x
უკრაინაში ლერი ნაკანის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

image
26–27 აპრილს, ოდესაში ჩატარდა ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენის, ევროპის ჩემპიონის – ლერი ნაკანის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკებს შორის. შეჯიბრში ცხრა ქვეყანა მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და საერთო ჯამში თოთხმეტი მედალი მოიპოვეს.

ლერი ნაკანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მისი პირადი მწვრთნელის – ივან ჩერტოვის ინიციატივით წელს უკვე მეათედ ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ქართული სპორტული კლუბი – „ბლექ თაიგერი“ და მისი პრეზიდენტი – დავით ხახუტაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ „ბლექ თაიგერის“ ვიცე–პრეზიდენტი ალექსი ფილფანი, ვეტერანი ძიუდოისტები – ფირუზ მარგიანი და უშანგი კუზანაშვილი, ლერი ნაკანის ვაჟი – ლევან ნაკანი, მწვრთნელი – კახა დვალიშვილი და კლუბის სხვა წევრები.

ტურნირზე სულ ცხრა ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, უკრაინა, ისრაელი, ლატვია, მოლდოვა, რუმინეთი, ბელორუსია, თურქეთი და აზერბაიჯანი. საქართველოდან იასპარეზა ჩვიდმეტმა სპორტსმენმა ახალსოფლის, გორისა და მარნეულის გუნდებიდან. მათ შორის შვიდი ჩემპიონი, შვიდი კი პრიზიორი გახდა.

image
– „ასეთი ტურნირები მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სპორტსმენებში ფიზიკური და სულიერი სიმტკიცის ამაღლებას. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საერთაშორისო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პრეზიდენტს, დეპუტატ სერგეი კივალოვს. იგი ახალგაზრდა თაობას აძლევს საშუალებას, განვითარდნენ როგორც სპორტის, ისე მეცნიერების განხრით. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას სპორტისა და განათლების სფეროში“ – განაცხადა კლუბ „ბლექ თაიგერის“ პრეზიდენტმა – დავით ხახუტაშვილმა, უკრაინულ გაზეთ „Слово“ –სთან ინტერვიუში.

– „ლერი ნაკანი ძალიან წარმატებული ქართველი სპორტსმენი იყო. იგი ტრაგიკულად დაიღუპა, თუმცა ჩვენს ხსოვნაში იგი ცოცხალია. ტურნირი მაღალ დონეზე მიმდინარეობს, ძალიან კარგი სპორტული დარბაზია და სპორტსმენებიც მომზადებულები ჩამოვიდნენ“ – აღნიშნა სპორტის ოსტატმა ძიუდოსა და სამბოში – დიმიტრი რასკინმა.


image


ივან ჩერტოვის აზრით, ტურნირი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალგაზრდა ძიუდოისტების სამომავლო განვითარებისთვის:

– „ტურნირში ძლიერი გუნდები მონაწილეობენ, საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მჯერა, რომ ამ ტურნირის გამარჯვებულები მომავალში სხვა საერთაშორისო ტურნირებისა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებიც გახდებიან“ – იმედოვნებს ჩერტოვი.

ტურნირის გამარჯვებულებს დიპლომები, თასები, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში 27 აპრილს დაბრუნდნენ.


image

0
137
შეფასება არ არის
ავტორი:GEO NEWS
GEO NEWS
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0