x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
პროექტი, რომელიც თანამედროვეობის მუსიკალურ ექსკლუზივად იქცა!
"...მუსიკალურ სამყაროში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებს, მიმართულებათა სინთეზისა და კოლაბორაციის შემთხვევებს. მუსიკალური ნოვაციები თანამედროვე ქართულ სინამდვილეზეც აისახება..." ამ სიტყვებით დავიწყე ჩემი ერთ-ერთი სტატია, რომელმაც დააანონსა ერთმანეთისგან განსხვავებულ შემოქმედებით სფეროთა გაერთიანების იდეა. 2 ივლისს კი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში რეალურად განხორციელდა და საოცარი ემოციებით დაგვირგვინდა ეს ექსკლუზიური პროექტი, რომელმაც მაგიურად გააერთიანა მსმენელი და შემსრულებელი, სცენა და აუდიტორია, 50-მდე მუსიკოსის მაჯისცემა და გრძნობები.


image


ბათუმელი მსმენელი საგანგებოდ ემზადებოდა ანსამბლ "შავნაბადასთან" და თბილისის გოგონათა გუნდთან შესახვედრად. პროექტს სათანადო გამოხმაურებაც მოჰყვა: ინფორმაციას არნახული ინტენსივობით აწვდიდა საზოგადოებას სხვადასხვა მედია საშუალება; პროექტის მიმართ გაიზარდა მსმენელის ინტერესი და მოთხოვნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან; გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება პროექტის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; დადებითი შეფასება მიიღო პროექტმა პროფესიონალი მუსიკოლოგებისგანაც; რეალურად გამოჩნდა ის, რომ ორიგინალურმა კონცეფციამ გაამართლა - მსგავსი ტიპის საშემსრულებლო სინთეზი არაჩვეულებრივი საშუალებაა ფოლკლორული და აკადემიური საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციისთვის თანამედროვე მუსიკალურ კულტურაში და ფართო საზოგადოებაში. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის უზარმაზარი დარბაზი გაავსო იმ უსაზღვრო ემოციამ, რომელსაც თავის თავში ატარებს უნიკალური ქართული ფოლკლორი და მსოფლიო თუ ქართული აკადემიური საგუნდო მუსიკის თითოეული შედევრი.


მუსიკოლოგები ვთანხმდებით, რომ თანამედროვე სამყაროში საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია მუდმივად აქტუალური თემაა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვხვდება ნოვაციური შეფუთვით სხვადასხვა სტილის, ჟანრის და გემოვნების კოლაბორაციის შემთხვევები. თანამედროვე სოციალურ სივრცეში ეს ყველაფერი თანადროულად არსებობს, თუმცა ის ფენომენალური შრე, რომელმაც უკვე შეძლო მსოფლიოს გაოცება და უმაღლესი მხატვრული ღირებულების მოპოვება, ფოლკლორული და აკადემიური საგუნდო მუსიკის სახით, მუდმივად გაუძლებს დროს და მუდმივად იქნება აქტუალური ისევ და ისევ თავისი მრავალმხრივი და უშრეტი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.



ანსამბლ "შავნაბადას" და თბილისის გოგონათა გუნდის ექსპერიმენტული პროექტი იმ ნიშნით აღმოჩნდა უნიკალური, რომ ძალიან მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ურთულესი ნიმუშები საოცრად ადვილად აღქმადი და ოსტატური ფორმით იქნა მიწოდებული ბათუმელი მსმენელისთვის - სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების მქონე მელომანისთვის და საზოგადოების იმ ფენისთვისაც, რომელიც შესაძლოა სრულებით არ არის ახლოს მუსიკალურ ხელოვნებასთან და პირველად მოსმენის სიხარული განიცადა ამ კონცერტზე. შედეგად კი მივიღეთ ერთი ემოციის და ზღვა შთაბეჭდილების ქვეშ გაერთიანებული უზარმაზარი აუდიტორია.


პროექტის ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი და უშუალოდ კონცერტი ამაღელვებელი იყო თითოეული შემსრულებლისთვისაც. სცენაზე იდგა 50-მდე მუსიკოსი ანთებული გულითა და გაბრწყინებული თვალებით - ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის და გოგონათა აკადემიური გუნდის საშემსრულებლო მანერათა შერწყმა, ენერგეტიკა, ტემბრული მრავალფეროვნება და კონტრასტები საოცარ სინთეზში მოვიდა გონივრულად შერჩეულ რეპერტუართან, რომელმაც მოიცვა სხვადასხვა ეპოქისა და მუსიკალური კულტურის არაერთი მარგალიტი. ყველაზე დიდი და ბუნებრივი ემოციები მაინც კულისებშია, ალბათ ამიტომ ვერ ითმენს მსმენელიც და ფარდის დახურვისთანავე ცდილობს შეიჭრას ამ ყველაზე იდუმალ და საინტერესო სივრცეში. ყველაზე ექსკლუზიური კადრებისთვის თუ შეფასებებისთვის მაინც კულისი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას. ანსამბლ "შავნაბადას" და თბილისის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელები - დათო ცინცაძე და ომარ ბურდული ამ დღესასწაულის ის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, რომლებმაც ზღვა შრომა და მთელი შემოქმედებითი რესურსი გაიღეს "ექსპერიმენტულობის" ქვეშ ღირსეულად წარმოჩენილიყო თითოეული სფერო - ფოლკლორი თუ მსოფლიო და ქართული აკადემიური საგუნდო მუსიკა. შესაბამისად მათი შეფასება, დამოკიდებულება და მოსაზრებები პროექტის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალზე საინტერესოა.


image


დათო ცინცაძე: - "ჩვენ მთელი ემოციით განვიცადეთ ეს კონცერტი, რომელიც პირველი და ექსპერიმენტული იყო ჩვენთვისაც და ბათუმისთვისაც, რომელსაც დიდი კულტურული ღირებულებები გააჩნია. კონცერტზე შესრულდა წინწყარო, ჩაკრულო, ხასანბეგურა - ქართული ხალხური სიმღერის მარგალიტები მსოფლიო და ქართული პროფესიული მუსიკის შედევრებთან ერთად..."


ომარ ბურდული: - "კონცერტს დადებითად შევაფასებდი, იდეა და მიზანი შესრულდა! ვისურვებდი, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს არამარტო საქართველოს რეგიონებში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, ვინაიდან ეს არის ყველაზე დიდი პოპულარიზაცია ქართული მუსიკალური კულტურის - ერთდროულად ფოლკლორული და აკადემიური საგუნდო მუსიკისა".


დაანონსებული დაპირებისამებრ იგეგმება პროექტის გაგრძელება ქუთაისსა და თბილისშიც. შემოქმედებით ჯგუფს აძლიერებს მსმენელის უსაზღვრო მოლოდინი და ინტერესი. როგორც ხელმძღვანელები ვარაუდობენ, შესაძლებელია თბილისში რუსთაველის თეატრის სცენაზეც აღმოჩნდეს ეს ერთობლივი პროექტი შესაბამისი ტექნიკური რესურსების არსებობის შემთხვევაში და ასევე ცალკეული ნომრები შესაძლოა შევიდეს საიუბილეო ფესტივალის "შემოდგომის თბილისი" ფარგლებში.


გამოწვევებისა და შემოქმედებითი სირთულეებისადმი მზაობა და თავდაუზოგავი შრომა ქმნის იმ მუსიკალურ ეგზოტიკას, რომელსაც მილიონებში გამოარჩევ თავისი ენერგეტიკით, გემოვნებითა და ხარისხით და განსაკუთრებულად შეიყვარებ. სწორედ ამ სიყვარულით არის გაჟღენთილი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობრის, მსმენელისა და შემფასებლის - თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორის - არმაზ ახვლედიანის ემოციური სიტყვები: - "როცა უსმენ ასეთ ხელოვნებას, ხვდები, რომ ადამიანი ღმერთმა მხოლოდ სიკეთისთვის შექმნა, მხოლოდ სრულყოფისთვის. ეს ხელოვნება თავად სრულყოფისკენ სვლაა, სვლა არა მხოლოდ მათთვის, ვინც ასე შესანიშნავად ასრულებთ, არამედ ჩვენთვის, ვინც გისმენთ და ვცდილობთ გამოგყვეთ. ეს არის ზეიმი - სულის ზეიმი! გილოცავთ!"


სტატიის ავტორი: შორენა მეტრეველი

(ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი, მუსიკოლოგი)




0
64
შეფასება არ არის
ავტორი:შორენა მეტრეველი
შორენა მეტრეველი
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0