x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იდენტობა და მასზე მოქმედი ფაქტორები
imageიდენტობა არის ძირეული კონსტრუქტი ფსიქოლოგიაში, ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ, ესაა პასუხი კითხვაზე : ვინ ვარ მე? ფსიქოლოგები ძირითადად იყენებენ ამ ტერმინს იმ ცნებათა ერთობლიობების აღსაწერად, რაც თითოეულ ადამიანს უნიკალურს ხდის.მაგალითად, გროტევენტი იდენტობას განსაზღვრავს, როგორც პიროვნების თვისებების გამორჩეულ კომბინაციას და სოციალურ
სტილს, რის მიხედვითაც ადამიანი განსაზღვრავს საკუთარ თავს სხვებისგან და თავისი თავიდან გამომდინარე. კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები კონცენტრირდებიან მე-ს ცნობიერ
ასპექტებზე და თვითრეგულაციაზე, მაშინ როცა სოციოლოგები ცდილობენ გაზომონ სოციალური იდენტობა და როლური ქცევა.

იდენტობის კონცეფციის შემსწავლელი მნიშვნელოვანი

თეორეტიკოსები, როგორნიც არიან ერიქსონი, მარსია და ჰიგინსი, ამტკიცებენ, რომ იდენტობა არის ორგანიზებული, დასწავლილი და დინამიური და რომ საკუთარი იდენტობის სუბიექტურ შეფასებას აქვს ემოციური ზეგავლენა ადამიანზე. მოზარდები, რომელთაც შეუძლიათ
გადალახონ ასაკობრივი გამოწვევები და შეიქმნან ნათელი და პოზიტიური იდენტობა, არ უჭირთ მოზრდილობაში გადასვლა.

ფსიქოლოგიის სფეროში ისეთ თემებზე როგორიცაა იდენტობა, მე კონცეფცია და მსგავსი კონცეპტები, ჩატარებული იქნა უამრავი კვლევა მრავალი ათეული წლის განმავლობაში.პირველი კვლევა დაიწყო ჯერ კიდევ ფროიდის დროს, რაც შემდგომ გაგრძელებული იქნა ერიქსონის მიერ. ამის შემდეგ კი მეტად განივრცო ეს თემა ისეთ მეცნიერებთან, როგორებიც არიან : მარსია, ჰიგინსი, ბერზონსკი, გროტევანტი და სხვები. Psychinfo-ს მონაცემების მიხედვით 1985 წლიდან 2004 წლამდე, ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარდა დაახლოებით 72, 000 კვლევა, რაც მის პოპულარობასა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

იდენტობის თეორიები
ეს თეორიები აღწერენ იდენტობის განვითარების სტრუქტურასა და დინამიკას.
ერიქსონის იდენტობის თეორია - იგი გახლავთ ყველაზე გამოჩენილი თეორეტიკოსი, რომელმაც მიაპყრო ყურადღება იდენტობის საკითხს. მან შემოგვთავაზა ადამიანის განვითარების 8 ეტაპიანი მოდელი, რომელიც აღწერს მთელი სიცოცხლის მანძილზე არსებულ კრიზისებს.განვითარება მაშინაა მიღწეული თუ ეს კრიზისი დაძლეულ იქნა ჯანსაღი ალტერნატივების სასარგებლოდ.მოზარდობის
პერიოდში იდენტობის კრიზისი დგება მაშინ, როცა ის ცდილობს გაერკვეს საკუთარ მახასიათებლებში, რას ფიქრობენ მასზე და როგორი წარმოდგენები აქვს თავად საკუთარ თავზე, ამ დროს ისინი
ფიქრობენ ცხოვრების საზრისზე.ამ შემთხვევაში 2 გზა არსებობს, ან ადამიანს უყალიბდება ჯანსაღი იდენტობა საკუთარ თავზე ან ადგილი აქვს როლების აღრევას.


მარსიას ეგო-იდენტობის სტატუსის თეორია
მარსიამ შემოგვთავაზა ეგო-იდენტობის სტატუსების კონცეფცია. მან გამოყო 4 იდენტობის სტატუსი: დიფუზური იდენტობა, წინასწარი
იდენტობა, მორატორიუმი და მიღწეული იდენტობა.ეს 4 სტატუსი აღწერილია, დახასიათებულია 2 პარამეტრით: კრიზისი და გადაწყვეტილების მიღება. კრიზისი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ფიქრობს, რომელი პროფესია აირჩიოს, რომელი ღირებულებებით და რწმენებით იცხოვროს. გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს -
გადაწყვეტილების მიღებას პროფესიის არჩევასა და იდეოლოგიაში, ასევე მიღებული გადაწყვეტილების განხორცი­ელებისთვის სტრატეგიების შემუშავებას.


დიფუზური იდენტობის სტატუსი (Diffusions)- პიროვნება არ აანალიზებს თავის არჩევანს და ქმედებებს, არ ფიქრობს ვინ არის და რა უნდა ცხოვრებაში, არ გააჩნია კონკრეტული მიმართულება, არ აქვთ მომავლის იმედი.თუ აღნიშნული მდგომარეობა დიდხანს გრძელდება,
ეს გამოიწვევს სულიერ დისკომფორტს.



წინასწარი იდენტობის სტატუსი (Foreclosures)- ისინი უბრალოდ იღებენ სხვის მიზნებს, ფასეულობებს და ცხოვრების სტილს.სხვა ალტერნატივას არ უშვებენ.

მორატორიუმი (Moratoriums). ეს არის შესწავლა/გაანალიზების პროცესი, რასაც პიროვნული და პროფესიული არჩევანი მოსდევს.
მოზარდი სვამს კითხვებს, აფასებს თავის არჩევანს, კრიტიკულია ზოგიერთი საკუთარი იდეის მიმართ.


მიღწეული იდენტობის სტატუსი (Achieves). ალტერნატივების განხილვის შემდეგ მოზარდი აკეთებს არჩევანს და იღწვის მის განსახორციელებლად. ადამიანმა გაიარა კრიზისი და აირჩია
პროფესია და იდეოლოგია.

ჰიგინსის თვითშეუსაბამობის თეორია
ის გამოყოფს მე-ს 3 ასპექტს. 1) ნამდვილი მე- როგორ ხედავს ადამიანი ან სხვები იმ თვისებებს, რაც ადამიანს გააჩნია. 2)იდეალური მე- თვისებები, რომლებიც ადამიანს ან სხვებს უნდათ რომ ამ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდეს, რისკენაც უნდა ისწრაფვოდეს და 3) ‘უნდა’ მე- თვისებები, რომლებსაც ადამიანი უნდა ფლობდეს.ასევე მე-ს შესახებ მოსაზრებები ყალიბდება 2 რამის გათვალისწინებით, პირველი საკუთარი თავის და მეორე, მნიშვნელოვანი სხვების დამოკიდებულებების საფუძველზე. ამ განსხვავებებათა ბუნებასა და
მასშტაბზეა დამოკიდებული მათი გავლენა ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. მაგალითად: განსხვავება ნამდვილ-საკუთარ მე-სა
და იდეალურ-საკუთარ მე-ს შორის ასოცირდება იმედგაცრუებასა და
დაუკმაყოფილებლობასთან. განსხვავება ნამდვილ, საკუთარ მე სა და იდეალურ, სხვათა წარმოდგენებს შორის უკავშირდება სირცხვილისა და დაბნეულობის განცდას. თუმცა, ზოგიერთი შეუთავსებლობა გარდაუვალია იდენტობის ძიების პროცესში, ამიტომ ჰიგინსი მტკივნეული გამოცდილების თავიდან ასარიდებლად გარკვეულ სტრატეგიებს გვთავაზობს, როგორიცაა საკუთარი ნამდვილი მე-ს ისე შეცვლა, რომ დიდი განსხვავება აღარ იყოს მე-ს დანარჩენ ასპექტებს შორის.

შესაძლო „მეს“თეორია - ყველაზე ახალგაზრდა და იმედის მომცემი თეორია, რომლის მიზანიცაა გაიგოს ადამიანთა ქცევა შესაძლო მე-ს საფუძველზე. შესაძლო მე წარმოადგენს თვითკონცეფციის

ისეთ ელემენტებს, როგორიც უნდა ადამიანს რომ იყოს, როგორიც შეეძლო გამხდარიყო და როგორად გახდომისაც ეშინია.ემპირიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ შესაძლო მე-ები თვითრეგულაციაში დიდ როლს ასრულებენ და ასევე ისინი ქცევის კარგი პრედიქტორები
არიან.

მოზარდობის იდენტობაზე მოქმედი ფაქტორები- ინდივიდუალური ფაქტორები როგორიცაა :ასაკი, სქესი, ფიზიკური ჯანმრთელობა და გარეგნობა, ინტელექტი, სოციალური უნარები - ეს ყველა გავლენას
ახდენს იდენტობის ჩამოყალიბებაზე. გენდერს შორის განსხვავებასთან დაკავშირებით საინტერესოა ის, რომ გოგონები მოზარდობისას საკუთარ თავს განსაზღვრავენ იმის მიხედვით თუ როგორი ურთიერთბები აქვთ სხვებთან, მაშინ როცა ბიჭები კონცენტრირდებიან მიღწევებზე. გარდა ამისა სოციალური განვითარების თეორია საუბრობს იმ რისკ ფაქტორებსა და დამცავ საშუალებებზე, რომელთა მიწოდებაც შეუძლიათ გარშემომყოფ მნიშვნელოვან ადამიანებს კონკრეტული პიროვნების მიმართ. განსაკუთრებით ამ სხვებში იგულისხმება ოჯახი, სკოლა, თანატოლები, საზოგადოება და ინტერნეტი თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც გლობალური ინფორმაცია და კიბერ ურთიერთობები ასე მარტივად ხელმისაწვდომია.ასევე გამოკვლევებმა ჩინეთში, რომლებიც ჩატარდა 1000 მოზარდზე, გამოავლინა, რომ მამებს აქვთ უფრო მეტი გავლენა ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე, ვიდრე დედებს. მით უმეტეს გოგონების შემთხვევაში.

პოზიტიური იდენტობის ჩამოყალიბების ფაქტორები
1) ხელი შევუწყოთ პოზიტიურ თვითშეფასებას - დადებითი თვითშეფასება ენერგიით ავსებს ადამიანს და ხელს უწყობს მიზნების
განხორციელებაში, მაშინ როცა უარყოფითი თვითშეფასება, მით უმეტეს თუ ის ძნელად შესაცვლელ თვისებებს უკავშირდება, უარყოფითად აისახება ადამიანთა ემოციებსა და შესრულების დონეზე. მეცნიერ ბორბას მიერ შექმნილი თვითშეფასების „შენების“ სასწავლო პროგრამა არის ყველაზე ამომწურავი და ფართოდ გამოყენებული, უნარებზე დაფუძნებული პროგრამა. ბორბა ხაზს უსვამს ჭეშმარიტი თვითშეფასების 5 შეძენილ კომპონენტს: 1) უსაფრთხოება, გულდაჯერებულობის ძლიერი გრძნობა.2) თვითღირებულების
შეგრძნება, 3) აფილაცია, მიკუთვნებულობის და სოციალურად მიღებულის განცდა, 4) მისია - მიზნის განცდა, რაღაცისკენ სწრაფვა. 5) კომპეტენცია - საკუთარი შესაძლებლობებისა და ეფექტურობის რწმენა. მეორე ელემენტი პოზიტიური იდენტობის ჩამოყალიბებისთვის არის საკუთარი თავის დეტერმინაცია, კვლევის ხელშეწყობა- მარსიას იდენტობის სტატუსის თეორიის მიხედვით, მოზარდმა უნდა
გადაწყვიტოს რა როლის მორგება სურს, შესაბამისად როლებისგან გამომდინარე უწევს რაღაც გამოწვევებთან გამკლავება, ეძლევა ახალი საშუალებები, იძენს გამოცდილებას. გამოწვევებთან გამკლავების შემდეგ მოზარდს ჩამოუყალიბდება სტრესთან გამკლავების
სტრატეგიები, უნარ-ჩვევები.გაიზრდება მისი ეფექტურობა მომავალში მსგავსი პრობლემის
გადაჭრისას. ასეთი ტიპის მახასიათებლების არსებობა კი ხელს შეუწყობს
გარკვეულ, მკაფიო იდენტობის ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში დაეხმარება მას
მოზრდილობის პრობლემებთან გამკლავებაში, ცხოვრებისეულ სიძნელეების დაძლევაში. მესამე და ბოლო კომპონენტი ესაა,
თვითშეუთანხმებლობის შემცირება- რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ. როცა შეუთანხმებლობაა საკუთარ და სხვების წარმოდგენებს, იდეალურ და რეალურ მე-ს შორის და ა.შ. ასეთი განსვლა ზოგჯერ რისკია რიგი ემოციური და ქცევითი პრობლემებისა. ტრადიციულად, ყველაზე
დიდი გავლენის მომხდენი მოზარდის იდენტობის ჩამოყალიბებისას ესაა : სკოლა და ოჯახი. ფიზიკური და ფსიქოსოციალური გარემო, რესურსები, შესაძლებლობები, რომლებსაც ისინი აწვდიან მოზარდს, მხარდაჭერა, წესები და ფასეულობები - ყველა ეს ერთად გავლენას ახდენს მოზარდის იდენტობაზე. მათი მოლოდინები, რელიგიურობის დონე ასევე დადებით და ზოგჯერ უარყოფით გავლენას იწვევს.

მოზარდები არიან საზოგადოების მომავალი ხელმძღვანელები. ნათელი და კარგად ჩამოყალიბებული იდენტობა, ოპტიმალური თვითშეფასება- ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ხელს უწყობს მათ ჯანსაღ

მოზრდილებად ჩამოყალიბებას. გამომდინარე იქიდან, რომ იდენტობა არის ორგანიზებული, კომპლექსური, დინამიკური და სოციალურ გავლენებს „დაქვემდებარებული“, მნიშვნელოვანია რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სხვები, იგულისხმება ოჯახი, მეგობრები და ა.შ ჩართულნი იყვნენ ჩვენი იდენტობის ეფექტურად შენების პროცესში.




წყარო: 1) Tsang, S. K., Hui, E. K., & Law, B. (2012). Positive identity as a positive youth development construct: A conceptual review. The Scientific World Journal, 2012.

2) მელიქიშვილი მ.(2013) ადამიანის განვითარება, რიდერი1





0
359
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0