x
მეტი
  • 23.06.2017
  • სტატია:67120
  • ვიდეო:319865
  • სურათი:419029
ავტომატურობა და სტერეოტიპები

image „ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების უმეტესი ნაწილი განისაზღვრება არა მათი შეგნებული, გააზრებული მიზნებითა და არჩევნებით, არამედ ფსიქიკური პროცესებით, რომლებიც მოქმედებენ გაცნობიერებისა და ხელმძღვანელობის გარეშე.“ (Bargh & Chartrand, 1999, p.462. The Unbearable Automaticity Of Being). ჩვენ - ადამიანები - ვცდილობთ რაც შეიძლება მცირე დროისა და ძალისხმევის გამოყენებით გამოვიტანოთ დასკვნები, შევიმეცნოთ სამყარო და გავუგოთ სხვა ადამიანებს. კომპლექსური ინფორმაციის გადამუშავებასა და გააზრებაში გვეხმარება კატეგორიზაცია, სქემების გამოყენება, სტერეოტიპები, ავტომატურობა და ყველა სახის წინარე ცოდნა.


ერთ-ერთი აღსანიშნავი თეორიული მიღწევა კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, რომელსაც უზარმაზარი გავლენა ჰქონდა სოციალურ კოგნიციაზე, არის ავტომატურობის ცნების განვითარება. ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული გონებრივი თუ მოტორული აქტოვობები შეიძლება იყოს ავტომატური. ავტომატურობა არ მოითხოვს ძალისხმევას, მისი გაკონტროლება არის საკმაოდ რთული და ის გაცნობიერების გარეშე ჩნდება. ამ შედარებით თანამედროვე ტერმინის დამკივდრებამდე, სტერეოტიპებზე ჩატარებული ნაადრევი კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანის აღქმაზე მოქმედი ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად სტერეოტიპები, წარმოიშვა დიდწილად უნებლიედ.


სოციალური ჯგუფების შესახებ რწმენის აღსანიშნად ტერმინი „სტერეოტიპი“ პირველად ჟურნალისტმა უოლტერ ლიპმანმა გამოიყენა 1922 წელს თავის წიგნში „საზოგადოებრივი აზრი“ (Walter Lippmann, 1922. Public Opinion). მან ეს ტერმინი საგამომცემლო ტერმინოლოგიიდან აიღო, სადაც ის ერთისა და იმავე ტექსტის მრავალჯერ დასაბეჭდად ერთხელ აწყობილი ლითონის ასოების ყალიბების აღსანიშნად გამოიყენებოდა. ლიპმანმა ტერმინი იმის აღსაწერად გამოიყენა, თუ როგორ იქმნიან ადამიანები გონებაში სხვა ადამიანთა ჯგუფების შესახებ წარმოდგენებს, განმეორებით მიაწერენ რა ერთსა და იმავე თვისებებს ერთ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანებს.


როდესაც ვიყენებთ სტერეოტიპებს, ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს სხვების შესახებ არა მათ ინდივიდუალ მახასიათებლებზე დაყრდნობით, არამედ იმით, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი და რა ახასიათებს ამ ჯგუფს ჩვენი რწმენებითა და წარმოდგენებით. ზოგჯერ, პოზიტიურ თუ ნეგატიურ სტერეოტიპში არის ჭეშმარიტების მარცვალი, თუმცა ის უმეტესად მაინც ჯგუფის არასწორ გამოხატულებას წარმოადგენს. უმეტესობა ხვდება, რომ სტერეოტიპებით აზროვნება არსებითად უსამართლოა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მათ გამოყენებას.


ბოლო წლებში გაჩნდა სოციალური კოგნიცია ანუ შემეცნება, როგორც წარმატებული მიდგომა იმის გასაგებად, თუ როგორ აღიქვამენ და შეიმეცნებენ ადამიანები თავიანთ სოციალურ სამყაროს. ერთ-ერთი პირველი დემონსტრაცია ამ მიდგომისა იყო ბარტლეტის ექსპერიმენტები ბრიტანელი სტუდენტების შესაძლებლობაზე, გაეხსენებინათ ამერიკული ხალხური ზღაპარი (Bartlett, 1932). მან აჩვენა, რომ სტუდენტები ზოგჯერ შეცდომით იხსენებდნენ ზღაპრებს და რომ ეს შეცდომა განპირობებული იყო მანამდე არსებული რწმენებითა და ცოდნით. ამ ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ ჩვენი შეფასებები და შთაბეჭდილებები სხვებზე, ისევე როგორც ჩვენი მეხსიერება, განპირობებულია წინარე ცოდნითა და კულტურული მიკერძოებებით სამყაროს შესახებ. ფისკემ და ტეილორმა დაახასიათეს სოციალური აღმქმელები, როგორც „კოგნიტურად ძუნწები“ (Fiske & Taylor, 1984). ამ სოციალურ-შემეცნებითი ფუნქციის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენ, ვახარისხებთ ადამიანებს კატეგორიების მიხედვით და არ განვიხილავთ მათ ინდივიდუალურად, რადგან ეს უფრო ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნებოდა. გილბერტმა და ჰიქსონმა კი თქვეს, რომ ადამიანი არის გონებრივად ზარმაცი, უქნარა (Gilbert & Hixon, 1991). მათ აგრეთვე აღნიშნეს - „სტერეოტიპი არის უქნარას საუკეთესო მეგობარი“. ოუკსი და ტერნერტი ხედავენ სოციალურ აღმქმელს, როგორც „მნიშვნელობის მაძიებელს“, რომელიც აზროვნებს კატეგორიების მიხედვით რთული სოციალური სამყაროს გასააზრებლად (Oakes & Turner, 1990). როგორიც არ უნდა იყოს მეტაფორა, აშკარაა, რომ ჩვენ ვიყენებთ სტერეოტიპებს, ჩვენს მეხიერებაში არსებულ სქემებს, რათა აღვიქვათ და შევაფასოთ სხვები.


მართალია ქცევაზე სტერეოტიპების გავლენასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა იქნა ჩატარებული, მხოლოდ რამდენიმემ თუ შეისწავლა თვითონ სტერეტიპების აქტივაციის პროცესი. მოსაზრება, რომ რომელიმე სოციალური კატეგორიის წარმომადგენელთან შეჯახების შემთხვევაში სტერეოტიპები ავტომატურად აქტივირდება, ბევრი მკვლევარის მიერ არის აღიარებული და სოციალური ფსიქოლოგიის ბევრ სახელმძღვანელოში გვხვდება (Fiske, 1998; Schneider, 2004). ავტომატურობასა და სტერეოტიპებთან დაკავშირებით ექსპერიმენტი ჩაატარეს ბლერმა და ბანაჯიმ 1996 წელს (Blair & Banaji, 1996). მათ ექსპერიმენტში გამოიყენეს ქალისა და მამაკაცის სახელები და გენდერთან დაკავშირებული პრაიმ სიტყვები. ეს პრაიმ სიტყვა სტერეოტიპულად ასოცირდებოდა სოციალურ კატეგორიასთან (ამ შემთხვევაში გენდერთან) და უნდა გაეაქტიურებინა სტერეოტიპი. პრაიმ სიტყვას მალევე მოყვებოდა სამიზნე სტიმული - ქალის ან მამაკაცის სახელი. კვლევის მონაწილეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეხდინა სახელის სქესის იდენტიფიკაცია. ექსპერიმენტი ზომავდა კვლევის მონაწილეთა რეაქციის დროს. ამ ექსპერიმენტით ბლერმა და ბანაჯიმ აღმოაჩინეს, რომ ქალისა თუ მამაკაცის სახელის ამოცნობა უფრო სწრაფად ხდებოდა, თუ ამ სახელს წინ უსწრებდა გენდერის შესაბამისი პრაიმ სიტყვა. მსგავს ექსპერიმენტში, ბანაჯიმ და ჰარდინმა (Banaji & Hardin, 1996) აჩვენეს, რომ კვლევის მონაწილეები უფრო სწრაფად ახდენდნენ ნაცვალსახელების კატეგორიზაციას სქესის მიხედვით, თუ მას წინ უსწრებდა გენდერის შესაბამისი პრაიმ სიტყვა. ნახსენებ ექსპერიმენტებთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს რამდენიმე საკითხი. პირველი ის, რომ პრაიმინგის ეფექტი ბლერისა და ბანაჯის ექსპერიმენტში ყველაზე ძლიერი იყო კონკრეტული სქესისთვის დამახასიათებელი სიტყვების შემთხვევაში. იგულისხმება ის სიტყვები, როლები, პროფესიები, რომლებიც სტერეოტიპულად ასოცირდება მამაკაცთან ან ქალთან. მეორე - კონგრუენტულობის ეფექტი გენდერის კატეგორიზაციის დავალებაში შეიძლება ახსნილი იქნას იმით, რომ ორივე - პრაიმ და სამიზნე სიტყვაც, შეიძლება განისაზღვროს როგორც ტიპიურად მამაკაცისთვის ან ქალისთვის დამახასიათებელი; ამასთანავე, ეს პროცესი, რომელსაც მივყავართ პრაიმ სიტყვიდან სამიზნე სიტყვის ამოცნობამდე, მიმდინარეობდეს გააზრების გარეშე.


აგრეთვე, აქვე უნდა აღინიშნოს ცნობილი სოციალური ფსიქოლოგები ბარგი და ფერგიუსონი. მათ თავიანთ ნაშრომში „ბიჰევიორიზმს მიღმა“ (Bargh & Ferguson, 2000. Beyond Behaviorism) განსაზღვრეს როგორც ავტომატური ისე გაკონტროლებული პროცესები და მათ შორის განსხვავებები. მკვლევარების თქმით, პირველი მათგანი მიმდინარეობს უნებლიედ და გაცნობიერების გარეშე, მაგრამ ორივე მათგანს აქვს გამომწვევი მიზეზები. ბარგი და ფერგიუსონი წერენ, რომ პროცესების უმეტესი ნაწილი, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ქცევასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, მიმდინარეობს ცნობიერების გარეთ. სწორედ ამ ფაქტის არცოდნა გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვართ გადაწყევტილების მიღების დიდოსტატები. აგრეთვე ბარგისა და სხვა მეცნიერთა პოსტულატია, რომ ცნება „თავისუფალი ნება“ არის სხვა არაფერი, თუ არა ილუზია.

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ კავთუაშვილი
თამარ კავთუაშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0