x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლიდერობა ორგანიზაციაში

imageორგანიზაციის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელი პირობა მართვის ადეკვატური ფორმების შერჩევა და გამოყენებაა. ნებისმიერი ორგანიზაცია ცდილობს მიაღწიოს წარმატებას და ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაციის მართვაში დიდი რესურსების ინვესტირებას ახდენს. ორგანიზაციის თეორიებს ქრონოლოგიურ კონტექსტში თუ შევხედავთ, ვნახავთ რომ მართვა ჯერ ფოკუსირებული იყოს რესურების (ფინანსური, ტექნოლოგიური და სხვა) ეფექტიანად გამოყენებაზე, აქცენტი სამართავად ყველაზე რთულ, მაგრამ ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე რესურსზე - ადამიანურ რესურსზე მოგვიანებით გაკეთდა. რიგითი თანამშრომლები, მათი მოტივირებული ჩართულობა ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობასა და განვითარების პროცესში გადამწყვეტი ფაქტორია ორგანიზაციის წარმატებისთვის. რაც უფრო კარგად ახერხებს მენეჯერი თანამშრომლების უნარებისა და შესაძლებლობების ორგანიზაციის ინტერესების სამსახურში ჩაყენებას, მით უფრო სწრაფი და მნიშვნელოვანია წარმატება, რომელსაც ორგანიზაცია აღწევს.

ძალაუფლება ორგანიზაციის ეფექტურად მართვის აუცილებელი,
თუმცა არასაკმარისი პირობაა. ეფექტური მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ლიდერობის მექანიზმსაც. ლიდერობაში იგულისხმება ცალკეულ პიროვნებებსა და ჯგუფებზე გავლენის მოხდენის უნარი, რომელიც უზრუნველყოფს მათი ძალისხმევის წარმართვას ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. ლიდერობის პოტენციალი ორგანიზაციაზე დიდ ზეგავლენას ახდენს და განსაზღვრავს მის წარმატებას. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ დგას ორგანიზაციის თავში. თუ ლიდერობის უნარი მენეჯერს სათანადოდ არა აქვთ განვითარებული, ის ვერ შეძლებს ორგანიზაციის ეფექტიან მართვას. წარმატება ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ლიდერის თვისებების გარეშე მაქსიმუმის მიღწევა შეუძლებელია - რაც უფრო მეტის მიღწევა სურს ადამიანს მართვაში, მით უფრო მეტად უნდა ჰქონდეს და განავითაროს ლიდერის თვისებები. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები ლიდერი და ლიდერობა ხშირად გამოიყენება ორგანიზაციული ქცევის ლიტერატურასა თუ ყოველდღიურ მეტყველებაში, ბევრ შემთხვევაში ცხადი არ არის რა იგულისხმება ამ ცნებებში. ლიდერობის განსხვავებულ დეფინიციებს აქვთ ერთი მნიშვნელოვანი საერთო მახასიათებელი _ ლიდერობა ყველა შემთხვევაში განიხილება როგორც ერთი ადამიანის გავლენა სხვა ადამიანზე ან ჯგუფზე, რის შედეგადაც ინდივიდი ან ჯგუფი ორიენტირებულია მიზნის დასახვასა და მიღწევაზე. ამასთან, (1) ლიდერობა არის ურთიერთობა ადამიანთა შორის, სადაც გავლენა და ძალაუფლება გადანაწილებულია კანონიერ საფუძველზე (შეთანხმება); და (2) ლიდერობა არ არსებობს იზოლირებულად, არ არსებობს ლიდერი მიმდევრების გარეშე

ორგანიზაციაში ლიდერის დანიშნულება არის:


– თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი მიმართულების დასახვა და მომავალში მოსალოდნელი შედეგების განჭვრეტა.

– თანამშრომელთა ეფექტიანობისა და პროდუქტულობის მიზნით მათი საქმიანობის და ურთიერთობების მოწესრიგება (“დარაზმვა“); მომავალზე ორიენტირებული ეფექტური შრომითი ჯგუფების შექმნა.

– მომუშავეთა შრომითი მოტივაციის გაზრდა და მათზე შთამაგონებელი ზეგავლენის მოხდენა; ხელქვეითების მოთხოვნილებების და მიზნების გათვალისწინება, მათი დაკმაყოფილებისა და განხორციელების ხელშეწყობა.

ქარიზმატული ლიდერი არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ხალხი რაღაც განსაკუთრებული თვისებებისა და ნიჭის გამო მისდევს. ქარიზამტული ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია:

1. სტრატეგიული მიზანი და მისი მკაფიოდ ფორმირების უნარი. ეს მიზანი „უკეთეს მომავალს“ პირდება მის მიმდევრებს. ამავე დროს ლიდერს აქვს უნარი გასაგებად აუხსნას სხვა ადამიანებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სტრატეგიული ამოცანა;

2. პირადი რისკი. ქარიზამტული ლიდერი მზად არის თავის თავზე აიღოს რისკთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა, დანახარჯები და მზად არის სტრატეგიული მიზნის მისაღწევად საკუთარი თავი მსხვერპლად მიიტანოს;

3. გარემოს ადეკვატური აღქმა (გარემოს მიმართ მგრძნობელობა). ქარიზამტულ ლიდერს უნარი აქვს რეალურად შეაფასოს გარემოს და რესურსების შეზღუდულობა, რომელიც საჭიროა შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად;

4. ყურადღება თანამშრომელთა მოთხოვნილებების მიმართ. ქარიზმატული ლიდერი ხედავს სხვა ადამიანების უნარებს და უფრთხილდება მათ გრძნობებს და მოთხოვნილებებს;

5. არასტანდარტული ქცევა. ქარიზამტული ლიდერი ახდენს ქცევის ახალი და არასტადარტული მოდელების დემონსტირებას.

ქარიზმა ყველაზე მისაღებია მაშინ, როცა თანამშრომლების წინაშე დაყენებული ამოცანა შეიცავს რაღაც იდეოლოგიურ კომპონენტს ან კიდევ მაშინ, როცა სამუშაო გარემო ძალზე დამუხტულია და არც თუ მკაფიოდ განსაზღვრული.


0
648
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0