x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცხოვრება სტერეოტიპებით (ბოშები ევროპაში)

ბოშების დროშა


მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
მათ უწოდებენ ჯიფსებს, ხიტანოსებს, ციგოინერებსა და ციგნებს. მათ ენაზე სახელი „რომ“ (მრავლობითში რომა) ნიშნავს კაცს; ისინი ასე უწოდებენ საკუთარ თავს. საქართველოში ვუწოდებთ ბოშებს. წარმოშობით ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური
ჯგუფია. ბოშათა ჯგუფებს ახასიათებს მოზაიკური განსახლება სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას შორის, ცხოვრობენ ყველა კონტინენზე. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით, ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2, 5 – 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს. ისინი ეწევიან მარგინალურ (მომთაბარე) ცხოვრებას.


ბოშა- ამ სიტყვის გაგონებისას ზოგს, მაგალითად, ჩემს მეგობარს მის უბანში
მცხოვრები ბოშათა ოჯახი გაახსენდება და სახეზე ისეთ გამომეტყველებას მიიღებს, მიხვდები რა „კარგი“ წარმოდგენაც აქვს ამ ეთნიკურ ჯგუფზე. ზოგს შეიძლება ფრანგი ბოშა, ესმერალდა(ვიქტორ ჰიუგოს რომანის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“
მთავარი პერსონაჟი) გაახსენდეს და სახეზე სასიამოვნო ღიმილმაც გადაჰკრას. ეს ფაქტი
შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ რომ ბოშებზე ორი უკიდურესად განსხვავებული შეხედულებაა გავრცელებული. ერთი მხრივ, განსაკუთრებით ლიტერატურაში, მათ წარმოაჩენენ, როგორც ლაღ, მოხეტიალე, მოცეკვავე ხალხად. (ამგვარი ლიტერატურული მაგალითები ხშირია ევროპულ კულტურაში მაგ: სერვანტესის „პატარა ბოშა“; ჰიუგო „პარიზის ღვთიმშობლის ტაძარი“ ) მეორე მხრივ, საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, ბოშების მიმართ უნდობლობას აცხადებს და უცნაურ, ეჭვიან, ბინძურ ხალხად
მიიჩნევს და ამის გამო ეს ჯგუფი ხშირად ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი, მაგალითად, უნგრეთში ბოლო წლებში ცეცხლგამჩენი ბოთლებით, ე.წ Molotov cocktail-ით თავდასხმის 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, სლოვაკეთში პოლიციამ ექვსი ბოშა ბიჭი დააკავა, მათ ტანსაცმლის გახდა, შემდეგ კი ერთმანეთის კოცნა და მოფერება აიძულა(Racism and the Romani, By CHARLES A. LACALLE November 10, 2009). საინტერესოა ბოშების ცხოვრება ევროპაში, მათი როლი ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში და ის სტერეოტიპები რაც ამ რეგიონში
დამკვიდრდა მათზე. ამ ნაშრომში გაგაცნობთ ბოშებს, მათ საქმიანობას, კულტურასა და ტრადიციებს, თვალს გადავავლებთ მათ ევროპულ ცხოვრებას წარსულსა და თანამედროვეობაში.


დავიწყოთ წარსულით, ევროპელი ბოშების შესახებ ჩატარებული უკანასკნელი 13
გენეტიკური კვლევის ანალიზის მიხედვით, ამ ეთნიკური ჯგუფის წინაპრებმა
1, 500 წლის წინ დატოვეს ინდოეთი, გაურკვეველი მიზეზების გამო. ბოშები ევროპაში დაახლოებით XV-XVI საუკუნეებში სახლდებიან. საინტერესოა,
როგორ დახვდა ამ უცხო ეთნოსს ევროპა, რეგიონი, რომლის მცხოვრებთათვის შუა საუკუნეებში მთელი სამყარო მხოლოდ მათი ქალაქითა თუ სოფლით შემოიფარგლებოდა. წარმოიდგინეთ როგორი რეაქცია ექნებოდა თავიანთი კულტურის თაყვანისმცემელ ევროპელებს, როდესაც დაინახავდნენ უცნაურად ჩაცმულ, მოხეტიალე, უცხო გარეგნობის, მათი კულტურისგან შორს მყოფ ბოშებს. ჯერ იყო დიდი ინტერესი, რომელიც შეიცვალა დიდი სიძულვილით. ზოგადად, ადამიანებს გვიყვარს
იმის სიძულვილი, რასაც ვერ ვიგებთ. ევროპამ არ მიიღო ბოშები. სანამ მიზეზებზე ვისაუბრებთ, მანამდე გავიცნოთ ეს ეთნიკური ჯგუფი:


ბოშათა ბანაკი, როგორც წესი, 10-დან 25-მდე კარვისგან შედგებოდა. მიუხედავად
საუკუნეების გასვლისა, ბოშები დღესაც ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციებს, საქმიანობას. ეს ეთნიკური ჯგუფი რელოკაციური დიფუზიის კარგ მაგალითს წარმოადგენს, ისინი მიგრირებენ ერთი ადგილიდან მეორეში და თავიანთი იდეები და ჩვეულებანი თან გადააქვთ ახალ სამშობლოში. ბოშებისთვის დიდი მნიშვნელობა
ენიჭება ოჯახის ინსტიტუტს. ოჯახის წყობა პატრიარქალურია. კაცები ხელშეუხებელი ავტორიტეტით სარგებლობენ. რაც შეეხება ქალებს, ქალწულობა აუცილებელია გასათხოვარი ქალისთვის. ხშირია ქორწინებები ადრეულ ასაკში. ბოშათა
სოციალური ქცევა განისაზღვრება „ინდური სიწმინდის კანონებით“ ("მარმეი" ან
"მარჰემი"). ეს რეგულაციები ვლინდება ბოშათა ცხოვრების მრავალ ასპექტში,
მაგალითად ბოშებისთვის უწმინდურად ითვლება ადამიანის სხეულის ნაწილები(სასქესო ორგანოები), დედა, ჩვილის გაჩენიდან 40 დღის მანძილზე. ასევე უწმინდურად მიიჩნევა მშობიარობა, ამიტომ ეს უნდა მოხდეს საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით. უწმინდურად ითვლება სიკვდილიც, რის
გამოც გარდაცვლილის ოჯახი გარკვეული დროის მანძილზე ითვლება უწმინდურად. ბოშებისთვის უწმინდურად ითვლება ზოგიერთი ცხოველიც, მაგალითად, კატა (რადგან ის თავის თავს ილოკავს). ბოშების საქმიანობა გამომდინარეობს მათი მომთაბარე ცხოვრებიდან. ისინი დახელოვნდნენ ლითონის დამუშავებაში, ვაჭრობასა და ხალხის გართობაში. ამ საქმიანობით ისინი ოჯახებს არჩენდნენ. ზოგი ბოშა ქალი თავს მკითხავად ასაღებდა და ასე შოულობდა ფულს. რაც შეეხება რელიგიას, მორწმუნე ბოშები ევროპის ქვეყნებში ძირითადად კათოლიკეები არიან. მათში გავრცელებულია აგრეთვე ტრადიცული რწმენა-წარმოდგენებიც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამ ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი, ისინი სახელგანთქმულნი არიან, როგორც კარგი მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები. მათი ფოლკლორი მეტად პოპულარულია
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სერბეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. ბოშებს ამ ქვეყნების კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეჰქონდათ. რუმინულ და უნგრულ სავიოლინო მუსიკასა და ესპანურ ფლამენგოში ნათლად იგრძნობა ბოშური ფოლკლორის გავლენა. თანდათანობით დავიწყებას ეძლევა ბოშათა ჩაცმულობის ტრადიციული სტილი, იშვიათობას წარმოადგენს ქალის ლამაზად მორთულ-მოკაზმული ბრჭყვიალა კაბები, და არა მხოლოდ ჩაცმულობის სტილი, იკარგება ბოშათა ფოლკლორი და ტრადიციები, რადგან ბოშათა ბანაკისთვის ცხოვრება არც თუ ისე მარტივია. ისინი საუკუნეების განმავლობაშიც და დღესაც სტერეოტიპებისა და ძალადობის მსხვერპლნი არიან.


როგორც ზემოთ აღვნიშნე, ევროპა არ აღმოჩნდა სტუმართმოყვარე ახალმოსული ჯგუფისთვის. შაგვრემანი, შავთვალება და შავთმიანი ბოშები, ენით, ჩაცმულობითა და ქცევით განსხვავებულნი, ევროპულმა საზოგადოებამ არ მიიღო.
ამ ფაქტს ხელი შეუწყო თავად ბოშათა ჩვეულებამ, ყველასგან იზოლირებულად ყოფნამ, რომელიც მათ კასტებად დაყოფილი ინდოეთიდან გამოჰყვათ. ბოშათა მიმართ
უარყოფითი დამოკიდებულება გამოწვეულია მათი საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობითაც. ბოშების ლანდშაფტები, ჩვეულებისამებრ, მარგინალურია. მათ შეიძლება ვუწოდოთ გამორეცხვის ლანდშაფტები რადგან, ისინი მდებარეობენ დომინანტური კულტურული ჯგუფის მიერ დაკავებული ადგილების
მიღმა. ამ ეთნიკური ჯგუფის შესახებ ევროპაში (და არამარტო) უამრავი ჰიპოთეზა წარმოიშვა. ზოგი მიიჩნევდა, რომ ბოშები პრეისტორიული რასის წარმომადგენლები იყვნენ, ისინი ასევე შერაცხეს კელტებად, შუასაუკუნეების დევნას გადარჩენილ ებრაელებად და კრიმინალურ დაჯგუფებად( THE “GYPSY” STEREOTYPE AND THE SEXUALIZATION OF ROMANI WOMEN, Ian Hancock) საბოლოოდ მათი წარმომავლობა შეისწავლა ერთ-ერთმა სტუდენტმა Heinrich Moritz Gottlieb Grellmann-მა და ინფორმაცია გასაჯაროვდა მისი სადისერტაციო წიგნის მეშვეობით. ბოშებს არ ჰქონდათ უფლება სოფლებში ცხოვრებისა, მათ ხელი არ მიუწვდებოდათ არც საკვებზე და წყალზე. ისინი კანიბალებადაც კი შერაცხეს, რის გამოც ხშირად, კანონის მეშვეობით, აიძულებდნენ ღია ცის ქვეშ მოემზადებინათ საჭმელი, რათა დაენახათ რას აკეთებდნენ. სწორედ საზოგადოებისგან უარყოფითმა დამოკიდებულებამ
აქცია ბოშები მომთაბარე ხალხად. წინასწარ შექმნილმა არასწორმა შეხედულებამ მკვეთრად გამიჯნა ეს ჯგუფი სხვა ხალხებისგან. ბოშები ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან განდევნეს(საფრანგეთში, ინგლისში მიიღეს დეპორტაციის კანონი 1530იან წლებში), ზოგან კი საუკუნეების განმავლობაში დამონებული ჰყავდათ(მაგალითად,
უნგრეთში, ბულგარეთში, მე-19 საუკუნის რუმინეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში). ამ ყველაფერმა კიდევ უფრო იზოლირებული გახადა ბოშები, ისინი ამჯობინებენ დომინანტური კულტურების საზღვრებზე ცხოვრებას. არ რჩებიან დიდი ხნით რომელიმე ადგილზე. მათ არ აინტერესებთ დაქირავებული და ხელფასით ანაზღაურებადი შრომა, რასაც ბევრნაირი გავლენა ექნება ცხოვრების წესსა და ლანდშაფტებზე.


ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში( მაგ: ესპანეთი) გამოიცა კანონი ბოშების წინააღმდეგ,
რის შედეგადაც აიკრძალა ბოშური კაბები, ენა და ა.შ. ჰაბსბურგთა მონარქიის დროს, კერძოდ მარია ტერეზას მმართველობის ქვეშ, მრავალი აკრძალვა დაწესდა ბოშების საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად. ბოშებს ჩამოერთვათ ცხენებისა და ვაგონების ყოლის უფლება, მათ უწოდეს „ ახალი მოქალაქეები“ და იძულებით გაიწვიეს ბოშა ბიჭები სამხედრო სამსახურში, აკრძალეს ქორწინებები ბოშებს შორის.
მარიას მემკვიდრემ, ჯოსეფ II-მ აკრძალა ტრადიციული ბოშური ტანსაცმლის ტარება და ბოშური ენის გამოყენება. ესპანეთში ბოშების ათვისების მცდელობები 1619 წლისთვის დაიწყო, ბოშების ენის გამოყენება აკრძალული იყო, ბოშა ქალები და კაცები იგზავნებოდა ე.წ workhouse-ში. ბავშვებს კი ბავშთა სახლში გზავნიდნენ.
მეფე ჩარლზ III პროგრესულად მიუდგა ამ საკითხს, გაათანაბრა მათი
უფლებები ესპანელ მოქალაქეებთან, ამით დასრულდა ბოშათა რეპრესიები. თუმცა, ბოშური ენის გამოყენება, მომთაბარეობა, ვაჭრობა კვლავ აკრძალული იყო ამ ჯგუფისთვის. ბოშების დევნამ თავის პიკს მიაღწია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტურ გერმანიაში არსებული ბოშების გენოციდის პოლიტიკის (პარაიმოსი ) დროს. 1935 წელს, ნიურბერგის კანონის მიხედვით, მოქალაქეობა ჩამოერთვა
ნაცისტურ გერმანიაში მცხოვრებ ბოშებს, რის შემდეგაც ისინი ძალადობის, საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრობის და ბოლოს გენოციდის მსხვერპლი გახდნენ. ნაცისტებმა, მეორე მსოფლიო ომში, 500, 000-დან 1 500 000-მდე ბოშა დახოცეს( WHERE DO THE GYPSIES ORIGINALLY COME FROM?, Kathy Padden).


ამ ეთნიკური ჯგუფის სტიგმატიზება მხოლოდ წარსულს არ უკავშირდება, ის დღესაც გრძელდება. 2005 წლის ნოემბერში, სამხრეთ ინგლისის პატარა სოფლის მცხოვრებლებმა დაამზადეს იმიტირებული ქარავანი სანომრე დაფით ‘PIKEY’ (კნინობითი ტერმინი, მომდინარე ძველი მთავარი გზების - turnpike - სახელიდან,
რომელზეც მოგზაურობდნენ ბოშები), ფანჯრებზე მიახატეს ბოშების ოჯახი და, შემდეგ, ქარავანი დაწვეს. ეს არ არის ერთი შემთხვევა, მსგავსი შემთხვევები ხშირია. რთული ვითარებაა კოსოვოში, იქ მცხოვრები ბოშები სასტიკად იდევნებიან ეთნიკური ალბანელების მიერ კოსოვოს ომის შემდეგ, ამ მიზეზით რეგიონის ბოშათა საზოგადოება
თითქმის მთლიანად განადგურდა. იტალია გამოირჩევა თავისი უარყოფითი დამოკიდებულებით ბოშათა ბანაკის მიმართ: 2008 წელს, იტალიაში ადგილობრივი ბოშათა ბანაკის მამაკაცის მიერ იტალიელი ქალის გაუპატიურებამ და შემდგომმა მკვლელობამ აღაშფოთა მოსახლეობა და მთავრობამ ადგილობრივი ბოშები ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადა და ისინი კრიმინალის ზრდაში დაადანაშაულა. ამავე წელს, ქრისტინასა და ვიოლეტას, ორი ბოშა ბავშვის სიკვდილს დიდი
გამოხმაურება მოჰყვა. ისინი დაიხრჩო ნეაპოლში. მათი სხეულის ფოტომ, სადაც ჩანდა გვამების ირგვლივ მყოფი დამსვენებლების გულგრილობა მომხდარი ფაქტის მიმართ, გამოიწვია დიდი აღშფოთება მსოფლიოს მხრიდან.


2016 Pew Research-ის კვლევამ აჩვენა, რომ იტალიელების 82% უარყოფით დამოკიდებულებას ავლენს ბოშების მიმართ. საბერძნეთში 67%, უნგრეთში 64%, საფრანგეთში 61%, ესპანეთში 49%, პოლონეთში 47%, ბრიტანეთში 45%, შვედეთში 42%, გერმანიაში 40% და ჰოლანდიაში 37% უარყოფითადაა განწყობილი ამ ეთნიკური ჯგუფის მიმართ.


მიუხედავად ბოშათა მიმართ უნდობლობისა და უარყოფითი დამოკიდებულებისა, ეს ეთნიკური ჯგუფი აგრძელებს თავის საქმიანობას, იცავს ტრადიციებს, ითხოვს თავიანთი უფლებების დაცვას. 1971 წლის 8 აპრილს შედგა ბოშათა პირველი მსოფლიო კონგრესი. ამ კონგრესის შედეგი იმაში მგომარეობს, რომ მსოფლიოს ბოშებმა აღიარეს საკუთარი თავი ერთიან არატერიტორიულ ერად და მიიღეს ეროვნული
სიმბოლოები. ევროკავშირმა აღიარა, რომ ბოშების მიმართ დისკრიმინაცია უნდა იქნეს განხილული და მოუწოდებს წევრ ქვეყნებს ამ საკითხის წინ წამოწევისკენ.


მიუხედავად ცალკეული ორგანიზაციების მუშაობისა(როგორიცაა The National
Federation of Gypsy Liaison Groups), ეს პრობლემა რჩება პრობლემად. ამ ეთნიკურ ჯგუფთან კავშირზე გასვლასა და ურთიერთობას შესაბამისი ნდობა
სჭირდება. ეს ნდობა კი როგორც ბოშების, ისე საზოგადოების მხრიდან არარსებულია. ჩვენ, საზოგადოებამ, ძალიან ცოტა რამ ვიცით ბოშების შესახებ. ვფიქრობ, სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა ქმნის დიდ უფსკრულს საზოგადოებასა და ბოშათა ბანაკს შორის. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რასაც ვხედავთ. ვხედავთ იმას, რომ ირგვლივ
ყველა ბოშა მათხოვრობით ირჩენს თავს, ვხედავთ იმას, თუ როგორ ბინძურ გარემოში ცხოვრობენ ისინი, ვხედავთ, როგორ უშვებენ ბავშვებს სამათხოვროდ ქუჩაში. მაგრამ არ ვიცით, რატომ ცხოვრობენ ასე და არა სხვაგვარად. ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს იყო ბოშა და ცხოვრობდე ბოშურად. სწორედ ეს არის პრობლემა. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ამ ეთნიკურ ჯგუფს, უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ, მათი ტრადიციების, ცხოვრების სტილის შესახებ. 2004 წელს, BBC-მ გააკეთა სიუჟეტი ქეთრინგის მკვიდრებზე, რომლებიც თავიდან ეწინააღმდეგებოდნენ ბოშათა დასახლებების გავრცელებას მათ ტერიტორიაზე, რასაც თან ახლდა კონფლიქტი, თუმცა შემდგომმა ურთიერთობამ ბოშათა ოჯახებსა
და მკვიდრ მოსახლეობას შორის გამოიწვია მათი დაახლოება.საბოლოოდ კი ორივე
მხარე, ნაცვლად ერთმანეთის გმობისა, გმობდა მთავრობის არასწორ პოლიტიკას. სწორედ ასეთი ურთიერსიახლოვე უწყობს ხელს განსხვავებული კულტურების მიღებასა და მათ მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობის შედეგად განსხვავებები არ იკარგება, მაგრამ შედეგად იქმნება ადგილი, სადაც განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები არ ექცევიან ჩარჩოში და ქმნიან კულტურულ და ტოლერანტულ სამყაროს. მიუხედავად ბოშათა
მიმართ უნდობლობისა, ევროპამ უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ ამ ეთნიკური ჯგუფისგან ბევრი რამ ისწავლა და შეიძინა: ბოშური თავისუფალი სტილის, ტერფამდე სიგრძის კაბები 1960-იანი წლების მოდაზე დიდ გავლენას ახდენდა, ბოშური მუსიკა მთელს მსოფლიოს მოედო, ბოშურმა მელოდიებმა ბევრ კომპოზიტორს საოცარი მუსიკა შეაქმნევინა(მაგ: Mozart Violin Concerto No.5 ). დღეს ესპანეთის ფოლკლორი წარმოუდგენელია გიტარის, ტაშის, თითების ტკაცუნისა და ფეხების ბაკუნის თანხლებით შესრულებული ფლამენკოს გარეშე(ფლამენკო (ესპ. Flamenco) – ტრადიციული ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი.) ამ ყველაფრის ცოდნის გარეშე გაგვიჭირდება ევროპული კულტურის ძირეული შესწავლა და გააზრება. ბოშები ევროპული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამის უარყოფა და უგულველყოფა არ იქნება მართებული.

0
323
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ხუჭუა
მარიამ ხუჭუა
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0