x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სიმთვრალის გამო გარემოში ორიენტაცია დაკარგული კაცი, ახალსოფლის ნაცვლად ენგურის ხიდისაკენ გაეშურა და პატრულმა მოაბრუნა უკან

image ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობდა ერთი ძალზე წესიერი, მუყაითი, გამრჯე გლეხი. კარგი მამა, კარგი მეუღლე და საერთოდ კარგი კაცი.
მისი შრომისმოყვარეობით სანაქებო ოჯახი ჰქონდა და აქვთ მის შვილებს, დილიდან დაღამებამდე დაუღალავად მუშაობდა, ყანაში, ჩაის პლანტაციაში თუ საკუთარ ეზოში, მაგრამ სტუმრისთვისაც მუდამ გამონახავდა დროს.
ამ საოცრად კეთილ და უბოროტო კაცს ერთი ძალზე უცნაური თვისება ჰქონდა, კოლმეურნეობის ერთერთ ბრიგადაში, სადაც ცხოვრობდა ყოველ სიმთვრალეში უზარმაზარ რცხილის ხეზე ჩამოკიდებული სატვირთო მანქანის დისკზე ქვის დარტყმას იწყებდა და არემარეს ზრიალი გაუდიოდა. მანქანის დისკის დანიშნულება კი ჩაის პლანტაციებიდან გლეხების გამოსვლის და ჩაის მიმღებ პუნქტში ჩაის მიტანის მანიშნებელი იყო.
ბატონი დავითი კი არავინ იცის რატომ რეკდა ზარს დაუსრულებლად მანამ, სანამ ოჯახის რომელიმე წევრი არ მოაკითხავდა და სახლში არ წაიყვანდა.
დაიშალა საბჭოთა კავშირი და კოლმეურნეობები ჯერ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებმა ჩაანაცვლა, მერე კი საერთოდ დაიშალა, ბატონ დავითს კი 20 წელზე მეტის გასვლის მიუხედავად ზარის დარეკვის თვისება არ შეცვლია და ყოველ სიმთვრალეში სახლთან ახლოს მყოფი მანქანის დისკს ზრიალი გაუდიოდა.
ერთ დღეს კი ბატონი დავითი ახალსოფლის ცენტრში ტრაქტორის საჭიროების გამო ავიდა, ყანა ჰქონდა მოსახნავი და უნდოდა დროზე ადრე შეეთანხმებინა ტრაქტორისტისათვის მოსვლის და ყანის მოხვნის დრო. მექანიზატორი სახლში არ დახვდა, სამაგიეროდ მისმა მამამ ბატონი დავითი არაფრის დიდებით არ გაუშვა, იმდენჯერ მიმიღია შენს სახლში პატივისცემა ამ ერთხელ ჩემთან უნდა შემოხვიდე, მაინც არ გაგიშვებო.
გაუშალეს სუფრა, შეჰყვნენ ქეიფს და საუბარს და ისე სწრაფად გავიდა დრო, რომ შემოაღამდათ კიდეც. მასპინძელმა სტუმარი ჭიშკრამდე გამოაცილა და სახლში შებრუნდა, ბატონ თავითს რატომღაც მხარი ეცვალა და იმის ნაცვლად ხელმარცხნივ გაჰყოლოდა გზას, ხელმარჯვნივ გადაუხვია და ქალაქისკენ მიმავალ გზას დაადგა. ბევრი იარა თუ ცოტა, სოფელ რუხში საპატრულო ეკიპაჟმა გაუჩერა გვერდით მანქანა და ნასვამ მამაკაცს ჰკითხეს: ასე გვიან ენგურის ხიდისაკენ რატომ მიდიხართო?
რა ენგური, რისი ენგური სახლში მივდივარ ახალსოფელშიო–არ დააყოვნა პასუხი ბატონმა დავითმა.
ეუჰ, არაა საქმე კარგადო და საპატრულო ეკიპაჟმა ბატონი დავითი მანქანაში ჩაისვა თავად კი ბატონ დავითზე ინფორმაციის გადამოწმება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ერთ პატიოსან, მშრომელ კაცთან ჰქონდათ საქმე და უთუოდ სიმთვრალის გამო ჰქონდა გარემოში ორიენტაციის უნარი დაკარგული. ჯერ ქალაქში ჩაიყვანეს, მერე კი პოლიციის სამმართველოს ახალსოფლის უბნის დეტექტივს დაურეკეს, რომელმაც ბატონი დავითის ოჯახს შეატყობინა ბატონი დავითის ადგილსამყოფლის შესახებ, შვილმა და ძმისშვილმა მანქანით მიაკითხეს და სახლში დააბრუნეს მხარაქცეული კაცი.
ვინ იცის რამდენჯერ მოუყოლია თავადაც ეს ისტორია ბატონ დავითს თან თავადაც უკვირდა–ასე არასოდეს მომსვლია და რაღა იმ ღამეს დამემართაო!
ახლა აღარც ბატონი დავითია ცოცხალი, აღარც ის რცხილა დგას თავის ადგილზე (შეშად მოჭრეს) და აღარც ბატონი დავითის ზარი კიდია სადმე (ვიღაცამ მოიპარა და სავარაუდოდ ჯართში ჩააბარა).

0
71
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0