x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაუზერზე "დადებული" წყევლა, რომელსაც ოჯახები შეეწირა ამოუცნობი ძალის წყალობით

image მეფის რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ფაღავა (გვარი შეცვლილია) მედლებით და ორდენებით "დახუნძლული" ჩამოვიდა პირველი მსოფლიო ომიდან, პოლკოვნიკს წელზე მამაცობისათვის მისთვის საიმპერატორო კარის მიერ ნაჩუქარი მაუზერი ჰქონდა ჩამოკიდებული. თავადი მამულს დაუბრუნდა და მშვიდობიან ცხოვრებას მიჰყო ხელი.
სახლშიც და მამულებშიც სამხედრო დისციპლინა დაამყარა, მაგრამ უსამართლოდ არავის ჩაგრავდა ამიტომაც ყველა პატივს სცემდა და მოწიწებით ეპყრობოდნენ.
რუსეთის იმპერია სუსტდებოდა, კანონის აღსრულებაც მოიკოჭლებდა და სამეგრელოში და აფხაზეთში მოთარეშე აბრაგებმა როცა ფაღავას მამულში მცხოვრები გლეხებიც შეავიწროვეს, პოლკოვნიკი ცხენს მოახტა და მაზრის ხელმძღვანელს ეახლა, ან თქვენ მიხედეთ აბრაგებს ან მე ვიზამ თქვენს გასაკეთებელსო!
მაზრის ხელმძღვანელობა და მით უფრო ბოქაული მისი იასაულ–ჩაფრებით დღისით არ შედიოდნენ მაზრის ცენტრს მოშორებულ სოფლებში და ღამით მოთარეშე აბრაგებს რას დააკლებდნენ.
ფაღავას რეაქციამაც არ დააყოვნა, მსახურებიდან და სოფლის მამაკაცებისაგან გულადი ხალხი შეარჩია, ისეთები ვისაც სროლა კარგად ეხერხებოდა, შეაიარაღა და ერთ ღამეს მოთარეშე აბრაგებს ჩასაფრებაც მოუწყო.
ნაომარი პოლკოვნიკის სტრატეგიამ და სწორად შერჩეულმა ტაქტიკამ თავისი გაიტანა, მცირე შეტაკების მერე აბრაგების მხრიდან რამდენიმე კაცი მოკლეს, ჩასაფრებულების მხრიდან კი მხოლოდ ერთი გლეხი დაიჭრა ისიც მსუბუქად.
გადარჩენილი დარჩენილი აბრაგების მეთაურმა, სისასტიკით ცნობილმა ქოჩუამ (გვარი შეცვლილია) დაიფიცა ფაღავას ვანანებ მის საქციელსო, ფაღავას ხალხს იმ ღამით ქოჩუას ღვიძლი ძმა და ძმისშვილი მოეკლა ერთად.
გავიდა დრო და გვიან ღამით როცა ფაღავას სასახლეში ყველას ეძინა, ძაღლებმა ყეფა ატეხეს, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა–აბრაგების დიდმა ჯგუფმა ძაღლები დახოცა და ფაღავას სახლს ოთხივე მხარეს ცეცხლი შეუნთო, ფაღავა არ იყო მშიშარა კაცი, მაგრამ ახლა საკუთარი თავის დაცვა კი არა ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უწევდა და ოთახიდან ოთახში ორიოდე მსახურთან გადარბოდა და მათთან ერთად ფანჯრებიდან ტყვიას ესროდა მომხდურებს.
როცა ცეცხლმა ხანძარმა იმძლავრა აბრაგების მეთაურმა იყვირა: ფაღავა, გამოდი გარეთ, შენი გამოსვლით შენს ოჯახს გადაარჩენო!
ფაღავამ გამოსძახა: კაცის სიტყვას თუ მაძლევ გამოვდივარო, ქოჩუამ დაუდასტურა– სიტყვას დაპირებისამებრ შევასრულებო!
ფაღავა და მთელი მისი ოჯახი, მეუღლე, ორი შვილი და და 3–თუ 4 მსახური მასთან ერთად გამოვიდა სახლიდან. ფაღავას ჯერ კიდევ მამაცობისათვის ნაჩუქარი მაუზერი ეკავა ხელში.
მათი გამოსვლა და სროლის დაწყება ერთი იყო აბრაგების მხრიდან, ფაღავას დანახვით გაცეცხლებულმა ქოჩუამ ფაღავასათვის მიცემული სიტყვა გატეხა და სროლის ბრძანება გასცა.
ფაღავას ორივე შვილი და მეუღლე ადგილზევე დაიღუპნენ, ასევე მსახურებიც.
პოლკოვნიკის საპასუხო სროლამ რამდენიმე აბრაგი ადგილზევე მოკლა, მაგრამ მომხდურების რაოდენობამ თავისი გაიტანა და ფაღავაც მჭიმედ დაჭრილი დაეცა.
ქოჩუამ პირადად დაახალა რამდენიმე ტყვია პოლკოვნიკს და მისი მაუზერი, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეკავა ფაღავას ხელიდან გამოგლიჯა.
ამის დანახვაზე ფაღავას დამ, რომელიც სასწაულით გადაურჩა სროლას, ქოჩუა საშინელი სიტყვებით დაწყევლა: ისე გაგხდომოდეს საქმე გწყუროდეს და წყლის მიმწოდებელი არ გყავდეს, ჩემი ძმის იარაღი გეჭიროს და ვერ ისროდე, შენს ოჯახში შენს მერე კი ამ იარაღის ხელში ამღები არ დარჩენილიყოსო!
წყეულიმც იყოს ის ვინც ჩემი ძმის იარაღი ატაროს, უკუნითი უკუნისამდე მის მოდგმასთან ერთად–ო!
ქოჩუამ უბრძანა და მისმა თანხმლებმა აბრაგებმა საბრალო ქალი ადგილზევე დაცხრილეს.
გავიდა დრო და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეორე წლის თავზე, მას მილიციამ მიაკითხა, ქოჩუამ საკუთარი სახლიდანვე გახსნა ცეცხლი, მილიციელებმა ცეცხლს ცეცხლითვე უპასუხეს და მალე ქოჩუას ოდა სახლი ისე დაცხრილეს მილიციელებმა, ცოტა ხანში იქიდან სროლის ხმა შეწყდა.
სახლში შესულ მილიციელებს კი საშინელი სურათი დახვდათ–ქოჩუა მძიმედ დაჭრილი იატაკზე ეგდო ხოლო მისი ცოლი და შვილი იქვე კარადასთან ეყარა დახოცილები, ქოჩუას გაახსენდა ფაღავას დის წყევლა, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო პირიც გააღო, მაგრამ წაიხროტინა და სული განუტევა.
ფაღავასეული მაუზერი კი მილიციელების უფროსმა აიღო და თან წაიღო. გავიდა დრო და ეს პოლიციელი და მისი ოჯახი მუხურელმა აბრაგმა თოლორაიამ ამოწყვიტა, რადგან თავის დროზე ამ მილიციელს თოლორაიას ძმა "ჯარობაზე" შემოკვდომოდა.
ფაღავასეულმა მაუზერმა უკვე თოლორაიას ხელში გადაინაცვლა.
თოლორაიაზე ძებნა გამოცხადდა, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გამო ქვეყანაში შექმნილ ქაოსში ყველას გადაავიწყდა აბრაგი თოლორაია, რომელიც სამურზაყანოში იმალებოდა მთაში მწყემსებთან.
საქართველოს გასაბჭოების მერე აბრაგიც ოჯახს დაუბრუნდა და მშვიდობიან ცხოვრებას მიჰყო ხელი, მაგრამ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. მარტოხელა აბრაგს ოჯახის შექმნა მოუნდა და მაჭანკალთან ერთად საცოლის სანახავად გაემართა. ყოფილი აბრაგი საგანგებოდ გამოეწყო, რათა მომავალი საცოლის ოჯახისათვის თავი მოეწონებინა და ქამარზე მისივე ბუდით ფაღავასეული მაუზერიც ჩამოიკიდა, რაც გახდა კიდეც მისი დაღუპვის მიზეზი.
თოლორაიას მოეწონა მაჭანკლის მიერ შერჩეული გოგო, გოგოს ოჯახსაც მოეწონა საკმაოდ ეშხიანი და ახოვანი ნააბრაგალი კაცი სასიძოდ, ყოფილმა აბრაგმა გოგო ძვირფასი გულსაბნევით დანიშნა.
მომავალი მოყვრების ოჯახში მოლხენის მერე კი მაჭანკალთან ერთად სახლისაკენ გაემართა.
გზაზე მიმავალი თოლორაია ის იყო მაჭანკალს გამოემშვიდობა და რაიონის კომისარს და მის ამალას გადააწყდა, შეიარაღებული კაცის დანახვაზე კომისარმა თანხმლებ პირებს გადაულაპარაკა: ახლავე დააკავეთ ეს კაცი!
თოლორაიას რევოლვერები მიუშვირეს და ცხენიდან ჩამოსვლა უბრძანეს, ნააბრაგალმა ეგრევე მაუზერისაკენ წაიღო ხელი, მაგრამ მთვრალ ნააბრაგალს ის სისწრაფე და რეაქცია უკვე აღარ ჰქონდა რაც ფხიზელს ჰქონდა აბრაგობისას. ნაგანის ტყვიებმა აბრაგი ჯერ კიდევ ცხენზე მჯდომი მოკლა, ჩამოვარდნილ აბრაგს კომისარმა პირადად ახსნა ქამრიდან ძვირფასი თვლებით შემკული და ვერცხლით მოსევადებულ–მოზარნიშებული ხანჯალი, არც ფაღავასეული მაუზერი დაუტოვებია.
აბრაგის მიხედვა კი სროლის ხმაზე გამოსულ ადგილობრივ გლეხებს უბრძანა კომისარმა და თანხმლებ პირებთან ერთად გზა განაგრძო.
იმავე დღეს იმავე რაიონში კომისრის ბრძანებით ხის ეკლესია გადაწვეს მისმა თანხმლებმა პირებმა, მღვდელი მისი ნების საწინააღმდეგოდ გაპარსეს და ანაფორაც შემოაძარცვეს.
ღვთისმსახურების განმეორებით დაწყებისას კი გაციმბირებით დაემუქრნენ.
კომისარმა ცალკე სამრეკლოზე ჩამოკიდებულ ზარს ფაღავასეული მაუზერიდან რამდენიმე ტყვია ესროლა, გაატანს თუ არა მაუზერის ტყვია ზარშიო!
არც ამ კომისარს დასცალდა სიბერით გარდაცვალება, 30–იანი წლების რეპრესიებს შეეწირა, ციმბირში გაგზავნილი უკან არ დაბრუნებულა, ციმბირის ცივ მიწაში მოუწია "ჩაწოლამ". არც მისი ოჯახი დარჩენილა ამოუცნობი ძალით დაუსჯელი, ქალიშვილი, რომელიც მამის გაციმბირებისას ახალი გათხოვილი იყო ბავშვზე მშობიარობას გადაჰყვა, ვერც დედა და ვერც ბავშვი ვერ გადაარჩინეს.
მეორე შვილი კი, რომელიც სამამულო ომში გაიწვიეს სახლში ვერ დაბრუნდა, უგზოუკვლოდ დაიკარგა ქერჩში.
მისი შვილი კი, რომელიც მოხუცმა ბებიამ გაზარდა (რადგან დედამისიც ციხეში ჩასვეს "ქვეყნის მტრის" ოჯახის წევრობისათვის), მდინარეში დაიხრჩო–ცხენით მოდიდებული მდინარის გადალახვისას. ცხენს მორევში ჩაუვარდა ფეხი და მხედარი ქვეშ მოიქცია და დაახრჩო.
ფაღავას მაუზერი! ფაღავასეული მაუზერი მას შემდეგ არავინ იცის ვის ხელში მოხვდა და რა ბედი ეწია მას და მის ახალ მფლობელს თუ მფლობელებს.

0
428
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0