x
image
მადამ ფისუნია
დადა და სიურრეალიზმი

imageრაც შეეხება დადაიზმს, იგი 1915 წლისთვის წარმოიშვა
და ცივილიზაციისადმი ამბოხს გამოხატავდა, რომელმაც მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაახვია.
დადაისტები ცდილობდნენ, საკუთარ შემოქმედებაში გარშემო გამეფებული აბსურდი აესახათ
რადგან აბსურდული საზოგადოება სწორედ აბსურდული ხელოვნების ასახვის ობიექტი უნდა ყოფილიყო.
დადას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა და მალევე მისმა იდეებმა მსგავსივე ტიპის მიმდინარეობაში, სიურრეალიზმში გადაინაცვლა, რომელიც
ასევე დაინტერესებული იყო რეალობის „სტატუს ქვოსა“ და მის პირობითობებში. სიურრეალიზმი, დადასგან განსხვავებით ნაკლებად იყო
კონცენტრირებული არეულ-დარეულ რეალობაზე; მას უფრო არაცნობიერი აზროვნება და მისი ზერეალისტურად
წარმოსახვის უნარი და შესაძლებლობები აინტერესებდა.შესაბამისად,
ვფიქრობ, ამ ორ მიმდინარეობაში მეტად საინტერესოდ არის დანახული სიშიშვლეც.
დადაიზმიდან სიურრეალიზმზე გარდამავალ
პერიოდში და მაქს ერნესტის მიერ 1924 წელს შექმნილი „ცელებესი“ ერთ-ერთ პირველ სიურრეალისტურ ფერწერულ ნამუშევრად
ითვლება. მისი სათაური აღებულია გერმანული საბავშვო ლექსიდან, რომელიც ასე იწყება
: „ცელებესის სპილოს, თურმე, მოყვითალო ცხიმი გასდის“ ერნესტი კოლაჟის ტექნიკით იყო
გატაცებული, რომელიც საშუალებას აძლევდა არსებული საგნები გადაეკეთებინა და ახალ, შეუსაბამო
ნაწილებისაგან შემდგარი გამოსახულებები შეექმნა. ამ ტილოზე კი მხატვარი ტრომპლეის მეთოდით
ქმნის კოლაჟის ეფექტს. ამ ავისმომასწავებელი სპილოს გამოსახულების დახატვა ერნესტს
მარცვლეულის შესანახი სუდანური ჭურჭლის ფოტომ უკარნახა. ცოცხალი არსების მექანიკური
საგნის ფორმით გამოსახვა შემაშფოთებელ ხატს ქმნის. სურათის ცენტრში განთავსებული სპილოს
უთვალებო რქიანი თავი და სურათის მარჯვენა ქვედა კუთხეში განთავსებული უთავო, წელს
ზემოთ შიშველი ქალის ფიგურა სურათს როგორც
აბსურდულ დადაისტურ, ისე კოშმარული სიზმრის მსგავს სიურრეალისტურ ელფერს ანიჭებს.
imageდანაშაულად მიმაჩნია სიურრეალიზმზე საუბარი შესანიშნავი
მხატვარი ქალის, ფრიდა კალოს გამოტოვებით. მისი ტრაგიკული ცხოვრება მისსავე სურათებში
აისახა, განსაკუთრებით კი ავტოპორტრეტულ სერიებში მკვდარი ბავშვით. ფრიდა ოცნებობდა ბავშვზე, მაგრამ რამოდენიმე
მცდელობა ტრაგიკულად დასრულდა. ამის შემდეგ იგი ხშირად ხატავდა საკუთარ მკვდარ
ემბრიონებს, რომელიც სპირტიან ქილებში ჰქონდა შენახული. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან
მძიმე თემა ჰქონდა არჩეული, მაინც ხატავდა ნათელ ფერებში. მის ავტოპორტრეტებში სახე
არასოდეს იღიმოდა, კაბები კი ხასხასა ტონალობაში ჰქონდა შესრულებული. ფრიდას შემოქმედებაში
შეიმჩნევა ხალხური მექსიკური ხელოვნების, ხოლო ადრეულ ნახატებში – ევროპული ფერწერის ზეგავლენაც. ფრიდა კალოს ნამუშევრებიდან, ჩვენს
განსახილველ თემატიკას შეესაბამება მხატვრის ძალიან საინტერესო ავტოპორტრეტი „ჰენრი
ფორდის ჰოსპიტალი“. მხატვარმა სურათზე გამოსახა საკუთარი ბუნებრივი აბორტი, სურათის ცენტრში ვხედავთ საავადმყოფოს საწოლზე მწოლიარე
, სისხლში გასვრილ შიშველ ფრიდას. მხატვრის
შეშუპებული მუცლიდან გამოდის ექვსი წითელი ძაფი თითოეული მათგანი მიბმულია აბორტთან
დაკავშირებულ გამოსახულებასთან: ემბრიონი ბიჭი, „დიეგუიტო“, ვაჟი რომელზეც დიდხანს
ოცნებობდა მაგრამ არასოდეს ჰყოლია, აქვეა ასახული სიმბოლური დატვირთვის მქონე, მეუღლის
ნაჩუქარი იასამნისფერი ყვავილი, ლოკოკინა, რომელიც ასოცირდება ნელ, მტკივნეულსა და
მტანჯველ აბორტთან, მან ასევე დახატა რკინის უხეში მანქანა, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს
ყველა იმ ცივსა და საზარელ ინსტრუმენტს, რომლებიც მხატვრის საშვილოსნოს კიურეტაჟისას
გამოიყენეს, დაბოლოს, საკუთარი მენჯის გამოსახვით მას სურდა გადმოეცა ის ფიზიკური ტკივილები,
რომელსაც იგი განიცდიდა საავადმყოფოს საწოლს მიჯაჭვული.ამ
შემთხვევაში ქალის შიშველი ფიგურა ასოცირდება უდიდეს სულიერ ტკივილთან, რომელიც ბუნებრივად
იბადება შვილს დანატრებულ ქალში, რომელმაც ვერ შეძლო შეენარჩუნებინა ნაყოფი.

0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0