x
მეტი
  • 24.07.2017
  • სტატია:67864
  • ვიდეო:320481
  • სურათი:420288
ბიოფსიქოსოციალური მოდელი ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში

image


იდეა, რომ სხეული და ფსიქიკა ერთობლივად განსაზღვრავს ჯანმრთელობასა და დაავადებას, ლოგიკურად აყალიბებს მოდელს ამ საკითხების შესასწავლად. ამ მოდელს ბიოფსიქოსოციალური მოდელი ეწოდება. როგორც მისი დასახელებიდან ჩანს, მისი ფუნდამენტური დაშვებაა, რომ ჯანმრთელობა და დაავადება არიან ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგი (Suls & Rothman, 2004).
ბიოფსიქოსოციალური მოდელი ბიოსამედიცინო მოდელის საწინააღმდეგოდ
ბიოფსიქოსოციალური მოდელის გასაგებად მნიშვნელოვანია მისი ბიოსამედიცინო მოდელთან დაპირისპირება. ბიოსამედიცინო მოდელი, რომელიც ექიმების გონებას სულ მცირე 300 წლის მანძილზე მართავდა, დაავადებას განიხილავს წმინდად დარღვეული სომატური სხეულებრივი პროცესების შედეგად, როგორიცაა ბიოქიმიური დისფუნქცია ან ნეიროფიზიოლოგიური ანომალიები. ბიოსამედიცინო მოდელის თანახმად ფსიქოლოგიური და სოციალური პროცესები ირელევანტურია დაავადების პროცესის განხილვისას.
მიუხედავად იმისა, რომ ბიოსამედიცინო მოდელი ნამდვილად ეფექტურია ზოგიერთი დაავადების შესწავლისას, მას მრავალი პოტენციური შეზღუდვებიც გააჩნია. 1. ეს რედუქციონისტური მოდელია. მას დაავადება დაყავს ქვედა დონის პროცესებზე, როგორიცაა დაზიანებული უჯრედები და ქიმიური დისბალანსი და უფრო ზოგადი სოციალური და ფსიქოლოგიური პრიცესების იგნორირებას ახდენს. 2. ბიოსამედიცინო მოდელი ფაქტობრივად ერთ-ფაქტორიანი მოდელია. დაავადება აღიწერება ბიოლოგიური დისფუნქციის ტერმინებში იმის აღიარების გარეშე, რომ დაავადებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგან მხოლოდ ცალკეული ფაქტორებია ბიოლოგიური. 3. მოცემული მოდელი იმპლიციტურად ეყრდნობა ფსიქიკისა და სხეულის დუალიზმის იდეას. 4. ბიოსამედიცინო მოდელი გამოყოფს დაავადებას და არა ჯანმრთელობას ანუ სწავლობს დარღვევებს, რასაც მივყევართ დაავადების განვითარებამდე და არა იმ ფაქტორებს/პირობებს, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ამრიგად, ბიოსამედიცინო მოდელს მრავალი შეზღუდვა აქვს. 1. ამ მოდელის მიხედვით რთულია აიხსნას, მსგავს პირობებში ზოგიერთი ადამიანი ავადდება და ზოგიერთი არა? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაავადების განვითარებაზე და რომელთა იგნორირებასაც ახდენს ბიოსამედიცინო მოდელი. 2. მკურნალობა რამდენად განაპირობებს გამოჯანმრთელებას ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ ხვდება და ასევე ბიოსამედიცინო მოდელის მიერ იგნორირებულია. აქედან გამომდინარე, ბევრმა მკვლევარმა და პრაქტიკოსმა დაიწყო ბიოფსიქოსოციალური მოდელის გამოყენება.
ბიოფსიქოსოციალური მოდელის დადებითი მხარეები
როგორ ახდენს ბიოფსიქოსოციალური მოდელი ბიოსამედიცინო მოდელის უარყოფითი მხარეების დაძლევას? ბიოფსიქოსოციალური მოდელი, როგორც უკვე აღინიშნა, ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს განიხილავს როგორც თანაბარმნიშვნელოვან დეტერმინანტებს დაავადებასა და ჯანმრთელობაში. შესაბამისად, ხდება მაკროდონის (როგორიცაა სოციალური მხარდაჭერის არსებობა ან დეპრესია) და მიკროდონის (როგორიცაა უჯრედული დარღვევები ან ქიმიური ანომალიები) პროცესების ურთიერთქმედება ჯანმრთეკიბის მდგომარეობის ან დაავადების განვითარებაში.
ბიოფსიქოსოციალური მოდელის თანახმად, ჯანმრთელობდა და დაავადება გამოწვეულია მრავალი ფაქტორით და იწვევს მრავალ შედეგს. უფრო მეტიც, ამ მოდელის თანახმად, ჯანმრთელობისა და დაავადების განხილვისას ფსიქიკისა და სხეულის გამიჯვნა შეუძლებელია, რადგან ისინი თვალსაჩინო გავლენას ახდენენ კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს მოდელი ორივეს - ჯანმრთელობასა და დაავადებას განიხილავს ერთობლიობაში და არ აკეთებს აქცენტს დაავადებაზე, როგორც გარკვეულ გადახრაზე რაღაც მდგრადი მდგომარეობიდან. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობა წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც მიიღწევა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური საჭიროებებისადმი ყურადღების დათმობით და არ არის უბრალოდ საჩუქრად მიღებული.
მაგრამ როგორც ხდება ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიოლოგიური ფაქტორები მიკროდონის პროცესებია, ხოლო ფსიქოლოგიური და სოციალური - მაკროდონის? ამ კითხვაზე საპასუხოდ შემუშავებულ იქნა ე.წ. სისტემების თეორია, რომლის თანახმადაც ერთ მთლიანობაში ორგანიზაციის ყველა დონე იმყოფება ერთმანეთთან იერარქიულ კავშირში და ერთ დონეზე ცვლილება გამოიწვევს სხვა დონეებზე ცვლილებას. კერძოდ, მიკროდონის პროცესები (როგორიცაა, მაგალითად, უჯრედული ცვლილებები) მოცემულია მაკროდონის პროცესების (მაგ., სოციალური ღირებულებები) ფარგლებში და შედეგად მიკროდონის ცვლილებებს შეიძლება მაკროდონეზე ჰქონდეთ შედეგები (ან პირიქით).
შესაბამისად, ჯანმრთელობა, დაავადება და სამედიცინო მომსახურება ურთიერთდაკავშირებული პროცესებია, რომლებიც მოიცავენ ურთიერთდაკავშირებულ ცვლილებებს როგორც ინდივიდუალურ ასევე ამ სხვადასხვა დონეებზე. ამ საკითხების კვლევის აუცილებლობამ წარმოშვა ინტერდისციპლინური აზროვნებისა და თანამშრომლობის, მრავალფეროვანი მულტივარიაციული მიდგომებისა და რთული სტატისტიკური ანალიზის საჭიროება (Suls & Rothman, 2004).
ბიოფსიქოსოციალური მოდელის კლინიკური გამოყენება
ბიოფსიქოსოციალური მოდელი პაციენტებთან კლინიკური გამოყენების მრავალ შესაძლებლობას იძლევა. 1. მოდელის შესაბამისად, დიაგნოსტირების პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთკავშირს კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობისა თუ დაავადების შეფასებისას (Oken, 2000). ამრიგად, დიაგნოზის დასასმელად მულტიდისციპლინური მიდგომა საუკეთესოა (Suls & Rothman, 2004).
2. მკურნალობის რეკომენდაციები ფაქტორების სამივე ჯგუფს უნდა ითვალისწინებდეს. თერაპია ინდივიდზე ორიენტირებული უნდა იყოს, ითვალისწინებდეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მკურნალობის რეკომენდაციებში ერთზე მეტ პრობლემას მოიაზრებდეს. კვლავ, მულტიდისციპლინური მიდგომა შესაძლოა ყველაზე ადექვატურია (Schwartz, 1982).
3. ბიოფსიქოსოციალური მოდელი ხაზს უსვამს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას. ეფექტურმა ურთიერთობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს პაციენტის მიერ სერვისების გამოყენებას, მკურნალობის ეფექტურობას და გამოჯანმრთელებასაც კი (Belar, 1997).
შეიძლება ითქვას, რომ ბიოფსიქოსოციალური მოდელი ხაზს უსვამს, რომ ექიმს უნდა ესმოდეს დაავადებაში მონაწილე სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორების როლი ამ დაავადების ეფექტური მკურნალობისთვის. ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში კი, ბიოფსიქოსოციალური მოდელი ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობ ჩვევებს მხოლოდ ფსიქოლოგიური და სოციალური კონტექსტის ფარგლებში განიხილავს.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ერაძე
თამთა ერაძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0