მისი ნიშნების; გუნება-განწყობის
დარღვევის (დეპრესიის ან ბიპოლარული აშლილობის) ან მისი ნიშნების; დასწავლის უნარის დარღვევის ან მისი ნიშნების;
-ოჯახის დეზორგანიზაციის ხარისხი.


ქცევითი დარღვევების ორ ფორმას ასხვავებენ:


ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის დარღვევას (ODD)- რომელიც განვითარების თვალსაზრისით, ადრეული გამოვლინებით ხასიათდება და ქცევის დარღვევას - რომელიც პირველად შეიძლება როგორც ბავშვობის, ასევე მოზარდობის ასაკში გამოვლინდეს. საგულისხმოა, რომ მრავალი კვლევა ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის დარღვევას, შემდგომში ქცევის დარღვევის განვითარების წინაპირობად განიხილავს, თუმცა, ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად,
შემდგომში (ანუ განვითარებასთან ერთად) ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის დარღვევის მქონე ბავშვების მხოლოდ 1/3-ს აღენიშნება ქცევითი დარღვევის ნიშნები, რომელოც საბოლოოდ დელიქვენტური ქცევის სახეს იღებს. ამავე დროს, აუცილებელია, ქცევის დარღვევების დიფერენცირება სხვადასხვა სტრესულ გარემოში ან სხვადასხვა ფსიქიკური განვითარების დარღვევის თანმხლები პრობლემური ქცევებისგან, რომლებიც ბავშვის მწირი რესურსებით გამოწვეული კომუნიკაციის ფორმაა და არა, ოპოზიციური, დევიანტური ქცევის გამოხატულება. ქცევის დარღვევების შემთხვევაში, სოციალური ჯგუფის წესებისა და სოციალური ნორმების დარღვევა წარმოადგენს ბავშვის პირველად პრობლემას და არა განვითარების რაიმე სახის პრობლემა. ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის დარღვევა გამოიყენება ისეთი ქცევის აღსანიშნავად, რომელიც მნიშვნელოვნად ცდება მოცემული ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელ, სოციო-კულტურული კონტექსტი გათვალისწინებით, ნორმალური ქცევის ფარგლებს. აღნიშნული დარღვევები, როგორც წესი, არ წარმოადგენს სხვების უფლებების უხეშ და სერიოზულ დარღვევას. ოპოზიციურდევიანტური ქცევის მქონე ბავშვები ხშირად არ ემორჩილებიან უფროსების მოთხოვნებსა და წესებს, გამიზნულად აბეზრებენ თავს სხვებს. მათ იოლად სწყინთ, ღიზიანდებიან, სხვებს აბრალებენ საკუთარ შეცდომებსა და სირთულეებს. ახასიათებთ ფრუსტრაციის მაღალი დონე და იოლად გამოდიან წყობიდან. ჩვეულებრივ, მათი დაუმორჩილებლობა უფრო პროვოკაციულ ხასიათს ატარებს; კვლევები ადასტურებენ, რომ ოპოზიციურ-დევიანტური ქცევა ოჯახური დისფუნქციისა და სოციალური ურთიერთობების დარღვევის მნიშვნელოვანი პრედიქტორია.
ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის მონაცემების თანახმად, ODD-ს გავრცელება 2%-დან 16%-მდე მერყეობს. ODD-სთვის დამახასიათებელი ნიშნების/ქცევების გამოვლენა ასაკთან მიმართებაში ცვალებადია: 3 წლის ასაკში შეიძლება პრობლემურ ქცევად გამოვლინდეს სიჯიუტე, რასაც 5 წლის ასაკისთვის მოჰყვება გამომწვევი ქცევა და გაღიზიანების აფეთქებები (ისტერიკა), კამათი, გაღიზიანებადობა, სხვების დადანაშაულება და წყენა. 6-დან 8 წლის ასაკში - სიბრაზე, ხოლო 9 წლის ასაკში - ჩადენილი საქციელის უარყოფა: “მე ეს არ გამიკეთებია’’ .
გარემოს გავლენა ბავშვის ქცევაზე
მნიშვნელოვანია გარემო, სადაც იზრდება მოზარდი, აღზრდის სტილი და კონკრეტული ოჯახისთვის დამახასიათებელი ქცევის ნორმები. სოციალური ინტერაქციის მოდელი სწორედ აღზრდის სტილზე ამახვილებს ყურადღებას, როგორც ოპოზიციურ-დევიანტური ქცევის დარღვევის ერთ-ერთ მიზეზზე: მოცემული მოდელი მშობლების მიერ ბავშვის აღზრდის სტილსა და მის შედეგად, მშობელსა და ბავშვს შორის ძალდატანებითი, ნეგატიური ურთიერთობის სტილის ჩამოყალიბებას შეისწავლის.
Chamberlin-ისა და Patterson-ის აზრით (1995) შეიძლება აღზრდის ოთხი არაადეკვატური ტიპის გამოყოფა, რომლებიც გავლენას ახდენენ ძალდატანებითი, მშობელი-ბავშვის ურთიერთქმედების განვითარებაზე და შესაბამისად, ზრდიან პრობლემური ქცევის გამოვლენის ალბათობას. ეს ტიპებია:
არათანმიმდევრული დისციპლინა - მშობლები, რომლებიც ერთნაირად რეაგირებენ ბავშვის პოზიტიურ და ნეგატიურ ქცევებზე, არათანმიმდევრულნი არიან ბავშვისთვის მიცემული მითითებების შესრულების მოთხოვნისას, ბავშვის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში და მოულოდნელად ცვლიან მოლოდინებსა და წესების დარღვევისთვის დაწესებულ შედეგებს;
გაღიზიანებადი, ფეთქებადი დისციპლინა - მშობლები, რომლებიც ბავშვების ქცევის მართვის მიზნით, ძირიდად პირდაპირ ბრძანებებს მიმართავენ, ხშირად იყენებენ ისეთ სასჯელს, როგორებიც
არის ჩქმეტა, ყვირილი და მუქარა; ხშირად აკეთებენ ბავშვის შესახებ ნეგატიურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს და ზრდიან ბავშვის მიერ აგრესიული ან დევიანტური ქცევითი პასუხის ალბათობას;
დაბალი სუპერვიზია და ჩართულობა - მშობლები, რომლებმაც არ იციან, თუ რით არის მათი შვილი დაკავებული მათი პირდაპირი ზედამხედველობის მიღმა, არ იცნობენ ბავშვის მეგობრებს, არ
იციან, რამდენად კარგად არის ბავშვი სკოლაში ადაპტირებული, იშვიათად ერთვებიან ბავშვთან ერთობლივ აქტივობებში და არ შეუძლიათ, ან არ სურთ ბავშვის ზედამხედველობა მაშინაც კი, როდესაც იციან, რომ ის ანტისოციალურ თანატოლებთან ურთიერთობს;
მოუქნელი რიგიდული დისციპლინა - მშობლები, რომლებიც იყენებენ ქცევის მართვის ერთი და იმავე სტრატეგიას სხვადასხვა სახის დარღვევისთვის, არ ითვალისწინებენ კონტექსტუალურ და სიტუაციურ ფაქტორებს, ხშირად ვერ ასაბუთებენ თავიანთ გადაწყვეტილებას ან ვერ იყენებენ სხვა სტრატეგიებს დისციპლინური დარღვევების შემთხვევაში და ვერ არჩევენ ბავშვის დანაშაულის ადეკვატურ სასჯელს.


შეიძლება ითქვას, რომ ქცევის დარღვევა მრავალი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორის ერთობლივი მოქმედების შედეგია, რომელიც აუცილებელ ყურადღებას და მკურნალობას საჭიროებს.

0
1221
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
1221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0