x
beko777
ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი გიგა კუხალაშვილი რომლის ნოკაუტი საუკეთესო ნოკაუტების ათეულში შევიდა

რატომ უწევდა ზამთრში გარაჟში ცხოვრება მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონ გიგა კუხალაშვილს რომლის ნოკაუტი საუკეთესო ნოკაუტების ათეულში შევიდა


უცხოეთში ბევრი წარმატებული ქართველი ასპარეზობს. ერთ-ერთი მათგანია რუსეთში მოღვაწე გიგა კუხალაშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში. მის მიერ შესრულებული ნოკაუტი საუკეთესო ათეულში შევიდა

image
- საბრძოლო სპორტმა როდის გაგიტაცა, ბავშვობიდანვე გაინტერესებდა?

- სპორტით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. ათი წლის ვიყავი, საქართველოდან რუსეთში რომ წავედით ოჯახით და იმ დროს დავიწყე კარატეზე სიარული. თუმცა, რამდენიმე კვირაში გამომაგდეს, გასახდელში სხვა სპორტსმენთან ვიჩხუბე. მერე დედაჩემმა ჩოგბურთზე მიმიყვანა. ჩემი შვილი ჩოგბურთელი უნდა გამოვიდესო, მაგრამ იქაც ვიჩხუბე ორ ძმასთან და ვარჯიშის მერე დალურჯებულები წავედით სახლში. მამაჩემმა დალურჯებული რომ მნახა, მითხრა: არა უშავს, შვილო, ბიჭი ხარ და კიდევ ბევრჯერ იჩხუბებო. დარწმუნებული ვარ, არ იცოდა, როგორ ახდებოდა მისი სიტყვები. ერთი თვე ვიარე ჩოგბურთზე და ჩუმ-ჩუმად კრივზე დავიწყე სიარული. სახლში კი ეგონათ, დიდ ჩოგბურთელს ზრდიდნენ. კრივიდან ხშირად ვბრუნდებოდი დალურჯებული და რომ მეკითხებოდნენ, რა გჭირსო, ვამბობდი, ბურთი მომხვდა თვალში-მეთქი. ერთი სეზონი რაგბიც ვითამაშე „ლოკომოტივში“, მაგრამ ბრძოლები ძალიან მიყვარს და რასაც გული მეუბნებოდა, ის ავირჩიე. შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, კრივში – საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი და უშუ სანდაში – საქართველოს ჩემპიონი. ადრე თითქმის ყველა საბრძოლო სპორტის სახეობაში გამოვდიოდი, მაგრამ ახლა მხოლოდ შერეულ ორთაბრძოლებზე
image
- რუსეთის სახელით გამოდიხარ?

- აქ, უკვე რუსეთის სახელით გამოვდივარ. მაგრამ, გამოსვლისას, ყოველთვის მაქვს ქართული დროშა და ყველა შეჯიბრებაზე თან დავატარებ. ყოველთვის მინდოდა, საქართველოს სახელით გამოვსულიყავი, მაგრამ იძულებული გავხდი, აქედან წავსულიყავი, იმ ელემენტარული პირობების არქონის გამო, რაც პროფესიონალ სპორტსმენს სჭირდება. 2013 წელს სპორტის სასახლეში ჩატარდა კიკბოქსინგში ბრძოლები, სადაც რუსეთის წარმომადგენელს შევხვდი. ძალიან ძლიერი ბიჭი იყო. თავიდან აქტიურად დაიწყო, მაგრამ შევძელი და ნოკაუტით მოვიგე პირველი რაუნდის ბოლოს. ტურნირი მაღალი დონის იყო და ესწრებოდნენ სპორტის მინისტრი, ბიზნესმენები. ბრძოლის შემდეგ მინისტრი და რამდენიმე თანამდებობის პირი მოვიდნენ, მხარზე ხელი დამარტყეს, გამარჯვება მომილოცეს. მითხრეს, მაგარი ხარო და ბრძოლაში სამასი დოლარი მომცეს. მაგარი ბიჭობა და შექება კარგია, მაგრამ სპროტსმენს პირობების შექმნა და ფინანსური დახმარება რომ სჭირდება, ეს მინისტრმაც კარგად უნდა იცოდეს. არცერთს არ გამოუჩენია არანაირი ინიციატივა. ამ ბრძოლის მერე გადავწყვიტე, ჩემი კარიერა საქართველოდან სხვაგან გამეგრძელებინა, რადგან დავრწმუნდი, მინისტრებისგან მხარზე ხელის წამორტყმა და მაგარი ბიჭობის შექება უფრო ხშირია, ვიდრე რეალურად მხარში დადგომა.
- როგორ გაიხსენებ შენს ყველაზე დიდ წარმატებას?
image- ყველაზე დიდი წარმატებისთვის ჯერ არ მიმიღწევია, თუმცა რამდენიმე ბრძოლა განსაკუთრებულად მახსოვს. ერთი იყო ხარკოვში, ხუთი დღით ადრე დავთანხმდი ბრძოლას და ვიჩხუბე იგორ სლუსარჩუკთან. ის მაშინ უკვე წარმატებული პროფესიონალი იყო. თხუთმეტზე მეტი გამარჯვება ჰქონდა და უმეტესი მათგანი, ნოკაუტებით მოგებული. ჩემს ბრძოლამდე ერთი თვით ადრე კი უკრაინის ჩემპიონი გახდა. კარგად მახსოვს, ასაწონად რომ მივედი, ერთ-ერთი უკრაინელი ორგანიზატორი იმდენად იყო ქართველებზე შეყვარებული, ქართულიც კი ესწავლა ისე, რომ საქართველოში არ იყო ნამყოფი. სასწორზე რომ დავდექი, შეშინებულმა ჰკითხა ჩვენს წარმომადგენლებს, მართლა იგორთან უნდა იჩხუბოსო და რომ უთხრეს, კიო, განწირული თვალებით შემომხედა. მაგრამ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და თოთხმეტ წამში ნოკაუტით მოვიგე, რამაც ყველა ძალიან გააოცა. აქ წარმატების მიღწევა რთულია. დიდი ქვეყანაა, შესაბამისად, კონკურენციაც დიდია. ყოველ ვარჯიშზე ასი პროცენტით თუ არ დაიხარჯე, ძალიან მალე დაიჩრდილები. მეც ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. სერგეი ხარიტონოვთან ერთად ვვარჯიშობ, რომელიც შეიძლება ითქვას, ამ სპორტის ლეგენდაა. ჯერ კიდევ კრივში ვარჯიშისას, სერგეის ბრძოლებს რომ ვუყურებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთად ვივარჯიშებდით. ალექსანდრ ვოლკოვთან ვმეგობრობ. მას ყოველთვის წონის პრობლემა აქვს და სულ სჭირდება 5-6 კილოგრამის მომატება ბრძოლის წინ, მაშინ ვიწყებთ აქტიურად სახინკლეში სიარულს. მე კიდევ, მისგან განსხვავებით, საპირისპირო პრობლემა მაქვს – დიდად ვერ ვთარეშობ. ბრძოლისთვის მზადება სამ ძირითად ფაზად იყოფა: ეს არის მომზადების პროცესი, წონის კლება და ბრძოლა. აქედან ბრძოლა ყველაზე იოლია და ყველაზე რთულია წონის ჩაბარება. ერთ-ერთი ბრძოლა ტარდებოდა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში. რომ შემომთავაზეს, დავთანხმდი, რადგან რეალურად, ბრძოლა არ იყო და არ მინდოდა ტურნირის გამოტოვება. აქამდე 90 კილოგრამამდე არასდროს დამიკლია და არც მახსოვს, ბოლოს ამ წონის როდის ვიყავი. ყოველთვის 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვდიოდი, ისე კი 105 კილოგრამამდე ვიწონი. დიდი წვალებით ეს სამი კილოც დავიკელი. ბიჭები მეხმარებოდნენ და უცებ, გონება დავკარგე. ვხედავ ბიჭებს საწოლზე დავუწვენივარ. თვალები რომ გავახილე, ისე გონემიხდილი ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, ისევ ამქვეყნად ვიყავი თუ – არა. ერთმა მეგობარმა გადაწყვიტა, სულიერად გავემხნევებინე და ჩართო „მამაო ჩვენო“. მე ისედაც ვერ ვხვდებოდი, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი და ლოცვის ხმა რომ გავიგე, დავრწმუნდი, ცოცხალი აღარ ვარ, მიმასვენებენ და სპორტს შევეწირე-მეთქი.
image- შენ მიერ შესრულებული ნოკაუტი საუკეთესო ათეულში შევიდა...
- ეს იყო გროზნოში. შეჯიბრება იწყებოდა შვიდ საათზე. ისე მოხდა, რომ ექვსზე დაიწყეს. მე რიგით მეოთხე ბრძოლა მიწევდა. სასტუმროში ვიყავი, მწვრთნელმა რომ დამირეკა და მითხრა, ბრძოლები უკვე დაიწყოო. ასე სწრაფად, ალბათ, არასდროს გამოვსულვარ სახლიდან. მეგობარიც უკვე მანქანით მელოდებოდა, რომელმაც თავისი შუმახერული შესაძლებლობები გამოიყენა და ჩემს ბრძოლას მივუსწარით. მივედი, შორტები ჩავიცვი. ერთ ფეხზე ბინტების დახვევა მოვასწარი, მეორეზე – ვერა. ბრძოლა მოწინააღმდეგის შეტევით დაიწყო. თუმცა, შევძელი ინიციატივის აღება და გამარჯვება ნოკაუტით პირველ რაუნდში მოვიპოვე. ეს ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩემთვის. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და რთული პერიოდის გავლა მომიწია. ჩემი ოჯახი უკვე საქართველოში იყო დაბრუნებული. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, ღამის გასათევი არსად მქონდა და არც არავის შეწუხება მინდოდა ზედმეტად. რამდენიმე დღე ერთი ნაცნობის გარაჟშიც კი ვიცხოვრე ზამთარში. მოგეხსენებათ, მოსკოვში რა ყინვები იცის. მერე დარბაზში ვცხოვრობდი. მთელი დარბაზის ტატამი ჩემს განკარგულებაში იყო. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ბრძოლას წარმატებით ჩავატარებდი.
- როგორც ქართველი, განსხვავებულ დამოკიდებულებას გრძნობ რუსების მხრიდან?
- მე არასდროს მიგრძნია ადგილობრივებისგან ცუდი დამოკიდებულება. ყველანაირი ადამიანი შემხვედრია, მაგრამ სპორტში, მით უმეტეს, რინგზე, ზედმეტი არაფერი მიგრძნია. პირიქით, ბევრი რუსი ქართულად მესალმება და ვცდილობ, ვინც არ იცნობს, მათაც გავაცნო ჩემი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, სამზარეულო და ადათ-წესები.


ესაუბრა ხათუნა კორთხონჯია

1
537
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
537
  
კარგი ბიჭია, წარმატებებს ვუსურვებ. კიდევ ბევრი ქართველი მებრძოლია სპორტის ამ სახეობაში და ისინიც არანაკლებ წარმატებით ასპარეზობენ.
0 1 1