x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული თეორია

image რუსი ფსიქოლოგი ლ.ვიგოტსკი თვლიდა, რომ კარლ მარქსის იდეები გამოყენებული უნდა ყოფილიყო ფსიქოლოგიაშიც. იდეა კი მდგომარეობდა შემდეგში : თუ ყველა ადამიანი ერთად იშრომებს, საზოგადოება უფრო მეტს მოიგებს, ვიდრე მაშინ, როცა ადამიანები შრომობენ ინდივიდუალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ადამიანი თავისი არსით სოციალური არსებაა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი შესწავლა მისი სოციალური ბუნების გათვალისწინების გარეშე, ჰგავს უბურთოდ ფეხბურთის თამაშს. ენა კი წარმოადგენს სოციალური გარემოს ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც საფუძვლად უდევს უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარებას:აღქმა, მეხსიერება, აზროვნება.


ბავშვი სწავლობს პრობლემის გადაწყვეტას გამოცდილებით, მაგრამ ეს გამოცდილება სოციალური ურთიერთობისა და ურთიერთგაზიარების კონტექსტში შემუშავდება. აქ იგულისხმება ბავშვის ურთიერთობა მშობელთა, მასწავლებელთან და ა.შ. საწყის ეტაპზე ბავშვთან ურთიერთობაში ჩართული პიროვნება იღებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას
პრობლემის გადაწყვეტაზე, მაგრამ თანდათანობით პასუხისმგებლობის გადანაწილება თვითონ ბავშვზე ხდება. ამგვარად, ვიგოტსკის თეორიის მიხედვით, ბავშვი იმთავითვე სოციალურ არსებად მოიაზრება. სოციო-კულტურული თეორია ხაზს უსვამს ბავშვებსა და საზოგადოების უფრო მცოდნე წევრებს შორის დიალოგის აუცილებლობას. ისინი კულტურას სწორედ ამგვარი ურთიერთობის საშუალებით ეუფლებიან.

ვიგოტსკის თანახმად, ბავშვებს აქვთ 4 ელემენტარული ფსიქიკური ფუნქცია : 1) ყურადღება 2) აღქმა 3) შეგრძნება 4) მეხსიერება. შემდგომში ეს 4 ფუნქცია სოციალური ინტერაქციის მეშვეობით იქცევა უფრო მეტად მოწესრიგებულ და ეფექტურ
გონებრივ პროცესებად, რომელსაც ჩვენ უმაღლეს მენტალურ პროცესებს ვუწოდებთ.

ბავშვისთვის მოზრდილი ადამიანი არის მოდელი, რომელიც მას აწვდის ვერბალურ ინსტრუქციებს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ როცა მშობელი და ბავშვი სხედან და აწყობენ ე.წ „puzzle-ს“ . ბავშვს უჭირს მისი აწყობა, თუმცა მშობელი მიუთითებს, რომ მას გაცილებით გაუმარტივდება თუ ჯერ კუთხეების შესაბამის ნაწილებს მოძებნის და შემდეგ შეავსებს შუა ადგილს. ბავშვიც ნელ-ნელა დაისწავლის ამ პრინციპს. დროთა განმავლობაში გახდება უფრო მეტად კომპეტენტური და დამოუკიდებელი.უმაღლესი ფსიქიკური პროცესებისთვის სწორედ დამოუკიდებელიაზროვნებაა დამახასიათებელი.

მნიშვნელოვანი ცნება ვიგოტსკის თეორიაში არის MKO- more knowledgeable other - მეტად მცოდნე სხვა. წინა განხილულ შემთხვევაში MKO იყო მშობელი, რომელიც იძლეოდა ინსტრუქციას და ეხმარებოდა ბავშვს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში.

ვიგოტსკი ბავშვის კოგნიტურ განვითარებაში 2 დონეს გამოყოფს, ესაა : აქტუალური განვითარების ზონა და უახლოესი განვითარების ზონა. აქტუალური განვითარების ზონა ესაა ფსიქიკური ფუნქციები, უნარ- ჩვევები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებულია,
მომწიფებულია და ბავშვი წყვეტს ამ უნარებთან დაკავშირებულ ამოცანებს უფროსების დახმარების გარეშე. უახლოესი განვითარების ზონა კი გულისხმობს იმ ფსიქიკურ პროცესებს, უნარებს, რომელთა შესრულებაც ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია მოზრდილის დახმარებით. მაგალითად, ბავშვი, რომელმაც არ იცოდა puzzle– ის აწყობა, იმყოფებოდა უახლოეს განვითარების ზონაში. ბავშვი იყო სენსიტიური იმ ინფორმაციის
მიმართ, რომელსაც მამა აწვდიდა.

ლევ ვიგოტსკი ძალიან დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდა ენას სოციალურ ინტერაქციაში და მიიჩნევდა, რომ ენა არის ინტელექტუალური ადაპტაციის
ძლიერი იარაღი. მან მეტყველების ფუნქციის განვითარებაში 3 სტადია გამოყო : სოციალური,
ეგოცენტრული და შინაგანი.

როცა ბავშვი დამოუკიდებლად ვერ წყვეტს პრობლემას, ის მიმართავს უფროსს დახმარებისთვის. დახმარების მისაღებად მან ვერბალურად უნდა აღწეროს პრობლემა. ამას ვიგოტსკიმ მეტყველების სოციალური ფუნქცია უწოდა, ანუ პრობლემის
გადასაჭრელად საჭიროა ორ ადამიანს შორის კომუნიკაცია. სოციალური მეტყველება გრძელდება 3 წლამდე. ვიგოტსკის აზრით, მას შემდეგ რაც ბავშვი შეიძენს სხვებთან კომუნიკაციის გამოცდილებას, ის იძენს საკუთარ თავთან ლაპარაკის უნარს, რასაც ჟ.პიაჟემ ეგოცენტრული მეტყველება უწოდა.პიაჟე თვლიდა, რომ ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად ეგოცენტრული მეტყველებიდან სოციალურ მეტყველებაზე გადადის. ამის საპირისპიროდ, ვიგოტსკი თვლიდა, რომ ბავშვები ეგოცენტრულ მეტყველებას საკუთარი აზროვნების მართვის, მონიტორინგისა და პრობლემის გადაჭრისთვის
მიმართავენ, მაშინ როცა პიაჟესთვის ეგოცენტრული მეტყველება ეგოცენტრიზმის მანიშნებელია. ეგოცენტრული მეტყველება მოიცავს 3-7 წლებს. და ბოლოს, ბავშვი საკუთარი ქცევის რეეგულირებას შინაგანი მეტყველების საშუალებით ახდენს.ის საკუთარ თავს ეუბნება ჩუმად „არა“ როცა ხელი ცეცხლისკენ წაუცდება. შინაგანი მეტყველება საშუალებას გვაძლევს სხვებისგან შეუმჩნევლად ვაკონტროლოთ ჩვენი აზროვნება და ქცევა. ასაკის მატებასთან ერთად ეგოცენტრული მეტყველება
შინაგანში გადადის.ხმამაღალი ლაპარაკი ჯერ ჩურჩულით, ხოლო შემდეგ ფიქრით იცვლება.

ვიგოტსკი აღნიშნავს, რომ განვითარება მიმდინარეობს გარკვეული კანონზომიერებებით. ყოველგვარი სწავლა ასაკთანაა დაკავშირებული. ის იყენებს სენსიტიურობის ცნებას.სენსსიტიურობა ნიშნავს პერიოდს ბავშვის განვითარებაში, რომლის დროსაც ფსიქიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარემოს გარკვეული ზემოქმედების მიმართ. გარემოს ზემოქმედება შეიძლება შემაფერხებელიც კი იყოს. უნდა ვიცოდეთ ბავშვის
ფსიქიკა რა პერიოდში რის მიმართაა სენსიტიური. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სენსიტიურ პერიოდებთან დაკავშირებით ადგილი აქვს ინდივიდუალურ განსხვავებებს. აქედან გამომდინარე, ბავშვი შეიძლება შევადაროთ მხოლოდ საკუთარ თავს, რა შეეძლო გუშინ და რა შეუძლია დღეს.

ბავშვის კულტურული განვითარების პრობლემის სწორი ინტერპრეტაციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვური პრიმიტიულობის ცნების გაგებას. ბავშვი პრიმიტივი ესაა ბავშვი, რომელმაც კულტურული განვითარების გზა ვერ გაიარა ან ამ განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე დგას. უმეტეს შემთხვევაში პრიმიტიულობა თუ შეფერხება განვითარებაში გამოწვეულია რაღაც შინაგანი ან გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით ბავშვში. იგი ვერ დაეუფლა კულტურულ საშუალებებს, ყველაზე ხშირ შემთხვევაში - ენას. პრიმიტივიზმი მხოლოდ კულტურულ განვითარებაში
ჩამორჩენაა. სწორედ ამით განსხვავდება ის გონებასუსტობისგან. განვიხილოთ მაგალითი: 9 წლის გოგონას ეუბნებიან ასეთ წინადადებას: თითქმის ყველა მამაკაცი ქალზე მაღალია.მაღალია თუ არა ბიძაჩემი მის მეუღლეზე? ბავშვი პასუხობს : არ ვიცი. რომ მენახა ბიძათქვენი მაშინ გეტყოდით მაღალია თუ დაბალი. ვიგოტსკის
აზრით, აზროვნების განვითარებაში და ცნებების წარმოქმნაში არსებული შეფერხებები უშუალოდ იქიდან მომდინარეობენ, რომ ბავშვები ჯერ კიდევ საკმაოდ ვერ დაუფლებიან ენას - ლოგიკური აზროვნებისა და ცნებების წარმოქმნნის მთავარ იარაღს.

ბოლოს, წარმოგიდგენთ ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული
თეორიის კრიტიკის რამდენიმე საბაბს:

1) ძალზე ოპტიმისტურია
2) სქესი არაა გათვალისწინებული
3) ძალიან დიდი აქცენტი ენასა და ლიტერატურაზე
4) არაპრაქტიკულია - მოითხოვს ერთი-ერთზე
სწავლებას
5) კოლექტივის როლისთვის დიდი მნიშვნელობის
მინიჭება




წყარო:რიდერი - მ.მელიქიშვილი.ადამიანის განვითარება
http://vygotskyetec512.weebly.com

http://vigotski.blogspot.com/

0
1254
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
1254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0