x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ხეივნის ვარდები: დარგვის (მაის-ივნისი) და მოვლის ყველა ხრიკი + გასხვლის და გამრავლების საიდუმლოებები

თუ საკუთარი ბაღის ან სახლის ფასადის ორიგინალურად გაფორმებაზე ოცნებობთ, აუცილებლად დარგეთ ხეივნის ვარდები. ვარდის ეს სახეობა, ყველაზე უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელია. მართალია, ხეივნის ვარდების ყვავილის ზომა დიდი არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ ყვავილების რაოდენობა ბევრია, ის ისევე ლამაზად გამოიყურება, როგორც ვარდის ბუჩქი. გარდა ამისა, კარგად უთავსდება სხვა მცენარეებს და ერთობლივად, შექმნილი კომოზიცია ისე ლამაზად გამოიყურება, რომ მნახველების აღფრთოვანებას იწვევს.


image


როდის უნდა დაირგას ხეივნის ვარდი და როგორი უნდა იყოს დაშორება ბუჩქებს შორის


ვარდის შემოდგომაზე დარგვის შემთხვევაში, ნაზი ნერგები მომაგრებას ვერ მოასწრებენ და ზამთარში დაიღუპებიან. ამიტომ, ოპტიმალური დრო მცენარის დასარგავად, მაის-ივნისი არის – სიცივეების დადგომამდე, ის გარემოსაც შეეჩვევა და ზამთრისთვისაც მოემზადება. თუ რამდენიმე ძირის დარგვას აპირებთ, აუცილებლად უნდა დაიცვათ მანძილი ნერგებს შორის. ბუჩქებს შორის დაშორება, მწკრივში 0.5 - 1 მ. უნდა იყოს, ხოლო რიგებს შორის — 1-2 მ. რაც შეეხება სახლის კედლიდან და ფანჩატურიდან დაშორებას — 35-50 სმ. საკმარისი იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩარგვის სიღრმეე: ფესვის ყელი (ფესვის ზემოთ, ღეროს ნაწილი), დაახლოებით, 10 სმ. მიწის ფენით უნდა იყოს დაფარული. გარდა ამისა, არ უნდა დაივიწყოთ დრენაჟის შესახებაც.


ორმო ვარდის დასარგავად


ვიდრე ვარდს დარგავთ, მიწა უნდა დაბაროთ და ტორფი, ნაცარი და ნეშომპალა შეიტანოთ. ამის გაკეთება დარგვამდე, 2-3 კვირით ადრე არის რეკომენდირებული. უშუალოდ მცენარის ჩარგვის წინ, ნაკელი მიწას უნდა შეურიოთ და ორმოს ძირში მოათავსოთ.

დარგვის შემდეგ, მცენარე საფუძვლიანად უნდა მოირწყას.


image


ნერგის მომზადება


დარგვის წინ, ნერგის ყლორტების და ფესვების სიგრძე დაამოკლეთ და ასე 20-30 სმ-ზე დააყენეთ. ეს ხრიკი ფესვთა ძლიერი სისტემის ფორმირებას შეუწყობს ხელს. ვარდმა ეს მიკროტრამვები სწრაფად რომ მოიშუშოს და ინფექციაც არ შეეჭრას, ფესვი ნაცრით დაამუშავეთ, ხოლო ყლორტებზე, გადაჭრის ადგილებზე, ბაღის სპეციალური, წყალგაუმტარი საცხი გადაუსვით.


ნარგავის მოვლა


სავალდებულო სასუქი


საუკეთესო სასუქად ნაკელი ითვლება, რომლის ჩანაცვლება ნებისმიერი ორგანული სასუქით შეიძლება. რაც შეეხება მინერალურ სასუქს, მისი მიწოდება ორგან სასუქთან მონაცვლეობით შეიძლება. შესაძლებელია ასევე, მინერალური და ორგანული სასუქის კომბინირებაც. მცენარის ინტენსიური ზრდის პერიოდში, ვიდრე გაყვავებას დაიწყებს, სასუქი 5-ჯერ უნდა მიაწოდოთ. ხოლო, გაყვავების შემდეგ, მისი მიწოდება საჭირო აღარ არის.


ზომიერი და არახშირი მორწყვა


ვარდი კარგად იტანს გვალვას და არ უყვართ ჭარბი ტენი. ამიტომ, მორწყვა მხოლოდ კვირაში ერთხელ არის რეკომენდირებული და დიდი რაოდენობით წყლის დასხმა საჭირო არ არის. მაღალტენიანი გარემო ირგვლივ, მცენარის დაავადების რისკებს ზრდის.


image


დაავადებებისგან დაცვა


ყველაზე ხშირი დაავადება, ვარდების ამ სახეობისთვის – ფქვილისებური ნამი და ქერქის კიბო არის. პირველი დაავადება ზაფხულის ცხელ და ნოტიო დღეებს უკავშირდება. ფოთლებზე მცენარეს თეთრი ფერის ლაქები უჩნდება, რომლებიც, დროთა განმავლობაში, იზრდება. ვარდი ზრდას და ყვავილობას წყეტს, ხოლო შემდეგ, შეიძლება დაიღუპოს კიდეც. სამკურნალოდ გამოიყენეთ ბორდოს ნარევი 2-ჯერ, 8-10 დღის შუალედით.

imageგაზაფხულზე, როდესაც ვარდს ზამთრის სიცივისგან დასაცავ შეფუთვას მოხსნით, შესაძლებელია მის ტოტებზე ღია ყავისფერი ლაქები აღმოაჩინოთ. ეს ქერქის კიბოა. მას თუ დროზე ვერ შეამჩნევთ, ლაქა იზრდება, შავდება და მთელ ყლორტს ედება. ეს დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება და დაავადებული ადგილები უნდა მოაჭრათ, თან ცოტა ჯანმრთელი ყლორტის ნაწილიც მიაყოლოთ. მოჭრილი ტოტები აუცილებლად დაწვით!

ქერქის კიბო სოკოს გამო ჩნდება, რომლისთვისაც ხელსაყრელია ნოტიო და ბნელი გარემო. ის მცენარის, დაზიანებულ ადგილებზე სახლდება, რომლებიც შეიძლება მწერების მიერ იყოს გამოწვეული ან შეიძლება, მექანიკური დაზიანებაც იყოს. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ვარდის ძირთან ნიადგის გაფხვიერების დროს. ღეროს ქვედა ნაწილში სოკოს მოხვედრის შემთხვევაში, მცენარის გადარჩენა შეუძლებელი იქნება.


image


მავნებლებისგან დაცვა


ყველაზე გავრცელებული მწერები, რომლებიც ამ სახეობის ვარდებს ეტანებიან — ბუგრები და ობობისებური ტკიპები არიან. დაათვალიერეთ და თუ მწერი ბევრი არ არის – მცენარის განკურნება ფიტოთერაპიით სცადეთ — ჭინჭრის ნაყენი ან მინდვრის შვიტას ნახარში საუკეთესო წამალია ამ ვითარებაში.

ნაყენის და ნახარშის მომზადების და გამოყენების წესები:

ჭინჭრის ნაყენი. თუ ახლო-მახლო ჭინჭრის დაკრეფის საშუალება არა გაქვთ, აფთიაქში ან სპეციალურ მაღაზიებში შესაძლებელია ამ მცენარის გამხმარი ფოთლების ან ფხვნილის შეძენა.
ნაყენის მომზადება:

1 კგ. ნედლ (ან 400 გრ. მშრალ) ჭინჭარს დაასხით 1 სათლი (ვედრო) წყალი და დააყენეთ 24 საათით. ამის შემდეგ, ნაყენი გაფილტრეთ და მცენარეს მიასხურეთ. წყალში გაზავება საჭირო არ არის.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ჭინჭარი 20 წთ. ხარშოთ, გააციოთ ოთახის ტემპერატურამდე და ნახარში გამოიყენოთ მცენარის დასამუშავებლად.

მინდვრის შვიტას ნახარში: დიდ ემალირებულ ქვაბში მოათავსეთ 1 კგ. ნედლი (ან 150 გრ. ხმელი) მინდვრის შვიტა > დაასხით 10 ლ. ცივი წყალი > გააჩერეთ ქვაბი 24 სთ. > დაახურეთ სახურავი, დადგით ცეცხლზე > ადუღების შემდეგ, ნელ ცეცხლზე ხარშეთ 30 წთ, რომ მცენარეს სილიციუმმჟავა გამოყოს > ცეცხლის გათიშვის შემდეგ, ახადეთ სახურავი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე > გადაწურეთ ნახარში და ჩაასხით ემალირებულ ან პლასტიკურ ჭურჭელში (ნახარშის ჩასხმა არ შეიძლება მეტალის ჭურჭელში, რადგან მჟავა დააზიანებს მას).

ვიტას ნახარში სასარგებლო თვისებებს 2 კვირის მანძილზე ინარჩუნებს.

მცენარე ამ ნახარშით უნდა დაამუშაოთ დილის საათებში, ვიდრე დაცხება. მაგრამ ვიდრე მას მცენარეს მიასხურებთ, საჭიროა წყლით გაზავება, პროორციით – 1:5 (1 წილი ნაყენი და 5 წილი წყალი). საჭიროების შემთხვევაში, პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ 6-7 დღის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, სპეციალური ქიმიური საშუალებების გამოყენება იქნება საჭირო.

image

როგორ დავიცვათ ვარდები ზამთრის ყინვებისგან


ჩვეულებრივი ვარდებისგან განსხვავებით, რომლებსაც ზამთარში მხოლოდ წყალგაუმტარი საფარით დაცვა ესაჭიროება, ხეივნის ვარდების საფუძვლიანი შეფუთვა არის საჭიროება. ხეივნის ვარდი მაშინ უნდა შეიფუთოს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა -5 (მინუს 5) გრადუსამდე დაეცემა. უფრო ადრე შეფუთვა არ შეიძლება, რადგან მცენარე გაკაჟებას ვერ მოასწრებს. გარდა ამისა, ხანგრძლივი შეფუთვის შემთხვევაში, შეიძლება დაიღუპოს, ჰაერის ნაკლებობის გამო.

ვარდის შეფუთვა მშრალ დ მშვიდ ამინდში უნდა მოხდეს. მცენარის ყინვებისგან დაცვის ორი ხერხი არსებობს: საყრდენის გამოცლით და გამოცლის გარეშე. პირველ შემთხვევაში, მას მთლიანად ხსნიან საყრდენიდან, აცლიან ფოთლებს, აჭრიან სუსტ ყლორტებს – ტოვებენ მხოლოდ 11-12 სმ-ს ძლიერ წანაზარდებს. შემდეგ ერთ გუნდად კრავენ და წიწვოვანი მცენარის ტოტებზე აწვენენ. წიწვოვანების ნაცვლად, მშრალი ფოთლების ან თივის გამოყენებაც შეიძლება. გაითვალისწინეთ, რომ მცენარის შიშველ მიწაზე დაწვენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ვარდის კონას ზემოდანაც აწყობენ წიწვოვანი მცენარეების ტოტებს ან თივის ფენით ფუთავენ, რადგან წყალგაუმტარ აპკსა და მცენარეს შორის, აუცილებლად უნდა იყოს ჰაერის ფენა. დაცვა მცენარის ძირსაც ესაჭიროება და ღეროს ირგვლივ ტორფისა და გრუნტის ნარევს დაყრა არის საჭირო. ამის შემდეგ, მცენარეს სპეციალურ აგროსაფარს ან სქელ პოლიეთილენი აპკს აფარებენ.

შეფუთვის II ვარიანტი პირველის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ვარდის საყრდენიდან ჩამოხსნა არ არის საჭირო. ისევე როგორც პირველ ვარიანტში, წყალგაუმტარი ფენის გადაფარებამდე, წიწვოვანი მცენარეების დაფარება, ხოლო შემდეგ – წყალგაუმტარი აკის ჰერმეტულად შემოხვევა არის საჭირო.

შრომატევადობის მიხედვით, ორივე სამუშაო თითქმის ერთნაირია და ამიტომ, თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გირჩევნიათ: გაზაფხულზე ვარდის საყრდენზე მიმაგრება, თუ ზამთარში მასზე მცენარეული საფარის დამაგრება და აპკის შემოხვევა.


გასხვლა და გამრავლება


ვარდებზე ზრუნვა გასხვლის გარეშე წარმოუდგენელია. გაზაფხულზე, სუსტი და მოყინული ყლორტების მოჭრა არის საჭირო – ასეთი პროცედურა, მცენარეს, შესაძლო, დაავადებებისგანაც დაიცავს. ხეივნის ვარდის გასხვლა ზაფხულშიც აუცილებელია – მას დამჭკნარი ყვავილები უნდა მოაჭრათ. აღნიშნული პროცედურა მცენარეს აახალგაზრდავებს, რადგან ძველი ყლორტების ჩანაცვლება, ახლებით ხდება.


image


გამრავლების საიდუმლო


ხეივნის ვარდის გამრავლების ორი ხერხი არსებობს: კალმით ან ყლორტის გადაწვენით. მეორე ვარიანტით გამრავლება მხოლოდ გაზაფხულზე შეიძლება. წინასწარ შერჩეული ყლორტი მიწაზე უნდა მიამაგროთ საფუძვლიანად და მის ნაწილს მიწა მიაყაროთ. მცენარის მორწყვის დროს, წყლის დასხმა ამ ადგილზეც არ დაგავიწყდეთ. მომდევნო გაზაფხულზე, შვილსა და დედას შორის დამაკავშირებელი ყლორტი უნდა გადაჭრათ.

გამრავლების ასეთი მეთოდით, თქვენ საუკეთესოდ დაფესვიანებულ მცენარეს მიიღებთ!

რაც შეეხება კალმებით გამრავლებას, ნედლეული ამ პროცედურის ჩასატარებლად, ყლორტის შუაგულიდან უნდ აიღოთ. ამასთან, ყლორტიდან მოჭრილ ნაწილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 კვირტისა. ყლორტის მოჭრა მცენარის ყვავილობის შემდგომ პერიოდში შეიძლება. მოჭრილი ვარდის ყლორტი, ჩრდილში, კარგად განოყიერებულ ნიადაგში უნდა ჩარგათ. ნარგავს ნიადაგი ხშირად უნდა გაუფხვიეროთ (სასურველია ხელით, რომ შემთხვევით არ დააზიანოთ) და რეგულარულად უნდა მორწყათ.


image


როგორც ხედავთ, ხეივნის ვარდის მოვლა რთული არ არის და მათი მოშენება ნამდვილად ღირს.


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ

როგორ გავასუფთავოთ ბაღი და აგარაკი მავნებლებისგან. და არანაირი ქიმია

როგორ უნდა გავაშენოთ ხილის ბაღი აივანზე

სახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო

10 თავშესაქცევი ფაქტი ვარდების შესახებ


2
9835
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
9835
  
0 1 2