x
პიროვნების თვითაქტუალიზაცია
image„...რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი? რისკენ მივიღწვი? ვინ მინდა რომ ვიყო? ეს არის კითხვები, რომლებსაც დროდადრო ყველა ადამიანი უსვამს საკუთარ თავს - ზოგჯერ მშვიდად და დაფიქრებულად, ზოგჯერ კი მტანჯველი გაურკვევლობითა და სასოწარკვეთით“.

ტერმინი თვითაქტუალიზაცია წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან
„actualis“, რაც ქართულ ენაზე ნიშნავს - ნამდვილს, აქტიურს. ჩვენს თემაში, თვითაქტუალიზაციის პრობლემები და მასზე მოქმედი ფაქტორები განხილული იქნება სხვადასხვა ავტორის ჭრილში.

ცნება თვითაქტუალიზაცია ფსიქოლოგიის სხვადასხვა თეორიაში გამოიყენება. ტერმინი თავდაპირველად გამოიყენა ორგანისტული თეორიის წარმომადგენელმა, კურტ გოლდშტეინმა, იმ მიზნით, რომ გაეანალიზებინა ადამიანის სრული პოტენციალის არსი. შემოქმედებითობის გამოხატულება, სულიერად ზრდის მოთხოვნილება, ცოდნის ძიება და საზოგადოების საკეთილდღეოდ
მისი გამოყენება - თვითაქტუალიზაციის მაგალითებია.


ზოგიერთი მკვლევარი, და მათ შორის კურტ გოლდშტეინიც, მიიჩნევდნენ, რომ თვითაქტუალიზაცია ადამიანის ყველაზე ძლიერი, მთავარი მოთხოვნილებაა, რომელიც კონკურენციას უწევს ისეთ მოთხოვნილებებსაც კი, როგორიცაა - წყურვილი, შიმშილი და ძილი. კარლ როჯერსიც ხაზს უსვამს თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას ადამიანში. მისი პიროვნების თეორიის საფუძვლადმდებარე ყველაზე
მნიშვნელოვანი დებულებაა, რომ ადამიანს გააჩნია ზრდისა და განვითარების თანდაყოლილი, ბიოლოგიური ტენდენცია.

ეს კონცეფცია ყველაზე კარგად იქნა გამოხატული აბრაამ მასლოუს თეორიაში, რომლის მიხედვითაც ბაზისური მოტივები ქმნიან მოთხოვნილებათა იერარქიას, სადაც მოთხოვნილებები პროგრესირდება ბაზისური ბიოლოგიურიდან ტრანსცენდენტურ მოთხოვნილებებამდე. თვითაქტუალიზაციის სინონიმებად შეგვიძლია
გამოვიყენოთ ისეთი ტერმინები, როგორიცაა თვითაღმოჩენა, თვითრეფლექსია, თვითრეალიზაცია, თვითგამორკვევა. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია განეკუთვნება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის თეორიებს. ზიგმუნდ ფროიდის მიერ შემოთავაზებული ფსიქოდინამიკური მიდგომისგან განსხვავებით, ჰუმანისტური ფსიქოლოგია ფოკუსირდება ჯანსაღ, მოტივირებულ ადამიანებზე და ცდილობს განსაზღვროს ის გზები, რომელთა დახმარებითაც ადამიანები აღწევენ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმს.


კურტ გოლდშტეინი
კურტ გოლდშტეინისთვის თვითაქტუალიზაცია გაიგება არა როგორც რაიმე მიზანი რაც უნდა იქნას მიღწეული მომავალში, არამედ ორგანიზმის უნარი გააქტიუროს მთელი თავისი მოცემულობა, სრული პოტენციალი კონკრეტულად აქ და ამ მომენტში. გოლდშტეინი თავის წიგნში, სადაც ადამიანის ბუნება განხილული აქვს ფსიქოპათოლოგიის ჭრილში ამბობს, რომ ინდივიდუალიზმი არასდროს ნიშნავს - „მე ვარ“, არამედ ეს არის აღქმა იმისა, რომ ჩვენთან ერთად არსებობენ სხვებიც. მისი თქმით ადამიანს არ შეუძლია თვითაქტუალიზაცია, თუ ის პატივს არ სცემს გარშემომყოფებს.

გოლდშტეინი თავდაპირველად თვლიდა, რომ ინდივიდის ტენდენცია
აქტუალიზაციისკენ აუცილებად გამოიწვევს გარდაუვალ კონფლიქტს გარესამყაროსთან. აქტუალიზაცია არასდროს სრულდება ბრძოლის გარეშე.“ერთი ინდივიდის თვითაქტუალიზაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სხვისი მხრიდან დათმობის შედეგად და თითოეული ადამიანი ვალდებულია მოითხოვოს ეს დათმობა სხვისგან, შესაბამისად ადამიანთა შორის არ არსებობს ჰარმონია“. საკუთარი თავისა და სხვისი ერთდროული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ სიყვარულში - თვითაქტუალიზაციის უმაღლეს ფორმაში.


კარლ როჯერსი
კარლ როჯერსის თეორიაში ზრდისა და განვითარების ტენდენცია ლოკალიზებულია ორგანიზმის, როგორც ერთი მთლიანის დონეზე და განხილულია, როგორც ერთადერთი ბაზისური მოტივაციური ძალა,
რომელიც ყოველ ადამიანს საკუთარი უნიკალური პოტენციალის გაშლა-რეალიზაციისკენ ამოძრავებს. ეს შინაგანი ტენდენცია იმთავითვე პოზიტიური და ღირებული იმპულსია.

ჯანსაღი განვითარებისკენ სწრაფვა არ არის დამთრგუნველი
ძალა, რომელიც თავის გზაზე ნებისმიერ დაბრკოლებას აცამტვერებს.
როჯერსი მას განსაზღვრავს, როგორც „მიმართულებით ტენდენციას, რომელიც აშკარაა ყველა ორგანულ და ადამიანურ სიცოცხლეში —ლტოლვა განვრცობისკენ, გაფართოვებისკენ, განვითარებისკენ, მომწიფებისკენ, ორგანიზმის ან მე-ს ყველა შესაძლებლობის
გამოხატვისა და აქტივირებისკენ“. ეს არის მეტად დიფერენცირებულობის და ავტონომიის, თვითრეგულაციისა და კონტროლის ტენდენცია ნებისმიერ სიტუაციაში. ეს არის თავისუფლად მოქმედი ძალა, რომელიც არ არის შესუსტებული არც წარსულის მოვლენებით და არც აწმყოს პირობითობებით.



როჯერსის თეორიის თანახმად, ადამიანის ფსიქიკაში შეიძლება გამოიყოს ორი ტენდენცია, რომელიც მას დაბადებისთანავე აქვს მინიჭებული. პირველი, ეს არის ადამიანის თვითაქტუალიზაციის ტენდენცია, მეორე კი საკუთარი განვითარების კონტროლი. სწორედ ამ ორი ტენდენციის საფუძველზე ფორმირდება უნიკალური პიროვნება, რომელიც მოიცავს „იდეალურ მე-სა“ და „რეალურ მე-ს“. მათ შორის
შესაძლოა იყოს განსხვავებული ურთიერთობები - დაწყებული მაქსიმალური ჰარმონიიდან, დამთავრებული სრული დისჰარმონიით. თვითაქტუალიზაცია განიხილება, როგორც საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. მიზნის მიღწევის პროცესში, ადამიანი ცხოვრობს საინტერესო ცხოვრებით, რომელიც სავსეა თავგადასავლებით, საკუთარ თავზე მუშაობითა და საოცარი შედეგებით. ასეთი ადამიანი ტკბება ყოველი წუთით აქ და ამჟამად.


როჯერსისთვის განვითარების ძირითადი პრობლემაა, თავისუფლად
განვითარდება თუ არა ბავშვი კონგრუენტულ მდგომარეობაში და მოახდენს თუ არა საკუთარი თავის აქტუალიზაციას, თუ დაცვითი
შეგუების გზით წავა და არაკონგრუენტულ მდგომარეობაში მყოფი იმოქმედებს. მე-კონცეფციის ჯანსაღი ფსიქოლოგიური განვითარება ისეთ ატმოსფეროში ხდება, რომელშიც ბავშვს სუბიექტური
გამოცდილების სრულად განცდის, ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვს და მშობლების მხრიდან მიღებულია მაშინაც კი, თუ მათ არ მოსწონთ მისი ქცევის გარკვეული ასპექტები. ამ მომენტს
ხაზს უსვამს ბავშვთა ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა უმრავლესობა (Первин Л., Джон О., 2002).

როჯერსმა აღმოაჩინა, რომ „კარგი ცხოვრებისთვის“ საჭიროა გარკვეული პრინციპების დაცვა. ეს პრინციპები საერთოა მათთვის, ვინც სრულად ფუნქციონირებს საზოგადოებაში. ეს პრინციპებია:
1. გამოცდილებისადმი ღიაობა
2. ეგზისტენციალური ცხოვრების სტილი, როდესაც თითოეული მომენტი არის დაფასებული
3. საკუთარ გადაწყვეტილებებში დარწმუნებულობა.
4. არჩევანის თავისუფლება.
5. კრეატულობა და ადაპტურობა, რომელიც არ გულისხმობს აუცილებლად კონფორმულობას.
6. ნდობა და კონსტრუქტიულობა სხვებთან მოლაპარაკებისას.
7. უპირატესობის მინიჭება სავსე და მდიდარი ცხოვრებისადმი.


0
136
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ კავთუაშვილი
თამარ კავთუაშვილი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0